lilululu"გვამებით მოფენილი გზა საპატრიარქო ტახტისკენ!"
ეს ამერიკის 30-იანი წლების განქსტერული ქრონიკა არ გეგონოთ, სადაც ალფონსო კაპონემ ჩიკაგოს და ჩარლი ლუჩიანომ კი ნიუ-იორკის კრიმინალური სამყაროს ლიდერობა, კონკურენტების ფიზიკური განადგურების წყალობით ჩაიგდეს ხელში. ეს 70-იანი წლების საქართველოა, სადაც პატრიარქის ტახტისთვის ბრძოლა მიდიოდა, ყველანაირი მეთოდების გამოყენებით. აქ არ ერიდებოდნენ კონკურენტების დაშინებას, დაპატიმრებას, მოწამვლას და მკვლელობებსაც კი. ეს ყველაფერი კი, საბჭოთა რეჟიმისა და სუკის მონაწილეობით, მათი მეთვალყურეობითა და კონტროლით მიმდინარეობდა.
ზ. გამსახურდია და მ. კოსტავა 70-იან წლებში არალეგალურ გამოცემაში, "საქართველოს მოამბეში" წერდნენ: "ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლის ყველაზე უფრო ეფექტური საშუალება აღმოჩნდა ეკლესიის შიგნიდან გახრწნა, მის რიგებში შენიღბული აგენტების შეგზავნა, ამ პროცესს ზოგიერთნი „წითელი სამღვდელოების“ შექმნასაც უწოდებენ. „წითელი სამღვდელოების“ განსაკუთრებული აქტივობა საქართველოში იწყება პატრიარქ ეფრემ II-ის განმგებლობის წლებიდან, (1960-1972 წლები), რომელმაც თავისი კომპრომისული, ოპორტუნისტული ქმედებებით ხელი შეუწყო სახელმწიფოს, სულ უფრო და უფრო ჩარეულიყო საეკლესიო საქმეებში. „წითელი სამღვდელოების“ გააქტივებამ გამოიწვია არნახული მორალური გახრწნა, სასულიერო პირთა რიგებში. თვით პატრიარქი ეფრემ II ეწეოდა სიმონიას, ე.ი. საეკლესიო თანამდებობებით ვაჭრობას. ეს იყო ერთ-ერთი საფუძველი მისი „კადრების პოლიტიკისა“. მეორეს მხრივ ამ პოლიტიკას განაპირობებდა უშიშროების კომიტეტი და მინისტრთა საბჭოს რწმუნებული რელიგიის საქმეებში დ. შალუტაშვილი, რომელიც 1974 წელს მოხსნილ იქნა თანამდებობიდან მექრთამეობისათვის.............
რაც შეეხება დღევანდელ პატრიარქს, დავით V-ს, მას არ გააჩნია საშუალო განათლებაც კი, იგი არის ქვაბავაზაკი, სამღვდელო სამოსით შენიღბული. თუ რარიგ გაიკაფა მან გზა კათალიკოსის ტახტისკენ, ამაზე მოგვითხრობს პროკურორის თანაშემწის, დ. ქორიძის ცნობა და ერთ-ერთი მოწმის, თ. ჯვარშეიშვილის ჩვენება. უნდა აღინიშნოს აგრეთვე, რომ დღეს საქართველოს ეკლესიას მართავს არა იმდენად პატრიარქი დავით V, რომელიც ძალზე მოხუცი და ავადმყოფია, არამედ „მიტროპოლიტი გაიოზი“ (კერატიშვილი), ნამდვილი სისხლის სამართლის დამნაშავე, სამღვდელო სამოსით შენიღბული, „წითელი სამღვდელოების“ ყველაზე უფრო ტიპიური წარმომადგენელი საქართველოში........