რეპორტაჟი ოკუპირებული ტერიტორიიდანMonday, 22 August 2011 00:00 თინა დვალი
E-mail Print PDF
ქარჩოხის ხეობა თითქმის მთლიანად დაცლილია მოსახლეობისგან. კანტიკუნტად დარჩენილი ადგილობრივები ერთმანეთს ჩუმად ესალმებიან და თითქმის არ ლაპარაკობენ. „ნეტა, ესენი წავიდოდნენ აქედან“, – ყველაზე ხშირად ეს ფრაზა ისმის მათ საუბარში. „მოხუცებიღა დავრჩით, ახალგაზრდები აქ ვერ გაჩერდებიან, საშიშია“, – ამბობს ჩვენთან საუბარში ადგილობრივი მოსახლე (რომლის ვინაობასაც მისივე უსაფრთხოებიდან გამომდინარე არ ვასახელებთ).
სოფლის მოსახლეობა ამბობს, რომ რუსები აქ სამხედრო ბაზას აშენებენ. იქვე ქსნის ნაპირზე – „ჭალაში“, როგორც ამ ადგილს ხალხი უწოდებს, იგეგმება აეროდრომის აშენებაც. ამ დროისთვის კი იქაურობას ასუფთავებენ. ობიექტების დასრულებას ოკუპანტები წლის ბოლოსთვის ვარაუდობენ. შესაბამისად, შენების პროცესი დაჩქარებული ტემპით მიმდინარეობს.
ახალგორში ბავშვმაც კი იცის, რომ აქ ყველა მშენებლობას რუსები ხელმძღვანელობენ. ძირითად, შავ სამუშაოს კი დაღესტნიდან ჩამოყვანილი 50-მდე მუშა ასრულებს. „ჩვენ რუსეთის გარეშე ვერ წარმოგვიდგენია არსებობა. როგორ, თქვენ რუსეთის გარეშე გინდათ ყოფნა?“ – გაოცებული მეკითხება ერთ-ერთი დაღესტნელი მუშა.
დაჩქარებულ მშენებლობებს მოსახლეობის ნაკვეთები და გზის სავალი ნაწილიც ეწირება. სოფლის ხალხს, ცხადია, არავინ არაფერს ეკითხება, რუსულ ბაზებს მათ საკუთრებაში არსებულ მიწებზეც კი აშენებენ. ერთ-ერთი ბურღვითი სამუშაოს დროს, რომელიც სწორედ ერთ-ერთი მკვიდრის ნაკვეთში მიმდინარეობდა, გრუნტიდან მინერალურმა წყალმა ამოხეთქა. აღებული ნიმუში სასწრაფოდ გადააგზავნეს მოსკოვის ლაბორატორიაში და წყლის შემადგელობაზე დასკვანც მიიღეს. ქარჩოხელები ამბობენ, რომ ამის შემდეგ მათ ეს ადგილი მონიშნეს და დააკონსერვეს. მომავალში კი მინერალური წყლის ქარხნის მშენებლობას გეგმავენ.
ქარჩოხის ხეობა უთენია დავტოვეთ. თბილისის მიმართულებით სამარშრუტო ტაქსი დღეგამოშვებით დადის. მანქანა უსწორმასწორო გზებზე ნელა მიღოღავს. „წვიმებმა სულ გააფუჭა გზა, გამკეთებელი აღარავინაა“, – ჩაილაპარაკა ერთ-ერთმა მგზავრმა. ათობით კილომეტრი ისე გავიარეთ, გზაში ერთი მანქანაც არ შეგვხვედრია, სანამ მდინარე ცხავატურას არ მივუახლოვდით, რომელიც სოფელ ლარგვისსა და საძეგურს შორის მდებარეობს (ისტორიულად ცნობილია ქსნის ხეობიდან წინარე ანტიკური ხანის, ძვ.წ. V საუკუნით დათარიღებული საძეგურის უმდიდრესი სამარხი, რომელიც მეცნიერებაში „ახალგორის განძის“ სახელით შევიდა). ცხავატურაზეც გამალებული მშენებლობა მიმდინარეობს და თითქმის იდენტური ობიექტი შენდება, როგორც სოფელ ბალაანში, თუმცა უფრო მასშტაბური. აქაც ასევე დაღესტნიდან ჩამოყვანილი 80 მუშა მუშაობს. მათ შესახებ ადგილობრივები ერთ პარადოქსულ ამბავს ყვებიან, როდესაც (ალკოჰოლის ზემოქმედების თუ სხვა გაურკვეველი მიზეზების შედეგად) აქ დასაქმებულ კონტინგენტს ისე შინაურულად უგრძნია თავი, რომ ტრაფარეტი გაუკეთებია წარწერით „Дагестан“, თუმცა „ნაჩალსტვოს“ მკაცრი გაფრთხილების შემდეგ მალევე მოუხსნიათ. მას შემდეგ აქ თვალსაჩინოებისთვის მხოლოდ რუსული დროშა ფრიალებს.
წყლის საბადოს შესახებ ინფორმაციას ახალგორის გამგებელი ზურაბ ფიცხელაური ადასტურებს: „მოსახლეობისგან გვაქვს ინფორმაცია იმ მშენებლობების შესახებ, რომელსაც ოკუპანტები ქსნის ხეობაში აწარმოებენ. შემიძლია დავადასტურო ისიც, რომ მათ დაახლოებით 140 მეტრზე მიწა გაბურღეს და მინერალური წყლის საბადო აღმოაჩინეს. მომავალში კი ქარხნის მშენებლობას აპირებენ. ეს ინფორმაცია ჩვენ მოსახლეობისგან გვაქვს და სამწუხაროდ, დეტალების დაზუსტება არ შეგვიძლია“.
http://www.ptpress.ge/index.php?option=com...litika&Itemid=2