სოხუმის ხელისუფლება აფხაზურ "არმიაში" ანტირუსული განწყობის ზრდამ შეაშფოთა30 ნოემბერს სოხუმში რუსეთის წარმომადგენლებსა და სეპარატისტულ ხელისუფლებას შორის ხელი მოეწერა "დოკუმენტს", რომლის თანახმადაც აფხაზეთში ჯარების გაერთიანებული დაჯგუფების შექმნა იგეგმება. მის შემადგენლობაში აფხაზური "არმიისა" და ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული რუსეთის არმიის ნაწილები შევლენ.
ეს პროცესი, რომელიც პრაქტიკულად სეპარატისტთა არმიის რუსეთის შეიარაღებულ ძალებთან შერწყმას ნიშნავს, საბოლოოდ 2018 წლისათვის დასრულდება. იდეის ავტორთა მტკიცებით, ეს ყველაფერი ერთიათად აამაღლებს არაღიარებული რესპუბლიკის თავდაცვისუნარიანობას და "ნებისმიერ აგრესორს აგრესიული ქმედებების სურვილს მოუსპობს".
"ჩვენი რესპუბლიკის უსაფრთხოების მთავარი გარანტი რუსეთია, თუმცა, ეს დოკუმენტურად უნდა დადასტურდეს. ნებისმიერი საუბარი იმაზე, თითქოს ჩვენ ჩვენი ძალებით შეგვიძლია საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველყოფა, უსაფუძვლოა. ის ტექნიკა, რომელსაც ჩვენ ვფლობთ, მოძველებული და ამორტიზებულია. ეს ხელშეკრულება კი მოაგვარებს ისეთ საკითხს, როგორიცაა ჩვენი არმიის მოდერნიზაცია-გადაიარაღება, დაფინანსება და ა.შ." - განუცხადა აფხაზ ჟურნალისტებს 3 დეკემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე რესპუბლიკის დე ფაქტო თავდაცვის მინისტრმა მერაბ ქიშმარიამ.
აღსანიშნავია, რომ ამ სულისკვეთებას არ იზიარებს აფხაზური საზოგადოების, მათ შორის სამხედრო ელიტის ნაწილი, რომელიც საკუთარი მოსაზრების ხმამაღლა დაფიქსირებას არ მოერიდა. მათ სოციალურ ქსელებში ამ ხელშეკრულების შესახებ ნეგატიური განცხადებები გამოაქვეყნეს და მას "თითქმის ოკუპაცია", "აფხაზური არმიის დასასრული", "სუვერენიტეტის შემლახავი" უწოდეს.
"ჩვენ იმისათვის არ გვიბრძოლია და იმისათვის არ დაგვიღვრია სისხლი, რომ ქართველები რუსებს ჩაენაცვლებინათ. არმია არის სახელმწიფოს არსებობის მთავარი ნიშანი და გარანტი. თუ ის აითქვიფა რუსულ სამხედრო სტრუქტურაში, გამოვა, რომ აფხაზეთი არის არა ქვეყანა, არამედ რაღაც გაურკვეველი წარმომავლობის სუბიექტი. ჩემი ძმა ამის გულისთვის არ დაღუპულა მდინარე გუმისთის ნაპირებზე 1993 წელს..." - წერს სოციალურ ქსელ "ვ კონტაქტე"-ს საკუთარ გვერდზე აფხაზური არმიის ოფიცერი, ინალ თხაიცუკი.
საგულისხმოა, რომ მსგავსი პოსტების დიდი ნაწილი რუსულმა სპეცსამსახურებმა წაშალეს, ავტორებს კი ადგილობრივი ჟურნალისტები "დიდ პრობლემებს" უწინასწარმეტყველებენ. ამაზე სეპარატისტული რეჟიმის თავდაცვის მინისტრის, მერაბ ქიშმარიას განცხადებაც ნათლად მეტყველებს.
"მათ არ აქვთ არანაირი უფლება, მსგავსი განცხადებები აკეთონ და მითუმეტეს, სოციალურ ქსელებში ამის შესახებ საკუთარი მოსაზრებები საჯაროდ წერონ. როგორც ჩანს, მათ არც უომიათ და არც ჯარში არ უმსახურიათ.
