დეპუტატმა დენ კრენშოუმ, ტეხასის შტატიდან, თქვა, რომ ევროპელები, რომლებიც წუხან, რომ უკრაინის კონფლიქტის მოლაპარაკებებში მიწვეულები არ არიან, უნდა გაზარდონ თავდაცვის ხარჯები, ან „მოკეტონ“.
კრენშოუმ ხუთშაბათს Politico-ს Power Play პოდკასტში თქვა, რომ ევროპელები მოლაპარაკების მაგიდასთან მიწვევას არ იმსახურებენ“ და ვერ დაიმსახურებენ, თუ არ გააძლიერებენ თავიანთ თავდაცვის სფეროებს და არ განათავსებენ 50 000 ჯარისკაცს პოლონეთის საზღვარზე NATO-ს გასაძლიერებლად და რუსეთის შესაკავებლად.
„თუ მათ არ სურთ ადგილზე ჯარების განთავსება და დასავლეთისთვის დამატებითი ბერკეტების მოძიება… მაშინ უმჯობესია მოკეტონ“, − თქვა კრენშოუმ, − „მოკეტეთ და მიეცით ტრამპს საშუალება, გააკეთოს ყველაფერი, რაც შეუძლია“.
ტრამპის ადმინისტრაცია უკრაინაში ომის დასრულებას ცდილობს, რომლის ფარგლებში 18 თებერვალს აშშ-ის წარმომადგენლები რუსეთის ოფიციალურ პირებს შეხვდნენ საუდის არაბეთში, ხოლო ამერიკის სპეციალური წარმომადგენელი უკრაინასა და რუსეთში, კიტ კელოგი 19 თებერვალს უკრაინის ოფიციალურ პირებს კიევში შეხვდა.
NATO-ს რამდენიმე წევრმა ოფიციალურად მოითხოვა ევროპული ქვეყნების ჩართვა მსგავს დისკუსიებში. მაგალითად, Associated Press იუწყება, რომ გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა 13 თებერვალს განაცხადა, რომ ევროპა „უნდა“ დაესწროს მოლაპარაკებებს, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ მან „უნდა შეასრულოს ცენტრალური ან მთავარი როლი სამშვიდობო წესრიგში“.
მაგრამ კრენშოუმ უკუაგდო ასეთი კომენტარები.
„იცით, რამდენ ადამიანს ეშინია ევროკავშირის? − არცერთს. გახდით საშიში, სახიფათო, რეალურად აჩვენეთ, რომ შეგიძლიათ გქონდეთ გარკვეული ბერკეტები და მერე იქნებ მაგიდასთან დასხდომის უფლებაც დაიმსახუროთ“, − ამბობს კრენშოუ.
იგი დაესწრო მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციას თებერვალში და კიდევ ერთხელ დაეთანხმა აშშ-ის ახალი თავდაცვის მდივნის, პიტ ჰეგსეტის მოსაზრებას, რომ ევროპელმა მოკავშირეებმა „გაცილებით მეტი უნდა გააკეთონ ევროპის უსაფრთხოების განვითარებისთვის“.
2023 წელს შეერთებულმა შტატებმა თავისი მშპ-ის 3.3% დახარჯა თავდაცვის ხარჯებზე − სულ $880 მილიარდი, პეტერსონის საერთაშორისო ეკონომიკის ინსტიტუტის თანახმად. ინსტიტუტმა ასევე დაადგინა, რომ NATO-ს დაფინანსების 50%-ზე მეტი აშშ-დან მოდის, ხოლო სხვა მოკავშირეებმა, როგორებიცაა გაერთიანებული სამეფო, საფრანგეთი და გერმანია, ბოლო წლებში NATO-ს დაფინანსებაში 4%-დან 8%-მდე წვლილი შეიტანეს.
კრენშოუმ მხარი დაუჭირა დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრ კირ სტარმერს, რომელიც ხუთშაბათს პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შეხვდა. სტარმერმა სამშაბათს პირობა დადო, რომ გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის ხარჯებს მშპ-ის 2.5%-მდე გაზრდის. ეს არსებითად მნიშვნელოვანი ზრდაა ამჟამინდელი 2.3%-დან და საერთო ჯამში თავდაცვის ბიუჯეტის 17 მილიარდი დოლარით გაზრდას გულისხმობს.
16 თებერვალს The Telegraph-ში გამოქვეყნებული სტატიის თანახმად, სტარმერმა მზადყოფნა გამოთქვა, საჭიროების შემთხვევაში, გაგზავნოს ბრიტანეთის ჯარები უკრაინაში, რათა უზრუნველყოს მშვიდობა უკრაინასა და რუსეთს შორის.
კრენშოუს თქმით, ასეთი მიდგომა შეაფერხებს პუტინს და ხელს შეუშლის კრემლს ევროპის კონტინენტზე უსაფრთხოების დარღვევაში.
„ეს არის ის, რაც პუტინს არ მოსწონს“, − თქვა კრენშოუმ, − „და ვიდრე პუტინს ნამდვილად არ შეეშინდება თქვენი, ევროპელების, ის განაგრძობს წინსვლას. და ეს არის ის, რაც თქვენ უნდა გაიაზროთ“.
ტრამპის ადმინისტრაცია აგრძელებს დისკუსიების წარმოებას უკრაინაში ომის დასასრულებლად, რისთვისაც უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დღეს თეთრ სახლს ეწვევა.
საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ორშაბათს თეთრ სახლს ეწვია და მოუწოდა აშშ-ს, საფრანგეთთან თანამშრომლობით ერთობლივად მოხდეს ხანგრძლივი მშვიდობის უზრუნველყოფა. მიუხედავად ამისა, მაკრონმა ურჩია შეერთებულ შტატებს გამოიჩინონ სიფრთხილე რუსეთთან ურთიერთობისას.
„ჩვენ გვინდა მშვიდობა“, − თქვა მან ორშაბათს ბლერ ჰაუსიდან მიცემულ ინტერვიუში, − „და ვფიქრობ, რომ პრეზიდენტ ტრამპის ინიციატივა ძალიან პოზიტიურია. მაგრამ ჩემი გზავნილია, რომ უნდა ვიყოთ ფრთხილად, რადგან ჩვენ გვჭირდება რაღაც არსებითი უკრაინისთვის“. „ვფიქრობ, პრეზიდენტ ტრამპის მოსვლა თამაშის წესებს ცვლის“, − ამბობს მაკრონი, − „და ჩემი აზრით, მას აქვს უნარი, ხელახლა ჩაერთოს რუსეთთან მოლაპარაკებებში“.
წყარო:
https://www.foxnews.com/politics/dan-crensh...ne-negotiationsეს კრენშოუ დიდგორას ძმაკაცი არაა?