ევროპული სახელმწიფოები უკრაინულ ფრონტზე ცეცხლის შეწყვეტის შემთხვევაში მრავალათასიანი სამხედრო კონტინგენტის გაგზავნას განიხილავს.
განხილვები განსაკუთრებით გააქტიურდა მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპმა ემანუელ მაკრონთან გამართულ შეხვედრაზე პრაქტიკულად გამორიცხა უკრაინაში ამერიკული ჯარების გაგზავნა.
ინფორმაციას ამის შესახებ დიპლომატიური წყაროებზე დაყრდნობით Reuters ავრცელებს.
მასალაში ნათქვამია, რომ იდეის მთავარი ინიციატორი საფრანგეთის პრეზიდენტია და რომ განხილვები ჯერჯერობით საწყის ეტაპზეა და უკვე გამოიკვეთა განსხვავებული მიდგომები. ევროპელ მოკავშირეებს ჯერჯერობით არ აქვთ კონსენსუსი ამგვარი სამხედრო მისიის მანდატსა და დანიშნულებაზე, ზოგი მათგანი კი ამგვარი ინიციატივის ამ ეტაპზე საჯაროდ განხილვის მიზანშეწონილობაშიც არ არის დარწმუნებული.
ავტორის თქმით, ევროპელ ლიდერებს არ სურთ ვლადიმირ პუტინმა დაინახოს მათი სისუსტე და ამგვარად ფოკუსირებულები არიან უკრაინის ეკონომიკური და სამხედრო დახმარების გაგრძელებაზე.
მიუხედავად ამისა, კულისებს მიღმა ევროპელი ლიდერები განიხილავენ თუ როგორი შეიძლება გამოიყურებოს უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ, მათ შორის განიხილება დიდი საერთო სამხედრო კონტინგენტის გაგზავნის იდეაც.
სავარაუდოა, რომ ამგვარი მისიის ორგანიზება არ იქნება მარტივი ევროპული სახელმწიფოებისთვის, იმის გათვალისწინებით, რომ ევროპული სამხედრო-ინდუსტრიული კომპლექსი ჯერ კიდევ არ ამუშავებულა მთელი ძალით.
ევროპული არმიები მსგავსი დიდი სამხედრო მისიების ორგანიზების ნაწილში როგორც წესი ამერიკის შეერთებულ შტატებს ეყრდნობიან, თუმცა 7 დეკემბერს პარიზში გამართულ სამმხრივ შეხვედრაზე არჩეულმა პრეზიდენტმა ტრამპმა გამორიცხა ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ უკრაინაში ამერიკული კონტინგენტის გაგზავნის შესაძლებლობა.
"ეს ნიშნავს, რომ უკრაინაში ევროპელებს გაგზავნიან, ან ნატოში გაწევრიანების ფარგლებში რისი იმედიც კიევს აქვს, ან ორმხრივი შეთანხმებებით"- ნათქვამია მასალაში.
საინფორმაციო სააგენტოს ერთ-ერთი წყარო ამბობს, რომ ევროპული არმიების სარდლები უკვე ამზადებენ შესაბამის სამხედრო გეგმებს თავიანთი ლიდერებისთვის.
მოსალოდნელია, რომ ამგვარი სამხედრო კონტინგენტის დიდი ნაწილი საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთის, გერმანიის, იტალიისა და პოლონეთის მიერ იქნება ფორმირებული.
მაკრონის ინიციატივას ევროპელ მოკავშირეების არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა. გასულ კვირას პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა მაკრონთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ პოლონეთს არ აქვს მსგავსი გეგმები.
მალევე გავრცელდა გერმანიის თავდაცვის მინისტრის, ბორის პისტორიუსის კომენტარიც, რომელმაც არ გამორიცხა მომავალში უკრაინაში გერმანული ჯარების გაგზავნა, თუმცა დასძინა, რომ ამაზე საუბარი ჯერჯერობით ნაადრევია.
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმი ზელენსკი ამბობდა, რომ საკითხი შესაძლოა ნატოს ბრიუსელში გამართულ შეხვედრაზე განხილულიყო. აღნიშნული შეხვედრის დასრულების შემდეგ ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა, მარკ რიუტემ კოლეგებს ამ საკითხის საჯარო განხილვისას თავშეკავებისკენ მოუწოდა - "თუ კი ჩვენ ამ ყველაფერს საჯაროდ განვიხილავთ, რატომ დაჯდება პუტინი მოლაპარაკების მაგიდასთან."
ანალიტიკოსების ცნობით, ჯერჯერობით გაურკვეველია თუ რა იქნება ასეთი მისიის დანიშნულება: ეს იქნება სამშვიდობო კონტიგენტი, რომელიც ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის მონიტორინგით იქნება დაკავებული, თუ ეს იქნება ეფექტური შემაკავებელი ძალა რუსეთის შესაძლო აგრესიის წინაშე.
Reuters-ის წყაროების ცნობით, იტალიელები უფრო მეტად სამშვიდობო კონტინგენტზე საუბრობენ, ხოლო ფრანგები და უკრაინელები ეფექტური შემაკავებელი ძალის აუცილებლობაზე.
საინფორმაციო სააგენტოს უკრაინული წყაროს თქმით, მისიაში შესაძლოა 8 ევროპული სახელმწიფო ჩაერთოს. ანალიტიკოსები და ოფიციალური პირები სამხედრო კონტინგენტის ზომის შესახებ განსხვავებულ შეფასებებს ავრცელებენ, ეს დამოკიდებული იქნება მისიის შინაარსზე, თუმცა უმეტესობა მიიჩნევს 40-ათასიანი კონტინგენტი გაგზავნა უკრაინაში რეალურია.
ჯამურად ასეთი ზომის ოპერაციაში როტაციის, მომარაგებისა და სხვა მხარდამჭერი დანაყოფების გათვალისწინებით 100 ათასამდე ჯარისკაცი მიიღებს მონაწილეობას.
სტრატეგიული კვლევების საერთაშორისო ინსტიტუტის მკვლევარი, ფრანც სტეფან გადი ამბობს, რომ ამ მოცულობის კონტინგენტის ორგანიზება ევროპის სახმელეთო არმიებისთვის მარტივი არ იქნება და საჭირო იქნება სხვა სამშვიდობო მისიების შემცირება, მაგალითად ბალკანეთში.
გარდა ამისა ჯერჯერობით უცნობია, თუ როგორი იქნება ამგვარი კონტინგენტის შემადგენლობა და მანდატი, რომელიც კონფლიქტის ორივე მხარისთვის მისაღები უნდა იყოს.
წყაროს ცნობით, იტალიური მხარე ითხოვს, რომ მისია გაეროს ფორმატში ჩამოყალიბდეს, თუმცა ევროპელი ქვეყნების უმრავლესობა წინააღმდეგები არიან, რადგანაც მიიჩნევენ, რომ უსაფრთხოების საბჭოს მუდმივ წევრი, რუსეთი ყველაფერს გააკეთებს პროცესის ობსტრუქციისთვის.
https://realpolitika.ge/ge/akhali-ambebi/ev...jO2WpxaP84wCZmw