narmonana1941 წლის 20 ივნისს აბვერ-2-ის სპეცოპერაციების უფროსის გენერალ ერვინ ფონ ლაჰუზენის საიდუმლო განკარგულებით შეიქმნა ორგანიზაცია "თამარი", რომელსაც ქართველთა ძალებით საქართველოს ტერიტორიაზე აჯანყების მომზადება დაევალა.
გენერალი ერვინ ფონ ლაჰუზენი ნიურნბერგის პროცესზეორგანიზაცია "თამარის" ხელმძღვანელად ობერლეიტენანტი კრამერი დაინიშნა, მის მოადგილედ - ფელდფებელი დოქტორი ჰაუფე.
"თამარი" ორ აგენტურულ ჯგუფად გაიყო:
"თამარ-1" 16 ქართველისაგან შედგებოდა, რომლებიც საბოტაჟისთვის იყვნენ მომზადებული და უჯრედებად იყვნენ დაყოფილნი. ჯგუფს უნტერ-ოფიცერი ჰერმანი მეთაურობდა.
"თამარ-2" 80 ქართველისაგან შედგებოდა და ეს ოპერატიული ჯგუფი იყო, რომელიც ასევე იყო უჯრედებად დაყოფილი. ამ ჯგუფს ობერლეიტენანტი კრამერი მეთაურობდა.
ორივე ჯგუფი აბვერის სპეცოპერაციების სამმართველოს განკარგულებაში იმყოფებოდა და "თამარ-1" ქალაქ იასის რაიონში იყრიდა თავს, "თამარ-2" კი - ბრეილა-კალარეს-ბუქარესტის რაიონში: ამგვარად, ორივე ჯგუფი რუმინეთის ტერიტორიაზე კონცენტრირდებოდა. ჯგუფების ქართული ნაწილი ბოლშევიკური რევოლუციისა და ბოლშევიკური რუსეთის მიერ დამოუკიდებელი საქართველოს ანექსიის შემდეგ ევროპაში (ძირითადად - საფრანგეთში) ემიგრირებული ქართველებისა და მათი ოჯახების წევრებისაგან შედგებდა, ამ ხალხის ორგანიზებაში კი მნიშვნელოვან როლს ასრულებდა "ქართული სამხედრო კომიტეტის" ხელმძღვანელი მიხეილ კედია.
მიხეილ კედია"თამარის" ჯგუფებმა საფუძვლლიანი მომზადება გაიარეს აბვერის სპეცსკოლებში, თუმცა თვით სსრკ-ს წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებების დაწყების მომენტამდე ჯგუფების წევრებმა არ იცოდნენ, თუ რისთვის გადიოდნენ მომზადებას - მათ აცნობეს, რომ მომზადების შემდეგ რაიხის ტერიტორიაზე და ოკუპირებულ ქვეყნებში მნიშვნელოვანი სამხედრო და სამრეწველო ობიექტების დაცვა დაევალებოდათ.
1941 წლის 25 ივნისს, სსრკ-სთან ომის დაწყების შემდეგ, "თამარ-1"-ის პირადი შემადგენლობა, რომელიც ამ დროს უკვე შეიარაღებული და ვერმახტის უნიფრომაშიც იყო გამოწყობილი, ვენის ერთ-ერთ გარეუბანში მდებარე ყაზარმის ეზოში მოაწყვეს და ჯგუფის უფროსმა უნტერ-ოფიცერმა ჰერმანმა მათ საზეიმო სიტყვით მიმართა. ჰერმანმა ჯგუფის მებრძოლებს სამშობლოს ბოლშევიზმისაგან განთავისუფლებისკენ მოუწოდა და მათ სიტყვა მისცა, რომ საქართველოს ტერიტორიაზე სპეცდავალების შესრულებას თავად ჩაუდგებოდა სათავეში. ბოლოს კი გამოაცხადა, რომ თუკი ვინმეს არ სურდა სამშობლოს განთავისუფლებისთვის ბრძოლაში მონაწილეობის მიღება ანდა ეს გადაიფიქრა, შეეძლო დაუბრკოლებლად დაეტოვებინა ჯგუფი და ის რაიხში სამოქალაქო სამუშაოთი იქნებოდა უზრუნველყოფილი. ამის მსურველი არავინ აღმოჩნდა: მებრძოლებმა დიდი სიხარულით მიიღეს სსრკ-სთან ომის დაწყების ცნობა და სამშობლოს ბოლშევიზმისაგან განთავისუფლებაში მონაწილეობის მიღების წინადადება.
