tunguska
Crazy Member

    
ჯგუფი: Members
წერილები: 4874
წევრი No.: 78854
რეგისტრ.: 16-December 08
|
#14349493 · 19 Jun 2009, 17:25 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ანდრეი პიონტკოვსკი: თუ ობამა მოსკოვს მკაცრად არ მიუთითებს საქართველოს შესახებ, ომი დაიწყება სიახლე — თავფურცელი 16:47 19.06.2009
ვერსია პრინტერისთვის • დაამატე რჩეულებში • [”ინტერპრესნიუსი”] 6-8 ივლისს ობამა-მედვედევის მოსკოვში დაგეგმილი შეხვედრის სავარაუდო შედეგებზე, პრეზიდენტების შეხვედრის მომზადების ფარგლებში ვაშინგტონში მიმდინარე კონსულტაციებზე (რომელშიც რუსული მხრიდან მედვედევთან დაახლოებული პოლიტიკოსები იგორ იურგენსი, იგორ ივანოვი, ანატოლი ჩუბაისი, სერგეი კარაგანოვი და ალექსეი არბატოვი მონაწილეობენ) და იმაზე, რა საკითხებს განიხილავენ, სავარუდოდ, ვაშინგტონის პოლიტიკურ სამზარეულოში ობამასა და მედვედევის ნდობით აღჭურვილი პირები, ”ინტერპრესნიუსი” ვაშინგტონში მცხოვრებ რუს პოლიტოლოგს, ანდრეი პიონტკოვსკის ესაუბრა. ბატონო ანდრეი, რას შეიძლება ველოდოთ ობამა-მედვედევის მოსკოვში დაგეგმილი შეხვედრისგან? - ამერიკამ რუსეთთან მიმართებაში ე.წ. გადატვირთვის პოლიტიკა კი გამოაცხადა, მაგრამ მოსკოვში ეს პოლიტიკა თავისებურად აღიქვეს. ”გადატვირვის პოლიტიკის“ რუსული აღქმის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ვლადიმერ პუტინმა იაპონელ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ ”გადატვირთვა” ამერიკელებს ეხებათ, თორემ რუსეთში ყველაფერი კარგად არის.
პუტინის განმარტებით, ე.წ. გადატვირთვა ნიშნავს, რომ რუსეთი აშშ-სთან სწორად იქცეოდა, სწორი იყო მის მიერ მიუნხენში წარმოთქმული სიტყვა, რომ ამერიკელებმა ეს გაიგეს და აღიარეს. რუსეთში მიაჩნიათ, რომ ”გადატვირთვის” პოლიტიკით ამერიკამ უკან დაიხია და თავისი სისუსტე გამოავლინა.
რუსი პოლიტიკოსების ვაშინგტონური ვიზიტის მთავარი შედეგი იქნება ის პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელსაც კრემლი ობამას მოსკოვში ვიზიტის დასრულების შემდეგ საქართველოსთან მიმართებაში მიიღებს. კრემლში ახლა წყდება, დაიწყონ თუ არა მეორე ომი საქართველოსთან.
ომისთვის მზადება დაწყებულია, მოგეხსენებათ ჩრდილოეთ კავკასიაში დაგეგმილია ფართომასშტაბიანი მანევრები. შეგახსენებთ, რომ შარშან ომი საქართველოში რუსული სამხედრო სწავლებების დასრულებიდან ოთხ დღეში დაიწყო. დაგეგმილი მანევრები 6 ივლისს უნდა დასრულდეს. ვფიქრობ, რომ მანევრების დაწყება და დამთავრება ობამას ვიზიტს შემთხვევით არ დაამთხვიეს. ობამას ვიზიტი 6-8 ივლისისთვის არის დაგეგმილი. ობამას წასვლის შემდეგ, ანუ 9 ივლისს კრემლი საქართველოსთან დაკავშირებით პოლიტიკურ გადაწყვეტილებას მიიღებს.
მოსკოვში ობამა და მედვედევი ისაუბრებენ, შეხედავენ ერთმანეთს. ყველაზე დიდი საფრთხე იმაშია, რომ ეს შეხვედრა, შესაძლოა, ვენაში კენედისა და ხრუშჩოვის შეხვედრის გამეორება იყოს. ხრუშჩოვმა მაშინ ჩათვალა, რომ კენედი სუსტი პიროვნებაა და ამის შემდეგ გაგზავნა კუბაში რაკეტები.
თუ კრემლის ბელადებმა მიიჩნიეს, რომ ობამა სუსტი პიროვნებაა და რეაგირების გარეშე დატოვებს რუსეთის მხრიდან საქართველზე შეტევას, მაშინ მოსკოვი მიიღებს პოლიტიკურ გადაწყვეტილებას საქართველოსთან ომის დაწყების შესახებ.
მოსკოვში არ მალავენ, რომ შარშანდელი ომის მიზანი მიღწეული არ არის. კრემლს არ შეუცვლია სააკაშვილის ხელისუფლება, არ გაუნადგურებია ქართული არმია და სრული კონტროლი არ დაუწესებია ნავთობსადენებზე. კრემლი ომს დაიწყებს და შემდეგ იმის მტკიცებას მოჰყვება, რომ ომი რუსეთს საქართველომ დაუწყო.
