http://www.mkurnali.ge/daavadebebi-mkurnaloba/infeqciuri/3675-meningiti-sashishi-infeqcia.htmlგადადი ლინკზე://http://www.mkurnali.ge/daavadebebi-...ინკზესაიდან გვემუქრება საფრთხე
- მენინგიტი, ჩვეულებრივ, ჰაერწვეთოვანი გზით ვრცელდება - ისევე, როგორც გრიპი და სხვა რესპირაციული ინფექციები, თუმცა არც კონტაქტური გზით - საერთო საგნების, ნივთების ან ჭურჭლის საშუალებით - გავრცელებაა გამორიცხული. ვითარებას ის ართულებს, რომ უფროსი ბავშვები და ოჯახის სხვა წევრები შესაძლოა მენინგოკოკის, პნევმოკოკის ან ჰემოფილუსის ჩხირის მატარებლები იყვნენ, თვითონ ავად არ გახდნენ, მაგრამ პატარებს შეუქმნან საფრთხე. თუ მათ ხახის ნაცხის ანალიზს გავუკეთებთ, ეს ჩხირები აუცილებლად აღმოაჩნდებათ. მაგალითად, პნევმოკოკის ბაქტერიამატარებლობა ფართოდ არის გავრცელებული საბავშვო ბაღებსა (60%-მდე) და სკოლის დაწყებით კლასებში (35%); უფროსკლასელებსა და ზრდასრულებში ის 25%-მდე ქვეითდება, თუმცა მცირე მაჩვენებელი არც ეს არის. დაავადების პირველი ნიშნები ორგანიზმში გამომწვევის შეჭრიდან 1-4 დღის შემდეგ იჩენს თავს.
პირველი ნიშნები
- ყველაფერი იწყება მოულოდნელად, ერთბაშად - ბავშვი, რომელიც ცოტა ხნის წინ თამაშობდა, უეცრად მოიწყენს, მოითენთება ან, პირიქით, ჭირვეულდება. უჩივის ყელის, თავის, მუცლის ტკივილს, აღებინებს, ამცივნებს. ტემპერატურა 38-40 გრადუსამდე იწევს, მადა ქვეითდება, წყურვილი ძლიერდება. დედას ჰგონია, პატარას გრიპი, ანგინა (ტონზილიტი) ან ენტეროვირუსული, ნაწლავური ინფექცია შეხვდა. სანამ ის სიტუაციაში გარკვევას ცდილობს, ორგანიზმში შეჭრილი ბაქტერიები ხახის ლორწოვანი გარსიდან ლიმფური და სისხლის გზით თავის ტვინის გარსებისკენ მიემართებიან, ეს გზა კი საკმაოდ მოკლეა და მიზნამდე სულ მცირე ხანია საჭირო.
რას მივაქციოთ ყურადღება
- რაც უფრო ადრე დაიწყება მკურნალობა, მით უკეთესია შედეგი. თუ დაავადების ამოცნობა დაგვიანდა, ავადმყოფობა ხანგრძლივდება, ვითარდება სახიფათო გართულებები: ქრონიკული თავის ტკივილი, სიელმე, სიყრუე, კრუნჩხვები, ჰიდროცეფალია. ამის თავიდან აცილება შესაძლებელია დროული დიაგნოსტიკითა და ადეკვატური მკურნალობით. კარგად დაიმახსოვრეთ მენინგიტის სამი საშიში სიმპტომი:
მაღალი ტემპერატურა;
თავის ტკივილი;
კეფისა და კისრის კუნთების დაჭიმულობა.
