ჩემს პირველ ნაცოდვილარს გაგაცნობთ თუ შეიძლება ))
მაინც არავინ წერს და უძაღლო თემაში ვიკატავებ თუ შეიძლება
ბაზალთ ქალი
ძაღლის ყეფაზე უცბად წამოდგა, ჯერ ჩუმად აყურადებდა და როცა ძაღლმა ისეც დაიყეფა - ალბათ მოვიდაო - ჩაილაპარაკა და გარეთ გაიხედა. ყუროს წვერზე ყვითელი მთვარე ქარში აფრიალებული მანდილივით ეკიდა. დადუმებულ სოფელს მხოლოდ ძაღლების კანტი-კუნტი ყეფა და შარაზე მომავალი მთვრალის ბურტყუნი არღვევდა. ეს ლეგაი იყო, ბაციეთ ბალღი. გიორგი არსად არ ჩანდა.
- როდის-ღა უნდა მოვიდეს ბეჩავი! ხმამაღლა ფიქრობდა მარი. ის ქმარს ელოდა. გიორგის სტუმარი უნდა ჩაეცილებინა ყაზბეგამდე. მათი წასვლის მერე კარგა დიდი დრო იყო გასული და ქალი უკვე ნერვიულობდა. შინ შევიდა და ჯერ მძინარე ბავშვს გაუსწორა საბანი, მერე კი უკვე დალაგებული კარადის ხელმეორედ დალაგება დაიწყო.
გურიეთ გიორგი თავის ტოლ-ბიჭებში გამორჩეული იყო და მაშინ ყველას გაუკვირდა მათი შეუღლება. მარი თავად ერთი ფეხმოკლე და უფერული გოგო იყო. ვერც კი შეამჩნევდი, მხოლოდ თავისი კოჭლობა გამოარჩევდა სხვებისაგან. ბაზალთ ქალი რა გონჯი რაიმე გამოდგაო - იტყოდნენ ხოლმე ერობაში შეკრებილი ჭორითა და ხელსაქმით გართული ქალები. თავადაც გრძნობდა თავის ნაკლს და მუდამ ჩუმად დაიარებოდა. ცდილობდა თვალში არავის მოხვედროდა. იყო ჩუმად და სულ რაღაცაზე ფიქრობდა. ძალიან ბეჩავი ბედის პატრონი კი იყო. მამა არც ახსოვდა. სამი წლის იყო, როცა ფშანთ გამოვარდნილმა ჩხერმა მთიბველიანად წაიღო მათი სათიბი . დედა ჯუთელ ხევსურს გაჰყვა ცოლად. ობლად დარჩენილი მარი ბებომ გაზარდა. ერთ ზაფხულს, როცა სახვეტზე იყვნენ მარი თივის ზივიდან ჩამოვარდა და ფეხი მოიტეხა. სოფლის ექიმმა არტაშანი დაადო, მთელი შემოდგომა რაღაც მალამოებსაც ისმევდა, ძვალი გაუმთელდა, მაგრამ კოჭლად კი დარჩა. იმ ზამთარს ბებოც წავიდა საიქიოს და დარჩა მარი მარტოდმარტო.
* * *
თავი ძლივს-ძლივობით გაჰქონდა. სოფელში ტრიალებდა. ხან სახლებს ალაგებდა, ხან ნახირს ჩამორჩენილ ძროხას მოუძებნიდა ვინმეს, ხან სახვეტზე ან საკარტოფილეზე გაჰყვებოდა... როცა წამოიზარდა თავისი ნაკლი უფრო კარგად გაითავისა და თანდათან ჩაიკეტა საკუთარ თავში. მეგობრები არ ჰყავდა, ხალხმრავლობას ერიდებოდა, მხოლოდ რომელიმე დღეობაზე თუ ავიდოდა სამების მინდორზე, ისიც სხვის დასახმარებლად. პირველად გურიეთ გიორგი სწორედ სამების მინდორზე ნახა. მარიამობა დღე იყო. გიორგი თავის ცხენს \\\"რიჟას\\\" დააჭენებდა, ისედაც მაღალი და ტანადი ამ ვეებერთელა ცხენზე კიდევ უფრო დიდი და წარმოსადეგი ჩანდა. ის უდარდელად გადი-გამოდიოდა და თითქოს ყურადღებას არ აქცევდა გოგოების აღტაცებულ მზერას. იმ საღამოს მარი ცდილობდა სულ გიორგის გვერდით ეტრიალა, მერე გაახსენდა, რომ \\\"დაფეხვილი გონჯი\\\" იყო და ამან ისეთი ტკივილი მოჰგვარა, რომ შეეშინდა... ტკივილის შეეშინდა და სახლში გაიქცა... პირველად მაშინ ილოცა...
