საზენიტო კოშკები (Flakturm)
უნიკალური საფორტიფიკაციო კაპიტალური ნაგებობები, ერთგვარი მიწისზედა ბეტონის ბუნკერები, რომლებსაც "ლიუფტვაფე" სტრატეგიული მნიშვნელობის ქალაქების ტერიტორიაზე აგებდა (აიგო მხოლოდ ბერლინში, ჰამბურგსა და ვენაში. მათი აგება, აგრეთვე, პირველ რიგში იგეგმებოდა ბრემენში, ვილჰელმსჰაფენში, კილში, კიოლნსა და კიონიგსბერგში, შემდგომში კი - ყველა ცოტად თუ ბევრად მსხვილ გერმანულ ქალაქშიც) და იყენებდა მსხვილკალიბრიანი საზენიტო ქვემეხთა ჯგუფების კონვენტრირებულად განსალაგებლად. ისინი ასევე გამოიყენებოდა ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის კოორდინაციისათვის და დაბომბვებისას მოსახლეობის თავშესაფრებად.
როგორც ცნობილია, მეორე მსოფლიო ომის (და არა მხოლოდ) პერიოდში ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის ამოცანების მხოლოდ გამანადგურებელი ავიაციისათვის დაკისრება ამ თავდაცვისათვის დიდი და გადაუჭრელი პრობლემების შექმნას მოასწავებდა და ყველგან და ყოველთვის მსხვილი სტრატეგიული და სამხედრო ობიექტების ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვა კომპლექსურ სახეს ატარებდა, რომლებშიც ჩართული იყო როგორც გამანადგურებელი ავიაცია, ასევე - საზენიტო არტილერია და რადიოსალოკაციო , საპროჟექტორო და საპელენგაციო სადგურებიც.
1940 წლისათვის "ლიუფტვაფეს" განკარგულებაში ყველა კალიბრის საზენიტო ქვემეხი იყო თავმოყრილი: 20 მმ-დან 105 მმ-მდე. 1941 წელს კი 128 მმ-იანი საზენიტო ქვემეხიც მიიღეს შეიარაღებაში, მაგრამ არცერთი ასეთი ქვემეხის შესაძლებლობები არ იყო საკმარისი დიდ ფართობზე განლაგებული ქალაქებისა და სამრეწველო ობიექტების ცენტრების დასაცავად, თუკი ქვემეხებს უშუალოდ მათ ტერიტორიაზე არ განალაგებდნენ: გარეუბნებში და მისადგომებთან განლაგებულ ქვემეხებს, საპელენგაციო, საპროჟექტორო და რადიოსალოკაციო სადგურებს წარმატებით შეეძლოთ მხოლოდ თავიანთი სექტორების დაცვა. ამგვარად, საჭირო ხდებოდა ჰაერსაწინააღმდეგო დაცვის სექტორების უშუალოდ დიდი ქალაქების შიდა ტერიტორიაზე შექმნაც. ჰაერსაწინააღმდეგო დაცვის სისტემების თავად ასეთი განლაგება კი მრავალ პრობლემასთან იყო დაკავშირებული: საზენიტო ქვემეხებს სროლის 360-გრადუსიანი არე და ლულის ამართვის არანაკლებ 35-40-გრადუსიანი კუთხე ესაჭიროებათ, ასევე იმდროინდე საპელენგაციო და რადიოსალოკაციო სადგურებსაც მიზნამდე ღია სივრცე ესაჭიროებოდათ, რომელსაც არ უნდა ფარავდეს შენობა-ნაგებობები. ყველა მსხვილ გერმანულ ქალაქში კი ცენტრის ქუჩები ვიწროა, შენობა-ნაგებობები ერთმანეთთან ახლოსაა განლაგებული, შიდა ეზოებიც ძალიან პატარაა. ამგვარად, ქალაქის ზოლში საზენიტო საშუალებების განსალაგებლად მხოლოდ პარკები, სკვერები და სტადიონები რჩებოდა, რომელთა რიცხვიც საერთოდ არცთუ ისე დიდია და აქაც, როგორც ქვემეხებს, ასევე რადიოლოკატორებს (განსაკუთრებით, მოკლე - 70 კმ-მდე - მანძილზე მოქმედებისათვის განკუთვნილებს) და საპელენგაციო სადგურებს მუშაობაში ხელს ხეები და ახლომდებარე ნაგებობები უშლიდა.
შექმნილი პრობლემიდან გამოსავალი, შესაძლოა, არსებული შენობა-ნაგებობების სახურავებსა და ჭერებზე საზენიტო საშუალებების განლაგება ყოფილიყო, მაგრამ უკვე პირველი მსოფლიო ომის გამოცდილებამ აჩვენა, რომ ჩვეულებრივი საქალაქო ნაგებობების სახურავებსა და ჭერებზე მაქსიმუმ 37 მმ-იანი არტილერიის განლაგება იყო შესაძლებელი (და შესაბამისი წონის (1,5 ტონამდე) სხვა საზენიტო საშუალებების) - უფრო მძლავრი ქვემეხების სროლას ასეთი სახურავები და ჭერები ვერ უძლებდა და ინგრეოდა.