მათი ერთობლიობისას მენინგიტის არსებობა უნდა ვიეჭვოთ და მის გამოსარიცხად დაუყოვნებლივ მივმართოთ ექიმ ინფექციონისტს. პატარა ბავშვი, რომელსაც ენა ჯერ არ ამოუდგამს, ვერ გეტყვით, რომ რაიმე სტკივა; სამაგიეროდ, იგი ხმამაღლა იწყებს ტირილს, ტირის შეუჩერებლად, ძილშიც კი, და ვერაფრით დაამშვიდებთ. ეს მნიშვნელოვანი დიაგნოსტიკური ნიშანია! პირღებინება მენინგიტის დროს უჩვეულოა: იგი გამოწვეულია ქალასშიდა წნევის მომატებით და არ არის დაკავშირებული კვებასთან. პირღებინება პატარას ჰგვრის შვებას, როგორც ნაწლავური ინფექციისა და კვებითი
ტოქსიკოზის დროს. კიდევ ერთი დამახასიათებელი დეტალი: ტვინის გარსების ანთების დროს ბავშვები ვერ იტანენ მკაფიო, კაშკაშა სინათლეს, ხმამაღალ ბგერებს, ხმაურს, კრთებიან უმნიშვნელო შეხებისას - ამჟღავნებენ ზემგრძნობელობას გარეგანი გამღიზიანებლების მიმართ. მათ თავი რომ აარიდოს, ბავშვი იმალება საბნის ქვეშ ან თავზე იფარებს ბალიშს. დაავადების ტიპური ნიშანია თავის უკან გადაგდება, სხეულის მორკალვა. თუ ბავშვს ქოთანზე დავსვამთ, ის თავს უკან გადააგდებს, ხელებით იატაკს დაებჯინება და გააკეთებს დამახასიათებელ რკალს. როდესაც დაავადება მძიმედ მიმდინარეობს და ტვინის გარსები ჩირქით არის დაფარული, ექიმი დიაგნოზს ერთი შეხედვით დასვამს: ბავშვი გვერდზე წევს, თავი უკან აქვს გადაგდებული, ფეხები - მუცელზე მიბჯენილი, იდაყვში მოხრილი ხელები - გულმკერდზე. დაავადების დასაწყისში კლინიკური სურათი მკაფიო არ არის, თუმცა არსებობს ნიშნები, - ე.წ. მენინგეალური ნიშნები, - რომლებიც მენინგიტზე მიუთითებს ან გამორიცხავს მას. ექიმისთვის მათი შემოწმება ადვილია.
ეს სხვა წყაროდან როგორ ვრცელდება მენინგიტი და რით არის საშიში ! გადადი ლინკზე მენინგიტი თავისა და ზურგის ტვინის გარსების ანთებაა. თავის ტვინში არის 3 გარსი: მაგარი, რბილი, ქსელისებრი. იმისდა მიხედვით, თუ რომელი გარსის ანთებაა, არჩევენ: პაქიმენინგიტს (მაგარი გარსის), ლეფტომენინგიტს (რბილი გარსის), არაქნოიდიტს (ქსელისებრი გარსის). არჩევენ მენინგიტებს: სერიოზულს (არაჩირქოვანს) და ბაქტერიულს (ჩირქოვანს), ასევე პირველადს და მეორადს იმის მიხედვით,
თუ როგორ იწყება დაავადება.
პირველადია, როდესაც მწვავედ იწყება გარსების ანთების კლინიკური ნიშნები. მეორადია, როდესაც არსებობს სხვა დაავადება. მაგ: ყბაყურა, ჩუტყვავილა, ტუბერკულოზი და ამ დაავადებების ფონზე იწყება მეორადი მენინგიტი.
- რა სიმპტომები ახასიათებს მენინგიტს?
- მენინგიტს ახასიათებს ე.წ. მენინგიალური სიმპტომო კომპლექსი:
დაავადება უმეტესად მწვავედ დაწყება, მაღალი ცხელებით, ძლიერი თავის ტკივილით, გულისრევა ღებინებით. ღებინებამ ხანმოკლედ შეიძლება შეამციროს თავის ტკივილი, შემდგომ ისევ ინტენსიურად იწყება ტკივილი. სინათლეზე გახედვის შიში (ფოტოფობია), მომატებული მგრძნობელობა (ჰიპერესთეზია, არ სიამოვნებს საბნის შეხება), გულყრები, ცნობიერების დაბინდვა, შესაძლებელია იყოს სპეციფიური პოზა საწოლში, მუცელთან მოხრილი ფეხები, თავი უკან გადაწეული.