ყოველივე ამის შემდეგ ჯგუფის წევრებმა ელზასელი გერმანელების სახელ-გვარები მიიღეს, რომელთა პირველი ასოები მათი სახელებისა და გვარების პირველ ასოებს შეესაბამებოდა. ისინი ქართულად თითქმის არ საუბრობდნენ, ეკრძალებოდათ - მხოლოდ ფრანულ ენაზე ურთიერთობდნენ - და, ამგვარად, მათი წარმოშობაც და სავარაუდო მოქმედების მიმართულებაც საკმაოდ საიმედოდ დაიმალა რაიხის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების მოსახლეობისათვის. "თამარ-1"-ს ასევე "ოცეული ეჰერი" (Zug Eher) ეწოდებოდა მისი მეთაურის - ედვარდ ჰერმანის სახელ-გვარის პირველი ასოების მიხედვით.
ცოტა ხანში "თამარ-1" რუმინეთში გადაიყვანეს, აგვისტოში კი - უკრაინაში, ქალაქ ნიკოლაევთან. ორ კვირაში - მელიტოპოლში, სადაც ჯგუფს გერმანელი კადრის მზვერავები და საბჭოთა სამხედრო ტყვეთა რიცხვიდან გადაბირებული ქართველები დაემატნენ და ნოემბერში ყველანი მარიუპოლში შეკრიბეს, სადაც გამოიზამთრეს კიდეც. დეკემბერში ჰერმანმა ფელდფებელობა მიიღო.
1942 წლის აპრილის პირველ რიცხვებში "თამარ-1" ყირიმში, სიმფეროპოლსა და ალუშტას შორის მდებარე დასახლებულ პუნქტ დემერჯის რაიონში გადაისროლეს, სადაც პირობები მაქსიმალურად იყო მიახლოებული კავკასიასთან და აქ ჯგუფი კვლავ ინტენსიურად ემზადებოდა საქართველოს ტერიტორიაზე სამოქმედოდ. განსაკუთრებული ყურადღება ექცეოდა სადაზვერვო-დივერსიული მოქმედებების დახვეწას, ტყიან და მთაგორიან ადგილმდებარეობაზე ორიენტირებას, აზიმუტით მოძრაობას ღამით და ცუდი ამინდისა და ცუდი ხედვადობის პირობებში, მთებში პარტიზანული მოქმედებების ტაქტიკას, ასევე - სხვადასხვა სისტემის ცეცხლსასროლი და ცივი იარაღის ხმარებას. აგვისტოს პირველი ნახევრის განმავლობაში სპეციალური ინსტრუქტორი ჯგუფს პარაშუტებით გადმოხტომაში ამზადებდა.
აგვისტოს ბოლოსათვის, როდესაც ვერმახტის ნაწილები უშუალოდ მიუახლოვდნენ კავკასიონის მთავარ ქედს, "თამარ-1"-ის საქმეში ჩართვის დროც მოვიდა და ჯგუფი ჯერ სიმფეროპოლში, შემდეგ კი ქალაქ საკის აეროდრომზე გადაიყვანეს. ჯგუფის გადასროლის უშუალო გადაწყვეტილება ქალაქ სტალინოში (დღევანდელი დონეცკი) აბვერკომანდო-201-ის უფროსმა მაიორმა არნოლდტმა მიიღო. ჰერმანი სამართლიანად თვლიდა, რომ ჯგუფის გადასროლა უშუალოდ ჩრდილოკავკასიის აეროდრომებზე დისლოცირებული ლიუფტვაფეს თვითმფრინავებით იყო მიზანშეწონილი, რადგან ამ ეკიპაჟებმა თეატრის თავისებურებები იცოდნენ, რასაც ყირიმში ბაზირებული ლიუფტვაფეს ეკიპაჟები მოკლებულნი იყვნენ და ჰერმანი შიშობდა, ჯგუფის გადასროლისას "ყირიმელ" მფრინავებს მარშრუტზე რაიმე შეცდომა არ დაეშვათ, თუმცა, მაიორ არნოლდტის ზეწოლით, იძულებული გახდა, ყირიმიდან გადასროლას დათანხმებოდა.
1942 წლის აგვისტოში ვერმახტის 49-ე სამთო-მსროლელი კორპუსის ნაწილებმა და ქვეგანაყოფებმა კავკასიონის უღელტეხილებისთვის ბრძოლები გააჩაღეს. მათ მარუხის, ქლუხორისა და სანჭაროს უღელტეხილების საბჭოთა დამცველები უკუაგდეს და კავკასიონის სამხეთ ქედებისკენ დაიწყეს წინსვლა: გზა საქართველოსკენ თითქმის გახსნილი იყო.
სწორედ ამ პერიოდისათვის წითელი არმიის რიგებში ამიერკავკასიის ტერიტორიიდან გაწვეულთა დეზერტირობამ იმატა. როგორც შინსახკომის დოკუმენტებიდან ირკვევა, საქართველოს ტერიტორიაზე მობილიზაციის გამოცხადების დღიდან 1942 წლის აგვისტოს ბოლომდე საქართველოს სსრ მოქალაქეთა რიცხვიდან 491 კაცი იყო დეზერტირი, მათ შორის იარაღით - 53 კაცი. ამათგან 270 დააკავეს, რომელთაგან 119 დახვრიტეს.
