ვლადიმერ პუტინი ერდოღანთან საუბარში ომის შეწყვეტის პირობას ასახელებს
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა თურქ კოლეგასთან რუსეთ-უკრაინის კონფლიქტთან დაკავშირებით სატელეფონო საუბარი გამართა. ინფორმაციას kremlin.ru ავრცელებს.
როგორც კრემლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, პუტინმა ერდოღანს „დონბასის დასაცავად „სპეციალური ოპერაციის“ მიმდინარეობა გააცნო.
კრემლში იუწყებიან, რომ ამ კონტექსტში პუტინმა ერდოღანს ძირითადი მიდგომები და დასახული მიზნები გააცნო.
ვლადიმერ პუტინმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინაში „სპეცოპერაცია“ გეგმის და განრიგის მიხედვით მიმდინარეობს.
„უკრაინის ხელისუფლებასთან დიალოგისთვის რუსული მხარის მზადყოფნა დადასტურდა უცხოელი პარტნიორების ჩართულობით. ამავდროულად, ყურადღება გამახვილდა მოლაპარაკების პროცესის გაჭიანურების უშედეგო მცდელობაზე. ხაზგასმით აღინიშნა, რომ „სპეცოპერაციის“ შეჩერება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კიევი შეწყვეტს საომარ მოქმედებებს და შეასრულებს რუსეთის მოთხოვნებს.
გამოითქვა იმედი, რომ დაგეგმილი მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდის დროს უკრაინის წარმომადგენლები გამოიჩენენ უფრო კონსტრუქციულ მიდგომას, რომელიც სრულად ითვალისწინებს ახალ რეალობას“, - აღნიშნულია კრემლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, რუსეთი უკრაინაში მიმდინარე წლის 24 თებერვალს შეიჭრა. დაახლოებით 06:00 საათზე მოსკოვის დროით (UTC+3) რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა „სამხედრო ოპერაცია“ გამოაცხადა, რამდენიმე წუთის შემდეგ, სარაკეტო დარტყმები დაიწყო ქვეყნის მასშტაბით, მათ შორის დედაქალაქ კიევთან ახლოს. უკრაინის სასაზღვრო სამსახურმა განაცხადა, რომ მის საზღვრებს რუსეთთან და ბელარუსთან თავს დაესხნენ.