უკრაინულმა სამხედრო სტარტაპმა, Swarmer-მა წარმატებით დაასრულა აქციების პირველადი განთავსება ამერიკულ საფონდო ბირჟა Nasdaq-ზე. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც უკრაინულმა სამხედრო-ტექნოლოგიურმა კომპანიამ გლობალურ საფონდო ბაზარზე ასეთი მასშტაბური და მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა.
IPO-ს შედეგად, კომპანიის საბაზრო შეფასებამ 640 მილიონ დოლარს მიაღწია, რაც თითქმის 1,000%-იან ზრდას წარმოადგენს.
Swarmer არ არის დრონების მწარმოებელი ჩვეულებრივი კომპანია; ის სპეციალიზებულია ხელოვნური ინტელექტის პლატფორმაზე, რომელსაც შეუძლია რადიკალურად შეცვალოს თანამედროვე ბრძოლის ველის არქიტექტურა.
კომპანიის მთავარი პროდუქტია პროგრამული უზრუნველყოფა Styx-ი, რომელიც ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით ათეულობით სხვადასხვა ტიპის დრონს ერთიან, კოორდინირებულ გუნდად, ანუ Swarm-ად კონტროლის საშუალებას იძლევა. ტრადიციული მიდგომისგან განსხვავებით, სადაც თითოეულ საფრენ აპარატს ინდივიდუალური ოპერატორი აკონტროლებს, Swarmer-ის ტექნოლოგია ერთ ადამიანს აძლევს საშუალებას მთელი ფლოტი მართოს და გადაწყვეტილებები კოორდინირებულად მიიღოს. Swarmer-ის ხელოვნური ინტელექტი დამოუკიდებლად ანაწილებს როლებს დრონებს შორის, შესაბამისად, ზოგიერთი აპარატი დაზვერვაზეა ორიენტირებული, ზოგი კი - სამიზნის იდენტიფიცირებასა და უშუალოდ იერიშზე.
სისტემის ერთ-ერთი ყველაზე კრიტიკული უპირატესობა რადიოელექტრონული ბრძოლის პირობებში მუშაობის უნარია. როდესაც მოწინააღმდეგის დამხშობი ტექნიკა ოპერატორსა და დრონს შორის კავშირს წყვეტს, Swarmer-ის ალგორითმი მაინც ინარჩუნებენ ავტონომიურობას. კავშირის გაწყვეტის შემთხვევაშიც კი, დრონები არ კარგავენ ორიენტაციას და კოლექტიურად, წინასწარ დასწავლილი მოდელების საფუძველზე, აგრძელებენ მისიის შესრულებას. ანალიტიკოსების შეფასებით, ასეთი კოორდინირებული მართვა მისიის წარმატების ალბათობას მნიშვნელოვნად ზრდის, რადგან სისტემა გამორიცხავს ადამიანურ დაყოვნებას და მომენტალურად რეაგირებს ცვალებად გარემოზე. თანაც, მისი დახშობა, გათიშვა ან ინტერნეტისგან მოწყვეტა შეუძლებელია.
რაც მთავარია, Swarmer-ის ტექნოლოგია თითქმის 100,000-ჯერ გაიტესტა უკრაინის ფრონის ხაზზე და ის არათუ თეორიაში ან სიმულაციურ გარემოში, არამედ რეალურ საბრძოლო გარემოში ყოველდღიურად მუშაობს.
თავად Swarmer-ის პილოტებს თუ დავუჯერებთ, ამ ტექნოლოგიის დახმარებით, ბრძოლის ველის დაცვა და წითელი ზონების მონიტორინგი 10-ჯერ უფრო მარტივია, ვიდრე ტრადიციული FPV დრონის შემთხვევაში, რადგან AI არათუ უბრალოდ ამუშავებს მიღებულ კადრებს და ინფორმაციას, არამედ პილოტს პოტენციური საფრთხეების შესახებ ინფორმაციას წინასწარ აწვდის, პროგნოზირების მოდელის დახმარებით, რომელიც თან ყოველდღიურად ვითარდება.
უშუალოდ IPO-ს რაც შეეხება, ამერიკულ საფონდო ბირჟაზე გამოჩენა კომპანიისთვის ნიშნავს წვდომას პრაქტიკულად უსაზღვრო კაპიტალზე, რაც აუცილებელია ტექნოლოგიის შემდგომი განვითარებისთვის. ინვესტორების ინტერესს განაპირობებს ის ფაქტიც, რომ Swarmer-ის ტექნოლოგიის მასშტაბირება შესაძლებელია როგორც მცირე ზომის მოწყობილობებზე, ისე დიდ საავიაციო პლატფორმებზე, მათ შორის, უპილოტო ავიაგამანადგურებლებზე, დიდი ზომის სამხედრო დრონებზე, ტანკებზე და სხვა ტიპის ავტონომიურ მოწყობილობებზე.
ექსპერტების შეფასებით, ამერიკული კაპიტალის მოზიდვა კომპანიას საშუალებას მისცემს, კიდევ უფრო დახვეწოს თავისი ხელოვნური ინტელექტი და მისი პროდუქცია NATO-ს სტანდარტების განუყოფელ ნაწილად აქციოს.
ყველაფერთან ერთად, ისიც უნდა თქვას, რომ კომპანია საკმაოდ ახალია. ის 2023 წელს სერგეი კუპრიენკომ და ალექს ფინკმა დააარსეს, თუმცა უკრაინის თავდაცვის ძალების მხარდაჭერით, მან 2-3 წელიწადში მოახერხა ისეთი ტექნოლოგიის შექმნა, როგორიც ამერიკულ სამხედრო კომპანიებსაც კი არ აქვთ და დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ Swarmer-ის დამკვეთთა სიაში საკმაოდ მალე ვიხილავთ პენგატონსაც.
მარტივად შეიძლება ითქვას, რომ ომში გამოწრთობილი უკრაინა დრონების ტექნოლოგიაში დღეს პლანეტაზე უკვე საუკეთესოა და მომავალში ეს ტექნოლოგია ქვეყნის ერთ-ერთ მთავარ საექსპორტო მიმართულებად იქცევა.
https://bm.ge/news/rogor-sheqmna-ukrainulma...gAcGkJ95S9hRC9Q * * *
პ.ს. - გარდა ამისა პოკროვსკის მიმართულებაზე 147-ე ბრიგადამ ეგზოჩონჩხების გამოყენება დაიწყო რომლებიც დატვირთვას 30%-ით ამცირებენ