თქვენი აზრით, საქართველოსთან მიმართებაში რა პოზიციებს დააფიქსირებენ აშშ-ს პოლიტიკური წრეები ვაშინგტონში მიმდინარე კონსულტაციებზე, რომელშიც მედვედევის წარგზავნილები მონაწილეობენ? - რუსეთთან მიმართებაში ვაშინგტონში მიმდინარე კონსულტაციებთან საქმის კურსში ვარ და ჩემი მოსაზრებები ამერიკულ გაზეთ ”ტაიმსში” გამოვაქვეყნე. სტატიამ ამერიკაში ფურორი გამოიწვია. სტატიაში დავწერე, რომ იმ ადამიანებს, რომლებიც ახლა ამერიკაში რუსეთთან მიმართებაში პოლიტიკის ჩამოყალიბებას ცდილობენ, რუსეთში თავისი ფინანსური და საქმიანი ინტერესები აქვთ. დავასახელე მათი ვინაობაც - არიან დიმიტრი საიმსი, ჯეიმს ბეიკერი, ჰენრი კისინჯერი და სხვები.
მათ, ისევე როგორც გერმანიის ყოფილ კანცლერ შრიოდერს, ფულს კრემლი უხდის. ეს ადამიანები ამერიკაში ლობირებენ რუსულ ინტერესებს. სწორედ ისინი ცდილობენ, ამერიკული საზოგადოება და აშშ-ს ადმინისტრაცია დაარწმუნონ, რომ ამერიკის მთავარი ამოცანა ირანი და ავღანეთია, რაშიც პუტინს შეუძლია დაეხმაროს აშშ-ს.
იმისთვის, რომ პუტინი ვაშინგტონს დაეხმაროს, საჭიროა, კრემლისთვის რაღაცის გადახდა. ამ შემთხვევაში გადახდა ნიშნავს აშშ-ს მიერ პირდაპირ ან ირიბად რუსული კონცეფციის მიღებას, რომლის არსი პოსტსაბჭოთა სივრცეზე რუსეთის პრივილიგირებული ინტერესების აღიარებაა, რაც, თავის მხრივ, აქედან გამომდინარე ყველა შედეგების მიღებას ნიშნავს. ეს კი, უპირველს ყოვლისა, უკრაინისა და საქართველოს რუსული გავლენის ქვეშ დარჩენას ითვალისწინებს.
დღეისთვის ასეთი ვითარებაა. მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკური ჯგუფი, რომელიც ამერიკაში რუსეთს ლობირებს, ძალიან გავლენიანია, ამერიკაში არიან ადამიანები, რომლებიც რუსეთთან მიმართებაში აშშ-ს ასეთ მიდგომას არ იზიარებენ.
რუსი ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ობამა-მედვედევის შეხვედრაზე მოსკოვი აშშ-საგან ე.წ. პანდორას ყუთის დახურვას აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებით შეეცდება. იგულისხმება, რომ მოსკოვი, კოსოვოს დამოუკიდებლობის აღიარების სანაცვლოდ აშშ-საგან აფხაზეთისა და სამხეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებას მოითხოვს. - ეს არარეალურია. აშშ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას არ აღიარებს. ახლა უფრო საშიშია რუსეთის მხრიდან საქართველოსთან ომის დაწყების შესაძლებლობა. კრემლის ანალიტიკოსები დაუფარავად აცხადებენ, რომ მოსკოვმა საქართველოში უნდა დაასრულოს საქართველოს დესუვერენიზაციის დაწყებული საქმე.
თუ ობამა მოსკოვს მკაცრად არ მიუთითებს, რომ აშშ-ს საქართველოს დესუვერენიზაციაზე სერიოზული რეაქცია ექნება, მოსკოვი საქართველოსთან ომს აუცილებლად დაიწყებს.
თქვენი აზრით, ვაშინგტონი მიიღებს მოსკოვის თამაშის წესებს, თუ ახლა სწორედ ის დროა, როცა აშშ-სა და რუსეთს შორის ”დიდი ვაჭრობაა” გაჩაღებული? - ახლა ვაჭრობა კონკრეტულ საკითხებზე არ იქნება. ობამა ვაშინგტონში მყოფ მედევედევის წარგზავნილებს პირადად არ შეხვდება. კრემლის ემისრების ამოცანაა საერთო ტენდენციების გამყარება, რომლის არსი იმაში მდგომარეობს, რომ ლიბერალი პრეზიდენტი მედვედევი დასავლეთთან თანამშრომლობისთვის მზად არის, ხოლო დასავლეთმა და აშშ-მ პოსტსაბჭოთა სივრცე უნდა აღიარონ რუსეთის გავლენის ექსკლიუზიურ ზონად.
ამერიკაში რუსული ინტერესების ლობისტები ძალიან გავლენიანი ხალხი კი არის, მაგრამ არ ვიცი, მიიღებს თუ არა მათ რჩევებს პრეზიდენტი ობამა. ამერიკაში არიან ადამიანები, მათ შორის მეც, რომლებიც ცდილობენ, დაარწმუნონ თეთრი სახლი, რომ რუსეთთან დათმობები აშშ-ს არაფერს მოუტანს და რუსეთის მიმართ დათმობების პოლიტიკა ამერიკისთვის დამღუპველია. იმის გარდა, რომ ამერიკას მოკავშირეების ღალატი მოუწევს, რაც ამორალურია, ამერიკა რუსეთისგან ვერაფერს მიიღებს.
ავღანეთსა და ირანში დასავლეთს სულ სხვა ამოცანები აქვს და რუსეთი, იმის ნაცვლად, რომ დასავლეთს დაეხმაროს, ყველაფერს აკეთებს, რათა ამ რეგიონში დასავლეთისა და აშშ-ს ინტერესებს ავნოს. სწორედ ამის ნათელი მაგალითია კრემლის ზეწოლით ყირგიზეთის ქალაქ მანასში ამერიკული სამხედრო ბაზის დახურვა.
|