გიორგი უძილაური სექსუალური შევიწროების თემაზე „ქალთა გაცნობის ინსტრუქციას“ აქვეყნებს:
„ქალის გაცნობის ინსტრუქცია კაცებისთვის
(2017 წლის რედაქციით)
ინტერესის ობიექტის შერჩევის შემდეგ დაურეკეთ ადვოკატს და მხოლოდ მისი თანხლებით მიუახლოვდით ქალს.
დაიცავით 1 მეტრიანი დისტანცია ქალთან კომუნიკაციისას, რათა არ დაირღვეს მისი პირადი ველი.
თუ ადვოკატიც კაცია, ორივემ დახარეთ თვალები. (დაახლოებით ისე, როგორც ცინის დინასტიის ჩინეთში ან შუა საუკუნეების იაპონიაში, სადაც ქალს არ უნდა შეეხედა კაცისთვის, რამეთუ არ ჩათვლოდა დაჟინებულ მზერაში)
უთხარით თქვენი ვინაობა და მასთან კონტაქტის სურვილის მოტივაცია.(მოტივაციის საბოლოო მიზნად სექსის დასახელებას კვალიფიციური ადვოკატი არ გირჩევთ და შემოგთავაზებთ “ოშმ”-ს ან სექსისგან სტერილურ “დობილ-ძმობილობის” ვარიანტს, ამ შემთხვევაში ინტერესის ობიექტი ვერ გიჩივლებთ გაუპატიურების მცდელობისთვის, თუმცა სიტყვაზე არ ენდოთ და უახლოეს სანოტარო ბიუროში გააფორმეთ გაცნობის ხელშეკრულება)
ამ ეტაპის გავლის შემდეგ სთხოვეთ ტელეფონის ნომერი და ეს თხოვნაც დაამოწმეთ ბეჭდით.
მესამე დღეს დაუკავშირდით, ზარს დაასწარით ადვოკატი და რაც მთავარია ჩაიწერეთ საუბარი. კავშირისას დათქვით შეხვედრის ადგილი, რესტორანი ან კაფე. არ დაპატიჟოთ სექსისტური დასახელების ან მასკულინური კერძებით გაჯერებულ დაწესებულებაში.
პაემანზეც რასაკვირველია, იახლეთ ადვოკატი. რესტორანში შესვლისას, შედით პირველი! არ მისცეთ უფლება, თქვენამდე შევიდეს, თორემ დაგადანაშაულებთ სექსისტურ დისკრიმინაციაში. მიასწარით მაგიდასთან დაჯდომა, რასაკვირველია არ დაეხმაროთ დაჯდომაში, ქურთუკის დაკიდებასა და სასმელის დასხმაში.
ყურადღება მიაქციეთ კერძების არჩევას. არ შეუკვეთოთ ქაბაბი, კიტრი, ეკლერი, ბანანი და ღვინო “ელიბო”.
მკაცრად გააკონტროლეთ სასაუბრო თემა. შემთხვევით არ გაგეპაროთ ისეთი ოხუნჯობა, რომელიც შეიძლება ჩაგეთვალოთ დისკრიმინაციაში, ამიტომ ჯობია სასაუბრო თემად აარჩიოთ ასტრონომია, ნანოტექნოლოგიები, ამინდი ან კერამიკის წვის თანამედროვე ტექნიკა. არ ისაუბროთ იარაღზე და ვაზნების კალიბრზე, ლულაში და კალიბრში ქალმა შეიძლება ასევე სექსუალური კონტექსტი დაინახოს.
ნუ გამოიჩენთ სადღეგრძელოს თქმის ინიციატივას. თამადობა მამრულ დომინაციად ჩაგეთვლებათ. თუ ქალმა დაიჟინა და შემოგთავაზათ სადღეგრძელოს თქმა, ნუ მოდუნდებით, შეიძლება ხაფანგი იყოს! ამიტომ თქვით კრეატიული და აქტუალური ფემინიზმის სადღეგრძელო.
აკონტროლეთ იუმორი! არ გაცდეთ “ტომი და ჯერის” და ჩაპლინის კომედიების გახსენებას. და აუცილებლად გაუსვით ხაზი იმას, რომ ჯერი მდედრობითი სქესის თაგვია და ახია მარობით ტომი-ზე, რაც მოხვდა! ამას გულიანი სიცილი მოაყოლეთ. თუ შეამჩნევთ რომ ქალს არ ეცინება, მოყევით ინგლისური ანეკდოტი ტემზაზე ან გერმანული, ჰანსზე და გრუბერზე.
პაემანის დასრულებისას მოითხოვეთ ცალცალკე ანგარიში.
არავითარ შემთხვევაში არ გააცილოთ, არ შეთავაზოთ საკუთარი მანქანით მიყვანა ან ტაქსის გაჩერება! რადგან ღირსეულ ფინალამდე მიხვედით, ნუღა გააფუჭებთ დაუვიწყარ რომანტიულ საღამოს. დამშვიდობებისას ერთმანეთთან გააფორმეთ პრეტენზიების არქონის აქტი და გამოთქვით მზადყოფნა, მომავალშიც მოაწყოთ მსგავსი დაუვიწყარი და ემოციურად დატვირთული საღამო.“