საქართველოს სსრ შინსახკომისა და უშიშროების სახკომატის მონაცემებით 1942 წლის განმავლობაში ასეთი სურათი იხატება:"ლიკვიდირებულია:
ა) ბანდიტური ჯგუფები - 83 ერთეული.
ბ) მათში მონაწილეები - 285 კაცი.
გ) მარტოხელა ბანდიტები - 72 კაცი.
დაკავებულია:
ა) დეზერტირები წითელი არმიიდან - 4 686 კაცი.
ბ) მობილიზაციისაგან თავარიდებულები - 1 000 კაცი.
სულ - 5 686 კაცი"
1943 წელს სურათი შემდეგია:"ლიკვიდირებულია:
ა) ბანდიტური ჯგუფები - 118 ერთეული.
ბ) მათში მონაწილეები - 584 კაცი.
გ) მარტოხელა ბანდიტები - 88 კაცი.
დ) შეიარაღებული არალეგალები - 123 კაცი.
ე) ბანდიტთა ხელშემწყობები - 159 კაცი.
სულ - 954 კაცი.
დაკავებულია:
ა) დეზერტირები წითელი არმიიდან - 6 694 კაცი.
ბ) მობილიზაციისაგან თავარიდებულები - 6 264 კაცი.
სულ - 12 958 კაცი"
როგორც ვხედავთ, მხოლოდ 2 წლის განმავლობაში ფხიზელმა ბოლშევიკურმა ორგანოებმა არსებული წყობილებით და ომით უკმაყოფილო თითქმის 20 ათასი საქართველოს მოქალაქე "გამოავლინეს", რომელთაგან 1 311 "ლიკვიდირებული იქნა" (ლიკვიდირებულთა შორის, დიდი ალბათობით, დეზერტირთა და "ბანდიტთა" ოჯახის წევრები და ახლობლებიც ბლომად იქნებოდნენ, რომელთაც გაქცეულებმა და მიმალვაში მყოფებმა დახმარებისთვის მიმართეს). სავარაუდოდ, "უკმაყოფილოთა" რიცხვი უფრო მეტი იყო, რომლებიც საბჭოთა დამსჯელმა ორგანოებმა "ვერ გამოავლინეს" - დავუშვათ იმდენივე, რამდენიც "გამოავლინეს": კიდევ 20-30 ათასი. ამგვარად, ვღებულობთ "უკმაყოფილოთა" 50-ათასიან "არმიას", რაც საქართველოსთვის, რასაკვირველია, საკმაოდ ბევრია, თუმცა ვერაფრით შეედრება საქართველოდან წითელ არმიაში წასულ და იქ მებრძოლ 700 ათას "პოლიტიკურად შეგნებულ" მოქალაქეს, რომლებიც არსებული წესწყობილების მიმართ ლოიალურად იყვნენ განწყობილი და სიცოცხლესაც კი სწირავდნენ მისთვის.
ასეა თუ ისე, ვერმახტსა და აბვერში წითელი არმიის რიგებიდან საქართველოს მცხოვრებთა მზარდი დეზერტირობა ხელსაყრელ სიგნალად მიიღეს და "თამარ-1"-დან საქართველოს ტერიტორიაზე პირველი ჯგუფის გადასროლა გადაწყდა.
ჯერ კიდევ 1942 წლის გაზაფხულზე "თამარ-1"-ის ცალკეულ ქართველებთან შეხვედრისას მიხეილ კედია ხაზგასმით აღნიშნავდა, რომ საქართველოს ტერიტორიაზე გადასროლისთანავე მოხალისეება, ადგილობრივ მოსახლეობაზე დაყრდნობით, ქვეყნის დროებითი ეროვნული მთავრობის შექმნა უნდა სცადონ. ამის საქმის კურში ყოფილი ქართველი სამხედრო ტყვეებიც იყვნენ, რომლებიც იმ დროისათვის დივერსიული ჯგუფის შემადგენლობაში იმყოფებოდნენ. საქართველოს ტერიტორიაზე ვერმახტის შეჭრისა და წინსვლის პირველივე საათებში ამ მთავრობას საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა უნდა გამოეცხადებინა, რითაც როგორც ვერმახტის ყველა დონის სარდლობას, ასევე რაიხის მთელ ხელმძღვანელობასაც მომხდარი ფაქტის წინაშე დააყენებდნენ.