მენინგიალური სიმპტომო კომპლექსი გარდა ზემოთ ჩამოთვლილისა, მოიცავს ნევროლოგის მიერ გასინჯვის შედეგად გამოვლენილ კისრის რიგიდობას (ბრუძინსკის და კერნიგის სიმპტომებს). შესაძლებელია კანზე ჰქონდეს წვრილი წერტილოვანი სისხლჩაქცევების მაგვარი გამონაყარი (ვარსკვლავისებრი ტიპის), რაც მიუთითებს მენინგოკოქცემიის არსებობას და სწრაფად მოითხოვს სტაციონირებას.
ასევე იხილეთ: ულამაზესი ქართველი გოგონა, რომელიც მენინგიტს ემსხვერპლა
- შესაძლოა ის უსიმპტომოდაც მიმდინარეობდეს?
- არის რიგი მენინგიტებისა: ტუბერკულოზური მენინგიტი, რომლის კლინიკური გამოვლინება ძალზე რბილია და შესაძლებელია პაციენტი დადიოდეს არა შემაწუხებელი თავის ტკივილით და მცირედი მომატებული სხეულის ტემპერატურით რამდენიმე დღის მანძილზე.
- რა იწვევს მენინგიტს?
- ბაქტერიული მენინგიტის მრავალი გამომწვევი ბაქტერია არსებობს. მისი ხშირი გამომწვევია ასევე ენტეროვირუსი. ვირუსები, რომლებიც იწვევენ მენინგიტს, ვრცელდება უპირატესად ადამიანიდან ადამიანზე, მაგალითად: ფეკალურ-ორალურად (ენტეროვირუსები), ჰაერით (წითელა, ჩუტყვავილა), რესპირატორული წვეთით (ენტეროვირუსები, ყბაყურა ვირუსი), პირდაპირი კონტაქტით (ყბაყურა, წითელა, მარტივი ჰერპესი, ვარიცელა), ხოლო არბოვირუსების შემთხვევაში გადაცემა ხდება ართროპოდების (მოსკიტების, ტკიპების, ბუზების, ქინქლების) საშუალებით.
- რომელ სეზონზე არის ეს დაავადება ყველაზე აქტიური?
- ვირუსული მენინგიტები ყველაზე ხშირად გვხვდება ზაფხულ-შემოდგომის სეზონზე და უპირატესად ბავშვებში. ინკუბაციის პერიოდი გრძელდება 7-10 დღე. 1000 ინფიცირებულიდან მენინგიტი უვითარდება მხოლოდ ერთს. ვირუსის გამოყოფა გარემოში გრძელდება გამოჯანმრთელების შემდეგ რამდენიმე კვირის განმავლობაში.
- დაავადების დიაგნოსტიკის რა მეთოდები გამოიყენება?
- დიაგნოზის დადგენის მიზნით მოწოდებულია შემდეგი კვლევები, რომლებიც ტარდება მხოლოდ სტაციონარის პირობებში.
სისხლის საერთო ანალიზი
თავ-ზურგ ტვინის სითხის გამიკვლევა (ლუმბალური პუნქცია)
სპინალური სითხის ვირუსოლოგიური ან მოლეკულური კვლევის მეთოდები (პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქცია, PCR).
თავის თვინის მაგნიტურ-რეზონანსული და კომპიუტერული ტომოგრაფია
- როგორ უნდა გავარჩიოთ ის სხვა დაავადებისგან?
- მენინგიტი მძიმე ავადობაა, როგორც ზემოთ აღნიშნულია, ახასიათებს სპეციფიური კლინიკური სურათი და დროულად აღებული თავ-ძურგ ტვინის სითხე იძლევა სწორი დიაგნოსტიკის საშუალებას.
