M A N E R A
Super Crazy Member

     
ჯგუფი: Members
წერილები: 7835
წევრი No.: 87331
რეგისტრ.: 24-March 09
|
#35902719 · 6 Apr 2013, 12:24 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
| QUOTE | | იქნებ დამდოთ პატივი და ეს უვიცი ადამიანი გამანათლოთ. კეთილ საქმედ ჩაგეთვლებათ |
სერგო თეთრაძის საქმე - 2011 წლის სექტემბერი
სტატიები
ეკა მაღალდაძე
შეუერთდი განხილვას
სამხედრო დაზვერვისა და საჰაერო ძალების ყოფილი ოფიცერი სერგო თეთრაძე თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებმა 2011 წლის 17 სექტემბერს საკუთარ სახლში დააკავეს. 24 სექტემბერს კი, ოჯახს შეატყობინეს, რომ პატიმარი გლდანის საპყრობილეში გულის შეტევით გარდაიცვალა.
უკვე 30 სექტემბერს ირაკლი ალასანიამ პოლკოვნიკ სერგო თეთრაძეს “ჯაშუშომანიით შეპყრობილი ხელისუფლების მორიგი მსხვერპლი” უწოდა. ის ახალაიასა და მეგის ქარდავას პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას მოითხოვდა. თავდაცვის სამინისტროს ოპოზიციის წარმომადგენლის ბრალდებაზე ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებია. გაზეთი “რეზონანსი” მაშინ წერდა, რომ თეთრაძის ასაყვანად ბინაში თავდაცვის ექვსი თანამშრომლისგან შემდგარი ჯგუფი მივიდა. მათ შორის იყვნენ გამომძიებლები გიორგი ხევსური და ზურა გოგიჩაიშვილი. ბინის ჩხრეკა დამსწრეების გარეშე მოხდა. გიორგი ხევსურმა ჩხრეკის ოქმში მიუთითა, რომ აღმოჩენილ იქნა გეოგრაფიული რუკები და წითელი “ფლეშკა”, თეთრაძემ რამდენჯერმე თქვა, რომ ეს “ფლეშკა” მას არ ეკუთვნოდა. უცნობია, რა ინფორმაცია ინახებოდა მეხსიერების ბარათზე. ჩხრეკის ოქმს თეთრაძის მეუღლემ ხელი არ მოაწერა. ყოფილი პოლკოვნიკის დაკავების შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია, რომ სახლში სწორედ ამ “ფლეშკისთვის” მივიდნენ, რადგან იქ ხელისუფლების მაკომპრომენტირებელი მასალები ინახებოდა. იმ დღეებში თეთრაძის ოჯახის წევრები ჟურნალისტებთან ურთიერთობას თავს არიდებდნენ. თეთრაძის დაკავების დღესვე დაახლოებით ოთხ საათზე, მისი მეუღლე გიორგი ხევსურს დაუკავშირდა და ქმრის ამბავი იკითხა. გამომძიებელმა უპასუხა, რომ არაფერი იცოდა, რადგან სერგო თეთრაძე ,,უფროსს ჰყავდა ზევით აყვანილი". იმავე საღამოს, ახლობლებმა და მეგობრებმა თავდაცვის სამინისტროს შენობაში სერგო თეთრაძეს ადვოკატი - თამარ იასეიშვილი მიუყვანეს. უკან გამოსული იასეიშვილი ამბობდა, რომ თეთრაძე სასტიკად ნაცემი იყო. 18 სექტემბერს თეთრაძე დიღომში, ცენტრალური სამმართველოს დროებითი დაკავების საკანში გადაიყვანეს, სადაც მეუღლემ მას საჭმელი და ტანსაცმელი მიუტანა. თეთრაძეს ბრალი, სავარაუდოდ, ჯაშუშობაში დაედო, თუმცა, დეტალები უცნობია, რადგან საქმეს საიდუმლო გრიფი ედო. 19 სექტემბერს საქალაქო სასამართლოში დახურული სხდომა გაიმართა, შენობის გასასვლელთან ახლობლებმა თეთრაძეს მოჰკრეს თვალი, რომელიც ცუდად გამოიყურებოდა, სიარული უჭირდა და ნაცემი იყო. 