1942 წლის სექტემბრის დასაწყისისათვის "თამარ-1" ოთხ ნაწილად გაყვეს - თითოში 7 კაცი ირიცხებოდა. ყოველ ჯგუფს გერმანელი უნტერ-ოფიცერი მეთაურობდა, რომლებიც აბვერის სპეცრაზმ "ბრანდენბურგ-800"-იდან სპეციალურად შეარჩიეს. ასევე გერმანელები იყვნენ ჯგუფების ყველა რადისტი და ამფეთქებელიც (ყოველ ჯგუფში თით-თითო რადისტი და ამფეთქებელი ითვლებოდა): რადისტებს კავშირის უზრუნველყოფა როგორც ერთმანეთტან, ასევე სიმფეროპოლში ჯგუფის შტაბთანაც ევალებოდათ, ამფეთქებლები კი სტრატეგიულად და ოპერატიულად მნიშვნელოვან ობიექტებს (რკინიგზებს, გზატკეცილებს, ხიდებს, გვირაბებს, სერპანტინებს, ელექტრო-, სატელეფონო და რადიოგადაცემის ხაზებს, ტრანფორმატორების ჯიხურებს და ა.შ.) გაანადგურებდნენ. ჯგუფების ქართული პერსონალი ორი სახისა იყო: ორი-სამი - ემიგრანტი და ორი-სამი - ყოფილი ტყვე. ამათ ძირითადად პროპაგანდისტული მუშაობა ევალებოდათ: ადგილობრივი მოსახლეობისათვის უნდა განემარტათ, რომ საბჭოების განდევნის შემდეგ კოლმეურნეობები დაიშლებოდა, გლეხებს კი მიწა და კერძო საკუთრების უფლება დაუბრუნდებოდათ. ემიგრანტებს ასევე ევალებოდათ ადგილობრივ ანტიბოლშევიკურ იატაკქვეშეთთან დაკავშირებაც, რაც, გერმანელთა აზრით, საკმაოდ სოლიდურად იყო წარმოდგენილი საქართველოს ტერიტორიაზე.
ყოველი ჯგუფი საფუძვლიანად მომზადდა. თითოეული მებრძოლი შემდეგნაირად იყო ეკიპირებული:
1. გერმანული ნიმუშის ავტომატი და 500 საბრძოლო ვაზნა მისთვის.
2. "პარაბელუმის" სისტემის პისტოლეტი 4 დამატებითი მჭიდით.
3. 7 ხელყუმბარა.
4. 2 კგ ასაფეთქებელი მასალა.
5. ხანჯალი.
6. სასიგნალო ელექტროფარანი.
7. ჩვეულებრივი ელექტროფარანი.
8. კომპასი, გადასხდომისა და შემდგომი სამოქმედო რაიონების რუქები.
9. პორტატული ხერხი ტელეგრაფის ბოძების გადასაჭრელად.
10. წითელარმიული სამხედრო ფორმის ერთი სრული კომპლექტი.
11. ყალბი საბჭოთა საბუთები.
12. 200 ცალი გერმანული პროპაგანდისტული ფურცელი.
13. 10 დღის სამყოფი სურსათი.
14. 5 000 საბჭოთა რუბლი.
გარდა ინდივიდუალური აღჭურვილობისა, ყოველ ჯგუფს ჰქონდა ერთი გერმანული ტყვიამფრქვევი, სამი შაშხანა, უხმაურო სროლის მოწყობილობები მათთვის, ბინოკლები და ოპტიკური მილები, თითო რადიოგადამცემი და ფოტოაპარატი.
სარდლობამ ყოველ ჯგუფს შემდეგი ამოცანები დაუსახა:
დაამყარონ კავშირი ნაციონალისტურად განწყობილ პირებთან, შექმნან მათგან მეამბოხეთა ორგანიზაციები, რათა საქართველოში ვერმახტის შემოსვლასთან ერთად ყოველმხრივი დამხარება აღმოუჩინონ გერმანელებს. ამ ამოცანის შესრულებისას მთავარი ყურადღება უნდა მიექცეს წითელი არმიიდან დეზერტირებულ იმ ქართველებს, რომლებმაც იარაღით ხელში დატოვეს საკუთარი სამხედრო ნაწილი. ამ ხალხისაგან პარტიზანული მოძრაობის ორგანიზება და შეიარაღებული აჯანყება საბჭოთა ოკუპანტთა ზურგში ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად. ამ ადამიანთა იდენტიფიცირებისათვის დივერსიულ ჯგუფებს სპეცბატალიონ "ბერგმანის" ემბლემის (კავკასიური ფარ-ხანჯალი) მსგავსი, განსაკუთრებულად დანომრილი ემბლემები ჰქონდათ თან, რომლებიც აჯანყებისა და ანტიბოლშევიკური მოძრაობის მონაწილეებისათვის უნდა დაერიგებინათ და სწორედ ამ დანომრილი ემბლემებით უნდა მომხდარიყო ასეთი ადამიანების იდენტიფიკაცია.
ბატალიონ "ბერგმანის" ემბლემასაქართველოდან წითელი არმიის ნაწილების უკანდახევის შემთხვევაში დივერსიულ სპეცჯგუფებს საბჭოთა მხარის მიერ დანაღმული სამხედრო და სამრეწველო ობიექტების აფეთქების თავიდან აცილება და შესაბამისი გერმანული სამსახურების მოსვლამდე ამ ობიექტების აჯანყებული პარტიზანული თუ ადგილობრივი მოსახლეობიდან მოკრებილი ჯგუფების ძალებით დაცვის უზრუნველყოფა ევალებოდათ.