- ვინ შედის რისკ ჯგუფებში?
- ვირუსული მენინგიტის განვთარების რისკ-ფაქტორებია: მნიშვნელობა ენიჭება ბავშვის ასაკს (ძირითადად 5 წლამდე ასაკი), იმუნიზაციას, მიმდინარე და გადატანილ დაავადებებს.
- როგორ ხდება მისი მკურნალობა?
- ვირუსული მენინგიტის მკურნალობა ხდება ანტივირუსული პრეპარატებით, გართულების შემთხვევაში ხდება ანტიბიოტიკებით მკურნალობა. გულყრების დროს კიანტიეპილეფსიური პრეპარატებით.
- რა კვალს ტოვებს მენინგიტი ადამიანის ორგანიზმში და ნერვულ სისტემაში?
- მოზრდილებში ახასიათებს ნაკლებად მწვავე მიმდინარეობა და სრული გამოჯანმრთელება. 1 წლამდე ასაკის ბავშებში კი ბაქტერიოლოგიურმა მენინგიტმა შესაძლოა დატოვოს ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ შემდგომი გულყრების განვითარების რისკი.
- როგორია პრევენცია?
- იქიდან გამომდინარე, რომ ვირუსული მენინგიტების უმრავლესი ფორმა გამოწვეულია ენტეროვირუსებით, რომელიც გარემოში გამოიყოფა ფეკალიებით, ინფექციის თავიდან აცილების მიზნით საჭიროა მკაცრი ჰიგიენის დაცვა, განსაკუთრებით ხელების ხშირად და გულმოდგინედ დაბანვა. ვაქცინაცია წარმოადგენს წითელას, ყბაყურას და ჩუტყვავილას მენინგიტის პროფილაქტიკას. ეპიდემიური შემთხვევების დროს კი აუცილებელია მოვერიდოთ ხალხმრავალ ადგილებს.
სალომე გორგოშიძე
ესეც სხვა წყაროდან მენინგიტი!!! გადადი ლინკზე გამომწვევი მიზეზი
მენინგიტი ძირითადად ვირუსული ინფექციითაა გამოწვეული, მაგრამ შესაძლოა იყოს ბაქტერიულიც. უფრო იშვიათად, მენინგიტს სოკოები იწვევენ. რადგანაც ბაქტერიული მენინგიტი მძიმე და სიცოცხლისათვის საშიშია, აუცილებელია ინფექციის წყაროს ზუსტი დადგენა, სანამ მკურნალობის გეგმა შედგება.
ბაქტერიული მენინგიტი
მწვავე ბაქტერიული მენინგიტი ვითარდება, როცა ბაქტერია შეაღწევს სისხლში და გამრავლდება თავის ტვინსა და ზურგის ტვინში. მენინგიტი ასევე შეიძლება განვითარდეს ბაქტერიის პირდაპირი შეღწევით, მაგალითად ყურის ანთების დროს, თავის ქალას მოტეხილობის გამო, და იშვიათად, ქირურგიული ჩარევის შემდეგ.
ბაქტერიის გარკვეული ტიპები იწვევენ მწვავე ბაქტერიულ მენინგიტს. ყველაზე ხშირი მიკროორგანიზმებია:
პნევმოკოკი– Streptococcus pneumoniae. ეს ბაქტერია ყველაზე ხშირად იწვევს მენინგიტს ახალშობილებში, ჩვილებში, ბავშვებსა და მოზრდილებში. ბაქტერია უფრო ხშირად იწვევს პნევმონიას ან ყურის ანთებას, ვიდრე მენინგიტს. არსებობს ვაქცინა, რომელიც ამცირებს ამ ბაქტერიით ინფიცირების რისკს.
