მოგესალმებით! სანამ ეს თემა ცოცხალია, ისე აღარ ჩაიძირება, რომ პირველი გვერდი დატოვოს!

)))
***
უპირველეს ყოვლისა - დიდი (და დიდი ხნის დაგვიანებული) მადლობა
mamababu-ს ამ ჰიპერ-რეალისტური ეფექტებით სავსე თემის აყვანისთვის ახალ მწვერვალებზე (ამ სიტყვის პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით)!
***
ახლა კი - სიახლე

. ალბათ, ეს პოსტი (მისი საგნიდან გამომდინარე) ბლოკბასტერად ვერ იქცევა - თანაც, მსგავს თემებზე ჩემზე ბევრად უკეთესად
Count Szegedi წერს, მაგრამ მაინც უნდა მივუძღვნა ერთი-ორი სიტყვა
ტფილისის საზოგადოებრივ ტრანსპორტს.
წინათქმაორი კვირის წინ გახლდით ბერლინში და სწორედ მის მაგალითზე დავრწმუნდი, რამდენად შესანიშნავი სისტემაა შექმნილი ტფილისში. ცნობისთვის: ამ განაწამებ ქალაქშიც (ბერლინს ვგულისხმობ), განსაკუთრებით, გაერთიანების შემდეგ, ტფილისის გამოცდილებაც გაითვალისწინეს საზოგადოებრივი ტრანსპორტის რეაბილიტაციის საქმეში.
თუმცა, ჩვენი ქალაქიც, თავის მხრივ, დავალებული გერმანელებისგან. ჯერ კიდევ 1920-იან წლებში, როდესაც ამ სფეროში სრული ქაოსი სუფევდა, მარცხენა სანაპიროს უბნებში ადგილობრივ გერმანელების თაოსნობით ისეთი სანიმუშო სისტემა შეიქმნა, რომ შემდეგში ის მთელ ქალაქზე გავრცელდა. საქმეში ჩაერთო ”სიმენსიც” - მოხდა სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის სრული მოდერნიზაცია.
ადრეული ისტორია: 1920-1960-იანი წლები.
ეს პერიოდი აღინიშნა რამდენიმე პროექტით, რომლებიც დღევანდელი გადასახედიდან ცოტა არაპრაქტიკულად და ექსტრავაგანტულად გამოიყურება, მაგრამ ყველა იმდენად ”ატმოსფერულია”, რომ ქალაქის უმთავრეს ღირშესანიშნაობათა რიგს განეკუთვნება:
1.
”გვირაბი” (ინგლ. tube-სგან - სახელი შერქმეულია უნივერსიტეტელი ანგლოფილების მიერ). 1928 წელს მან ვარაზისხევის (ანუ, უნივერსიტეტისა და ღვინის ქარხანის) მიდამოები დაუკავშირა ზემელს, თამამშევის ქარვასლას, მეიდანს, რიყესა და ორთაჭალის ბაღებს. ასე დაიბადა სახელგანთქმული
”მიწისქვეშა ქალაქი”, რომელზეც ამ თემაში არაერთხელ იყო საუბარი.
”გვირაბი” არ ჰგავს მეტროს - პატარა ვაგონეტები მოძრაობს არა ბნელ ტუნელებში, იზოლირებულ სადგურებს შორის, არამედ ერთგვარი მიწიქვეშა ქუჩებისა და მოედნების ქსელში. ხაზების უმეტესობა უშუალოდ ”მიწისზედა” ქუჩების სავალი ნაწილის ქვეშაა გაყვანილი, ზედაპირთან ახლოს.
დღეისთვის ”გვირაბმა” სერიოზლი სატრანსპორტო მნიშვნელობა დაკარგა და ძირითადად ბოჰემის ღამის ცხოვრებასთან ასოცირდება, მაგრამ განუმეორებელი ატმოსფერო მას ქალაქის ერთ-ერთ ყველაზე უჩვეულო ”ატრაქც[იონ]ად” აქცევს.
თანაც, ტფილისის ”გვირაბი” ახალი ათონის გამოქვაბულსა და საქართველოს სხვა ადგილებში მოწყობილი ანალოგიური ”მინი-მეტროების” პროტოტიპად იქცა (საქართველოს რელიეფისა და კომფორტისადმი საერთო მიდრეკილების გამო მათზე მოთხოვნილება დიდია).
”გვირაბი” დღეს:

2.
ტფილისის სააგარაკო მატარებელი. სინამდვილეში, ეს მთა-გორიან რელიეფზე გათვლილი ტრამვაის სახეობაა და არა ”მატარებელი”. ის ამაღლების ქუჩის ბოლოში მოწყობილი სადგურიდან ადის კოჯორში, გადადის წყნეთში და ბაგების მხრიდან ისევ ტფილისში შემოდის (მოგვიანებით ხაზი ლისის ტბის მიდამოებისკენაც გააგრძელეს).
კერძო ავტომანქანების მომრავლებამ ამ გზის უტილიტარული მნიშვნელობა დააკნინა, მაგრამ ვერ ნახავთ ტფილისელს, რომელსაც თუნდაც ბავშვობაში, ერთხელ მაინც თავიდან ბოლომდე არ უმგზავრია ამ მარშრუტით.

3. აქვე უნდა აღინიშნოს პურის გორის (მიხეილ ტვერელის ეკლესიასთან), ვარდისუბნისა და არსენალის მთის, კუკისა და ლოტკინის
ფუნიკულიორები. თავიდან ბევრს მიაჩნდა, რომ მთაწმინდის ფუნიკულიორის ”საკულტო”

სტატუსი შეეწირებოდა. რა თქმა უნდა, დროთა განმავლობაში ყველა დარწმუნდა, რომ მთაწმინდის პრესტიჟს არაფერი ემუქრება, ტფილისი კი ფუნიკულიორების აღიარებულ დედაქალაქად იქცა.

ურბანული ტრანსპორტის განვითარების თანამედროვე ერა 1960-იანი წლებიდან იწყება და დღემდე გრძელდება:
ტფილისის ტრანსპორტი დღესამ სფეროში მხოლოდ კერძო კომპანიები მუშაობენ - მათ საათივით აწყობილ ურთირთქმედებას, სერვისის ერთიან სტანდარტებს, ერთიან ვიზუალურ სტილსაც კი არეგულირებს ტფილისის საქალაქო ტრანსპორტის საზოგადოება (ტსტს) - ესეც არაა მერიის ქვეგანაყოფი, არამედ დამოუკიდებელი სააგენტოა, რომელიც საკუთარ ბიუჯეტზე თვითონ ზრუნავს. ერთჯერადი ბილეთები საკმაოდ ძვირია, რეგულარული მგზავრობა კი იაფი გამოდის - ამით საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობის წახალისება ხდება.
დამატებითი სტიმულია ის, რომ ასეთი ტრანსპორტის მთელი ქსელი, ფაქტიურად, იზოლირებულია საავტომობილო ნაკადისგან, რაც საცობებში მოხვედრას გამორიცხავს. ავტობუსებიც კი ცალკე ხაზზე მოძრაობს - მძღოლს შეუძლია ხმის ამოუღებლად ფოტოკამერით დააფიქსიროს იმ მანქანის ნომერი, რომელიც დაბრკოლებას შეუქმნის და ონლაინ რეჟიმში პოლიციაში გადააგზავნოს. და ამას აუცილებლად გააკეთებს, რადგან ავტობუსი ზუსტი განრიგით მუშაობს, მისი გადაადგილება ყველა გაჩერებაზე ფიქსირდება და თუ სადმე დააგვიანდა, მძღოლს საკუთარ კომპანიასთან გასამართლებელი საბუთი დასჭირდება - წინააღმდეგ შემთხვევაში, სამუშაო ადგილს დაკარგავს.
ტრანსპორტის სახეობებიტაქსი ანუ... ხალხისთვის არავინაატაქსისტობის მსურველი ისევ ტსტს-გან იღებს ინდივიდუალურ ლიცენზიას და ირჩევს მისთვის სასურველ მანქანას - საკუთარი მანქანებით მუშაობა აკრძალულია. სულ 3 კლასის ტაქსი არსებობს - [დარგობრივ ჟარგონით] ”ტაჩკა”, ”სითი-ქები” და ”ლიმო”. მანქანის არჩევანზე დამოკიდებულია უამრავი დეტალი - მაგ., მძღოლის ”დრეს-კოდი”.
მანქანების პარკს ჩამოყალიბებასა და ტექნიკურ მომსახურებას ტსტს-ის დაკვეთით სპეციალური ფირმები აწარმოებენ, მოძვლებულ მანქანებს კი მესამე სამყაროს ქვეყნებში ჰყიდიან. ამიტომ ტფილისის ქუჩებში 3-4 წლიანზე ძველ, ან გაუმართავ ტაქსის მანქანას ვერ ნახავთ.
საკუთარი მანქანით მუშაობა დაშვებულია მხოლოდ გამოძახებით (მგზავრების ქუჩაში აყვანის უფლება ასეთ ტაქსისტებს არ აქვთ).
გამორთული ან მწყობრიდან გამოსული მრიცხველით სიარული ავტომატურად იწვევს ლიცენზიის დაკარგავს. იგივე შედეგი შეიძლება მოჰყვეს ბევრ ლაქლაქს.
მოკლედ, მოდერნიზატორმა მტარვალებმა სულ დაუკარგეს ქალაქს კოლორიტი, ჩაუკლეს სული! ხარფუხიდან ან მალაკნებიდან მეფაეტონე თუ გამოიძახე - სხვანაირად ვეღარც გაუგებ მუღამს. მაგრამ იმ ფაეტონითაც მადათოვზე და რიყეზე თუ გაივლი - აბა, სხვაგან არ უშვებენ მაგათ... ხო, უქმე დღეებში მუშტაიდიდან ორთაჭალამდეც დაასეირნებენ ხალხს... სულ ეს არის! ამხელა ქალაქში! ეეჰ...
ტრამვაი და მარადიული ფასეულობები ჩვეულებრივი ტრამვაი (თუმცა, რაღა ”ჩვეულებრივი” - ულამაზესი! თანამედროვე შიგთავსითა და ვინტაჟური ”გარეკანით”), ძირითადად, ქალაქის ცენტრში დადის, რუსთაველზე, ელისაბედის ქუჩაზე და ა.შ. ზოგიერთის მარშრუტი 1904 წლიდან თითქმის არ შეცვლილა. სამაგიეროდ, ქალაქის შედარებით ახალი უბნები ჩქაროსნული ტრამვაის სამფლობელოა.
ავტობუსი და კლასობრივი ბრძოლა
ქალაქის ცენტრში (სივრცისა და მგზავრთა ნაკადის გათვალისწინებით) ორსართულიანი ავტობუსები გამოიყენება:

(გმირთა მოედანი)

ერთი და იგივე ნომრით დადის ორი სახის ავტობუსი - შედარებით იაფი (წითელი ფერის) და შედარებით უფრო კომფორტული და ძვირი, ბორტზე განიერი თეთრი ზოლით, რომელიც ხაზს უსვამს მათ განსაკუთრებულ სისუფთავეს ნებისმეირ მომენტში, ნებისმიერ ამინდში.
თეთრზოლიან ავტობუსებში მხოლოდ დასაჯდომი ადგილებია გათვალისწინებული, გხვდებათ ახალგაზრდა მომხიბლავი კონდუქტორი, რომელიც პატარა კალათით კანფეტებს დაატარებს (ცხადია, ქართველების უმრავლესობა მათ მირთმევას თაკილობს

).
რა თქმა უნდა, ვისაც რა ავტობუსით მოესურვება, იმით შეუძლია იმგზავროს, მაგრამ აქ დაუწერელი წესები მოქმედებს: წარმატებული ბროკერის იერის მქონე მამაკაცები და ”ზეპურნი დედანი” არასდროს ისარგებლებენ ”იაფი” ავტობუსით, სამაგიეროდ, მაგ. მოზარდებისთვის, სტუდენტებისთვის ცუდ ტონად ითვლება თეთრზოლიანში ასვლა - მარიაჟობაა

. პენსიონერებისთვის სულ ერთია - მათ ფულს დაზღვევა იხდის.
VIP-კლასის ავტობუსების დაწესებას სასტიკად აპროტესტებდნენ ქალაქის საკრებულოს მემარცხენე ხმოსნები. მაგრამ ლიბერალებმა ჩათვალეს, რომ ქართული საზოგადოება საკმაოდ ეგალიტარულია, ხოლო სუპერ-კომფორტული ავტობუსები იმ ხალხის ნაწილს მიიზიდავს, ვინც სხვანაირად კერძო მანქანებით ივლიდა.
პერიფერიულ, ვიწრო ქუჩებში მინიავტობუსები დადის. ზოგიერთი, ყოფილ სოვეტურ ქვეყნებში ნამყოფი ტფილისელი მათ ხუმრობით ”მარშრუტკებს” ეძახის, მაგრამ სად მარშრუტკა და სად ეს (გადაღებულია ალექსანდერდორფის ქარხანაში):