ამგვარად, გამოიკვეთა უშუალოდ დიდი ქალაქების ცენტრებში სპეციალური ნაგებობების განლაგების აუცილებლობა, რომლებშიც ჰაერსაწინააღმდეგო დაცვის ყველა საშუალების კონცენტრაცია უნდა მომხდარიყო და რომლებიც უზრუნველყოფდნენ როგორც საზენიტო საშუალებების ქალაქის შენობა-ნაგებობების სახურეავების დონეზე მაღლა ატანას, ასევე - მათი მომსახურე პერსონალის აბსოლუტურ უსაფრთხოებას და სრულ ავტონომიურ მოქმედებას (ელექტროენერგიის, წყალმომარაგების, კანალიზაციის, სამედიცინო მომსახურებისა და კვების საკითხებში). გადაწყვეტილების გამომუშავების მომენტში ჰიტლერი მივიდა დასკვნამდე, რომ ასეთი ნაგებობები მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღებდნენ მოსახლეობის მხარდაჭერას, თუკი მათში ბომბსაფარებიც განთავსდებოდა და საერთო ტექნიკური დავალების ჩამოყალიბებისას ეს ასპექტიც იქნა გათვალისწინებული.
1940 წლის ზაფხულისათვის საზენიტო კოშკების ოთხი ძირითადი და ერთი დამატებითი ამოცანა გამოიკვეთა:
1. საჰაერო მიზნების აღმოჩენა და მათი კოორდინატების განსაზღვრა და გადაცემა როგორც საკუთარი, ასევე მოცემული სექტორის სხვა საზენიტო ბატარეების ზუსტი სროლისათვის.
2. სექტორის ყველა ჰაერსაწინააღმდეგო საშუალების მოქმედებების კოორდინირება: ამ პროცესში ერთ-ერთი კოშკი მთელი ქალაქის საზენიტო საშუალებებსა და გამანადგურებელ ავიაციას უწევს კოორდინირებას.
3. მოწინააღმდეგის საჰაერო საშუალებების საკუთარი საბრძოლო კოშკის ბატარეების ცეცხლით განადგურება.
4. მოსახლეობის შეფარება საჰაერო თავდასხმებისას.
- დამხმარე დავალებაში იგულისხმებოდა, რომ კოშკებს დაბლამფრენი თვითმფრინავების (მაგ. მოიერიშეების) საკუთარი დამხმარე მცირეკალიბრიანი საზენიტო არტილერიით განადგურება ევალებოდათ.
საზენიტო კოშკების დაპროექტება და აგება "ორგანიზაცია ტოდტს" დაევალა. საერთო მეთვალყურეობას ალბერტ შპეერი ახორციელებდა, კოშკების უშუალო ავტორი კი არქიტექტორი ფრიდრიხ ტამსი გახლდათ, რომელიც შეეცადა, კოშკების გარეგნული სახე ქალაქების საერთო არქიტექტურულ ანსამბლში მოექცია.
საზენიტო კოშკები არა ცალკეულ შენობებად, არამედ კომპლექსებად იგებოდა, რომლებიც თავის მხრივ ორ-ორი საზენიტო კოშკისაგან შედგებოდა:
1. G-Turm (Gefechtsturm), ანუ საბრძოლო კოშკი, ცნობილი, აგრეთვე, როგორც საიარაღო კოშკი ან დიდი საზენიტო კოშკი.
2. L-Turm (Leitturm), ანუ მთავარი კოშკი. ცნობილია, აგრეთვე, როგორც ცეცხლის მართვის კოშკი, სამეთაურო კოშკი ან მცირე საზენიტო კოშკი.
საბრძოლო კოშკები მთავარი საცეცხლე საშუალებების მათზე კონცენტრაციისათვის იგებოდა, სამეთაურო კოშკები კი - ცეცხლის მართვის საშუალებების კონცენტრაციისათვის. ამ ორი სახის კოშკებს შორის დაშორება 160-დან 500 მეტრამდე მერყეობდა, რათა მართვის სისტემებზე საარტილერიო ცეცხლის უარყოფითი გავლენა (გაბოლვა, ძლიერი ქუხილი და ვიბრაცია სროლისას, ღამის ცეცხლისას გაელვებებით დაბრმავება და ა.შ.) გამორიცხულიყო. კოშკები ერთმანეთს მიწისქვეშა კაბელებითა და გვირაბებით უკავშირდებოდა.
საბრძოლო კოშკის ძირითად შეიარაღებას ოთხი 105 მმ-იანი საზენიტო ქვემეხი წარმოადგენდა, რომლებიც 1942 წლიდან 128 მმ-იანი შეწყვილებული დანადგარებით შეცვალეს (ლულების რაოდენობა, შესაბამისად, 8-მდე გაიზარდა. სროლის სიშორე - 20,9 კმ., სროლის სიმაღლე - 14,8 კმ.).