1942 წლის შემოდგომიდან საქართველოს ტერიტორიაზე გერმანულმა თვითმფრინავებმა პროპაგანდისტული და სააგიტაციო ფურცლების ჩამოყრა დაიწყეს, რომლებშიც ადგილობრივ მოსახლეობასა და ეთნიკურად ამიერკავკასიელ წითელარმიელებს მოუწოდებდნენ, ჭინააღმდეგობა არ გაეწიათ და იარაღი კომისრებისკენ შეებრუნებინათ, აცხადებდნენ, რომ მოდიოდნენ, როგორც განმანთავისუფლებლები:
"ქართველებო!
უკვე ხანგრძლივი დროის განმავლობაში გერმანიის არმიის რიგებში საბჭოთა რუსეთის წინააღმდეგ თქვენი ძმები - ქართველი მოხალისეები იბრძვიან.
მალე ისინი სამშობლოში ჩამოვლენ ქართული ეროვნული დროშების ქვეშ, ძლევამოსილ გერმანულ ჯარებთან ერთად!
ჩვენ ვაწარმოებთ ბრძოლას არა კავკასიის ხალხების წინააღმდეგ, არამედ საბჭოთა რუსეთის მონობისაგან თქვენი განთავისუფლებისათვის.
ჩვენ თქვენთვის მოგვაქვს:
კოლმეურნებობებში ძალით შერეკილი გლეხობის მონობის განადგურება.
გლეხთა თავისუფალი ცხოვრება - საკუთარ თავსუფალ მიწაზე!
თავისუფალი მუშის უფლება - საკუთარი შრომით მოპოვებული სრულად ბატონ-პატრონობაზე.
თავისუფალი კერძო ვაჭრობა და წარმოება.
თქვენი ადათ-წესების დაცვა.
რწმენის თავისუფლება.
დანგრეული ეკლესიების აღდგენა.
ქართული ეროვნული სკოლა.
ეროვნული კულტურის აყვავება.
ფართო თვითმმართველობა."
..............................................
"ქართველებო!
ნუ გაუწევთ წინააღმდეგობას თქვენს განმანთავისუფლებლებს.
არ ესროლოთ თქვენს ძმებს.
შეეგებეთ ღირსეულად, პატივისცემით, როგორც გეკადრებათ - ქართულად.
ბოლშევიზმის წინააღმდეგ ნებრძოლთა დამსახურებები შესაბამისად დაფასდება.
გერმანული სარდლობა"
1942 წლის 4 სექტემბერს, საღამოს 7 საათზე, საკის აეროდრომიდან "თამარ-1"-ის პირველი ჯგუფი სრული შემადგენლობით გაფრინდა საქართველოსკენ. სამსაათიანი ფრენის შემდეგ გერმანულ ფორმაში გამოწყობილი მედესანტეები წყალტუბოს რაიონში დაეშვნენ. პირველად თვითმფრინავიდან ლილუაშვილი გადმოხტა, შემდეგ - "თამარ-1"-ის მეთაური ფელდფებელი ჰერმანი, რადისტი გრიუნაისი, ხარისჭირაშვილი, კერესელიძე და ეფრეიტორი ფოიერაბენდი. ჰერმანის ვარაუდით ჯგუფს საქართველოს ტერიტორიაზე ერთიდან სამ კვირამდე მოუწევდა მოქმედება - გერმანულსარდლობის აზრით სწორედ ეს დრო დასჭირდებოდათ ვერმახტის ნაწილებს საქართველოს მთლიანად დასაკავებლად.
5 სექტემბერს, ასევე საღამოს 7 საათზე, საკიდან საქართველოსკენ "თამარ-1"-ის კიდევ ერთი ჯგუფი გაფრინდა, რომელიც ამჯერად ჭიათურის რაიონში დაეშვა.
როგორც ჰერმანს ეშინოდა, თვითმფრინავები ზუსტად ისე მოქმედებდნენ: პირველი ჯგუფის გადმოსხმისას Ju-52-მა ჯერ ოთხი მებრძოლი გადასხა, შემდეგ კი წრე დაარტყა, წინანდელ კურზე დადგა და დანარჩენებიც გადასხა: გერმანული სატრანსპორტო თვითმფრინავი, რომელმაც 4 კმ სიმაღლიდან გადასხა პარაშუტისტები 2 წყებად, საბჭოთა ჰაერსაწინააღმდეგო დაცვას შეუმჩნეველი არ დარჩენია და დივერსანტების საძებნელად დაუყოვნებლივ დაიძრა ადგილობრივი გამანადგურებელი ბატალიონი.
8 სექტემბერს გამანადგურებელი ბატალიონის მებრძოლებმა წყალტუბოს რაიონის სოფელ ცხუნკურის მახლობლად იპოვეს და ურთიერთსროლაში მოკლეს დივერსიული ჯგუფის მეთაური ჰერმანი. 9 სექტემბერს იგივე ბედი ეწია რადისტ გრიუნაისს.