ან ეს (სამგორის ვენახები):
მეტროსიტყვა რომ არ გამიგრძელდეს, დავდებ სქემას (იხ. თანდართული ფაილი - ბოდიში, Word-შია, გრაფიკული პროგრამებისთვის აღარ მეცალა... იმდენი ვწერე

).
როგორც ნახავთ, ქალაქის ტფილისის მეტროზე ფული არასდროს არავის დაუზოგავს. გაკეთდა არა მინიმალურად აუცილებელი, არამედ მაქსიმალურად შესაძლებელი.
დანარჩენის წაკითხვა, ალბათ, მხოლოდ სქემის ნახვის შემდეგ ღირს. ეს სწორედ პირობითი სქემაა და არა რუკა გეოგრაფიის ზუსტი დაცვით. ბევრი შუალედური სადგური გამოტოვებულია, მაგრამ მათ, ვინც ოდნავ მაინც იცნობს ტფილისს, სქემის ”გაშიფრვა” არ გაუჭირდებათ. გავაკეთებ მხოლოდ რამდენიმე კომენტარს:
1. ტფილისის სწრაფი ტრანზიტის ქსელი ერთიანი სისტემაა, მაგრამ რამდენიმე სახის ტრანსპორტს აერთიანებს:
”ჩვეულებრივი” მიწისქვეშა მეტრო (ხუთი ხაზი);
ურბანული რკინიგზა ტფილისი-რუსთავი-მცხეთის
2,7-მილიონიანი აგლომერაციის ფარგლებში - ე.წ.
”მეგა-მეტრო”;
ე.წ.
”მსუბუქი” ან ”მინი-” მეტროს ხუთი შემადგენელი ნაწილი:
- ისტორიული ”გვირაბი”;
- სააგარაკო ტრამვაი;
- თანამედროვე ჩქაროსნული ტრამვაი (1-7 ხაზი, აღნიშნულია ნომრებით);
- მეტრო-ომნიბუსი - გრძელი პერიფერიული მარშრუტებისთვის (8-10 ხაზი):

- ბოლო წლების სიახლე -
მონორელსი - ზემელიდან საბურთალომდე.
ეს ხაზი წითელი ჯვრის ბაღის თავზე გამოკიდული სადგურიდან გადის ვერის დაღმართის თავზე აღმართულ მოხდენილ ხიდზე, შემდეგ მაღალ ბოძებზე გადებული ლიანდაგით მიუყვება ვერის ბაღის ქიმს, გადადის სატიოს თავზე, ცირკის გორასთან უხვევს საბურთალოს მიმართულებით, ჩერდება ხიდზე ცირკის გორასა და სამეცნიერო ბიბლიოთეკას შორის, და შემდეგ გადის საბურთალოს სადგურამდე (იხ. ქვემოთ).
ოფიციალურად, ეს ხაზი ცენტრის ორი ნაწილის დაკავშირების დამატებითი საშუალებაა. მაგრამ ამ ტრასაზე უკვე დიდი ხანია არსებობს მეტრო (”ვარაზის” გავლით), ამიტომ ყველას ესმის, რომ მონორელსი, უპირველეს ყოვლისა, საიმიჯო პროექტია.
მართლაც, თანამედროვე დიზაინის, მთლიანად ავტომატიზირებული მატარებელი დიდი პოპულარობით სარგებლობს ცნობისმოყვარე ტფილისელებსა და ტურისტებში.
2004 წელს ზემელის რეკონსტრუქციის ფარგლებში გახსნილ ხაზს, თავდაპირველი ჩანაფიქრით, ადამიანის ჩაურევლად უნდა ემუშავა. მაგრამ ყოფილი სოვეტური ქვეყნებიდან ჩამოსულმა ტურისტებმა ხან არარსებულ მემანქანესთან შეჭრა სცადეს, ხან სკამები დაჭრეს, ხან კარების დაკეტვას შეუშალეს ხელი. მაგათთვის კი დამთავრდა ეს ყველაფერი დეპორტაციით, მაგრამ ამის გამო მატარებელშიც შარშან ე.წ. ”ტურისტული პოლიციის” სპეციალური პოსტი დაწესდა. ყველაზე სამწუხარო ის იყო, რომ ვანდალების ჯგუფში ერთი კავკავში გაზრდილი ეთნიკური ქართველი ერია - შოკირებულმა ქართულმა ტაბლოიდებმა იმ დღეებში აიკლეს ყველაფერი nature vs nurture-ს თემაზე ბანალობების ფრქვევით.
მონორელსი ცირკის გორასთან:

2. რკინიგზის (მეგა-მეტროს) შემთხვევაში ”ხაზებად” დაყოფა პირობითია, უფრო განსახვავებული მიმართულების მატარებლებზეა საუბარი. მათი განრიგი ისეა შეჯერებული, რომ მგზავრებმა ნებისმიერი მატარებლიდან მეორეში გადასავლა ხუთი წუთის ფარგლებში შესძლონ, სხვა ბაქანზე გადასვლის გარეშე.
3. ვაკის პარკის წინა მოედნიდან მეტრო ჯერ ”ბახტრიონისკენ” გადადის (სადგური განლაგებულია იპოდრომის ბოლოში, საბურთალოსა და ბახტრიონის ქუჩებს შორის), შემდეგ ”პოლიტექნიკურს” უერთდება და ბოლოს ვერა-ვაკის საზღვარზე ბრუნდება (მეტრო ”ვარაზი”) - ეს უზრუნველყოფს ტფილისის ყველა უმთავრესი უმაღლესი სასწავლებლის დაკავშირებას.
4. ღია მწავნე ხაზის გაყვანის აუცილებლობა გაჩნდა მახათის მთაზე სპორტული და საკონცერტო კომპლექსის, ხოლო მის გარშემო - უზარმაზარი პარკის გაშენაბასთან დაკავშირებით (1968 წლის ”საიუბილეო” გენგეგმა). ამ ხაზმა ერთმანეთს დაუკავშირა ტფილისის სარეკრეციო ზონები: ვაკის პარკი, ვერისხევი, ვერის ბაღი, მახათა ("ტფილისური პარნასი") და ტფილისის ზღვა (ზუსტად სახელგანთქმული იახტ-კლუბის მიდამოებში).
5. სადგური ”ფიროსმანი” ფიროსმანის ქუჩიდან ოდნავ მოშორებით, ვასილ ჩერქეზიშვილის მოედანზეა განლაგებული ( ”თბილისი 1984”-ში ეს მოედანი წარმოდგენილია როგორც ”საბჭოთა საქართველოს” დედაქალაქის მთავარი მოედანი ”საბჭოს მოედნის” სახელით. ორველაშვილის აზრით, ეს სტატუსი მას ძველი ტფილისის პროლეტარულ უბნებთან სიახლოვის გამო უნდა მიეღო). სინამდვილეში, დღეს ეს უბანი საუკეთესო სასტუმროებით, მაღაზიებითა და რესტორნებითაა სავსე.
6. ”დადიანი” - ამ სადგურს თავიდან ”ნაძალადევი” ერქვა. თუმცა, როგორც წესი, სადგურების სახელები არ იცვლება. ”ერეკლეს ციხე” ნავთლუღის (წმ. ბარბარეს უბნის) ქართული სახელია.
7. წითელი ”სტიკერებით” გამოყოფილია აეროპორტები და რკინიგზის უმთავრესი ვაგზლები: ძველი (მცხეთა, რუსთავი, ცენტრალური ვაგზალი), რადიკალურად განახლებული (აღმოსავლეთის ვაგზალი სამგორში, დასავლეთის ვაგზალი დიდუბეში); და სრულიად ახალი - ”ეროვნული გამოფენა” (შემოკლებით: ”ექსპო”) და
საბურთალოს ”სეფე-სადგური”ეს სადგური სპეციალურად გაიხსნა 1996 წელს, 1920-იან წლებში ლე კორბიუზიეს მიერ დაპროექტებული ყოფილი საბურთალოს ბაზრის ადგილას (ბაზრის ისტორიული ნაგებობები ეროვნული გამოფენის ტერიტორიაზეა გადატანილი და სამხატვრო გალერეად გადაკეთდა).
ტფილისის სიდიდით მეოთხე ვაგზლის დანიშნულება სამმაგია.
- ყველაზე მთავარი: აეროპორტები და ლილო-სამგორის ტექნოპარკები უმოკლესი გზით დაუკავშირდა საბურთალო[-ვაკე-დელისის] სამთავრობო-საბანკო-საუნივერსტეტო კვარტლებს. სადგურ ”ექსპოს” მეშვეობით კი - საერთაშორისო გამოფენა-ბაზრობების ჩატარების ამ პოპულარულ და პრესტიჯულ ცენტრს. რა გასაკვირია, რომ ორივე სადგურისა მშენებლობას მსხვილი ბიზნესი სპონსორობდა.