"ჩვენს შეიარაღებულ ძალებში ამ კატეგორიის ხალხს არაფერი ესაქმება. მათ არც შსს უნდათ, არც თავდაცვა, არც უსაფრთოება, არც პრეზიდენტი და არც პრემიერ-მინისტრი. მათ უნდათ ანარქიისა და კრიმინალის ბოგინი. მათ მხოლოდ ის შეუძლიათ, რომ ისხდნენ თავიანთ კომპიუტერებთან და მსგავსი სისულელეები ბეჭდონ იმ საკითხებზე, რომელთა შესახებ არანაირი ცოდნა არ აქვთ", - განაცხადა "მინისტრმა".
მერაბ ქიშმარიას ბრძანებით, დე ფაქტო სამხედრო პროკურატურამ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით მოკვლევა უკვე დაიწყო. ქიშმარიამ არ გამორიცხა, რომ ბრალეულობის დადგენის შემთხვევაში კრიტიკული პოსტების ავტორებს სეპარატისტთა შეიარაღებული ძალების რიგებიდან დაითხოვენ.
რა არის აფხაზური საზოგადოების ნაწილში მსგავსი განწყობის მიზეზი - ამის შესახებ "მთელ კვირას" სოხუმში მცხოვრები პირი ესაუბრა, რომლის ვინაობას გასაგები მიზეზების გამო ვერ დავასახელებთ.
"აფხაზები უკვე დიდი ხანია მიხვდნენ, რომ რუსეთი, მართალია, უსაფრთხოების გარანტია, მაგრამ სანაცვლოდ ძალიან ბევრ რამეს, ანუ ყველაფერს ითხოვს. აფხაზეთი დღეს ეშმაკისთვის სულმიყიდულ ადამიანს ჰგავს, ეშმაკი კი თავის გასამრჯელოს ითხოვს..." - თქვა მან "მთელ კვირასთან" საუბრისას.
მისი თქმით, აფხაზური საზოგადოება თავის არმიას დიდი მოწიწებით ეპყრობა, რადგანაც ის მათთვის გამარჯვების სიმბოლოა, ამ ხელშეკრულებით კი აფხაზები არმიის მართვის სადავეებს ფორმალურადაც კი კარგავენ და მათი მცირერიცხოვანი ჯარი ძალიან მალე გაითქვიფება და გაქრება დე ფაქტო რესპუბლიკაში განლაგებულ რუსულ შენაერთებში.
"მართალია, აფხაზებში ანტირუსული დამოკიდებულება დიდი ხანია, რაც არსებობს, მაგრამ ის ფაქტი, რომ მოსკოვი აშკარა ექსპანსიურ პოლიტიკას აწარმოებს, ამ დამოკიდებულებას კიდევ უფრო ამძაფრებს. თანაც, მოსახლეობისათვის დაპირებული მასობრივი აღმშენებლობა-აყვავება და მატერიალური კეთილდღეობის შესახებ დადებული დაპირებებიც შეუსრულებელია, რაც ხალხში გაღიზიანებისა და ნიჰილიზმის ჩამოყალიბებას უწყობს ხელს.
"ეს ყველაფერი კი ქსენოფობიაში გამოიხატება. ძალიან ცუდია დამოკიდებულება ტურისტ თუ აქ მცხოვრებ რუს, სომეხ მოქალაქეებთან, შუა აზიიდან ჩამოსულ გასტარბაიტერებთან და ა.შ.
"თუმცა, ეს ისე არ უნდა გაიგოთ, რომ ქართველებისკენ აპირებენ პირის შებრუნებას. ეს არარეალურია. ისინი საქართველოს ადანაშაულებენ ყველა თავიანთ უბედურებასა და პრობლემაში", - თქვა მან "მთელ კვირასთან" საუბრისას. მისივე განცხადებით, მსგავს განწყობას სეპარატისტული ხელისუფლება პროპაგანდისტული მეთოდებით აქტიურად ებრძვის და ნებისმიერ კრიტიკაზე შაბლონური პასუხი აქვს - "ქართული აგრესიის" საფრთხე.
საგულისხმოა ისიც, რომ აფხაზურ "არმიაში" 2 200 სამხედრო პირი მსახურობს. ის სამი მოტორიზებული ბრიგადისაგან, საზღვაო და სამხედრო-საჰაერო ძალებისაგან შედგება.
შედარებისთვის, გუდაუთაში დისლოცირებულ რუსეთის მე-7 სამხედრო ბაზაზე 4 000 რუსი სამხედრო მსახურობს. აფხაზეთის ე.წ. "სახელმწიფო საზღვრის" მონაკვეთს მდინარე ენგურის გასწვრივ უკვე წლებია, რაც თითქმის მთლიანად რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები აკონტროლებენ.
http://resonancedaily.com/index.php?id_rub=2&id_artc=27298