მეთაურისა და კავშირის გარეშე დარჩენილი ჯგუფი პრაქტიკულად დაიშალა და ისინი ცალ-ცალკე შეეცადნენ მდევრისაგან თავის დაღწევას, თუმცა - უშედეგოდ: 15 სექტემბერს პირველი ჯგუფის უკანასკნელი წევრი - ამფეთქებელი ფოიერბენდი დააკავეს. მან შინსახკომის დაკითხვაზე აჩვენა, რომ ჯგუფის კრახის მიზეზი ერთმანეთს შორის კონტაქტის და, შემდეგ, მეთაურისა და კავშირის დაკარგვა იყო. ადგილობრივმა ხელისუფლებამ კი გამოაცხადა, რომ გერმანელთა მიერ გადმოსხმული 35 პარაშუტისტიდან 32 ადგილზევე იქნა განადგურებული და მომავალში იგივე ელოდა ყველა სხვასაც.
"თამარ-1"-ის პირველი ჯგუფიდან მხოლოდ სამმა დივერსანტმა - ლილუაშილმა, ხარისჭირაშვილმა და კერესელიძემ - მოახერხეს მიმალვა: ერთხანს ისინი წყალტუბოსთან, მთებში იმალებოდნენ და ადგილობრივი მოსახლეობისაგან იღებდნენ საკვებსა და თავშესაფარს; არაა გამორიცხული, რომ - მოკვლის მუქარით. ყოველ შემთხვევაში არცერთი ადგილობრივი მცხოვრები დივერსანტებს არ შეერთებია. 15 სექტემბერს ლილუაშვილი საკუთარი ნებით გამოცხადდა წყალტუბოს რაიონის სოფელ მელაურის საბჭოში, სადაც ის დაუყოვნებლივ დააპატიმრეს. 18 სექტემბერს ხარისჭირაშვილი და კერესელიძე, რომლებიც მიტოვებულ ფარდულში იმალებოდნენ, შინსახკომის სპეცჯგუფმა იპოვა. ფარდულს ალყა შემოარტყეს, ატეხილ ურთიერთსროლაში ხარისჭირაშვილი მოკლეს, ფეხში დაჭრილი კერესელიძე კი ცოცხლად აიყვანეს.
ტყიბულის რაიონში გადასხმული დივერსანტების ჯგუფი საბჭოთა შინსახკომის ნაწილებმა ვერ იპოვეს, თუმცა პრაქტიკულად მთელი რაიონი გაცხრილეს თავის ტყეებიან-მთებიან-მინდვრებიანად. თუმცაკი დევნისაგან წარმატებით თავდაღწეული დივერსანტებიც მეტად დაზარალდნენ: მათ ვერ იპოვეს სატვირთო პარაშუტი, რომელშიც რადიოსადგური და შეიარაღების უმეტესი ნაწილი იყო.
ამ ჯგუფის გადასხმიდან 1 კვირის შემდეგ შინსახკომის თანამშრომლებმა ჯგუფის ამფეთქებელი ეფრეიტორი ციპფი დაიჭირეს: ის თვითმფრინავიდან სულ ბოლოს გადმოხტა, მთებისკენ უსწრაფესად დაძრულ საკუთარ თამნამებრძოლებს ვეღარ დაეწია, უცნობ ადგილმდებარეობაზე გზა აებნა და ადგილობრივი გამანადგურებელი ბატალიონის მებრძოლებს გადააწყდა. 18 ოქტომბერს სოფელ ჭალოვანში დივერსანტი ბურძგლა დაიჭირეს, დივერსანტმა ქოჩაკიძემ კი ქუთაისში მოახერხა შესვლა, სადაც საკუთარი ძმის, კონსტანტინეს ოჯახში იმალებოდა: 21 დეკემბერს ისიც დაიჭირეს - ქოჩაკიძეს თან რადიოსადგური, "პარაბელუმი" და დიდი ოდენობით საბჭოთა ფული ჰქონდა.