მიუხედავად საქართველოს სამღვდელოების არნახული მორალური გახრწნისა, მაინც დარჩა რამდენიმე სამღვდელო პირი, რომელნიც დაუპირისპირდნენ „წითელი სამღვდელოების“ მოქმედებას, როგორც ჭეშმარიტი და ერთგული ქრისტიანები.......ერთ-ერთი ასეთი მღვდელი, ვიქტორ შალამბერიძე 1974 წელს გახდა მსხვერპლი ავტოკატასტროფისა, რომელიც მას მოუწყეს. ამ არნახულმა დანაშაულებმა და გარყვნილებამ, რომელსაც ადგილი აქვს საქართველოს ეკლესიაში, მიიპყრო ფართო საზოგადოების ყურადღება და მრავალი პიროვნების თხოვნითა და განცხადებებით აღიძრა სისხლის სამართლის საქმე დამნაშავეთა წინააღმდეგ. თუმცა უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის, ალ. ინაურისა და სხვების აქტიური ჩარევით ეს საქმე შეჩერებულ იქნა. დამნაშავენი ჯერაც არ არიან დაპატიმრებულნი. ჩეკისტები ემუქრებიან მოწმეებს და ურჩევენ გაჩუმებას. 1974 წელს დააპატიმრეს ერთ-ერთი მთავარი მოწმე ვ. ფაილოძე და მიუსაჯეს წელიწად-ნახევარი „საბჭოთა წყობაზე ცილისწამებისათვის“, ხოლო 1975 წელს დააპატიმრეს ისტორიკოსი თ. ჯვარშეიშვილი."
როგორც მოწმეთა ჩვენებით ირკვევა, პატრიარქი ეფრემ II, პირად საუბრებში, თავის მემკვიდრედ მიიჩნევდა მიტროპოლიტ ილია შიოლაშვილს. როგორც ირკვევა, ანდერძიც დაუწერია მასზე, თუმცა მისი სიკდილის შემდეგ, ეპისკოპოსს გაიოზ კერატიშვილის, ეკლესიის საქმეთა რწმუნებულ დ. შალუტაშვილის და მომავალი პატრიარქის, დავით V-ის (მიტროპოლიტ დავით (ხარიტონ) დევდარიანის) თაოსნობით, ანდერძი გაყალბდა. ვიქტორ შალამბერიძის განცხადებით: "ეფრემ II-ის სიკვდილისთანავე, ბ. კერატიშვილი დაუკავშირდა წინდაწინვე გაფრთხილებულ და მოსყიდულ ქართველი ერის დაუძინებელ და შენიღბულ მტერს, რუსეთის პატრიარქის მიერ საგანგებოდ დარიგებულ აგენტ ზინობი მაჟუგას, რომელიც უმალ გაჩნდა საპატრიარქოში და ბ. კერატიშვილის, დავით დევდარიანისა და მათი დამქაშების: თვალჭრელიძის, ბახტაძის და ბაკურაძის ამ აგენტების დახმარებით „გახსნეს“ საანდერძო სეიფი და „ეფრემ-II-ის ანდერძის“ თანახმად თანამოსაყდრედ დავით დევდარიანი აღიარეს. დავით დევდარიანმა მადლიერების ნიშნად ამ „ოპერაციის“ მონაწილე ყველა დიდი თუ პატარა ბოროტმოქმედი გულუხვად დააჯილდოვა ძვირფასი ძღვენითა და უთვალავი ფულით. გაყალბებული ანდერძის თანახმად, თანამოსაყდრე გახდა დავით დევდარიანი. ამავე პერიოდში მოხდა საპატრიარქოს ქონების გაძარცვა და საგანძურის გატანა. ამ ჯგუფს თავის მხრივ მფარველობას უწევდა ცკ-ის I მდივნის, ვასილ მჟავანაძის ცოლი.
