"ჯავახეთში სიტუაცია აბსოლუტურად კონტროლირებადია"
http://www.interpressnews.ge/ge/qarthuli-p...a-08042014.html"ჯავახეთში სიტუაცია სრულიად კონტროლირებადია, - აცხადებს "რეზონანსთან" საუბარში პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი. იგი დასძენს, რომ ჯავახეთზე ატეხილი აჟიოტაჟი ცოტა გაზვიადებულია და ხაზგასმით ამბობს, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სისტემა სრულად მობილიზებულია. თუმცა აღიარებს, რომ შესაძლოს, იქ გარკვეულ ჯგუფებს სიტუაციის არევა უნდოდეთ, მაგრამ შესაბამისი ორგანოები მათ ამის საშუალებას არ მისცემენ. სესიაშვილი ამბობს, რომ რუსეთიდან მოსალოდნელი საფრთხის მიუხედავად, საქართველოს სვლა ნატოსკენ გაგრძელდება", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით "ჯავახეთში სიტუაცია აბსოლუტურად კონტროლირებადია" / ირაკლი სესიაშვილის თქმით, რუსეთიდან მოსალოდნელი საფრთხის მიუხედავად, საქართველო ნატოსკენ სვლას გააგრძელებს.
"მინდა, საზოგადოება დავამშვიდო და ვუთხრა, რომ ჯავახეთში ვითარება ნორმალურია, სიმართლე გითხრათ, ჯავახეთის მოვლენები ცოტა გაზვიადებული მეჩვენება. უფრო მეტიც, შესაძლოა, ამ თემით ზედმეტი აჟიტირება სხვის ინტერესში შედიოდეს. ვიმეორებ, სიტუაცია არის აბსოლუტურად კონტროლირებადი. ყველაფერი ნორმალურად მიმდინარეობს. არავითარი ჯგუფები აქტივობას არ გამოხატავენ. უკრაინის ფონზე თითქოს მინიშნებები იყო და ექსპერტებიც ამაზე საუბრობენ, მაგრამ ამის აშკარა ნიშნები არ არის. ჩვენი სახელმწიფო უსაფრთხოების სისტემა სრულად მობილიზებულია და ყველა შესაძლო რისკს აანალიზებს. საჭიროების შემთხვევაში იმოქმედებს კიდეც. მოსახლეობა უნდა დავამშვიდო და ვუთხრა, რომ ამ თემისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობის მინიჭება არ ღირს. პასპორტიზაციის თემაც გაზვიადებულია, ჩვენი თანამოქალაქეები, ეთნიკური სომხები რუსულ პასპორტებს ისედაც ფლობენ და მათ ეს პოლიტიკური მიზნისთვის კი არ აქვთ, არამედ იმისთვის რომ სომხეთთან ურთიერთობის ფარგლებში მათ რუსეთში სიარული ხშირად უწევთ", - აცხადებს საუბარში პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი.
"ექსპერტებს უტვართ თამამი განცხადებების გაკეთება, შემდეგ საზოგადოებას ავიწყდება ამ განცხადებების არდამდგარი შედეგი. ექსპერტები აკადემიური წრის ის ნაწილია, რომელიც ხელისუფლებასა და საზოგადოებას მოსალოდნელ რისკებზე აფრთხილებს, თუმცა არცთუ საკმარის ინფორმაციაზე დაყრდნობით. სახელმწიფო უსაფრთხოების სისტემას, რა თქმა უნდა, მეტი ინფორმაცია აქვს. ამ ინფორმაციის რეგულირებაზე მეტი გავლენა აქვს. ასევე აქვს გავლენა სიტუაციის კონტროლზე, მე შემიძლია დაგამშვიდოთ, რომ ჯავახეთში სიტუაცია კონტროლირებადია. შესაძლოა, გარკვეულ ჯგუფებს სიტუაციის არევის სურვილი ჰქონდეთ, მაგრამ ამის ფონი არ არის და ამ ეტაპისთვის ამის პლაცდარმიც ნაკლებად მოიაზრება, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ სახელმწიფო ამ მიმართულებით ყურადღებას არ იჩენს. რა თქმა უნდა, ყურადღებით ვართ და სიტუაციას მომავალშიც გავაკონტროლებთ", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ირაკლი სესიაშვილი.