24 სექტემბერს გლდანის ციხიდან თეთრაძის დედას დაურეკეს და აცნობეს, რომ მისი შვილი ციხეში ინფაქრტით დაიღუპა და შეეძლოთ, ცხედარი წაესვენებინათ. გარდაცვალების ცნობის მიხედვით, სერგო თეთრაძე 23 სექტემბერს გარდაიცვალა. ის გლდანის ციხეში კარანტინში ჰყავდათ და როცა მისი მდგომარეობა განსაკუთრებით გაუარესდა, იქვე ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს. სხვადასხვა ინტერნეტგამოცემების მიერ გავრცელებულ მასალებში “თავისუფალი დემოკრატების” წევრი თეა წულუკიანი ამბობს, რომ ოჯახში მისვენებულ თეთრაძეს ნაცემი სახე მაკიაჟით ჰქონდა დაფარული. "როდესაც ოჯახმა ცხედარი შინ მოასვენა, ნახეს, რომ ექსპერტიზა უკვე ჩატარებული იყო, ხოლო ნაცემი სახე სქელი ფენა მაკიაჟით იყო დაფარული, ცხედარს სხვისი ტანსაცმელი ეცვა და ახლად გარეცხილ ბოტასებზე სისხლის კვალი ჩანდა". წულუკიანი იხსენებს, რომ თეთრაძის გარდაცვალების შემდეგ მისთვის საქმის დამატებითი დეტალები გახდა ცნობილი. კერძოდ, დაკავებული უზნაძის ქუჩაზე თავდაცვის სამინისტროში გადაიყვანეს. საკანში მასთან ბაჩო ახალაია შევიდა, თვითმხილველების თქმით, თეთრაძეს თავზე პარკი ჰქონდა ჩამოცმული და სასტიკად აწამებდნენ. სიკვდილის ფაქტზე გამოძიებას სასჯელაღსრულების სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის გამომძიებელი ვაკო გოგიშვილი აწარმოებდა თუმცა, დასრულდა, თუ არა გამოძიება, სასჯელაღსრულების სამინისტრო ამ კითხვას არ პასუხობდა.
"გურია ნიუსი" აგრძელებს ბოლო დროის ყველაზე გახმაურებული საქმის _ სერგო თეთრაძის მკვლელობის ჟურნალისტურ გამოძიებას. სასჯელაღსრულების დაწესებულებებში მონიტორინგის ჯგუფის წევრი, "გურია ნიუსის" გამომცემელი, რეგიონული მედიის ასოციაციის თავმჯდომარე ია მამალაძე გლდანის #8 დაწესებულებაში დავით ლონდარიძეს და გიორგი გორელაშვილს შეხვდა. ზემოხსენებულ პირებს, სერგეი ჩაპლიგინთან ერთად, ბრალი დაედოთ ჯაშუშობასა და უცხო ქვეყნების სპეცსამსახურებისთვის სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის გადაცემაში. დავით ლონდარიძე სამხედრო პოლიციამ 2011 წლის 17 სექტემბერს, გამთენიისას დააკავა. მას ჯაშუშობაში და უცხო ქვეყნების სპეცსამსახურებისთვის სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის გადაცემაში დასდეს ბრალი. იმავე დღეს დააკავეს გორელაშვილი, ჩაპლიგინი და თეთრაძე. ლონდარიძემ სამხედრო პოლიციის ყურადღება მას შემდეგ მიიქცია, რაც ვინმე ელიზბარ რაქვიაშვილს რუსთავის შესასვლელში მდებარე ნაკვეთის მიყიდვაზე უარი უთხრა. რაქვიაშვილმა, რომლის უკანაც, ჩვენი წყაროების ინფორმაციით, გიორგი უდესიანი და გუბერნატორი დავით კირკიტაძე იდგნენ, ლონდარიძეს სამხედრო პოლიციის ზეწოლით აიძულა ნაკვეთის დათმობა. დავით ლონდარიძე სამხედრო პოლიციამ სამსახურიდან _ თავდაცვის სამინისტროდან რუსთავში ჩაიყვანა, რათა მას ნაკვეთის გაყიდვაზე საკუთარი დედა დაეთანხმებინა. რაქვიაშვილმა სასურველ შედეგს მიაღწია _ ლონდარიძეებმა ნაკვეთი დათმეს; თუმცა, ლონდარიძის დედამ, რომელსაც წარმოდგენა არ ჰქონდა, თუ რა სავალალო შედეგი შეიძლებოდა მოჰყოლოდა საკუთარი ქონების მისთვის სასურველ ფასად გაყიდვის სრულიად კანონიერ უფლებას, ნაკვეთის თითქმის მუქთად გაცემაზე უარი თქვა და ფასის ცოტათი გაზრდა მოითხოვა. ლონდარიძეს მაშინვე მიანიშნეს, რომ ამის გამო პრობლემები შეექმნებოდა. დავით ლონდარიძე ამბობს, რომ ნაკვეთის იაფად დათმობით, პრობლემა მოხსნილად ჩათვალა და მოვლენების ასე ტრაგიკულად განვითარებას აღარ ელოდა. სწორედ ამის შემდეგ მოხვდა ლონდარიძე იმ ადამიანების ყურადღების არეალში, რომლებიც "ჯაშუშური ქსელების გამოვლენის" სცენარების შეთხზვით და ამ ქსელების "განეიტრალებით" იყვნენ დაკავებულნი. ამჯერად, ჯაშუშების საქმე მფრინავების ე.წ. "ენვერის საქმის" გაგრძელება უნდა ყოფილიყო. მოქმედი პირებიც შეარჩიეს: მოქმედი სამხედრო მოსამსახურე, რომელიც თავდაცვის სამინისტროს გაერთიანებული შტაბის დაზვერვის სამსახურში მუშაობდა, გადამდგარი სამხედრო პირი _ სერგო თეთრაძე, რადიომოყვარული გორელაშვილი, ჩაპლიგინი და რუსული კვალი. დავით ლონდარიძე ამბობს, რომ ქვეყნის მმართველ პირველ პირებს, ზოგადად, მფრინავები თვალში არ მოსდიოდათ, როგორც ელიტარული სამხედრო პირები და სწორედ ამ მოტივით გადაწყვიტეს ტოტალურად სწორედ მფრინავებისთვის გაესწორებინათ ანგარიში _ ჯარის დაჩოქებას ცდილობდნენ და მფრინავები - ზოგადად ამაყი და ელიტარული სამხედრო პირები "ეჩხირებოდათ ყელში". დავით ლონდარიძე აღიარებითი ჩვენების დაწერამდე, მისივე თქმით. სამხედრო პოლიციაში სპეციალურად მოწყობილ ე.წ. "აბივკებიან" ოთახში აწამეს. ბაჩო, დათა ახალაიები, მეგის ქარდავა და ალექსანდრე მუხაძე უშუალოდ იღებდნენ მონაწილეობას სამხედრო მოსამსახურის წამებაში: "ბაჩო ახალაია ბოროტ კაცს თამაშობდა, დათა _ კეთილს. ბაჩო რომ მირტყამდა, დათა მეუბნებოდა, ხომ იცი, რა არანორმალურია, რაზე აკვლევინებ თავს, უთხარი, რასაც გთხოვსო. ბაჩო ახალაიამ საკუთარი პისტოლეტი "გლოკი" პირში ჩამიდო. ვინატრე, რომ იარაღი დატენილი ყოფილიყო, ახალაიას ხელში ვწვდი და ვცდილობდი, სასხლეტისთვის თითის გამოკვრას, რომ ჩემი ტანჯვა დასრულებულიყო. ბაჩომ მითხრა, საკუთარი ჯაშუშობის აღიარების გარდა, ხელი უნდა დამედო სხვა მონაწილეებისთვისაც. ქაღალდზე სამი გვარი ეწერა: სერგო თეთრაძე, გენერალი დავით ნაირაშვილი და მესამე გვარი, რომელიც არ მახსოვს. მითხრეს, რომ მათთვის სულ ერთი იყო, რომელს დავადებდი ხელს... თვალები დავხუჭე და თითი შემთხვევით დავადე ერთ-ერთ გვარს, როგორც გაირკვა _ თეთრაძეს. ასე გაჩნდა თეთრაძე ჯაშუშების საქმეში," _ ამბობს დავით ლონდარიძე. დავით ლონდარიძემ თვითმკვლელობა სცადა _ თავის ჩამოხრჩობას შეეცადა, თუმცა, სიკვდილის უფლება არ მისცეს. გაბმულად თვითმკვლელობაზე ფიქრი მხოლოდ მისი სულიერი მოძღვრის ციხეში შეხვედრის შემდეგ მოიშორა თავიდან.
--------------------
არ ჩავიციკლოთ !
|