1977 წელს, უკვე შევარდნაძის მმართველობის დროს, პატრიარქი დავით V მოულოდნელად გარდაიცვალა. იყო მოსაზრება, რომ ყველანაირად დისკრეტირებული პატრიარქი სუკმა (საქ. უშიშროების კომიტეტი) მოიშორა და ისიც მოწამლესო. ეს სუკის ნაცადი მეთოდი იყო. ეხლა გაეცანით წერილს, რომელიც საერთო გაზეთში გამოქვეყნდა. საერთო გაზეთი: საეკლესიო წრეებთან დაახლოებულმა პირმა საქართველოს ყოფილი მინისტრთა საბჭოსთან არსებული რელიგური საბჭოს წევრის წერილი გადმოგვცა: " 1976 წლიდან ვმუშაობდი საქართველოს მინისტრთა საბჭოსთან არსებულ რელიგიურ საბჭოში. ჩვენი მოვალეობა იყო მთავრობასა და ეკლესიას შორის კავშირი დაგვემყარებინა. ჩვენი ნებართვის გარეშე ვერც ერთი ეპისკოპოსი ან მღვდელი ვერ იკურთხებოდა. ჩვენი საბჭო ყოფილი უშიშროების თანამშრომლებით იყო დაკომპლექტებული, აქედან გამომდინარე, თითოეული სასულიერო პირის ვინაობა დაწვრილებით ვიცოდით, ისიც კი ცნობილი იყო ჩვენთვის, პატრიარქს ვის სახელზე ჰქონდა ანდერძი დაწერილი, რომელიც ინახებოდა მისივე ხელით დალუქულ სეიფში.
1977 წელს, როცა პატრიარქი დავით V გარდაიცვალა, ვიცოდით, რომ პატრიარქს ანდერძი დაწერილი ჰქონდა ეპისკოპოსს ილარიონ სამხარაძეზე. ისიც ვიცოდით, პატრიარქობას მიტროპოლიტ გაიოზ კერატიშვილს ჰპირდებოდა. პატრიარქის გასაიდუმლოებულ ვითარებაში გარდაცვალების შემდეგ მის მიერ დალუქული სეიფი რომ გახსნეს, ანდერძში ილია II-ის გვარი იყო მოხსენიებული. საბჭოს წევრები გაოგნებული დავრჩით, გაგვიკვირდა, ვის შეიძლებოდა გაეხსნა დალუქული სეიფი და შეეცვალა ანდერძი.
ასე იყო თუ ისე, 1977 წელს 25 დეკემბერს ანდერძის საფუძველზე ილია II პატრიარქად აკურთხეს. ამის შემდეგ ეკლესიაში დაპირისპირება დაიწყო. მეუფე ილარიონი (სამხარაძე) სიმართლის დადგენას მოითხოვდა, ხოლო მიტროპოლიტი გაიოზი პატრიარქობისთვის იბრძოდა, რადგან ის იყო ქორეპისკოპოსი, ე.ი. პირველი პირი პატრიარქის შემდეგ ჯერ კიდევ ეფრემ II-ის დროს. დავით V-ის გარდაცვალების მერე კერატიშვილი ხატების ქურდობის ბრალდებით ციხეში გაუშვეს, ხოლო ილარიონ სამხარაძე გაურკვეველ ვითარებაში მოწამლეს. მინდა შევეხო ერთ ძალიან მტკივნეულ საკითხს. 1982 წლიდან საქართველოს საპატრიარქოში კვლავ დაიძაბა მდგომარეობა. ხუთი ეპისკოპოსის მოთხოვნით თბილისში გავრცელდა პროკლამაციები, რომელსაც არიგებდნენ ფაბრიკა-ქარხნებში. ისინი მოითხოვდნენ მამათმავალი ეპისკოპოსების განკვეთას. მთავრობამ დაგვავალა შეგვეცვალა პატრიარქი ილია II იმ მოტივით, რომ ეკლესიაში მომრავლდნენ მამათმავლები. კანდიდატურაც კი იყო წარმოდგენილი, ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი დავით ჭკადუა, რომელსაც რამდენიმე დღეში უნდა დაეკავებინა პატრიარქის სავარძელი, მაგრამ საქმეში ჩაერია შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალი თანამდებობის პირი ვარლამ შადური (როგორც ცნობილია, ილია II-ის ნათესავი) და მისი კატეგორიული მოთხოვნით ილია II პატრიარქად დარჩა. მეუფე დავით ჭკადუა კი რამდენიმე წლის შემდეგ გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა.”