მენინგოკოკი– Neisseria meningitidis. ეს ბაქტერია მენინგიტის ასევე ხშირი გამომწვევია. მენინგოკოკალური მენინგიტი ხშირად ზედა სასუნთქი გზების ინფექციის შემდეგ ვითარდება, როცა ბაქტერია აღწევს სისხლში. ეს ინფექცია ძალიან ადვილად გადამდებია. მენინგოკოკალური მენინგიტი ხშირია მოზარდებში, ახალგაზრდებში და ხშირად იწვევს ლოკალურ პანდემიებს კოლეჯების საერთო საცხოვრებლებში, პანსიონატებსა და ჯარის ყაზარმებში. არსებობს ვაქცინა, რომელიც ამცირებს ამ ბაქტერიით ინფიცირების რისკს.
Haemophilus influenzae. ეს ბაქტერია მენინგიტის ხშირი გამომწვევია ბავშვებში. ახალი ვაქცინების წყალობით, რომელიც დაემატა ბავშვთა სავალდებულო ვაქცინაციების სიას, მნიშვნელოვნად შემცირდა ამ ბაქტერიით გამოწვეული მენინგიტის შემთხვევები.
ლისტერია– Listeria monocytogenes. ეს ბაქტერია შესაძლოა აღმოჩნდეს რბილ ყველში, სოსისებსა და დამუშავებულ ხორცში. საბედნიეროდ, ლისტერიის მიღების შემთხვევაში, ჯანმრთელი ადამიანი არ ავადდება, მაგრამ შესაძლებელია ინფიცირება ორსულებში, ახალშობილებში, მოხუცებსა და პაციენტებში, რომელთაც შესუსტებული იმუნური სისტემა აქვთ. ლისტერია კვეთს პლაცენტის ბარიერს, რაც ნიშნავს, რომ ორსულობის ბოლო ფაზებში ინფიცირების შემთხვევაში, შესაძლოა განვითარდეს მკვდრადშობადობა ან ნაყოფის პათოლოგიები. პაციენტები, რომელთაც აქვთ შესუსტებული იმუნიტეტი, ყველაზე ხშირად ავადდებიან ლისტერიით.
ვირუსული მენინგიტი
ყოველწლიურად, ვირუსები იწვევენ მენინგიტის ბევრად მეტ შემთხვევას, ვიდრე ბაქტერიები. ვირუსული მენინგიტი ძირითადად მსუბუქია და თავად გაივლის. ვირუსების ჯგუფი– ენტეროვირუსები არიან პასუხისმგებელი შემთხვევათა უმეტესობაზე. ეს ვირუსები ცირკულირებენ ზაფხულის ბოლო პერიოდსა და ადრეულ შემოდგომაზე. ვირუსები, როგორიცაა ჰერპეს სიმპლექსი, აივ, ყბაყურა, დასავლეთ ნილოსის ვირუსი და ა.შ ასევე იწვევენ ვირუსულ მენინგიტს.
ქრონიკული მენინგიტი
მენინგიტის ქრონიკული ფორმები ვითარდება, როცა დამაინფიცირებელი მიკროორგანიზმები ნელა, თანდათანობით ვითარდება და იპყრობს მემბრანებსა და თავზურგტვინის სითხეს. მწვავე მენინგიტი იწყება სწრაფად, ხოლო ქრონიკული– 2 კვირის ან მეტის შემდეგ ვლინდება. ნიშნები და სიმპტომები წააგავს მწვავე მენინგიტის გამოვლინებებს: თავის ტკივილი, ცხელება, ღებინება, მენტალური პრობლემები.
სოკოვანი მენინგიტი
სოკოვანი მენინგიტი შედარებით იშვიათია და იწვევს ქრონიკულ მენინგიტს. ზოგჯერ, სოკოვანი მენინგიტი წააგავს ბაქტერიულ, მწვავე მენინგიტსაც. სოკოვანი მენინგიტი არ გადაედება ადამიანიდან ადამიანს. კრიპტოკოკული მენინგიტი ხშირია დაქვეითებული იმუნური სისტემის მქონე ადამიანებში, როგორიცაა აივ/შიდსით ინფიცირებული პაციენტები. ეს მდგომარეობა სიცოცხლისათვის საშიშია, თუ არ მოხდა ანტისოკოვანი პრეპარატებით დროული მკურნალობა.
