ჩემმა სიძემ "გამაბრიყვა" ადრე და ერთი-ორი სიტყვა ამომაღერღინა ფორუმზე საქართველოს სატკივარების და გამო...

ეხლა როგორ არ გამოვეხმაურო ამ თემას? ვსწავლობ დანიაში, უფრო სწორედ ვისწავლე და აგვისტოში იმედია დიპლომსაც დავიცავ. მომავალი: იმ ზღაპრის გმირივით გამოვიდა ჩემი ამბავი ქვაზე რომ სამი მიმართულება "დაეჯღანა", მარჯვნივ წახვალ დანიაში სამუშაოს იშოვი, მარცხნივ წახვალ საქართველოში რამე უცხოურ ორგანიზაციაში და პირდაპირ წახვალ და სახელმწიფოებრივ სტრუქტურაში ამოყობ თავსო.

2 წელიწადია აქ ვარ და 2 წელია "მომავლის სასწორი" მარჯვენასა და მარცხენას შორის ქანაობდა და ვერ გადაეწყვიტა საით გადაესროლა ჩემი "ცოდნით გატენილი" თავი. საქართველოს სახელმწიფო სტრუქტურებში მუშაობაზე გაგონებაც არ მინდოდა... მაგრამ 2 წელიწადი ბევრ რამეს ცვლის...
დღეს- დღეისობით მტკიცედ მაქვს გადაწყვეტილი ჩამოვიდე საქართველოში და ჩავება მაგ "არაფერი კარგი არ ხდება" სიტუაციაში...

ეს "მცირე" შესავალი იმიტომ გავაკეთე რომ ვარ გარემოსდაცვითი ინჟინერი.

თბილისში ჩამოსვლის შემდგომ დიდი იმედი მაქვს თანამედროვე მყარი ნარჩენების პოლიგონის და მენეჯმენტის სისტემის პროექტი "დავძრა". როგორ გგონიათ? ჩვენ, თბილისის მაცხოვრებლებმა თუ არ მოვინდომეთ, რომ ჩვენმა შვილებმა იგივე ნაგავში არ იცხოვრონ რაშიც ჩვენი მამების შვილები

ცხოვრობდნენ და ცხოვრობენ, მარტო ქართულის არმცოდნე გიგი უგულავას

გამოუვა რამე?

ტემპერ, სახელი ხომ არ მეშლება? გეტყობა გიგი უგულავას კარგად იცნობ რადგანაც იძახი ქართული არც გიგი უგულავამ არ იცისო, მაგრამ ის შემიძლია დარწმუნებით გითხრა, რამდენადაც მეც გამიგია მაგ ბიჭზე ერთი-ორი სიტყვა, რომ იმედი მაქვს ნაგვის გარეთ დამყრელი რომ ნახოს მეეზოვე იქნება თუ საბურთალოელი ან სხვა უბნელი ჯიგარი, მხარზე ხელს არ მოუთათუნებს.
მოკლედ ხალხო, ეგ პრობლემა იმაზე ძნელი მოსაგვარებელი არ არის და არც ადვილი ვიდრე თბილისის დენის გადასახადის გადახდის მოგვარება იყო. მონდომება თქვი თორემ, ქადის ჭამაში მარტო ხელებით კი არა ფეხებითაც მაგრები ვართ მე და ჩემი საყვარელი "გრუზინები"...
მიუხედავად რომ არავის არ გიცნობთ მემგონი ამ ფორუმზე, და მიუხედავად იმისა რომ დარწმუნებული ვარ ნაგავი ერთხელ მაინც ყველას გადაგვიყრია "უწესოდ"

მაინც ძალიან მომენატრეთ და დღეებს ვითვლი ჩემი ცხელი, ბინძური, მყრალი და მაინც ყვეელაზე გემრიელი და საყავრელი ქალაქის გულში ჩასახუტებლად

პოტენციური ქართველი მენაგვე ჩრდილოეთის ქვეყნის ჩრდილო ნაწილიდან
დანია, ოლბორგი, ივლისის დასაწყისი
პ.ს. ქართულზე რას იტყვით? გამოდგება? ისე სკოლაში ერთადერთხელ მეოთხე კლასში მივიღე 4იანი ქართულის გამოცდაში და ჯინსი მიყიდეს კარგად მახსოვს