როგორც ცნობილია პატრიაქი დავით V, პატრიარქობას მიტროპოლიტ გაიოზ კერატიშვილს ჰპირდებოდა, მარტო საერთო გაზეთში მოყვანილი წერილით, ძნელია იმის თქმა, თავდაპირველად სინამდვილეში ვისზე ჰქონდა დაწერილი პატრიარქს ანდერძი და ამჯერადაც გააყალბეს თუ არა ეს ანდერძი. ისიც ცნობილია, რომ დავით V-ის მოღვაწეობის ბოლოს საქართველოს ეკლესიას ფაქტიურად მიტროპოლიტი გაიოზ კერატიშვილი მართავდა. როგორც ცნობილია, დავით V-ის გარდაცვალების შემდგომ, უფრო მნიშვნელოვანი ფაქტები იმაშია, რომ მიტროპოლიტი გაიოზ კერატიშვილიც, იმჟამად ეპისკოპოსი ილარიონ სამხარაძეც, მიტროპოლიტი რომანოზ პეტრიაშვილიც, მიტროპოლიტი ილია შიოლაშვილიც რომელნიც ცხადია სუკთან იყვნენ დაკავშირებულნი, თავიდანვე მათ ოთხივეს ჰქონდათ პრეტენზია კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრეობაზე. აქ იმაზე მიდიოდა ბრძოლა ვისი კანდიდატურა გაიმარჯვებდა. ვის უფრო დიდი ლობისტი და პატრონი ეყოლებოდა თბილისში და მოსკოვში. დავით V-ის სიცოცხლეშივე, შსს მაღალჩინოსანის, ვარლამ შადურის დიდი მონდომებით და შევარდნაძის უშუალო სურვილით, საქართველოს მომავალ პატრიარქად, კომუნისტური რეჟიმი ილია შიოლაშვილს განიხილავდა. ეს საკითხი დიდი ხნით ადრე, კრემლთანაც იყო შეთანხმებული. როცა გაიოზ კერატიშვილი და ილარიონ სამხარაძე მალევე მიხვდნენ, რომ არც სუკი და არც შევარდნაძე მათ მხარს არ დაუჭერდა, ისინი უხუცესი მიტროპოლიტის რომანოზ პეტრიაშვილის მხარეს დადგნენ და უკვე აქტიურად დაიწყეს მისი კანდიდატურის მხარდაჭერა კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრედ არჩევისათვის. ილარიონ სამხარაძე ბოლომდე ურყევად იდგა ამ პოზიციაზე, არც რომანოზ პეტრიაშვილს მოუხსნია თავისი კანდიდატურა და დაჟინებით ითხოვდა აერჩიათ კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრედ, როგორც უხუცესი (90 წლის) და უპირატესი მღვდელმთავარი. სინოდის წევრთა უმრავლესობამ, კომუნისტური რეჟიმის უშუალო მითითებით, მოსაყდრედ აირჩია ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია (შიოლაშვილი). კერატიშვილმა და სამხარაძემ კი სინოდის სხდომაზე, რომანოზ პეტრიაშვილის კანდიდატურას დაუჭირეს მხარი. ამის მერე 1977 წლის 20 დეკემბრისათვის პროკურატურამ და სუკმა, უკვე გაიოზ კერატიშვილის მიმართ დაიწყეს საგამოძიებო მოქმედებები, რაც კერატიშვილსაც აცნობეს. ამის გამო უკვე 1977 წლის 23 დეკემბერს, სიონში გამართულ XII საეკლესიო კრებაზე, მან უკვე ხმა მისცა ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილიას კათოლიკოს-პატრიარქად არჩევას. იმავე დღესვე მიტროპოლიტმა რომანოზ პეტრიაშვილმა, მოსკოვში საბჭოთა კავშირის კომპარტიის გენერალური მდივნის, ლეონიდ ბრეჟნევის