6 სექტემბერს "თამარ-1"-ის კიდევ ერთი ჯგუფი გადმოსხდა ტყიბულის რაიონში. მისი მეთაური უნტერ-ოფიცერი ბუხჰოლცი იყო. 14 სექტემბერს ამ ჯგუფის მებრძოლები - რადისტი ჰუბერი და ყოფილი ტყვე ახვლედიანი ტყიბულის ადგილობრივი გამანადგურებელი ბატალიონის მებრძოლებმა დააპატიმრეს. რამდენიმე დღეში დააკავეს ასევე ამ ჯგუფის რადისტი-ამფეთქებელი პენკოვსკი. რაც შეეხება ჯგუფის დანარჩენ წევრებს, ისინი, უბრალოდ, დაიფანტნენ. მაგალითად დივერსანტმა ივანიძემ თავიდანვე თურქეთში გადაწყვიტა გადასვლა, რისთვისაც ის ახალციხის რაიონში, სოფელ მუსხში მცხოვრებ თავის ძმასთან გაემართა. როგორც ცნობებიდან ირკვევა, ახალციხის რაიონში მისვლის მომენტისათვის ივანიძე მძიმედ იყო ავად - ან გადმოსხდომის დროს დაზარალდა, ანდა მოგვიანებით გახდა ავად. ყოველ შემთხვევაში 19 ოქტომბერს მან ძლივს გადაცურა მტკვარი სოფელ რუსთავთან, მიაღწია მუსხს, თუმცა სოფელში ღრმად შესვლას მოერიდა, სოფლის განაპირას მდგარ ბიძაშვილის - ოქრომელიძის სახლს მიადგა. ბიძაშვილმა მამიდაშვილი შინსახკომის ანგარიშსწორების შიშით სახლში არ შეუშვა, თუმცა ივანიძემ რამდენჯერმე სთხოვა. ამის შემდეგ ივანიძე იძულებული გახდა, სოფლის სიღრმეში შესულიყო და საკუთარი ალალი ძმის ფარდულში დამალულიყო. დივერსანტი შეუმჩნეველი არ დარჩენილა და ის იმავე დღეს დააკავეს.
ტყიბულისა და ჭიათურის რაიონებში გადმოსხმული ჯგუფების გადარჩენილი წევრები ცაგერის რაიონის მთებში შეიკრიბნენ და დაკისრებული ამოცანების შესრულებას შეუდგნენ. 20 სექტემბერს ამბროლაურის რაიონში, თქმორის ტყესთან ორი გერმანელი და ორი ქართველი დივერსანტი ადგილობრივი მოსახლეობის აგიტაციას ეწეოდა და პროკლამაციებს ავრცელებდა. 27 სექტემბრისათვის ამ ჯგუფმა ამბროლაურის რაიონი დატოვა. ამის შემდეგ ამ ჯგუფის კვალი სამუდამოდ იკარგება - როგორც ჩანს, მათ გერმანელთა განლაგებაში გაღწევა მოახერხეს.
"თამარ-1"-ის კიდევ ერთ ჯგუფს სამეგრელოს, სვანეთისა და აფხაზეთის მთიანეთში (როგორც ჩანს - კოდორის მიდამოებში) უნდა ემოქმედა. ამავე ჯგუფს დაეკისრა ქალაქ ოჩამჩირესთან არსებული სტრატეგიულად მნიშვნელოვანი სარკინიგზო ხიდის აფეთქებაც: ეს ხიდი საბჭოთა ნოვოროსიისკის დაჯგუფების მთავარი არტერია იყო. გერმანული ნაწილების აფხაზეთის ზღვისპირეთისკენ გარღვევისთანავე ამავე ჯგუფს უნდა გაენთავისუფლებინა ტყვარჩელის ქვანახშირის მაღაროებში მომუშავე გერმანელი სამხედრო ტყვეები და მათთან ერთად უნდა აეჯანყებინა ადგილობრივი მოსახლეობა.
ჯგუფის გადასხმის ადგილად გალის რაიონს მთიანი მიდამოები შეირჩა, სადაც რამდენიმე შედარებით სწორი ადგილი იყო პარაშუტისტთა დასაშვებად. დაშვების შემდეგ დივერსანტთა ნაწილი ენგურს აღმა უნდა აჰყოლოდა, რათა მესტიის რაიონში მოქმედ აჯანყებულებს დაკავშირებოდა და შემდგომში კავკასიონის მთავარი ქედის უღელტეხილებისკენ მიმავალ გზებზე დივერსიები ეწარმოებინა. "მესტიის რაიონის აჯანყებულების" შესახებ ცნობები სრული დეზინფორმაცია იყო, რომლის ორგანიზატორიც შინსახკომი გახლდათ.
ეს მნიშვნელოვანი დავალებებით დახუნძლული ჯგუფი საკის აეროდრომიდან 1942 წლის 6 სექტემბერს, ასევე საღამოს 7 საათზე აფრინდა. სოხუმის თავზე თვითმფრინავი საბჭოთა საზენიტო ბატარეების ცეცხლქვეშ მოხვდა. სამსაათიანი ფრენის შემდეგ პარაშუტისტები დანიშნულ რაიონში გადახტნენ შემდეგ თანმიმდევრობით: ჯგუფის მეთაური ეგერი, მიროტაძე, რადისტი კომიანკი, მაღლაკელიძე, ამფეთქებელი ციმერმანი, კანკავა და თუხარელი.