დამხმარე შეიარაღება ოთხად შეკრული 20 მმ-იანი საზენიტო დანადგარებისა (თითო კოშკზე - 6-8) და თორმეტამდე ამავე კალიბრის ერთლულიანი ქვემეხისაგან შედგებოდა.

* * *
მართვის კოშკში განლაგებული იყო სამეთაურო პუნქტი, გამომთვლელი ცენტრი და სხვა დამხმარე სამსახურები და, რაც მთავარია, აქ იყო ყველაზე მნიშვნელოვანი აგრეგატები: კოშკის ზედა ნაწილში, საბრძოლო პლატფორმაზე განლაგებული რადიოლოკატორი FuMG 39(Т) Wuerzburg (აღმოჩენის მანძილი - 35-40 კმ., მოგვიანებით დაემატა FuMG 65 Wuerzburg-Riese-თი, აღმოჩენის 50-70 კმ-იანი მანძილით), ოპტიკური მანძილმზომები, ვიზუალური მეთვალყურეობის პოსტები და საპროჟექტორო დანადგარები.
სულ საზენიტო კოშკების 3 თაობა შეიქმნა და თუკი ყოველი ამ თაობის საბრძოლო კოშკი წინა თაობის ამავე დანიშნულების კოშკისაგან მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა როგორც გარეგნობით, ასევე შიდა განლაგებითა და კონსტრუქციულად,

მართვის კოშკებს შორის ასეთი რადიკალური განსხვავება არ ყოფილა - ისინი გარეგნობით დაახლოებით ჰგავდნენ ერთმანეთს, სააგრეგატო ბაზაც დაახლოებით მსგავსი ჰქონდათ, შეიარაღებით კი პირველი თაობის მართვის კოშკები რამდენადმე ძლიერი იყო. საერთო ჯამში 2-ე და 3-ე თაობის მართვის კოშკები ძალიან ცოტა რამით თუ განსხვავდებოდნენ ერთმანეთისაგან: როგორც ჩანს, გერმანელმა სპეციალისტებმა უკვე მეორე თაობაში მიაგნეს ოპტიმალურ გადაწყვეტილებას.
პირველი თაობის მართვის კოშკი:

მეორე თაობის მართვის კოშკი:

მესამე თაობის მართვის კოშკი:

პირველი თაობის კომპლექსიდან სულ 4 ერთეული აიგო: სამი ბერლინში და ერთიც - ჰამბურგში. დღევანდლამდე მხოლოდ ჰამბურგის საბრძოლო კოშკმა მოაღწია.

