"ჩვენი ორგანიზაცია კი დააყადაღეს ასეთების წერისთვის, მაგრამ მე მაინც გაგახსენებთ, როგორ აარიდა სახელმწიფომ ოთარ ფარცხალაძეს სანქციები 2023 წელს და რამხელა სპეცოპერაცია ჩაატარა ამისთვის. ფარცხალაძეს სანქცია ეფესბეს სასარგებლოდ მუშაობისთვის დაედო.
სპეცოპერაციის მთავარი დირიჟორი იყო ნათია თურნავა, რომელიც დღეს სებ-ს ხელმძღვანელობს და ამაში თვეში 37 729 ლარს იღებს.
ქრონოლოგია:
14 სექტემბერი, 2023 - აშშ-ის სახ. დეპის განცხადებით, ოთარ ფარცხალაძე სანქცირებულია.
18:12 სთ, 18 სექტემბერი, 2023 - სებ აცხადებს, რომ ოთარ ფარცხალაძეს, სანქციების აღსრულების ფარგლებში, აქტივებსა და ტრანზაქციებზე წვდომა შეეზღუდა.
21:23 სთ, 18 სექტემბერი, 2023 - ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ სებ-ის გადაწყვეტილება პირდაპირ ეწინააღმდეგება კონსტიტუციას.
13:59 სთ, 19 სექტემბერი, 2023 - პრეზიდენტი აცხადებს, რომ ოთარ ფარცხალაძეს მისთვის არ მიუმართავს მოქალაქეობის შენარჩუნების შესახებ.
14:45 სთ, 19 სექტემბერი, 2023 - ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ოთარ ფარცხალაძე საქართველოს მოქალაქეა, იუსტიციის სამინისტრომ დაიწყო მოკვლევა და მედიისგან შეიტყო, რომ ის 1 წელია რუსეთის მოქალაქეობას ფლობს.
20:42 სთ, 19 სექტემბერი, 2023 - პრეზიდენტი აცხადებს, რომ სააგენტოსგან დასკვნის მიღებისთანავე, შეუწყვეტს მოქალაქეობას ოთარ ფარცხალაძეს.
21:09 სთ, 19 სექტემბერი, 2023 - სებ-ის მოვალეობის შემსრულებელი, ნათელა თურნავა, გამოსცემს ბრძანებას, რომლითაც ცვლილება შეაქვს სანქციების აღსრულების წესში და ადგენს საგამონაკლისო წესს საქართველოს მოქალაქეებისთვის.
20 სექტემბერი, 2023 - კომერციული ბანკების უმრავლესობა აცხადებს, რომ ისინი განაგრძობენ საერთაშორისო სანქციების აღსრულებას.
20 სექტემბერი, 2023 - ნათელა თურნავა აცხადებს, რომ ბანკებს არ აქვთ უფლება არ დაემორჩილონ რეგულატორს.
12:16 – 12:18 სთ, 20 სექტემბერი, 2023 - იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მიმართავს ოთარ ფარცხალაძის შვილი მისთვის ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე, 12 უძრავი ნივთის გადაფორმებაზე, რაშიც ჯამურად 4200 ლარს იხდის (განცხადების წარმოდგენის დღეს რეგისტრაცია).
17:23 – 18:00 სთ, 20 სექტემბერი, 2023 - იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება ინფორმაცია ოთარ ფარცხალაძის მიერ შვილისთვის მინიმუმ 12 უძრავი ნივთის ჩუქების შესახებ.
17:44 სთ, 20 სექტემბერი, 2023 - იუსტიციის სამინისტრო და მის დაქვემდებარებაში არსებული უწყებები ავრცელებენ განცხადებას, რომლის თანახმადაც სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ დაიწყო წარმოება ოთარ ფარცხალაძის საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვასთან დაკავშირებით.
19:55 სთ, 20 სექტემბერი, 2023 - იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს განცხადებას, რომლის თანახმადაც მის დაქვემდებარებაში მყოფმა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ დაასრულა წარმოება და მიზანშეწონილად მიიჩნია ოთარ ფარცხალაძისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა, დასკვნა კი გაეგზავნა პრეზიდენტს ხელმოსაწერად." | წერს სოციალურ ქსელში სოციალური სამართლიანობის ცენტრის იურისტი თამთა წვერაიძე
მიმაგრებული სურათი