გადასხდომის ადგილი ცუდად იყო შერჩეული. როგორც აღვნიშნეთ, გალისა და წალენჯიხის რაიონების მთებში რამდენიმე სწორი მინდორი იყო, რომელიც პარაშუტისტთა დასაშვებად გამოდგებოდა, თუმცა იქვე ჩაედინება სწრაფი მდინარე ენგური, რომელიც გალის რაიონს წალენჯიხისა და ზუგდიდის რაიონებისგან ყოფს. ბაზის ადგილად შერჩეული ოხაჭყუე ზედ ენგურის პირას, გალის რაიონში მდებარეობს და აქ გადასხმული პარაშუტისტებიდან თითქმის ყველ ქართველი ენგურის მარჯვენა ნაპირზე, წალენჯიხის რაიონის სოფლების ჯვარისა და ხუდონის მიდამოებში დაეშვნენ, ხოლო გალის რაიონის ოხაჭყუესა და სოფელ ჭალის რაიონში ეგერი, ციმერმანი, კომიაკი და მიროტაძე დაეშვნენ.
ჯგუფის გაყოფას დამღუპველი შედეგები მოჰყვა. დივერსანტების შესახებ უკვე მეორე დღეს იცოდა შინსახკომმა, რომელმაც დაუყოვნებლივ დააყენა ფეხზე ადგილობრივი გამანადგურებელი ბატალიონი. 10 სექტემბერს, დილის 10 საათზე წალენჯიხის რაიონის სოფელ ჯვარზენში ალყაში მოაქციეს და ურთიერთსროლაში მოკლეს თუხარელი.
18 სექტემბერს ოჩამჩირის რაიონში გამანადგურებელი ბატალიონის წევრებმა დააკავეს ციმერმანი.
ჯვარის რაიონში დაშვებული მაღლაკელიძე რამდენიმე დღის განმავლობაში უნაყოფოდ ეძებდა თავისი ჯგუფის წევრებს. გერმანელთა სწრაფი შემოსვლის იმედით მან თავისი სურსათი 15 დღეზე გაანაწილა და დაშვების ადგილის მიდამოებში რჩებოდა. 19 სექტემბერს, მას შემდეგ, რაც საკვები გამოელია, მაღლაკელიძემ ზუგდიდში, თავის ნათესავებთან მისვლა გადაწყვიტა, თუმცა 21 სექტემბერს, განადგურებელი ბატალიონისა და შინსახკომის ჯგუფის ერთობლივი მოქმედებით, მაღლაკელიძე ჯვართან დააკავეს.
უფრო დიდხანს იმალებოდა ჯვარის მიდამოებში კანკავა, რომელიც მხოლოდ 28 ოქტომბერს დააკავა გამანადგურებელი ბატალიონის პატრულმა სოფელ სერგიეთში, ნათესავებთან გაღწევის მცდელობისას.
22 ოქტომბერს სოფელ ბედიასთან დააკავეს რადისტი კომიაკი, რომელსაც თან გამართული რადიოსადგური ჰქონდა.
შინსახკომის 1943 წლის 10 ივნისის ცნობით საქართველოს ტერიტორიაზე 14 დივერსანტისგან შემდგარი ჯგუფი იქნა განადგურებული, რომელთა სახელებიც უცნობია.
ასე დამთავრდა "თამარ-1"-ის ოპერაცია - სრული კრახით: არცერთ ჯგუფს არავითარი დივერსია არ მოუწყვია, არცერთი ადგილობრივი ან დეზერტირი არ გადაუბირებია, არ დაკავშირებია არავითარ იატაკქვეშა ან აჯანყებულ ჯგუფს. მათ წინააღმდეგ არ მოქმედებდა წითელი არმიის არცერთი მებრძოლი - მხოლოდ ადგილობრივი მცხოვრებლებისაგან დაკომპლექტებული გამანადგურებელი ბატალიონები და მხოლოდ იშვიათ შემთხვევებში - შინსახკომის ცალკეული თანამშრომლები ან მცირე ჯგუფები.
დაკავებულ დივერსანტთაგან მაღლაკელიძე, ბურძგლა, ჰუბერი, ციპფი, პენკოვსკი და კომიაკი დახვრიტეს. კერესელიძეს 25 წელი მიესაჯა, კანკავასა და ქოჩაკიძეს - 20 წელი. ლილუაშვილს და ახვლედიანს, ასევე დივერსანტთა ხელშემწყობებს გიორხელიძეს, ყურაშვილს და მუშკუდიანს - 10 წელი, მთელი პირადი ქონების კონფისკაცია და უფლებების ჩამორთმევა კიდევ 5 წლით. ასევე 10 წელი მიუსაჯეს მუშკუდიანის მეუღლეს - კირთაძეს და ყურაშვილის ვაჟიშვილს, რომლებსაც უფლებებიც კიდევ 3 წლით ჩამოართვეს. 10 წელი მიუსაჯეს მუშკუდიანის მდგმურს ვინმე ყურაშვილსაც, რომელიც არშეტყობინებაში დაადანაშაულეს.
გაგრძელება იქნება * * *
zindiosama სიკვდილს ყველა ვიმსახურებთ. საქმე ისაა, როდის და როგორ.
Now I want you to remember that no bastard ever won a war by dying for his country. He won it by making the other poor dumb bastard die for his country. - George Smith Patton Jr.