დამახასიათებელი ნიშნები:
საბრძოლო კოშკი - კვდრატული სახის (70,5X70,5X39 მ.) საფორტიფიკაციო რკინა-ბეტონის ნაგებობა. კედლების სისქე - 3,5 მ საფუძველთან, რომელიც სახურავისკენ 2 მეტრამდე თხელდებოდა. სახურავის სისქე - 5 მ (სხვა მონაცემებით - 3,5 მ.). შედგებოდა სარდაფისაგან, ცოკოლის სართულისა და ხუთი ზედა სართულისაგან. თავად კოშკი 2 მ სისქის ბეტონის ფუნდამენტზე იდგა, რომელსაც ქვემოდან, ერთგვარ დაკიდებულ მდგომარეობაში ჰქონდა მიმაგრებული სარდაფი - სწორედ ამ ორმეტრიან ბეტონის ფილაზე.
მეხუთე სართულის დონეზე შენობის მთელ პერიმეტზე გასდევდა ქვედა საბრძოლო პლატფორმის სარტყელი, რომელზედაც დამხმარე მცირეკალიბრიანი არტილერია იყო განლაგებული. თავად ნაგებობის სახურავის ყოველ კუთხეში კი მთავარი არტილერიის პლატფორმები. კოშკის სართულები ერთმანეთთან შენობის კუთხეებში განლაგებული ხვეული კიბეებით იყო დაკავშირებული. ამას გარდა, იყო ორი სატვირთო ლიფტიც. ქვედა საარტიპერიო პლატფორმები ზედას - სახურავისას - სამმხრივი კიბეებით უკავშირდებოდა.
კოშკის სარდაფი ქვემეხების სათადარიგო ნაწილებისა და სარემონტო საშუალებებისათვის იყო განკუთვნილი.
ცოკოლის სართული საარტილერიო სარდაფს წარმოადგენდა, რომელშიც მსხვილკალიბრიანი არტილერიის საბრძოლო მარაგი ინახებოდა.
პირველი სართული 8 ათას ადამიანზე გათვლილ ბომბსაფარს წარმოადგენდა, თუმცა აქ საჰაერო თავდასხმებისას ყოველთვის გაცილებით მეტი ადამიანი იყრიდა თავს.
მეორე სართული სამუზეუმო ექსპონატების სესანახად იყო განკუთვნილი.
მესამე სართული 95-ადგილიან ჰოსპიტალს წარმოადგენდა ორი საოპერაციოთი.
მეოთხე სართული კოშკის მთელი სამხედრო პერსონალისათვის იყო განკუთვნილი.
მეხუთე სართული საბრძოლო პლატფორმებს და მცირეკალიბრიანი არტილერიის საბრძოლო მარაგის საწყობს წარმოადგენდა.
მართვის კოშკი - მთლაინობაში საბრძოლოს ანალოგს წარმოადგენდა, განსხვავებული ზომებით (70,5X35X39 მ., თუმცა ბერლინის მესამე კომპლექსის მართვის კოშკი კიდევ უფრო მცირე ზომის იყო: 50X23X39 მ.). კოშკის სახურავზე, საბრძოლო პლატფორმაზე საძიებელი რადიოლოკატორი, ოპტიკური მანძილმზომი და ზუსტი რადიოლოკატორი იდგა.
საერთო ჯამში პირველი თაობის კოშკებს შემდეგი ხარვეზები ჰქონდა:
ღიად განლაგებული არტილერია.
დაუცველი მისასვლელები საცეცხლე პოზიციებთან
ბომბსაფარებთან მისასვლელების არასაკმარისი რაოდენობა და არსებულების სივიწროვე, რაც ბომბსაფარების ავსება-დაცლის დროს მკვეთრად ზრდიდა.
ზედა ხუთი სართულის დიდი რაოდენობის ფანჯრები, რომლებიც თავდასხმისას ჯავშნიანი ფირებით იხურებოდა.
საკუთრივ კოშკების მეტისმეტად დიდი ზომები, რაც მათი მშენებლობის დროსა და ღირებულებას მკვეთრად ზრდიდა, აგრეთვე ისინი ადვილად შესამჩნევ სამიზნეს წარმოადგენდნენ.
ამ ხარვეზების გამო დამუშავდა საზენიტო კოშკების მეორე თაობა.
* * *
მეორე თაობის კომპლექსიდან სულ ორი აიგო: თითო - ჰამბურგსა და ვენაში. დღევანდლამდე ვერ მოაღწია მხოლოდ ჰამბურგის მართვის კოშკმა, დანარჩენი სამი ნაგებობა ცოტად თუ ბევრად ნორმალურ მგვომარეობაში დღესაც არსებობს.
ჰამბურგის საბრძოლო კოშკი:


ვენის საბრძოლო კოშკი:

მეორე თაობის კოშკები პირველი თაობისაგან პირველ რიგში შემცირებული ჰორიზონტალური ზომებითა და გაზრდილი სიმაღლით გამოირჩეოდა. განსაკუთრებულად თვალშისაცემი იყო განსხვავება საბრძოლო კოშკებს შორის: მეორე თაობის საბრძოლო კოშკები ნაკლები სიგრძე-სიგანითა და მეტი სიმაღლით (57X57X42 მ.) გამოირჩეოდნენ. მთლიანად გაუქმდა ფანჯრები, რომლებიც ნაგებობის საერთო სიმტკიცეს ამცირებდა და მშენებლობის დროსა და ღირებულებას ზრდიდა. კედლების სისქე 2 მეტრამდე შემცირდა, სახურავის სისქე - 3,5 მ. მთავარი არტილერიის საცეცხლე პოზიციები უფრო ახლო-ახლოს განლაგდა და გაცილებით უკეთ იქნა დაცული გარეგანი ზემოქმედებისაგან, გაიზარდა შესასვლელების, კიბეებისა და დერეფნების გამტარუნარიანობა.
მართვის კოშკი პირველ თაობასთან შედარებით საგრძნობლად შემცირდა ზომებში, თუმცა სიმაღლე გაიზარდა (23,5X39X42 მ.). ის სარდაფის, ცოკოლის სართულისა და 8 ზედა სართულისაგან შედგებოდა.
სარდაფში ქვემეხების სათადარიგო ლულები ინახებოდა.
ცოკოლის სართული პრაქტიკულად მთლიანად შედგებოდა შესასვლელბისაგან (ერთ მხარეს - სამოქალაქო მოსახლეობისათვის, რომლებიც ბომბსაფარებში შედიოდნენ, მეორე მხარეს - პერსონალისა და ავტოტრანსპორტისათვის)
პირველი სართული - ქვემეხების საბრძოლო მასალები, მედპუნქტი ექიმთა ოთახებით, დამხმარე პერსონალის ოთახებითა და ჰოსპიტალის პალატებით, სასწავლო კლასი და საპირფარეშოები.
მეორე სართული - ბომბსაფარი
მესამე სართული - სავენტილაცო დანადგარი, დიზელგენერატორების დანადგარი, ცენტალური გათბობის დანადგარი, წყლის რეზერვუარი, ელექტროფარები და ტრანსფორმატორები.
მეოთხე სართული - ბომბსაფარი და 800-ადგილიანი ჰოსპიტალი.
მეხუთე სართული - ბომბსაფარი
მეექვსე სართული - ბომბსაფარი, სატელეფონი სადგური, მსუბუქი საზენიტო არტილერიის საბრძოლო მარაგის საწყობი, კოშკის ელექტრომეურნეობის ნაწილი.
მეშვიდე სართული - ერთგვარი გალერეა ქვედა საბრძოლო პლატფორმისათვის, რომელზეც, თავის მხრივ, დამხმარე მსუბუქი არტილერიაა განლაგებული. აქვე იმყოფება კოშკის მთელი პირადი შემადგენლობა, სამეთაურო პუნქტი, გამომთვლელი ცენტრი, საშხაპე და ნაგებობები დეგაზაციისათვის და მოძრავი პლატფორმა რადიოლოკატორისათვის, რომელიც ლიფტის პრინციპით ადის მერვე სართულზე-სახურავზე.
მერვე სართული - საკუთრივ საბრძოლო პლატფორმა: დიდი და მცირე რადიოლოკატორი, ოპტიკური მანძილმზომი, ცეცხლის მართვის ხელსაწყოები, სამეთვალყურეო და სამეთაურო პუნქტები.
სულ ასეთი კოშკი 15 ათასზე მეტ ადამიანს იტევდა ბომბსაფარში, თუმცა თითქმის ყოველთვის გაცილებით მეტის მიღება უხდებოდა.
მესამე თაობის კომპლექსიდან სულ ორი ერთეულია აგებული და ორივე - ვენაში. ორივე მათგანი დღემდეა შემონახული.


