http://alia.ge/com/news/view/2309ვინ და რატომ დანიშნა ყოფილი ''ნაცზონდერი'' მაღალ თანამდებობაზე?
თბილისი 11:00 - 04.11.2013 1884
12
გაზეთი ''კვირის ქრონიკა'', ხათუნა ელბაქიძე
ცოტა ხნის წინ სამთავრობო დაცვის სპეციალური სამსახურის აჭარის მთავარი სამმართველოს უფროსად არჩილ ხაბაძის დეიდაშვილი, მერაბ ნაკაშიძე დაინიშნა. ეს სწორედ ის მერაბ ნაკაშიძეა, რომელიც ''ნაცების'' მმართველობისას აჭარის კუდ-ის სპეცრაზმში მსახურობდა, ის აჭარის კუდ-ის უფროსის, ამჟამად პატიმრობაში მყოფი თემურ პატარიძის ერთ-ერთ სანდო ადამიანად ითვლებოდა. მერაბ ნაკაშიძე უშუალოდ მონაწილეობდა 2011 წლის 21 და 22 მაისს, ბათუმში გამართული აქციების დარბევაში, რასაც არაერთი მომიტინგის ფიზიკური ტრავმა მოჰყვა. როგორც ბათუმელები აცხადებენ, მერაბ ნაკაშიძე ფიგურირებდა საპარლამენტო არჩევნების წინ, ხულოში, სოფელ ბეშუმში ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ მოწყობილ პროვოკაციაში. მეტიც, მათი თქმით, ნაკაშიძე ამ პროვოკაციის ერთ-ერთი მოთავე იყო, ხალხს სწორედ ის აქეზებდა, რომ ბიძინა ივანიშვილისა და მისი თანმხლებებისთვის ფიზიკური შეურაცხყოფა მიეყენებინათ და საქმე ''ნაციონალებისა'' და ''ქართული ოცნების'' მომხრეებს შორის ფიზიკურ დაპირისპირებამდე მიეყვანათ.
საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, თემურ პატარიძე დაიჭირეს (მკითხველი რომ არ დაიბნეს, განვმარტავ: თემურ პატარიძე პირველად ოთხი მძიმე ბრალდების საფუძველზე დააპატიმრეს, მაგრამ სასამართლომ 50 000 ლარის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. ამ დროს, 18-წლიანი პატიმრობა ემუქრებოდა, მერე კი საპროცესო გარიგებით დააღწია თავი პატიმრობას. ახლახან, 26 ოქტომბერს პატარიძე ხელმეორედ დაიჭირეს - ამჟამად არჩევნების დროს პირადობის მოწმობების გაყალბების ბრალდებით ზის ციხეში). აჭარაში ყველა ელოდა, რომ მას მერაბ ნაკაშიძესაც მიაყოლებდნენ, მაგრამ ნაკაშიძე გადარჩა. აჭარაში ირწმუნებიან, რომ დეიდაშვილის გადასარჩენად არჩილ ხაბაძეს დიდი ძალისხმევა დასჭირდა, მაგრამ მოახერხა და მაინც გამოსტაცა კანონს ხელიდანო. ცოტა ხნით, ვიდრე ქვეყანაში ვნებათაღელვა ჩაცხრებოდა, მერაბ ნაკაშიძე ხაბაძემ აჭარის სამაშველო სამსახურის უფროსად დანიშნა - დროებით თვალს მოაფარა. ახლა კი, მისი ძალისხმევით, ნაკაშიძეს აჭარის სამთავრობო დაცვა ჩააბარეს - რეგიონის ყველა სამთავრობო შენობის გაკონტროლება, ყველა იმ აჭარელი მაღალჩინოსნის დაცვა, ვისაც კანონით დაცვა ეკუთვნის, ''ნაცზონდერს'' მიანდეს. მერე გამოვლენ ''ქართული ოცნების'' ბობოლა პოლიტიკოსები და გამოგვიცხადებენ, ''ნაცმოძრაობისგან'' საბოტაჟისა და პროვოკაციების საფრთხე არსებობსო. იარსებებს, აბა არ იარსებებს, თქვე მამაცხონებულებო, როცა აჭარაში მთელი სახელმწიფო ქონების დაცვას, სახელმწიფო სამსახურში დასაქმებული ყველა ადამიანის უსაფრთხოებას ისევ მამალ ''ნაციონალს'' ანდობთ? და რამდენი ამგვარი ფაქტის გახსენება შეიძლება კიდევ?
მოგეხსენებათ, საქართველოს სამთავრობო დაცვის სპეცსამსახურს ანზორ ჩუბინიძე ხელმძღვანელობს და წესით და კანონით, არჩილ ხაბაძეს არაფერი არ უნდა ესაქმებოდეს, თუ ვის დანიშნავდა ჩუბინიძე სამთავრობო დაცვის აჭარის მთავარი სამმართველოს უფროსად. მაგრამ საქართველოში, როცა სჭირდებათ, კანონს არად დაგიდევენ. ანზორ ჩუბინიძე, ვიდრე ამ პოსტზე დაინიშნებოდა, ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილის დაცვის უფროსი იყო, არჩილ ხაბაძეც, მოგეხსენებათ, ივანიშვილის ''ქართუ ბანკის'' ბათუმის ფილიალის მმართველი გახლდათ. ჩუბინიძე და ხაბაძე კარგად იცნობდნენ ერთმანეთს, ორივე ბიძინა ივანიშვილს ემსახურებოდა. სწორედ ამ ძველი ნაცნობობით ისარგებლა ხაბაძემ, ანზორ ჩუბინიძეს თავად სთხოვა, მერაბ ნაკაშიძე ამ პოსტზე დაენიშნა, მაგრამ ის კი დაუმალა, წარსულში რა უბედურებასა და ცოდვიან საქმეებში იყო მისი დეიდაშვილი გარეული. კარგი იქნება, თუ ანზორ ჩუბინიძე მოიკითხავს მისი სამსახურის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პოსტის მფლობელის წარსულს და შემდეგ გადაწყვეტს, უნდა დარჩეს თუ არა ამ თანამდებობაზე მერაბ ნაკაშიძე. ანზორ ჩუბინიძე, როგორც ამბობენ. სამართლიანი ხელმძღვანელია და თუ ასეა, ამ საქმეს ყურადღება უნდა მიაქციოს. სხვა თუ არაფერი, წლების მანძილზე ხალხის უსამართლოდ მჩაგვრელის თუნდაც უნებლიეთ მფარველის სახელი, მის რეპუტაციას ძალიან ბევრს დააკლებს.