სახელზე, ასეთი შინაარსის დეპეშა გაგზავნა: "ძვირფასო ლეონიდ ილიას ძევ! საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის დავით V-ის გარდაცვალების შემდეგ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრედ გამოცხადდა მიტროპოლიტი ილია (შიოლაშვილი). იგი ჯერ კიდევ 1972 წლიდან ქართველი დისიდენტების მხარდამჭერი და წამქეზებელია. მოვითხოვ, მოიხსნას მისი კანდიდატურა." მანამდე სხვადასხვა ინსტანციებში, აგრეთვე ასევე საჩივრებს წერდა ილარიონ სამხარაძეც. ყოველივე ამის შემდგომ, 1978 წლის 25 მაისს უშიშროებისა და შინაგან საქმეთა ორგანოების მიერ, მიტროპოლიტი გაიოზი დაპატიმრებულ იქნა, საეკლესიო ქონებისა და ხატების ქურდობის ბრალდებით, იგი ციხეში ჩასვეს. მას 1979 წლის სინოდის განჩინებით ჩამოერთვა მღვდელმთავრის ხარისხი. კარგი დღე არც 90 წლის უხუცესს რომანოზ პეტრიაშვილს დაადგა. იგი პენსიაზე გაუშვეს. გარდაიცვალა 1979 წელს. ყველაზე სასტიკად, ყველაზე ურჩი ილარიონ სამხარაძე დასაჯეს. 1978 წლის 27 ივლისს წმინდა სინოდმა ასეთი დადგენილება გამოიტანა: "ფსიქიკური ავადმყოფობის გამო ეპისკოპოსი ილარიონი მღვდელმთავრის ხარისხის შენარჩუნებით განთავისუფლებულ იქნას ბოდბის ეპარქიის მმართველობიდან და გამოყვანილ იქნას წმიდა სინოდის შემადგენლობიდან... წმიდა სინოდი თვლის, რომ მისთვის აუცილებელია მკურნალობა". იგი ფსიქიატრიულში გაუშვეს. სადაც იძულებით მკურნალობდნენ. მეუფე ილარიონი მოწამლეს კიდეც და სიკვდილს ძლივს გადაურჩა. მოწამლვის გამო მან სრულად დაკარგა მეტყველების უნარი. კარგა ხნის განმავლობაში იგი საავადმყოფოში მკურნალობდა, მერე დაბრუნდა მამაპაპისეულ ეზოში. მას შემდეგ კაცთაგან გარიყული ცხოვრობს 74 წლის მთავარეპისკოპოსი. სრულ მდუმარებასა და უკიდურეს გაჭირვებაში უსახლკაროდ, უსახსროდ. მეუფე ილარიონი ამჟამად სრულ მდუმარებაშია კასპის რაიონის სოფელ ფავნისში.
ერთ-დროს პატრიარქობის ოთხივე კანდიდატიდან, სასულიერო განათლება თავიდანვე მხოლოდ ილია შიოლაშვილს ჰქონდა მიღებული ზაგორსკის სასულიერო სემინარიაში, სადაც ყველაფერი საბჭოთა კგბ-ს კონტროლით მიმდინარეობდა. რექტორიც კი კგბ-ს კადრი იყო, რომელიც სტალინს ეთაყვანებოდა. პატრიარქის თქმით სტალინის გარდაცვალებისას, ყველანი ცხარე ცრემლებით ვტიროდითო. რომანოზ პეტრიაშვილი პირველი მსოფლიო ომის მონაწილე იყო, 1924-1944 წლებში მუშაობდა კოოპერაციულ განყოფილებაში. 1949 წელს უეცრად სამღვდელო პირად გახდომა გადაწყვიტა. იმავე წლის 6 მარტს უწმიდესმა კალისტრატემ აკურთხა დიაკვნად, 13 მარტს - მღვდლად. დაინიშნა სიონის საპატრიარქო ტაძარში, ასევე დაევალა საპატრიარქოს კანცელარიის მდივნის თანაშემწეობა. 1965 წელს ეპისკოპოსად აკურთხეს. 