ორაზროვანი შეკითხვები და საჩუქარი თოვლის ბაბუას
ამჯერად განსხვავებულ "ერუდიტს" გთავაზობთ - საახალწლო ნომრისთვის სახალისო კითხვარი შევადგინე, რესპონდენტები კი "შუა ქალაქში" ვიპოვე. მარიამ ჯოლოგუასა და ჯაბა კილაძესთან ჩაწერილი ინტერვიუ, როგორც მოსალოდნელი იყო, საკმაოდ სახალისო გამოვიდა. თურმე, მარიამი მარკესის, ხოლო ჯაბა მიხეილ ჯავახიშვილის შემოქმედების თაყვანისმცემელია, საყვარელ დრამატურგად კი ორივე შექსპირს ასახელებს.
- ახალ წელს გილოცავთ! როგორ ხართ?
ჯაბა:
- გმადლობთ, ჩვენც გილოცავთ!
მარიამი:
- შენ - ბედნიერებას, "გზას" კი ბევრ მკითხველს ვუსურვებთ.
- აბა, მითხარით, თოვლის ბაბუამ საჩუქრები თუ მოგიტანათ?
ჯაბა:
- ასე ბავშვობაში ხდებოდა, ახლა კი რატომღაც, აღარ მოაქვს.
მარიამი:
- ჯაბა, შენს ნათქვამზე ჩემი შვილი გამახსენდა. 4-5 წლის იყო, როცა რაღაც სათამაშო საჩუქარივით შეფუთა. ვკითხე, - ვისთვის გინდა-მეთქი? მიპასუხა: თოვლის ბაბუას ჩემთვის ყოველ ახალ წელს მოაქვს საჩუქარი და მე ერთხელ მაინც არ უნდა ვაჩუქო რამეო (იცინიან)? მერე სათამაშო იმ ადგილზე დადო, სადაც თოვლის ბაბუა საჩუქრებს უტოვებდა.
ჯაბა:
- თოვლის ბაბუამაც ჩუმად მოიპარა და წაიღო, არა?
მარიამი:
- რა თქმა უნდა!
- ნაძვის ხის მორთვაში თუ მონაწილეობდით?
- აბა, რა! ნაძვის ხე 31 დეკემბერს მოვრთე. ეს პროცესი ძალიან მახალისებს.
- თუ იცით, საიდან მოდის ნაძვის ხეზე ვარსკვლავის დამაგრების ტრადიცია?
ჯაბა:
- როგორც მახსოვს, ვარსკვლავი კომუნისტების სიმბოლო იყო.
მარიამი:
- ალბათ, საბჭოთა პერიოდიდან მოდის, არა?
- ვინც ამ კითხვაზე პასუხი იცის, მას თქვენს ნათქვამზე გაეცინება. ნაძვის ხის ვარსკვლავი ბეთლემის ანუ იმ ვარსკვლავის სიმბოლოა, რომელმაც მსოფლიოს იესო ქრისტეს დაბადება ამცნო.
- მართლა? აწი მეცოდინება.
- რა არის ის, რაც ყველას და ყველაფერს აქვს?
ჯაბა:
- სულიერსაც და უსულოსაც?
- რა თქმა უნდა!
მარიამი:
- ვაიმე! რა უნდა იყოს? ჯაბა, შენ ვერ ხვდები?
ჯაბა:
- ორაზროვანი შეკითხვაა, ჩავიჭერით.
- სახელი. ახლა კი კარგად დაფიქრდით და ისე მიპასუხეთ, არსებობს თუ არა ისეთი რიცხვი, რომლის დასახელება შეიცავს იმდენივე ასოს, რამდენსაც ეს რიცხვი გამოხატავს?
ჯაბა:
- (ფიქრობს) 4.
მარიამი:
- ყოჩაღ! პასუხი იცოდი თუ ახლა მოიფიქრე?
ჯაბა:
- არა, ახლა მოვიფიქრე.
- ტყეში 17 პარტიზანია, 5 მათგანი დიდ ლოდს ამოეფარება. რამდენი პარტიზანი დარჩება ტყეში?
- 17-ს რომ 5 გამოვაკლოთ, 12 დარჩება...
მარიამი:
- (აწყვეტინებს) არა, რას ამბობ, 12 როგორ დარჩება? ის 5 განა სადმე წავიდა, უბრალოდ, ლოდს ამოეფარა. მათი რაოდენობა ისევ 17 იქნება.
- მარიამ, შექებას ახლა შენ იმსახურებ, ჯაბას პასუხმა კი მისი გმირი - სანდრო გამახსენა. ახლა შემდეგ კითხვაზე გადავიდეთ: მდინარის ნაპირთან ორი კაცი მივიდა. ორივეს მეორე ნაპირზე უნდა გადასვლა. იქვეა ნავი, რომელშიც მხოლოდ ერთი კაცი ეტევა. მიუხედავად ამისა, მდინარის მეორე ნაპირზე გადასვლას ორივე ახერხებს ისე, რომ წყალში არც ერთი არ ჩადის და არ ცურავს. როგორ?
