სად იყვნენ რუსები ეგენი რომ სისხლს გვიშრობდნენ..
თურქთა მომთაბარე ტომი, ისტორიაში ცნობილი ოსმალო თურქთა სახელწოდებით, აღმოსავლეთიდან მოვიდა და შეცვალა სელჯუკი თურქები, რომელნიც თავის მხრივ პირველად XI საუკუნეში გამოჩნდნენ მცირე აზიაში. ეს ტომი საქართველოში შემოჭრას იწყებს XV საუკუნიდან.
საქართველოს მაშინ კიდევ ვერ მოესწრო წელში გამართულიყო მონღოლების გამანადგურებელ შემოსევათა შემდეგ და დასუსტებული იყო შინაგანი პოლიტიკური არეულობის გამო. ამიტომ ხანგრძლივი და სისხლის მღვრელი ომების შედეგად ოსმალო თურქებმა შეძლეს თავიანთი ჭარბი ძალებით XVI საუკუნის მეორე ნახევარში ხელში ჩაეგდოთ სამხრეთი საქართველო და იქ დაპყრობილი ქვეყნის მმართველობის მკაცრი რეჟიმი დაამყარეს.
საქართველოს ამ ნაწილის ხელში ჩაგდების მომენტიდან თურქები შეუდგნენ ქართველთა მთელი ეროვნული ყოფის მეთოდურად აღმოფხვრას მოსახლეობის გათურქებისა და ქრისტიანული კულტურის მოწინავე ქვეყანაში ისლამის რელიგიის ძალდატანებით დანერგვის გზით. თურქები ნახევრად ველურ მომთაბარეთა მორალით ხელმძღვანელობდნენ და თავიანთ განზრახვათა განსახორციელებლად არავითარ საშუალებას არ ერიდებოდნენ. თუ რამდენად მკაცრი იყო ეს ღონისძიებანი, ამაზე შეგვიძლია წარმოდგენა ვიქონიოთ იმის მიხედვით, რომ საქართველოს დაპყრობილი ოლქების მრავალი მცხოვრები, მშობლიურ წრეს მოწყვეტილი, მასობრივად გარბოდა დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში, რათა "თავი ეხსნათ თურქების მიერ ფანატიკური დევნისაგან" (დიმიტრი ბაქრაძე, არქეოლოგიური მოგზაურობა გურიასა და აჭარაში, გვ. 119) და შეძლებისდაგვარად გადაერჩინათ თავიანთი კულტურის ძეგლები (ხელნაწერები, ხელოვნების საგნები და სხვ.). ცნობილია, მაგალითად, რომ სამცხის ზარზმის მონასტრიდან პატრიოტთა ჯგუფმა თავისი მშობლიური მხარე მიატოვა, თან წაიღო ეროვნული კულტურის ძეგლები და თავშესაფარი პოვა გურიაში, შემოქმედის მონასტერში (დიმიტრი ბაქრაძე, იქვე).
ამ მკაცრ პოლიტიკას, რომელსაც ოსმალო ხელისუფალნი მხარის გასათურქებლად და გასამაჰმადიანებლად ახორციელებდნენ, მოწმობს ის უცილობელი მონაცემებიც, რომლებსაც შეიცავს საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის მიერ გამოცემული "საქართველოს ვილაიეთის ვრცელი დავთარი". ეს ოფიციალური თურქული დოკუმენტი თურქ ხელისუფალთა წარმომადგენლების მიერ არის შედგენილი საქართველოს ახალდაპყრობილი ნაწილისათვის და ამიტომ წარმოადგენს ობიექტურ წყაროს, საიდანაც შეიძლება ამოღებულ იქნას თურქეთის პოლიტიკის დამახასიათებელი მასალები; დასახლებული პუნქტების ჩამოთვლასთან ერთად იგი შეიცავს აგრეთვე იმ სოფლების გრძელ სიებს, რომლებიც შიშით შეპყრობილ ქართველ მოსახლეობას მიუტოვებია. ეჭვგარეშეა, რომ ეს, "დავთრის" მიხედვით "მოსახლეობისგან თავისუფალი სოფლები" იმ ქართველ პატრიოტთა საცხოვრებელი ადგილები იყო, რომლებმაც, ამაყობდნენ რა თავიანთი მრავალსაუკუნოვანი კულტურით, ნახევრად ველურ მომთაბარეებს თავი აბუჩად არ ააგდებინეს. მიუხედავად უდიდესი მატერიალური და მორალური მსხვერპლისა, თავიანთი მშობლიური ადგილები დატოვეს და საქართველოს სხვადასხვა რაიონში გადასახლდნენ. ამ გადასახლების მასშტაბს თუნდაც ის ფაქტი მოწმობს, რომ "მცხოვრებთაგან თავისუფალი სოფლების" რიცხვი საქართველოს მარტო იმ ნაწილში, რომელიც "დავთარშია" შეტანილი, 300-ს აღწევს!