1972 წელს მიტროპოლიტად. აი გაიოზის და ილარიონის ბიოგრაფიები უფრო შთამბეჭდავია, რამოდენიმე წელიწადში უმაღლესი სასულიერო პირები გახდნენ. ილარიონ სამხარაძე 1957-1959 წლებში მუშაობდა "თბილმშენში". 1959-1964 წლებში მუშაობდა "თბილწყალსადენში". 1964-1968 წლებში იყო სკკპ წევრი. 1964-1968 წლებში მუშაობდა გეოლოგიურ პარტიაში. უკვე1969 წელს უეცრად სასულიერო პირი გახდა. 1975 წელს სულ ხუთ წელიწადში უკვე ეპისკოპოსად აკურთხეს. კომუნისტური პარტიის წევრობიდან ხუთ წელიწადში ილარიონი ეპისკოპოსი გახდა, ეს შემთხვევა საინტერესო ფენომენია. მიტროპოლიტი გაიოზ კერატიშვილი დაიბადა 1945 წლის 24 თებერვალს. 1969 წელს ჩაირიცხა მცხეთის სასულიერო სემინარიაში, 1971 წლის 14 დეკემბერს ეფრემ II-მ ბიძინა კერატიშვილი აღკვეცა ბერად და უწოდა სახელად გაიოზი. აი რეკორდიც ამას ქვია, სულ 2 წელიწადში, 1972 წლის 26 მარტს წმინდა სინოდმა, რომელსაც ესწრებოდნენ: პატრიარქი ეფრემ II, ურბნელი მიტროპოლიტი დავითი (დევდარიანი), თეთრწყაროელი მიტროპოლიტი ზინობი (მაჟუგა), ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია (შიოლაშვილი), ბათუმ-შემოქმ. და ჭყონდ. ეპისკოპოსი რომანოზი (პეტრიაშვილი), გაიოზ კერატიშვილი წილკნელ ეპისკოპოსად აკურთხეს, იმავე დღეს წილკნელი ეპისკოპოსი გაიოზი დაინიშნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსად. 1977 წლის 4 ივნისს, მამადავითობის დღესასწაულზე, უწმიდესმა და უნეტარესმა დავით V-მ ეპისკოპოსი გაიოზი მიტროპოლიტის ხარისხში აიყვანა. მართლაც თავბუ-დამხვევია ამ ადამიანის "კარიერა".
რამდენიმე წლის შემდეგ ზვიად გამსახურდია სინანულით აღნიშნავდა, გვეგონა ქვაბავაზაკ პატრიარქ დავით დევდარიანის გარდაცვალების შემდეგ, უკეთესად წავიდოდა საქართველოს ეკლესიის საქმეო, მაგრამ ილია შიოლაშვილის მოსვლის შემდეგო, იმატა საქართველოს ეკლესიებში კგბ-ს აგენტი და ჰომოსექსუალისტი სამღვდელო პირების რიცხვმაო. ეს კგბ-ს შეგნებული პოლიტიკა იყო, რათა ადვილად ემართათ ამ სექსუალური დაავადების მქონე სასულიერო პირები. ამიტომაც უწყობდნენ ხელს მათ იერარქიულ დაწინაურებას. ამასთან დაკავშირებით, 1982 წლის 10 დეკემბერს იყო, ხუთი ეპისკოპოსის წერილი პატრიარქ ილია II-ის, სახელზე. შემდეგ ასევე რამოდენიმეჯერ მიმართეს მას. იხილეთ, მოკლე ამონარიდი, ერთ-ერთი წერილიდან, აი რას წერდნენ 1984 წელს, სანამ ცოცხლები იყვნენ ბათუმ-შემოქმედელი მიტროპოლიტი შიო (ავალიშვილი) და ნიკორწმინდელი ეპისკოპოსი ამბროსი (ქათამაძე) კათალიკოს-პატრიარქს ილია II-ს: " მოხდა დიდად სამწუხარო და სამარცხვინო ამბავი: მამათმავლები მომრავლდნენ ჩვენს ეკლესიაში და არათუ მარტო მომრავლდნენ. მათ დაიმსახურეს გაბატონებული მდგომარეობა და თქვენი აშკარა მფარველობის ქვეშ ეწეოდნენ თავიანთ სოდომურ ცოდვას. სამღვდელონიც და საერონიც აღშფოთებულნი იყვნენ ამ მოვლენით, მაგრამ საერონი ერთმანეთში მითქმა-მოთქმით იქარვებდნენ აღშფოთებას, ხოლო სამღვდელონი, თქვენი მუშაობის მეთოდებით დაშინებულნი, ხმის ამოღებას ვერ ბედავდნენ......