მეორე დილით სულ სხვანაირი გამოვიდა სახლიდან.უფრო უფერული, ფერმკრთალი და სევდიანი იყო. მალე სოფელში ხმა დაიყარა - ბაზალთ მარის გიორგი უყვარსო. კარგა ხანს იცინა ამაზე ხალხმა, მერე თანდათან დავიწყებას მიეცა ეს ამბავი. ამის გამო მარიმ კიდევ უფრო მოუკლო გარეთ გამოსვლას.
ძაღლმა ისევ დაიყეფა... მარი წამოხტა და უკვე ნერვიული ნაბიჯებით გარეთ გავიდა. არავინ იყო. მურია სოფლის ძაღლობას ეხმიანებოდა მხოლოდ. - როგორ უყორს-კე ამ კაცსა ღამეჩი სიარული, გული უნდა გამიხეთქას? ასე გაბრაზებული ბურტყუნებდა ცოტა ხანს. მერე ისევ სახლში შებრუნდა. აღარ იცოდა რისთვის მოეკიდებინა ხელი. ცოცხს მოჰკიდა ხელი და იატაკს გამალებით დაუწყო ხვეტა. მერე გადააგდო ცოცხი და ცოტა ხანს იდგა გარინდებული. ბოლოს ხელსაქმე აიღო და ისა და ფიქრი ერთად ჩამოჯდნენ საბაასოდ.
* * *
ერთ საღამოს ჩვეულებისამებრ სახლში იჯდა და წიგნს კითხულობდა. ძალიან უყვარდა წიგნი. ამ დროს ყველაფერი ავიწყდებოდა, წარმოიდგენდა, რომ თავად იყო ამ წიგნის გმირი და ყველაფერი რაც იქ ეწერა სინამდვილეში მის თავს ხდებოდა. წიგნი იყო მისი მესაიდუმლე, ერთადერთი ტოლ-ამხანაგი. უცბად ნაბიჯების ხმა შემოესმა. ეზოში აშკარად ვიღაც შემოვიდა, კართან მოვიდა და გაჩერდა. შეკრთა ქალი და წამოდგა. კარი რომ გააღო და გიორგი დაინახა სუნთქვა შეეკრა, თავბრუ დაეხვა და რომ არ წაქცეულიყო კედელს მიეყრდნო. გიორგიმ არაფერი უთხრა, ცოტა ხანს უყურა, უყურა უძირო თვალებით ისე, რომ მისი ხელი ხელში ეჭირა. მერე გატრიალდა და წავიდა. იმ ღამეს არც მარის სძინებია და არც გიორგის. ამ დღის მერე ყოველ დღე დაბარებულივით მოდიოდა გიორგი მარის ეზოში. ისხდნენ და ლაპარაკობდნენ ბევრს, ძალიან ბევრს. დადნა, დაილია ქალი, ცალკე გაურკვეველი ბედნიერებით და ცალკე კიდევ სოფელში დაყრილი ცუდი ხმებით. ვერც ვერაფერს ლამობდა. თან სოფლისა რცხვენოდა და თან კიდევ იმის წარმოდგენაზეც კი ცუდად ხდებოდა, რომ შეიძლება გიორგი ერთ დღესაც აღარ მოსულიყო მასთან. ყოველ დღე დილიდან გიორგის მოსვლამდე თითებს იჭამდა ფარდის უკან დამალული. სოფლის ჭორი კიდევ უფრო გაიზარდა, იბარტყა და ეხლა უკვე ყველა ერობაზე ფუთფუთებდნენ მისი ბარტყები. ერთ დღეს გიორგი არ მოვიდა, დილიდან იდგა ფანჯარასთან მარი და ჭიშკარს უყურებდა. გარეთ გასვლა ძალიან უნდოდა, მაგრამ ისედაც აჭორებული ხალხის რიდით თავს იკავებდა. მხოლოდ დაბინდებულზე შევიდა მის ეზოში გიორგი, გარეთ გავარდნილ, სიხარულისაგან გულამოვარდნილ ქალს ხელი მოჰკიდა და ერობაში გაიყვანა. მთელი სოფელი შეკრებილიყო. ჩუმად იდგნენ, თითქოს რაღაცას ელოდნენ. გიორგიმ მარი სოფლის უხუცესთან მიიყვანა და ხმამაღლა, ყველას გასაგონად უთხრა:
-ამ ქალასა გთხოვთ, ამის გარდა ცოლად ცხო არც ვინ არ მინდა! მარიმ ვერ გაარკვია მოესმა ეს, თუ მართლაც თქვა გიორგიმ. გაოცებისაგან აყაყანებული ხალხი დაიშალა და კვამლადენილ სახლებში დანაწილდა. ჯვარი გაზაფხულზე, გახსნილებისას სამების ეკლესიაში მამა იოსებმა დასწერა. მთელი საღამო ბედნიერებისაგან ტიროდა მარი, ოღონდ ისე, რომ არავის გაეგო. უხმოდ, უცრემლოდ ტიროდა.
