ბოლო პერიოდში აჭარის რეგიონში წითელას მიმართ ეპიდდაძაბული სიტუაციაა, იანვარში აჭარაში წითელას 35-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა, რაც გასული წლის მთლიან მაჩვენებლზე მეტია. წითელა მწვავე დაავადებაა, რომლის გამომწვევი ვირუსიც ადამიანიდან ადამიანს ჰაერით გადაეცემა. წითელა სახიფათოა ყველა ასაკში, მაგრამ 5 წლამდე ასაკის და 20 წელს გადაცილებულ ადამიანებში შესაძლოა სერიოზული გართულებების მიზეზი გახდეს. ინფექციურ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსი, ინფექციონისტი ნატო მიშველიძე, ამბობს, რომ ეს ბავშვთა ინფექციაა, მაგრამ იგი მოზრდილებში მეტი ინტოქსიკაციით მიმდინარეობს, ამიტომაც უფროსებს უფრო რთულად გადააქვთ ვირუსი.
როგორია წითელას სიმპტომები?
წითელა იწყება ტემპერატურის მომატებით, სურდოთი, ხველებით, თვალების წვითა და ტკივილით. ეს სიმპტომები ძირითადად 3-4 დღე გრძელდება, შემდეგ იწყება უკვე გამონაყარი. წითელასთვის დამახასიათებელი გამონაყარი იწყება სახიდან, კერძოდ შუბლის არიდან, შემდეგ კი ეტაპობრივად ვრცელდება სხეულის ქვედა ნაწილებში. გამოყრის პროცესი მიმდინარეობს რამდენიმე დღის განმავლობაში რის შემდეგაც შეწითლებული ადგილები კარგავს ფერს, იღებს ღია ყავისფერ, ყვითელ ფერს და საბოლოოდ ქრება 5-7 დღეში. დაავადება კლინიკურად ერთნაირად ვლინდება დიდებშიც და პატარებშიც.
აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით: სიმპტომების დაწყებიდან დაახლოებით 2-3 დღის შემდეგ პირის ღრუში შეიძლება გაჩნდეს წვრილი თეთრი გამონაყარი, 5-6 დღის შემდეგ კი ავადმყოფის სხეულზე ჩნდება გამონაყარი. თავდაპირველად გამონაყარი ჩნდება სახეზე (შუბლზე), რომელიც შემდეგ ვრცელდება მთელ სხეულზე ზევიდან ქვევით (კისერი, ტორსი, ხელები, ფეხები, ტერფები). რამდენიმე დღეში ტემპერატურა იწევს დაბლა, იწყება გამონაყრის პიგმენტაცია და თანდათან ქრება.

წითელას განაყარი წყარო: www.cdc.gov
ვინ წარმოადგენს წითელას რისკჯგუფს?
წითელას ახასიათებს მაღალი გადამდებლობა, თითქმის 98-100%, შესაბამისად რისკჯგუფს წარმოადგენენ არაიმუნური ადამიანები, ანუ ადამიანები, ვისაც იმუნიტეტი არ აქვთ წითელას მიმართ. წითელას მიმართ იმუნიტეტს ადამიანი გამოიმუშავებს ვაქცინაციის შედეგად ან წითელას გადატანის შემდეგ. ვაქცინაციას ექვემდებარებიან ბავშვები ერთი წლის ასაკიდან, შემდეგ რე-ვაქცინაცია ხდება 5 წლის ასაკში. თუ ვაქცინაცია ნორმალურად არის გაკეთებული, ბავშვს იმუნიტეტი ექნება და დაცული იქნება დაავადებისაგან. ასევე დაცულები არიან წითელაგადატანილი ადამიანები. წითელას განმეორება არ ახასიათებს.
რა პროფილაქტიკური ღონისძიებების გატარებაა შესაძლებელი?
პროფილაქტიკურ საშუალებას წარმოადგენს აცრა, ეს არის მართვადი ინფექცია და აცრები წარმოადგენს მისი მართვის მთავარ ბერკეტს. ეპიდსიტუაციის დროს ვაქცინაცია ინიშნება მოზრდილებშიც. ამჟამად, ეპიდსიტუაციასთან დაკავშირებით, მიმდინარეობს მოზრდილების აცრებიც. თუ მოზრდილებს კონტაქტი ჰქონდათ წითელათი დაავადებულ ადამიანებთან ოჯახში, სამსახურში, ან სხვაგან მათ საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, პოლიკლინიკებში უტარდებათ წითელას საწინააღმდეგო აცრები.
როგორია მკურნალობა?
ის მითი, რომ წითელას მკურნალობა არ სჭირდება, უკვე ნაკლებად არსებობს მოსახლეობაში. წითელას აქვს გამოხატული კლინიკური მიმდინარეობა და აუცილებლად საჭიროებს მკურნალობას, განსაკუთრებით გართულებების შემთხვევაში, როცა საჭიროებს დამატებით მედიკამენტოზურ ჩარევას.
მიმაგრებული სურათი