მიტროპოლიტი ნიკოლოზ მახარაძე მამათმავლობისათვის ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიიდან გამოაძევეს. თქვენ კი ქუთაისის ეპარქიაში გადმოიყვანეთ იგი..... ავწონ-დავწონეთ შექმნილი ვითარება ხუთმა მღვდელმთავარმა. დავწერეთ თხოვნა თქვენს სახელზე და მოგართვით 1982 წლის 10 დეკემბერს........გაინაღდეს რა თქვენი თავგამოდებული მფარველობა, მამათმავლები განაგრძობდნენ თავიანთ აღვირახსნილობას და აჩანაგებდნენ ეპარქიებს. მიტროპოლიტი ნიკოლოზ მახარაძე არ ერიდება ხულიგნობას და ნარკოტიკების სპეკულანტებთან კავშირსაც კი, ამას წინად მას მასწავლებელი ქალის გალანძღვისათვის ხელწერილი დაადებინეს ქუთაისის მილიციაში, ხოლო მასთან გარყვნილებით კავშირში მყოფ ვინმე `მაიზერას~ დიდძალი ოპიუმი აღმოუჩინეს და პატიმრობაში იმყოფება. ასეთი ამბების ფონზე არაფრით არ ქრება საქართველოს ეკლესიის კარიბჭიდან წარწერა: ვაი, რა განსაცდელშია საქართველოს ეკლესია და რა მოელის მას?! "
ამის შემდგომ აგრეთვე იყო, საკმაოდ გახმაურებული სექსუალური სკანდალი, რაშიც მცხეთის სასულიერო სემინარიის რექტორი, ეპისკოპოსი ზოსიმე შიოშვილი იყო გახვეული, რომელიც ამის გამო შემდგომ თანამდებობიდან თავად გადადგა. მიუხედავად ამისა მას, რამდენიმე წლის შემდეგ 2009 წლის 26 სექტემბერს, პატრიარქ ილია II-საგან მიებოძა მიტროპოლიტობა.
იგივე ბრალდებებით და მამხილებელი წერილებით, გამოდიოდა ეპისკოპოსი ქრისტეფორე წამალაიძე. ეროვნული ხელისუფლების დამხობის შემდეგ კი, შევარდნაძის პირსისხლიან უკანონო რეჟიმთან ჩახუტებულმა საპატრიარქომ და სინოდმა, კანონიერი ხელისუფლების მხარდაჭერის გამო, მიზანში ამოიღეს ბოლოს, რუის-ურბნისის ეპარქიის ეპისკოპოსი ქრისტეფორე წამალაიძე. პირადმა მტრებმა ახალი რეჟიმიდან და სასულიერო ელიტიდან, ეპისკოპოსს ქრისტეფორესთან დაქირავებული მკვლელი მიაგზავნეს რუის-ურბნისის ეპარქიაში. იმ ღამეს მოსახლეობის მამაცობისა და მხარდაჭერის წყალობით ეპისკოპოსი სიკვდილს ძლივს გადაურჩა. რადგანაც შევარდნაძის რეჟიმისა და სისხლიანი ხუნტისადმი, აბსოლიტურად მორჩილი სამღვდელოების მხრიდან, ახალი პროვოკაცია იყო მოსალოდნელი, ეპისკოპოსმა დროებით დატოვა საქართველო. სწორედ ამ მიზეზის გამო, საბაბი მოუძებნეს ხუნტის მხარდამჭერმა სამღვდელოებამ და სინოდის სხდომებზე ჯერ გააფრთხილეს, შემდეგ საერთოდ აუკრძალეს მღვდელმოქმედების უფლება. ამჟამად იგი კვლავ საქართველოში ცხოვრობს.