იმ ძალადობას, რასაც თურქები დაპყრობილ მხარეში ჩადიოდნენ, აღნიშნავს XVIII საუკუნის ცნობილი მეცნიერი ვახუშტი ბაგრატიონიც, როცა ამბობს, რომ დაპყრობილი მხარის წარჩინებულ ქართველთა წოდება თურქულ ენაზე გადავიდა, "დამჭირნეობისათვის ოსმალთა" (იხ. ვახუშტი, "აღწერა სამეფოსა საქართველოისა", გვ. 131).
მაგრამ თურქი ხელისუფალნი პირდაპირი რეპრესიების გარდა, რასაც ქართველი მოსახლეობა სასოწარკვეთილებამდე მიჰყავდა, მიმართავდნენ არაპირდაპირი ზემოქმედების ზომებსაც იმისათვის, რომ დაპყრობილი მოსახლეობა იძულებული გაეხადათ ხელი აეღო თავის საუკუნეობრივ ეროვნულ ტრადიციებზე. ეს იყო ეკონომიკური ზეგავლენა, რაც გამოიხატებოდა აუტანელი გადასახადების შეწერით,
რომლებითაც სპეციალურად დაბეგრეს არამუსლიმანი მოსახლეობა. იმავე "დავთარში" არის მასალები, რომლებიც ახასიათებენ ხალხის ჩაგვრის ამ ხერხს. "დავთრის" მიხედვით, მრავალ სხვა გადასახადს გარდა, არამუსლიმანი, ამ შემთხვევაში ქართველი მოსახლეობა, იხდის კომლობრივ გადასახადს, ეგრეთ წოდებულ "ისფენჯს" 25 ახჩის ოდენობით, რაც იმ დროის მიხედვით მძიმე ტვირთს წარმოადგენდა განსაკუთრებით იმ მოსახლეობისათვის, რომელიც თავდადებულად იბრძოდა თავისი დამოუკიდებლობის დასაცავად და გაღატაკებული იყო მომთაბარეთა ურდოების ხანგრძლივი თავდასხმებით. ამავე დროს კი, მუსლიმანი გაცილებით ნაკლებს იხდიდა: ეგრეთ წოდებულ "ბენაქს" და "მუჯერეთს", 18 ან 12 ახჩს. "დავთარში" 127, 262, 274, 358, 365 და სხვა გვერდებზე მუსლიმის ყოველ სახელთან არის სპეციალური აღნიშვნა, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ეს პირი მუსლიმანია და ამიტომ შეღავათიან გადასახადს იხდის.
ასევე მკაცრი იყო თურქეთის პოლიტიკა თურქების მიერ დაპყრობილ მეორე სექტორში - ჭანეთში (ლაზთა ქვეყანაში). დამპყრობი თურქების დაჟინებით მისწრაფებას - ჩაეხშოთ ლაზებში საუკუნეობით განმტკიცებული ეროვნული თვითმყოფობის ყოველგვარი გამოვლინება - ლაზები უპირისპირებდნენ მტკიცე ეროვნულ თვითშეგნებას და, მიუხედავად სრული იზოლაციისა და მშობლიურ მიწა-წყალს მოწყვეტისა, დღემდე შეინარჩუნეს მშობლიური ლაზური ენა. ლაზებისადმი თურქების მხრივ ზიზღით აღსავსე და ეროვნულად შეურაცხმყოფ დამოკიდებულებას მოწმობს თურქული ანდაზა: "ლაზლარინ თერმონი-მისლიმან იემეზ ონი", ე.ი. "ლაზური ფელამუში მუსლიმანს არ ეჭმევაო" (ნიკო მარი, თურქეთის ლაზისტანში მოგზაურობიდან, გვ. 627).
