საინტერესოა რამდენი მათგანი აღმოჩნდება სიტყვის კაცი
https://www.interpressnews.ge/ka/article/62...obashi-chaertonეუთოს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენლები - საქართველოში პილიტიკური აქტორები ჩიხიდან უნდა გამოვიდნენ და ახალი პარლამენტის მუშაობაში ჩაერთონ
საქართველოში ოპოზიციის მხრიდან ხელახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების მოთხოვნებისა და სამხრეთ კავკასიის ამ ქვეყანაში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს ვიზიტის ფონზე, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პოლიტიკური საკითხებისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარემ და ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიის ლიდერებმა კიდევ ერთხელ გაიმეორეს, რომ ამომრჩეველთა ნების დასაცავად საჭიროა პოლიტიკური ჩიხის გადალახვა, – ამის შესახებ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში აღნიშნული.
„კოვიდ-19-ის პანდემიის შედეგად შექმნილი სერიოზული გამოწვევების მიუხედავად, 31 ოქტომბერს საქართველოს ორ მილიონამდე მოქალაქე მივიდა საარჩევნო უბნებზე. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ამომრჩეველთა ყველაზე მაღალი აქტივობა მოწმობდა ამ არჩევნების მნიშვნელობას და ყველა ქართველის ძლიერ დემოკრატიულ ვალდებულებას“, – განაცხადა ეუთო-ს მოკლევადიანი სადამკვირვებლო მისიის სპეციალურმა კოორდინატორმა, ელონა ჯებრეა ჰოჯამ.
ჰოჯამ საჩივრების განხილვის ინკლუზიური პროცესის მნიშვნელობაზეც ისაუბრა.
„ასეთი პროცესი მნიშვნელოვანია ბოლო წლებში განვითარებული საარჩევნო პროცესებისადმი ქართველი ამომრჩევლების ნდობის შესანარჩუნებლად. ახლა, როდესაც ეს პროცესი დასრულებულია, ყველა არჩეულმა პოლიტიკურმა პარტიამ უნდა მიიღოს თავისი მანდატი, შევიდეს პარლამენტში და გააგრძელოს მუშაობა ინსტიტუტების ფარგლებში“, – განაცხადა ჰოჯამ.
საკითხს ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის სადამკვირვებლო დელეგაციის ხელმძღვანელი, ფინელი პარლამენტარი პია კაუმაც ეხმიანება და აცხადებს, რომ 31 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნების დროს ზოგადი ფუნდამენტური თავისუფლებები დაცული იყო.
„დამკვირვებლებმა დაადგინეს, რომ საქართველომ საერთაშორისო პარტნიორების შუამავლობით ჩატარებული ხანგრძლივი კონსულტაციების შემდეგ საკუთარი დემოკრატიის განვითარებისთვის კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის, საპარლამენტო მმართველობის მოდელის გაუმჯობესებისა და ახალ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის დაწყების მიზნით მნიშვნელოვანი დემოკრატიული რეფორმები განახორციელა “, – განაცხადა პია კაუმამ.
მან დაინტერესებულ მხარეებს მოუწოდა, გადალახონ პოლარიზაცია და ერთად იმუშაონ სტაბილური პოლიტიკური გარემოს შესაქმნელად.
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პოლიტიკური საკითხებისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე, ამერიკელი კონგრესმენი რიჩარდ ჰადსონი კი მიიჩნევს, რომ არსებული პოლიტიკური ჩიხის დაძლევა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საქართველოსთვის.
„მხარეებმა, რომლებიც პოლიტიკურ ჩიხში აღმოჩნდნენ, უნდა იპოვონ გამოსავალი. მართალია, ამ ამოცანის სირთულე აშკარაა, თუმცა პოზიტიური შედეგი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საქართველოს დემოკრატიული მომავლისთვის“, – განაცხადა კონგრესმენმა ჰადსონმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს შეუძლია, კვლავ ჰქონდეს თავისი პარტნიორების მხარდაჭერის იმედი, მათ შორის მათი, ვინც ადგილზე შესანიშნავ სამუშაოს ასრულებს შეთანხმების მიღწევაში, მიუხედავად იმისა, რომ საბოლოოდ შექმნილი ვითარების მოგვარება, პოლიტიკური კრიზისის განმუხტვა და საარჩევნო პროცესისადმი ნდობის აღდგენა თავად ქართველებზეა დამოკიდებული.