როგორც იქნა, საქართველოში დაიწყო ნამდვილი ცივილიზებული და ევროპული პრაქტიკის დანერგვა (იხ. ბრიტანეთის და სხვათა მაგალითები ქვემოთ, პოსტის მეორე ნაწილში) და უკვე ჩნდებიან სოცქსელში შეურაცხყოფის გამსაჩივრებელიც და სასამართლოს მიერ განაჩენმისჯილებიც.
აქვე გაიშიფრნენ გზააბნეული "პროევროპელი" "ჟურნალისტები" და "უფლებადამცველებიც".
მოუწევს ფორუმსაც მალე აღადგინოს საკუთარივე - შავით თეთრზე დაწერილი წესების აღსრულება - თანაც უფრო მკაცრად, ვიდრე მანამდე აღასრულებდა. წინააღმდეგ შემთხვევაში მიიღებს სასამართლოებს იუზერთა შორის და ადმინისტრაციულ პატიმრობამისჯილ იუზერებს, სადაც ისიც ნათლად გამოჩნდება თუ როგორ "ასრულებს" თვითონ ფორუმიც საკუთარსავე წესებს და ვინ არის ამ ყველაფრის ხელშემწყობიც და ამ ყველაფერზე თვალების დამხუჭველიც.
"
ზუგდიდის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსი, მაგდალინა თოდუა აცხადებს, რომ რამდენიმე დღეა, რაც სოციალურ ქსელში საჯარო ბულინგისა და ცილისწამების მსხვერპლია, სასამართლო გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომლითაც როსტომ ზარანდიას 5-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა მიესაჯა.
თოდუას თქმით, საჯარო ბულინგსა და ცილისწამებაში ასევე მონაწილეობდნენ ჟურნალისტი, ნანუკა ჟორჟოლიანი და ქალთა უფლებების დამცველი, ბაია პატარაია.
„მოგესალმებით ყველას, მე ვარ მაგდალინა თოდუა, ზუგდიდის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსი, პედაგოგი, დედა და უბრალოდ საქართველოს მოქალაქე. ეს პოსტი არ არის იმის შესახებ, რომ ვინმეს წინააღმდეგ შავი კამპანია ან სოცქსელში კოლექტიური სასამართლო გავაჩაღო. უბრალოდ, მინდა გიამბოთ რეალურად რა მოხდა და რატომ მივიღე ის გადაწყვეტილება, რომელიც მივიღე.
აქტივისტი როსტომ ზარანდია, ბოლო თვეებია სოციალურ ქსელში მაკრიტიკებდა, ეს თავისი გამოხატვა მხოლოდ კრიტიკაში კი არა, არამედ საჯარო შეურაცხყოფაში გადადიოდა. მას არაერთხელ უწოდებია ჩემთვის „ტვენგე“, „ფოჩო“ და დამამცირებელი ეპითეტები – კომენტარებში, საჯარო პოსტებში.
თავიდან ვცდილობდი არ მეპასუხა. ვგრძნობდი, რომ ვიღაცისთვის ჩემი პოზიცია, სამუშაო, ან უბრალოდ მიუღებელი იყო და ეს მისი უფლებაა, მაგრამ ბულინგმა გამუდმებული ფსიქოლოგიური ზეწოლის ფორმა მიიღო. - და სწორედ, აი ამიტომ მივმართე სასამართლოს.
არ მინდოდა კონფლიქტი, მაგრამ როცა პირადი შეურაცხყოფა ყოველდღიური გახდა, მივიღე გადაწყვეტილება, დამეცვა საკუთარი ღირსება – იმავე სამართლებრივი გზით, რომელიც ყველასთვის არსებობს.
სასამართლოში წავიღე რამდენიმე მტკიცებულება – პოსტები, კომენტარები. იქვე განვაცხადე, რომ ჩემთვის მთავარია ის შეწყდეს და ადამიანები მიხვდნენ, რომ სოციალურ ქსელში შეურაცხყოფაც შეიძლება რეალურ ზიანად იქცეს.
სასამართლომ დაადგინა, რომ ადგილი ჰქონდა პატივისა და ღირსების შელახვას. როსტომ ზარანდიას მიესაჯა 5-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა – ეს იყო სასამართლოს გადაწყვეტილება. მე უბრალოდ მოვითხოვე ჩემი უფლების დაცვა.
ვისურვებდი, გონს მოეგოს ყველა ვინც, სხვის შეურაცხყოფას „ბრძოლას“ ეძახის.
სამწუხაროდ, როცა სიმართლეს არ ლაპარაკობ – სხვები იწყებენ მის შეთხზვას. გუშინვე გავრცელდა სპეკულაცია, თითქოს მე „მეგობარი ჩავსვი ციხეში“. ეს აბსოლუტურად მცდარი, დამახინჯებული ინტერპრეტაციაა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზანს ემსახურება. რაც, სამწუხაროდ, გარკვეულ ადამიანებს გამოუვიდათ კიდეც.