და მართლაც, ოსმალო თურქები, რომლებიც აღმოსავლეთიდან დასავლეთში შემოიჭრნენ, ოსმალთა სახელმწიფოს ჩამოყალიბების პერიოდისთვის მომთაბარე ტომების ტიპური წარმომადგენლები იყვნენ. მცირე აზიისა და კავკასიის ცივილიზებულ სახელმწიფოებს რომ შეეჯახნენ, ისინი ცეცხლითა და მახვილით ანადგურებდნენ მაღალი კულტურის მქონე ხალხებს. თურქებმა ჯერ ბიზანტია დაამარცხეს და შემდეგ ხელი მიჰყვეს საქართველოს, ჩამოაშორეს იგი ევროპას და გაბატონდნენ მის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში. დაპყრობილ ქართველთა ტომებს თურქებმა შემდგომი განვითარების გზა დაუხშეს და ფეხი მოიკიდეს ანატოლიაში, მაგრამ ამავე დროს არ შეიძლებოდა, რომ მათ არ განეცადათ ქართველი ხალხის მრავალსაუკუნოვანი მატერიალური და სულიერი კულტურის კეთილმყოფელი გავლენა. ამ მდგომარეობის დამახასიათებელ ფაქტებს არაერთხელ მიუპყრიათ ყურადღება სპეციალურ ლიტერატურაში. ცნობილია, მაგალითად, რომ სოფლის მეურნეობის დარგში ქართველებმა, მათ შორის ლაზებმაც, რომლებსაც იმ დროისათვის მაღალი სამიწათმოქმედო კულტურა ჰქონდათ, აღმოსავლეთ ანატოლიაში გაავრცელეს როგორც სასოფლო-სამეურნეო კულტურები, ისე მიწის დამუშავების გაუმჯობესებული მეთოდები. უეჭველია, რომ ჩრდილო-აღმოსავლეთ ანატოლიის ერთ-ერთი უმთავრესი სასოფლო-სამეურნეო კულტურა - სიმინდი ანატოლიის ამ ნაწილის თურქებმა ლაზებისგან გადაიღეს. ამაზე მიუთითებს სიმინდის თურქული სახელწოდება - "ლაზოთი, ლაზუთი", რაც ნიშნავს "ლაზურ მცენარეს" (იხ. რედჰაუსი, თურქულ-ინგლისური ლექსიკონი, გვ. 1619, აჰმედ ვეფიკ-ფაშა, ლეხჯე-ი ოსმანი გვ. 748 და შრომა "სიტყვა ლაზუტ-ის წარმოშობისათვის" საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის უწყებებში, ტ. V, # 2 გვ. 227).
აკადემიკოსმა ივანე ჯავახიშვილმა "საქართველოს ეკონომიურ ისტორიაში" გამოარკვია, რომ მთელი რიგი გაუმჯობესებული სასოფლო-სამეურნეო იარაღები (გუთანი, ჯილღა) აღმოსავლეთ ანატოლიის თურქებმა ქართველებისგან გადაიღეს (იხ. დასახელებული შრომა, I, გვ. 248 და სხვ.).
თურქების მიერ უსამართლოდ მიტაცებული სამცხის მხარე საქართველოსათვის იყო არა "განაპირა მხარე, არა პერიფერია, არამედ ცენტრი" ქართული კულტურისა. ამ კულტურის შემოქმედნი, რომელთა სახელებთანაც დაკავშირებულია ხალხური და ფილოსოფიური შემოქმედების შედევრები, სამხრეთ საქართველოდან წარმოსდგებოდნენ. აქვე იქმნებოდა ქართული ეროვნული ხუროთმოძღვრების ცნობილი შესანიშნავი ძეგლები, რომლებიც მოსულ დამპყრობთა მიერ მოსპობის, დანგრევისა და აბუჩად აგდების საგანი გახდა. აკადემიკოსი ნიკო მარი, რომელიც ამ მხარეებში 1904 წელს მოგზაურობდა, ყველგან ხედავდა მატერიალური კულტურის ქართული ძეგლების "ულმობლად გაძარცულ კედლებს"; ეკლესიები გადაკეთებული იყო მეჩეთებად. "მუეძინის ძახილი ბერთის საყდართან, - ამბობს აკადემიკოსი ნიკო მარი, - ახლა მე იმდენად სევდის მომგვრელი არ მეჩვენება, რამდენადაც დაბისა და ჯმერქის ეკლესიების, სამონასტრო ტაძრების ახლანდელი უბადრუკი მდგომარეობა" ("მოგზაურობის დღიური", გვ. 182). ისტორიის უკუღმართობაზე, თურქთა ძალადობაზე აკადემიკოსი ნიკო მარი "მოგზაურობის დღიურში" ამბობს: "სევდის მომგვრელი იყო ოდესღაც ცოცხალი ქრისტიანობის ბურჯზე ისლამის გამარჯვებული ხმის მოსმენა... იმათი ღვიძლი შვილები, ვინც ქრისტიანობის ეს ძეგლები ააგო, მიისწრაფოდნენ მაღლა ტაძარში, რათა თავიანთი ლოცვა აღევლინათ ისეთ ფორმებში, რაც უცხოა ბერთის მშენებელთათვის. სევდის მომგვრელი იყო ამის დანახვა, სევდის მომგვრელი იყო ამის მოსმენა".
http://www.kvirispalitra.ge/history/13102-...sa-tsylebi.htmlთურქეთის მიერ მიტაცებული ტაო-კლარჯეთი.
This post has been edited by ფულიანი on 31 Jan 2016, 23:09