ამ დღის შემდეგ მიიღო სოფელმა მარი... თითქოს აქამდე არც იცნობდა... თუკი მანამდე სალამსაც ამადლიდნენ უკვე ყველა ეუბნებოდა გამარჯობას შეხვედრისას... \\\"დაფეხვილი გონჯი\\\" სადღაც გაქრა თითქოს... მაგრამ მარი არ დაუბრუნდა სოფელს. სულ შინ იჯდა, იმ დღის მერე არც ერობაზე გამოსულა და არც ხატობებზე.
თითში ნემსის ჩხვლეტამ გამოაფხიზლა. ჯერ ბავშვს გადახედა მერე კი წამოდგა, დიდი თავშალი მოიხვია და გარეთ გავიდა... შიში თანდათან ერეოდა, ხომ არაფერი მოუვიდაო - ფიქრობდა. იდგა აივანზე და კარგა ხანს ზემოდან დაჰყურებდა გზას. მთვარეს ყუროს წვერები მიეტოვებინა და ეხლა სოფლის ზეცას დროებით შემოხიზვნოდა. ცოტა ხანში ცხენის ფლოქვების სუსტი თქარა-თქური მოესმა, რომელიც თანდათან ახლოვდებოდა. იცნო \"რიჟაის\" ახალდაჭედილი ნალების ხმა. გული სიხარულით აევსო. გაბრაზებული კი იყო. ფიქრობდა: -მოიდეს, რაი დღე ვაყარა, ასე რომ შამაშინაო! უკვე მოფიქრებულიც ჰქონდა როგორ უნდა გაელანძღა დაგვიანებული ქმარი. ეზოში შემოსული გიორგის დანახვაზე გამზადებული ქოქოლა პირზე შეადნა, უნებლიედ თვითონაც გაეღიმა, სიხარულისაგან ალეწილი სახით შეეგება ქმარს. გუნებაში თავის თავს უბრაზდებოდა, რათა ვარ ასეთ გულჩვილიო. უნდოდა რომ უკმეხად შეხვედროდა, გაელანძღა ქმარი, იმისათვის რომ ხუთი თვის ორსული უძილო დასტოვა და ანერვიულა. მაგრამ კრინტსაც ვერ ძრავდა, ის კი არადა ბედნიერი კუდში დასდევდა, ხომ არ გშია, ხომ არ დაიღალეო. გიორგიმ ჯერ ცხენი დააბინავა, წყალი და თივა მიუტანა. მერე კი მარის მხარზე მოხვია ხელი, სიხარულით ატაცებული ქალი მკერდზე მიიკრა და შინ შეიყვანა. კარი მიიხურა და ეზოც დადუმდა. სოფლის თავზე აბრიალებული მთვარე გაინაბა, წყვილს დაუწყო ძებნა, მაგრამ იმდენ ვარსკვლავებში ტოლი რომ ვერ იპოვა დაღონებულმა ღრუბელი მოიხვია თავზე.
შეცდომებიზა ბოდიში
მაინც პირველი ნამუშევარია და
This post has been edited by marianitchen on 3 Oct 2011, 18:33