მერაბ ნაკაშიძემ, სხვათა შორის, ოპოზიციის დევნა ლამის ხელობად გაიხადა. ის ჯერ კიდევ აჭარაში ასლან აბაშიძის მმართველობის დროს არის ამ საქმეში შემჩნეული. 2004 წელს, ჩოლოქის ხიდთან დავით ბერძენიშვილი რომ სცემეს და ''დაასინიაკეს'', ამ საქმეში ნაკაშიძის ხელიც ერია პირდაპირი მნიშვნელობით. არ ვიცი, ზუსტად რამდენი `სინიაკი~ დაადო დავით ბერძენიშვილს ნაკაშიძემ, მაგრამ გამეტებით რომ ურტყამდა მას, აჭარაში ამის არაერთი თვითმხილველი არსებობს. იმავე პერიოდში, ბათუმში ნაკაშიძე ერთ-ერთ უკანონო შეიარაღებულ დაჯგუფებასაც მეთაურობდა, რომლებიც იმ დროს, სამოქალაქო ომის დაწყების სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენდნენ.
მერაბ ნაკაშიძემ თავისი ხომ გაინაღდა და ახლა ერთი, აჭარაში საკმაოდ ცნობილი ''ზონდერის'' დანიშვნას სთხოვს ანზორ ჩუბინიძეს - აჭარის სამთავრობო დაცვის ოპერატიულ-ტექნიკური სამმართველოს უფროსად გოჩა კეკელიძის დანიშვნა უნდა. ეს მოთხოვნა მერაბ ნაკაშიძემ წერილობით უკვე გაუგზავნა თავის უფროსს. ეს გოჩა კეკელიძეც თემურ პატარიძის კადრია, აჭარის კუდ-ში მას ებარა ''ნაცმოძრაობის'' პოლიტიკური ოპონენტების მოსმენები, დასმენები, ფოტო და ვიდეოგადაღებები, მათ შორის, ოპოზიციონერებისა და მათი ოჯახის წევრების პირადი ცხოვრების ამსახველი ეპიზოდებისა. ამ ბინძური კადრებით ის ამარაგებდა პატარიძეს, რომელიც შემდეგ დათა ახალაიას უგზავნიდა. ზუგდიდში, კასრებში რომ 24 თუ 28 ათასი ამგვარი ფაილი აღმოაჩინეს, იქ გოჩა კეკელიძის ''შემოქმედების'' ნაყოფიც უხვად იყო.
სანდო წყაროს მტკიცებით, ასლან აბაშიძის პერიოდში გოჩა კეკელიძემ, ერთ-ერთ ბათუმელ ბიზნესმენს, ძალით წაართვა ჯიპი-''გრანდ-ჩეროკი''. მართალია, კეკელიძემ ეს ჯიპი ''დაითრია'', მაგრამ იმდენი ვეღარ მოახერხა, რომ ყოფილი პატრონი მისთვის მანქანის გადაფორმებაზე დაეთანხმებინა. ამიტომ მანქანის ყალბი საბუთები გააკეთა და ასე ''გადაიფორმა''. წყარო აცხადებს, რომ გოჩა კეკელიძის მეუღლე დღესაც გაყალბებული საბუთებით ''გაპრავებული'' ამ მანქანით დადის და თუ ვინმეს ამაში ეჭვი შეეპარება, ამის გარკვევა ძალიან იოლად შეიძლება - ჯიპის ყოფილ პატრონეს მანქანის ნამდვილი საბუთები სახლში აქვს, სამართალდამცავებმა მიაკითხონ მას, შეადარონ მისი და ნაკაშიძის ნაყალბევი ერთმანეთს და სიმართლეც გაირკვევა. მოკლედ, გოჩა კეკელიძეს, მერაბ ნაკაშიძისა არ იყოს, წარსულში არაერთი ისეთი ქმედება აქვს ჩადენილი, თუ მათზე გამოძიება დაიწყო, ციხეს ვერ გადაურჩება. ესენი კიდევ მაღალ-მაღალ პოსტებს ეპოტინებიან.
რაში სჭირდება გოჩა კეკელიძე მერაბ ნაშაკიძეს, ძნელი სათქმელია, სამთავრობო დაცვის მუშაობის სპეციფიკა ხომ ხალხის მოსმენასა და მათი პირადი ცხოვრების ფარულ გადაღებებს არ ითვალისწინებს? ისევ ანზორ ჩუბინიძეს უნდა მივმართო: მიხედეთ ამ ხალხს, ვიდრე რაიმე უბედურება დაუტრიალებიათ თქვენს სამსახურში და ქვეყნის სასაცილო გაუხდიხართ!
This post has been edited by miss-sha on 21 Nov 2013, 14:19
მიმაგრებული ფაილი ( Number of downloads: 76 )
phpl6N81O