2012 წელს, დაფიქსირდა სოკოვანი მენინგიტის შემთხვევები, დაბინძურებული ინექციების გამო. სოკოვანი მენინგიტი მაშინ ასოცირებული იყო დაბინძურებულ მედიკამენტთან, რომელსაც პაციენტებს ზურგის ტვინში უკეთებდნენ, კისრის ან ზურგის ტკივილის სამკურნალოდ.
სხვა გამომწვევი მიზეზები
მენინგიტი შესაძლოა არაინფექციური მიზეზით იყოს გამოწვეული, როგორიცაა ქიმიური რეაქციები, მედიკამენტური ალერგია, კიბო, ანთებითი დაავადებები (მაგ. სარკოიდოზი).
სიმპტომები
მენინგიტის ადრეული ნიშნები და სიმპტომები წააგავს გრიპის სიმპტომებს. ეს ნიშნები ვითარდება რამდენიმე საათში ან რამდენიმე დღეში.
2 წელზე მეტი ასაკის პაციენტებში ვლინდება:
უეცარი, მაღალი სიცხე
ძლიერი თავის ტკივილი, რომელიც არ გავს სხვა ტკივილებს
კისრის გაშეშება
ღებინება ან გულისრევა, თავის ტკივილთან ერთად
დაბნეულობა ან კონცენტრაციის გართულება
გულყრა
ძილიანობა ან გაღვიძების გართულება
მგრძნობელობის მომატება სინათლეზე
უმადობა
ზოგჯერ, კანზე გამონაყარი (მენინგოკოკური მენინგიტი)
ნიშნები ახალშობილებში
ახალშობილებსა და ჩვილებს შესაძლოა არ ჰქონდეთ ჩამოთვლილი "კლასიკური" სიმპტომები. ამ დროს ხშირად ვლინდება:
მაღალი სიცხე
ხანგრძლივი ტირილი
ძილიანობა ან გაღიზიანებადობა
მოუქნელობა, მოთენთვა
მადის დაქვეითება
ახალშობილის თავზე, რბილი ქსოვილის ამობურცვა (ყიფლიბადი)
ბავშვის სხეულის ან კისრის გაშეშება
ახალშობილები, რომელთაც აქვთ მენინგიტი, გამუდმებით ტირიან და ზოგჯერ ხელში აყვანის მერე უფრო ძლიერად ტირიან.
როდის მივმართოთ ექიმს
მოითხოვეთ სასწრაფო სამედიცინო დახმარება, თუ ოჯახის რომელიმე წევრს აღენიშნება მენინგიტის ნიშნები და სიმპტომები:
ცხელება
ძლიერი თავის ტკივილი, რომელიც არ გავს სხვა ტკივილებს
დაბნეულობა
ღებინება ან გულისრევა, თავის ტკივილთან ერთად
კისრის გაშეშება
ვირუსული მენინგიტი შესაძლოა მკურნალობის გარეშეც გამოსწორდეს, მაგრამ ბაქტერიული მენინგიტი მძიმე დაავადებაა და შესაძლოა სწრაფად განვითარდეს. ანტიბიოტიკოთერაპია ეფექტურია. დაგვიანებული მკურნალობა კი ზრდის ტვინის მუდმივი დაზიანების რისკებს. ასევე, ბაქტერიული მენინგიტი შესაძლოა სასიკვდილო აღმოჩნდეს პაციენტისთვის, სულ რაღაც რამდენიმე დღეში.
ვერ გაარკვევთ, რომელი ტიპის მენინგიტი აქვს ბავშვს, სანამ არ მიიყვანთ ექიმთან და არ ჩატარდება თავზურგტვინის სითხის ანალიზი.
ასევე მნიშვნელოვანია, რომ მიიღოთ პრევენციული მედიკამენტები თუ ოჯახში ან სამუშაო ადგილას ვინმეს მენინგიტი აქვს.