ასე მაგალითად, „სიმართლის მოყვარულმა“ ჟურნალისტმა {რომლის ვალია დაადგინოს ჭეშმარიტება} ნანუკა ჟორჟოლიანმა ჩემი ფოტო „ფეისბუკზე“ განათავსა და მასზე დამყარებული მცდარი ინფორმაციით, პრაქტიკულად საჯარო ლინჩი მომიწყო.
ამავე პოსტში (და კომენტარებში) თვალში მეცა ქალთა უფლებების ცნობილი „დამცველის“ ბაია პატარაიას კომენტარი. სამწუხაროა, ვინც სხვების დაცვას იბრალებს, თავად უწყობს ხელს ქალების მიმართ სიძულვილს. მადლობა ყველას, მხარდაჭერისთვის“,- წერს მაგდალინა თოდუა.
"
https://imedinews.ge/ge/regioni/394357/magd...mart-sidzulvils"
გამოცემა The Wallstreet Journal ევროპაში სიტყვის თავისუფლების შესახებ სტატიას აქვეყნებს, სათაურით „ევროპაში სიტყვის თავისუფლების დევნა სულ უფრო ფართო სახეს იღებს“. მასში საფრანგეთში, დიდი ბრიტანეთსა და გერმანიაში მომხდარი შემთხვევების მაგალითზე განხილულია რა შედეგები მოჰყვება მოქალაქეების მიერ სოციალურ ქსელებსა და საჯარო სივრცეებში საკუთარი პოლიტიკური თუ რელიგიური მოსაზრებების დაფიქსირებას.
გამოცემა ბრიტანელი ძიძის, 41 წლის ლუსი კონოლის შემთხვევაზე მოგვითხრობს, რომელმაც სოციალურ ქსელში X გამოქვეყნებული პოსტის გამო ციხეში 330 დღეზე მეტი გაატარა. კონოლი სახლში იყო, როდესაც ქალაქ საუსპორტში 6, 7 და 9 წლის გოგოების მკვლელობის შესახებ გაიგო. მოგვიანებით სოციალურ ქსელებში გავრცელდა მცდარი ინფორმაცია, რომ მკვლელობა მუსლიმმა თავშესაფრის მაძიებელმა ჩაიდინა. სინამდვილეში კი მკვლელი დიდ ბრიტანეთში, ქრისტიანულ ოჯახში დაიბადა. კონოლიმ მცდარ ინფორმაციაზე დაყრდნობით სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა:
„მასობრივი დეპორტაცია ახლავე. ცეცხლი წაუკიდეთ ყველა იმ სასტუმროს, რომელიც ამ ნაბი***ებით არის სავსე. არ მაინტერესებს. მოღალატე მთავრობა და პოლიტიკოსებიც მიაყოლეთ. ფიზიკურად ცუდად ვხდები, როცა წარმოვიდგენ, რას გრძნობენ მოკლულთა ოჯახები. თუ ამის გამო რასისტი ვარ, დაე ასე იყოს“.
მოგვიანებით ქალმა პოსტი წაშალა, თუმცა მისი გაზიარება ათასამდე მომხმარებელმა მოასწრო. კონოლი რასობრივი ზიზღის გაღვივების შემცველი მასალის გამოქვეყნების ბრალდებით დააკავეს.
„კონოლის საქმე ხელს უწყობს დებატების გააქტიურებას დიდ ბრიტანეთში სიტყვის თავისუფლების შესახებ. ეს დებატები ასევე მთელ ევროპაში მიმდინარეობს. მაშინ, როცა აშშ-ის კონსტიტუციაში პირველი შესწორება კონგრესს სიტყვის თავისუფლების შემზღუდავი ნებისმიერი კანონის მიღებას უკრძალავს და სიძულვილის ენა, როგორც წესი, დაცულია, ევროპაში მთავრობები მსგავს შეზღუდვებს არ ექვემდებარებიან. ჰოლოკოსტით ნაიარევ კონტინენტზე, ბუნდოვნად განმარტებულმა სიძულვილის ენის კანონებმა და სოციალური მედიის პოპულარობამ ნოყიერი ნიადაგი შექმნა იმისთვის, რომ ხელისუფლება უფრო მარტივად გაუსწორდეს მათ, ვინც საზოგადოებისთვის პრობლემურად ითვლება.
ტრამპის ადმინისტრაცია, მათ შორის კონოლის მსგავსი შემთხვევების გამო, მწვავედ აკრიტიკებს ევროპის მთავრობებს სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის გამო. ადმინისტრაცია ასევე აკრიტიკებს ევროპულ კანონებს, რომლებიც ონლაინ-კონტენტის კონტროლს ეხება და პასუხისმგებლობას აკისრებს ამერიკულ ტექნოლოგიურ კომპანიებს, როგორიცაა X (ყოფილი Twitter), იმის უზრუნველსაყოფად, რომ გარკვეული სახის მავნე მასალა არ გამოქვეყნდეს. აშშ-ის დეპარტამენტის განცხადებით, მსგავსი კანონები ქმნის „გლობალური ცენზურის სამრეწველო კომპლექსს“, - წერს WSJ.