დამატებითი ”ბონუსები”:
- მოხელეებსა და პარლამენტის წევრებს ახლა შეუძლიათ მხოლოდ მატარებლებით ისარგებლონ იმისთვის, რომ საქართველოს ნებისმიერი კუთხიდან პირდაპირ საბურთალოზე მოხვდნენ. იზოგება დრო, სახელმწიფო ფული და ა.შ.
- შეიცვალა სახელმწიფო პროტოკოლი: მაღალი დონის სტუმრები აეროპორტში ჩამოსვლისთანავე სხდებიან სპეციალურ მატარებელში, და 18 წუთში, უკვე ”აღმოსავლეთის ფლორენციის” ხედებით აღტაცებულები, ჩადიან საბურთალოს სადგურში, რომლის ერთ-ერთ დარბაზში ოფიციალური დახვედრის ცერემონია იმართება .
საერთოდ, რკინიგზის მრავალრიცხოვან მომცრო სადგურებს (ელია, სვანეთისუბანი, ავჭალა და სხვ.) ზოგჯერ ხუმრობით ”სათბურებს” ეძახიან. ამას რამდენიმე მიზეზი აქვს: ბევრი მათგანი რუსთავის ფოლადის კარკასიანი გადახურვის გამო, მართლაც, დიდ ორანჟერეას ან საკურორტო პავილიონს წააგავს; შიგნითაც წელიწადის ნებისმიერ დროს ყვავილების, ყავის და ფუნთუშეულის სურნელები იფრქვევა.
ალბათ, ორველაშვილიც ამის საპირისპიროდ წერს თავის ანტიუტოპიაში, რომ ქალაქში ერთადერთი ვაგზლის ჩაბნელებულ, გაყინულ შენობაში მტვრის და დამპალი კარტოფილის სუნი დგასო. ეგ რაღამ მოაფიქრებინა?! უცნაური კაცია! ან სად უნდა ნახოს დღეს ტფილისელმა თუნდაც წინასწარ გაურეცხავი კარტოფილი, რომ მაგის ალეგორია გაიგოს?!
და ბოლოს...
ღამის ტრანსპორტი ტაქსი და რკინიგზა მუშაობს სადღეღამისო რეჟიმში მთელი წლის განმავლობაში (მოკლე შესვენებებით შობისა და ახალი წლის ღამეს).
”ჩვეულებრივი” და ”მსუბუქი” მეტრო სადღეღამისო რეჟიმში მუშაობს უქმე და საზეიმო დღეებში (ცხადია, ღამით - უფრო დიდი ინტერვალებით), ხოლო სამუშაო დღეებში ღამით გაჩერებულია.
დანარჩენი ტრამვაი-ავტობუსები ღამე არ მუშაობს. 12 საათიდან დილის 5 საათამდე მათ ღამის ავტობუსები ცვლის. ისინი დადიან 20-წუთიანი ინტერვალით - რაც ზამთარში ცოტა მძიმე ასატანია

. სამაგიეროდ, ღამის ავტობუსის სალონი აღჭურვილია ცხელი ყავის, წვენების, ”სნეკების” გასაყიდი ავტომატებით, უფასო ტელეფონებითა და მუსიკალური ტელეარხით. რაღა თქმა უნდა (ამაზე ადრეც გვქონდა საუბარი), ტრანსპორტის ყველა სახეობაში არის უფასო wi-fi.
P.S. ესეც მეტროს სქემა (პერსონალური სიურპრიზით
gabarzgaleba-სთვის):
P.P.S. თუ გახსნით ფაილს, ფორმატირების სიმბოლოები გამორთეთ რა - რატომ იხსნება ასე, არ მესმის.
This post has been edited by CityZen on 24 Feb 2009, 15:35
მიმაგრებული ფაილი ( Number of downloads: 142 )
Metro_Scheme.doc