იგივე სიტუაციაში ჩააყენეს სინოდის წევრი მთავარეპისკოპოსი ამბროსი ქათამაძე, რომელიც აგრეთვე იყო ეროვნული მოძრაობის მიერ, გამართული აქციების აქტიური მონაწილე და მომავალში აგრეთვე გამსახურდიას ხელისუფლების მხარდამჭერი. პუტჩისტებთან დაპირისპირების გამო იგი იძულებული შეიქმნა დაეტოვებინა საქართველო 1992 წელს. სწორედ ამბროსი ქათამაძემ, 1994 წლის თებერვალში გროზნოში, მღვდელ კონსტანტინე კოღუაშვილთან ერთად, წესი აუგო საქართველოს პირველ პრეზიდენტს. შევარდნაძის რეჟიმისა და ხუნტის მოკავშირე სასულიერო ელიტამ 1992 წლის 12 მაისს წმიდა სინოდის გადაწყვეტილებით მთავარეპისკოპოსი ამბროსი განთავისუფლდა ეპარქიის მმართველობიდან, წმიდა სინოდის წევრობიდან და აეკრძალა მღვდელმოქმედება. ოფიციალური მიზეზი აქაც იგივე იყო, მასაც ეპარქიის მიტოვება მიუყენეს ბრალად. რამდენიმე წლის წინ საქართველოში დაბრუნდა მთავარეპისკოპოსი ამბროსი ქათამაძე, რომელიც დაემუქრა სასულიერო ელიტას მათი წარსულის მხილებით, მაგრამ ამ მის სიტყვებს თურმე აღსრულება არ ეწერა, რადგანაც ამის შემდეგ ცოტა ხანში ყველასათვის მოულოდნელად გარდაიცვალა.
1993 წლის, 15 ივნისს, ზ. გამსახურდია წერდა, იხ. გაზეთი "შანსი", # 19, 16 სექტემბერი, 2001 წელი. სათაური: "სუკ-ი წინ იხედებოდა, როდესაც ცრუ სამღვდელოებას ქმნიდა." - "... როდესაც მტერი ჩვენს მოსპობას ცდილობს, თავში ან გულში გვიმიზნებს ტყვიას. სამოცდაათი წლის მანძილზე ანტიქრისტეს ხელისუფლება სწორედ ჩვენი თავისა და გულის განადგურებას ცდილობდა და არცთუ უშედეგოდ. ინტელიგენციის ნაწილი გადააგვარეს, სამღვდელოება კი თითქმის მთლიანად მოსპეს და შექმნეს ცრუ წითელი სამღვდელოება, რამაც თავი იჩინა ყველაზე მეტად პუტჩის ავბედით დღეებში. ნაცვლად იმისა, რომ იერარქები ჯვრით ხელში ჩამდგარიყვნენ სამკვდრო-სასიცოცხლოდ ურთიერთდაპირისპირებულ მოძმეთა შორის, ისინი ანტიქრისტეს მხედრობას ამოუდგნენ მხარში - ეკლესიები იარაღის საწყობებად მისცეს, ქაშუეთის ტაძარი ბლინდაჟად აქციეს, საიდანაც ჭურვებსა და ტყვიას უშენდნენ კანონიერ ხელისუფლებას; წმინდა პანტელეიმონის ტაძარში სნაიპერები ჩასვეს და ნაღმტყორცნები ჩადგეს, რომელნიც "კოლხურ კოშკს" უშენდნენ. ზოგიერთი სამღვდელო პირი ავტომატით ხელში იბრძოდა პუტჩისტებთან ერთად. რამდენიმე პატიოსანი სამღვდელო პირი კი, რომელმაც არ უღალატა კანონიერ ხელისუფლებას და ლოცვითა და ქადაგებით ამხნევებდა უზენაესი საბჭოს შენობაში გამომწყვდეულ მის წარმომადგენლებს, პუტჩისტმა პატრიარქმა განკვეთა და გააძევა საქართველოდანაც კი. ასე რომ, სუკ-ი წინ იხედებოდა, როდესაც ცრუ სამღვდელოებას ქმნიდა. წითელი სამღვდელოება სუკ-ის ყველაზე საშინელი დამკვრელი ძალაა.
გვამებით მოფენილი გზა საპატრიარქო ტახტისკენ!