ევროპაში პასუხობენ, რომ სიტყვის თავისუფლების ფორმების უმეტესობა კვლავაც დაცულია და მიუთითებენ იმაზე, რომ პრობლემები სიტყვის თავისუფლების დაცვასთან აშშ-შიც აქვთ. აღნიშნავენ, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა და მისმა ადმინისტრაციამ ასევე არაერთხელ იჩინეს ცენზურისკენ მიდრეკილება, მათ შორის უცხოელი სტუდენტების დაკავებით პროტესტისთვის ან სარედაქციო სტატიის დაწერისთვის, ასევე მედიაორგანიზაციების წინააღმდეგ ცილისწამების და სხვა სარჩელების შეტანით. თუმცა, ბევრი ევროპელი ასევე აღიარებს, რომ ევროპაში, შესაძლოა, ამ მხრივ მეტისმეტად შორს წავიდნენ.
გამოცემა ასევე წერს, რომ 2023 წელს ბრიტანეთის პოლიციამ 12 183 დაკავება განახორციელა - საშუალოდ 33 დღეში - იმ კანონების ფარგლებში, რომლებიც კრძალავს რაიმე „უკიდურესად შეურაცხმყოფელის“ თქმას ან „უბადრუკი, არაეთიკური ან დამაშინებელი ხასიათის მქონე“ შინაარსის გავრცელებას საჯარო კომუნიკაციის ქსელით. ეს 58%-ით მეტია 2019 წელთან შედარებით.
WSJ ასევე წერს, რომ ევროპული და ამერიკული შეხედულებები სიტყვის თავისუფლებაზე ერთმანეთს 1960-იანი წლებიდან მოყოლებული აშკარად ასცდა. მაშინ, როდესაც აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ სიტყვით გამოხატვის დასაცავად მნიშვნელოვანი პრეცედენტები შექმნა, ევროპაში საპირისპირო მიმართულებით მიდიოდნენ - ცდილობდნენ ექსტრემისტული განცხადებების შეზღუდვას.
„ამერიკელებისთვის ნაცისტური გერმანია იყო ადგილი, სადაც სიტყვის გამოხატვა იზღუდებოდა. ევროპელებისთვის კი ნაცისტური გერმანია იყო მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება სიტყვის თავისუფლების გამოყენებამ გენოციდამდე მიგიყვანოს“, - უთხრა გამოცემას ლონდონის დედოფალ მერის უნივერსიტეტის სამართლის პროფესორმა ერიკ ჰაინცემ.
WSJ გერმანიაში არსებულ ვითარებასაც ეხება და იხსენებს შემთხვევას, როდესაც ნეონაცისტურმა ექსტრემისტმა 2019 წელს ზომიერად კონსერვატორი პოლიტიკოსი ვალტერ ლიუბკე მოკლა, 2020 წლის აგვისტოში კი QAnon-ის თეორიების მიმდევრებმა რაიხსტაგის შტურმი სცადეს.
„გერმანელმა პოლიტიკოსებმა ამაზე პასუხად 1950-იანი წლების ერთ-ერთი ნაკლებად ცნობილი კანონი გაამკაცრეს, რომელიც პოლიტიკოსების მიმართ ცილისწამებას კრძალავს. კერძოდ, შემცირდა ზღვარი საჯარო თანამდებობის პირების შეურაცხყოფის კრიმინალიზაციისთვის - ასეთი დანაშაული გერმანიაში შეიძლება ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთით დაისაჯოს. სულ რამდენიმე წელიწადში, მუხლი, რომელზეც უმეტეს გერმანელებს წარმოდგენაც არ ჰქონდათ, ხშირად გამოყენებად იარაღად იქცა სიტყვის კონტროლისთვის. ახლა არასამთავრობო ორგანიზაციები ინტერნეტში სიძულვილის ენის გამოვლენას ეძებენ, ხოლო მინისტრები სპეციალურ კომპანიებს უხდიან იმისათვის, რომ იპოვონ მათ მიმართ შეურაცხმყოფელი კომენტარები“, - წერს გამოცემა.
გამოცემა აჯამებს, რომ ევროპაში სიტყვის თავისუფლება სულ უფრო მეტ შეზღუდვებს აწყდება, რადგან მთავრობები ამკაცრებენ კანონმდებლობებს ე.წ. „აალებადი“ კონტენტის აღკვეთის მიზნით.
"
https://imedinews.ge/ge/msoflio/393958/wsj-...agkvetis-miznit This post has been edited by შავლეგა on 11 Jul 2025, 10:40