ჯაბა:
- რადგან ნავში ერთი კაცი ეტევა, ჯერ ერთი გადავა, მერე - მეორე.
მარიამი:
- მერე, მეორე ნაპირიდან ნავს ვინ გადმოუტანდა?
ჯაბა:
- ჰო, შენც მართალს ამბობ! აბა, როგორ გადავიდნენ?..
- ეს ორი კაცი მდინარის სხვადასხვა მხარეს იყო.
- რა გინდა, რას მერჩი? მარიამ, ეს ვის ხელში ჩავცვივდით?!
- არაფერს გერჩი, თუ იაზროვნებ, კითხვებზე პასუხის გაცემა არ გაგიჭირდება. ნათესაურ კავშირებში კარგად ერკვევით?
- მგონია, რომ ვერკვევი, მაგრამ ისეთ კითხვებს სვამ, გამოდის, რომ არაფერიც არ ვიცი.
- კარგი, ჯაბას დეიდა ოთარის შვილია. ვინ არიან ერთმანეთისთვის ჯაბა და ოთარი?
- (იცინის) ბაბუა და შვილიშვილი.
- გზაზე 2 ვეფხვი მიდის - დიდი და პატარა. პატარა ვეფხვი დიდის შვილია, დიდი ვეფხვი კი პატარის დედა არ არის. ვინ არის დიდი ვეფხვი?
- მარი, ხომ ხედავ, აქ სიტუაცია უფრო ჩაიხლართა (ფიქრობს) დიდი და პატარა ვეფხვები ბიძაშვილები გამოდიან.
მარიამი:
- რა ბიძაშვილები, ჯაბა, საიდან მოიტანე (იცინის)? როგორც მივხვდი, დიდი ვეფხვი პატარის მამაა.
- რა თქმა უნდა! როგორი საათი უჩვენებს დღე-ღამეში 2-ჯერ სწორ დროს?
ჯაბა:
- როგორი და ციფერბლატიანი საათი.
- მარიამ, შენ როგორ ფიქრობ?
მარიამი:
- გაჩერებული საათი.
- 1877 წელს საახალწლოდ დააპატენტეს ნივთი, რომელიც გამომგონებელთა აზრით, ადამიანებს დეპრესიის მოხსნაში წარმატებით დაეხმარებოდა. რომელი იყო ეს ნივთი - ვარდისფერი სათვალე, ციგურები თუ ყურებიანი ქუდი?
- ჯაბა, შენ რომელი გგონია?
ჯაბა:
- ალბათ, ვარდისფერი სათვალე.
მარიამი:
- მეც ასე მგონია.
- ამ კითხვაზე პასუხი ჩაგეთვალათ. რასთან დაკავშირებით დაერქვა იანვარს იანვარი?
- ღმერთი იყო იანვარიუსი და მის პატივსაცემად დაარქვეს.
- იმ ღმერთს იანუსი ერქვა. რამდენი წუთი აშორებს დილის 10 საათსა და 30 წუთს იმავე დილის 9 საათისა და 15 წუთისგან?
ჯაბა:
- 15 წუთი.
მარიამი:
- 15 არა, 75 წუთი აშორებს.
- ფრანგები კითხვას - რაზე უფრო ადვილად იტყოდი უარს, ქალსა თუ ღვინოზე? - ასე პასუხობენ - "გააჩნია..."
ჯაბა:
- მე ღვინოზე ვიტყოდი უარს, თან - უპრობლემოდ.
- ფრანგების პასუხი კი მეტად ორიგინალურია, "გააჩნია..."
- (მაწყვეტინებს) "...ქალს".
- არა, "...ასაკს".
- ა! წლები ღვინოს უფრო კარგს ხდის, ქალს კი აბერებს...
- ახლა კი გთხოვთ, დაწეროთ რიცხვი 100 ორი ნულის გარეშე.
- ციფრებს საერთოდ არ გამოვიყენებ და დავწერ ასოებით - "ასი".
- დაასახელე ერთმანეთზე მიყოლებული 5 დღე ისე, რომ არ გამოიყენო სიტყვები: ორშაბათი, სამშაბათი, ოთხშაბათი და ა.შ.
მარიამი:
- აბა, როგორ გამოვა? (პაუზის შემდეგ) ა! მოვიფიქრე: დღეს, ხვალ, ზეგ.
ჯაბა:
- მხოლოდ 3 დღე გამოდის.
მარიამი:
- მაშინ ასე იქნება: გუშინწინ, გუშინ, დღეს, ხვალ, ზეგ.
ჯაბა:
- ბრავო! მე კითხვაზე პასუხი არ მქონდა.
- რა ჰქვია მანძილს ყველაზე მაღალ და დაბალ ბგერებს შორის?
მარიამი:
- დიაპაზონი.
- რა ერქვა ძველი რომის არქიტექტურულ ძეგლს, სადაც ლომებისა და გლადიატორების შერკინება და სხვა სანახაობები ეწყობოდა?