აღსანიშნავია ისევ მკვეთრი განსხვავება მეორე და მესამე თაობის საბრძოლო კოშკებში, მაშინ, როდესაც ამავე თაობების მართვის კოშკები მხოლოდ დეტალებში განსხვავდებოდა ერთმანეთისაგან.
მესამე თაობის საბრძოლო კოშკები თექვსმეტკუთხედებს წარმოადგენდა და ზედა ხედიდან თითქმის მრგვალები ჩანდა, 43-მეტრიანი დიამეტრით. პირველად აგებული მესამე თაობის საბრძოლო კოშკის სიმაღლე 45 მეტრი იყო და ის 9 სართულისაგან შედგებოდა, მეორე საბრძოლო კოშკი კი 12-სართულიანი და 55 მეტრი სიმაღლის იყო. კედლების სისქე - 2,5 მ., სახურავი - 3,5 მ.
საერთო ჯამში მესამე თაობის საბრძოლო კოშკების შიდა მოწყობა წინა თაობის ასეთივე დანიშნულების კოშკებისას იმეორებდა, თუმცა მათში ლიფტები საერთოდ არ იყო და ამ მიზეზით საბრძოლო მარაგის საწყობები საბრძოლო პლატფორმების ქვეშ იყო განლაგებული.
ამავე, მესამე თაობის მართვის კოშკები როგორც ზომით, ასევე შიდა განლაგებით მეორე თაობებისას იმეორებდნენ და მათში მხოლოდ დამხმარე მსუბუქი არტილერიის პლატფორმები იყო განსხვავებულად განლაგებული.
კონკრეტულად ბერლინის საზენიტო კოშკებმა ქალაქის დაცვის ოპერაციაში უდიდესი როლი ითამაშეს: იმ სექტორებში, რომლებსაც ეს კოშკები აკონტროლებდნენ, საბჭოთა ჯარებმა ერთი გოჯითაც ვერ წაიწიეს წინ. ამ კოშკების შტურმს აზრი არ ჰქონდა - მათ სქელ კედლებს ბერლინთან გადმოსროლილი ყველაზე დიდი კალიბრის საბჭოთა არტილერიაც კი ვერ ხვრეტდა (152 მმ-იანი Бр-2 და 203 მმ-იანი Б-4), მასთან მიახლოებას რომ თავი დავანებოთ, ხოლო ერთადერთი სატანკო იერიშისას 2-ე საბჭოთა სატანკო არმიის მძიმე სატანკო პოლკი ორი საბრძოლო კოშკის (ბერლინის ზოოპარკთან და ფრიდრიხსჰაინზე მდებარე კოშკები) ჯვარედინ ცეცხლში მოხვდა და 128 მმ-იანმე შეწყვილებულმა ქვემეხებმა რამდენიმე ИС-2 პრაქტიკულად მარტივ მამრავლებად დაშალეს.

ბერლინის საზენიტო კოშკების წინააღმდეგობა მხოლოდ ბერლინის გარნიზონის კაპიტულაციის შემდეგ შეწყდა.
ბერლინის სამივე კოშკი მოკავშირეთა სამ სხვადასხვა საოკუპაციო ზონაში მოხვდა 1946 წელს სამივე გაანადგურეს.


დღეისათვის ყველა გადარჩენილი კოშკი არქიტექტურულ მემკვიდრეობას წარმოადგენს და მათ კანონი იცავს.
* * *
სიკვდილს ყველა ვიმსახურებთ. საქმე ისაა, როდის და როგორ.
Now I want you to remember that no bastard ever won a war by dying for his country. He won it by making the other poor dumb bastard die for his country. - George Smith Patton Jr.