ჯაბა:
- კოლოსეუმი.
- რომელ სრუტეს არ გაივლის გემით ბათუმიდან მარსელში მიმავალი მოგზაური - ბოსფორის, დარდანელის თუ გიბრალტარის?
მარიამი:
- გიბრალტარის სრუტეს.
- რა ეწოდება ძაღლის მიმართ შიშს?
ჯაბა:
- არ ვიცი.
- კინოფობია.
- მე კინოლოგიის შესახებ მსმენია. კინოფობია ნამდვილად არ მჭირს და ამიტომაც არ ვიცოდი.
- ნაყინი ღირს 90 თეთრი. მყიდველს მხოლოდ 20-თეთრიანები აქვს, ხოლო გამყიდველს - 50-თეთრიანები. როგორ უნდა მოხდეს მათ შორის ანგარიშსწორება?
მარიამი:
- მყიდველმა 7 ოცთეთრიანი უნდა მისცეს, გამყიდველი კი 50 თეთრს დაუბრუნებს და ეგ იქნება.
- გოგონა სარკესთან მივიდა, დაინახა საკუთარი გამოსახულება და შუბლზე აკოცა. ტყუილია თუ მართალი?
- ეს შეუძლებელია!
- ჯაბა, შენი პასუხი მაინტერესებს.
ჯაბა:
- სარკეში საკუთარ გამოსახულებას შუბლზე ვერანაირად ვერ აკოცებ.
- რა თქმა უნდა, ვერ აკოცებ. რამდენი ისეთი ხუთნიშნა ციფრი არსებობს, რომლის ციფრთა ჯამი 2-ის ტოლია? მაგალითად: 20000.
მარიამი:
- 11000, 10100...
ჯაბა:
- კიდევ შეიძლება დავასახელოთ 10010 და 10001.
- ამ კითხვაზე პასუხი ჩაგეთვალათ. დაასრულეთ ფრენცელის ცნობილი გამონათქვამი: "დრო ფულია, ოღონდ როცა..."
- "...ფული გაქვს".
- "...დრო არ გაქვს". ორივემ მითხარით, რომ შექსპირი ძალიან გიყვართ. თუ იცით, რომელია მისი მშობლიური ქალაქი ინგლისში?
მარიამი:
- სტრატფორდი.
- ამ წუთში შექსპირის რომელიმე სონეტს თუ გაიხსენებთ?
ჯაბა:
- "ყველაფრით დაღლილს სანატრელად სიკვდილი დამრჩა..."
მარიამი:
- (აწყვეტინებს) კარგი, რა, რა დროს სიკვდილია, ახალი წელია.
- რას ნიშნავს ბულგარეთში თავის გაქნევა?
ჯაბა:
- თანხმობას.
- დაასახელეთ სამი რიცხვი, რომელთა ჯამი და ნამრავლი ერთმანეთის ტოლია.
- მათემატიკა კარგად არ ვიცი.
მარიამი:
- (ფიქრობს) ვერც მე გიპასუხებ. მგონი, ასეთი რამ არც შეიძლება მოხდეს.
- 1, 2, 3 ის რიცხვებია, რომელთა ჯამიცა და ნამრავლიც ერთმანეთის ტოლია. რომელ ქვეყანაში სწავლობენ წერას ორი მიმართულებით - მარცხნიდან მარჯვნივ და ზევიდან ქვევით?
ჯაბა:
- არ ვიცი.
- იაპონიაში. ფრინველთა ოჯახის რომელი წევრია მგალობელი - დედალი თუ მამალი?
მარიამი:
- როგორც წესი, მამალი გალობს.
- ერთხელ გოეთეს სახლ-მუზეუმში დამთვალიერებელს გოეთეს სკამი უჩვენეს. იგი მივიდა და დაჯდა. მუზეუმის მესვეურებმა შეახსენეს, - ეს გოეთეს სკამიაო. რა უპასუხა მათ სტუმარმა?
- არ ვიცი.
- არა უშავს, მოვა და ავდგებიო. დაბოლოს, დაასრულეთ მუხრან მაჭავარიანის ცნობილი ლექსი: "ახალი წელია, თოვლიც გვესალმება.../ თოვლიც გვესალმება ციდან..."
ჯაბა:
- ეს ლექსი პირველად მესმის.
მარიამი:
- მე დავასრულებ. "...ცრემლები?! - ცრემლებზე ბოდიში/ ღიმილი?! - ღიმილი, რამდენიც გინდათ”.
თამუნა კვინიკაძე
ჟურნალი
”გზა” This post has been edited by imageexpress on 8 Jan 2010, 13:17
მიმაგრებული სურათი
ოპონენტებს ვთხოვ, ასფალტისა და 24-საათიანი დენის ”არგუმენტები” არ მოიშველონ, თორემ გავბრაზდები და უარესებს ვიტყვი!
© პროვოკატორი [ჟურნალი ”გზა”]