Fabian
წოლხვრელის აჩრდილი

       
ჯგუფი: Moderators
წერილები: 20841
წევრი No.: 115438
რეგისტრ.: 11-May 10
|
#28238160 · 9 Nov 2011, 20:41 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ავლაბრის/მეტეხის ხიდი თბილისში ყველაზე ძველი ხიდი იყო ავლაბრის. მას საისტორიული წყაროები თბილისთან დაკავშირებული ამბების თხრობისას ზოგადად, რაიმე საკუთარი სახელის გარეშე მოიხსენიებენ: "ხიდსა მას ქალაქისა"(აბო თბილელის წამება); "თბილისი მტკვრის ორსავე ნაპირზეა გადაჭიმული და ხიდითაა შეერთებული"(ალ-მუკადისი); "განვალის ხიდი კალიდამ ისნს..."(ვახუშტი ბატონიშვილი). ხიდს საკუთარი სახელით ვხვდებით თბილისის 1735 წლის გეგმაზე-"ხიდი ავლაბრისა"(ვახუშტი ბატონიშვილი). საუკუნეების მანძილზე ეს იყო ერთაერთი სახიდე გადასასვლელი მტკვარზე ქალაქის ფარგლებში. მასზე გამავალი ქუჩების გაყოლებით შენდებოდა დუქნები, სახელოსნოები, ეკლესიები. ადიდებულმა მტკვარმა მრავალჯერ მოგლიჯა ავლაბრის ხიდი. მთავარმართებელი გენერალი ციციანოვი მთავრობისადმი წარდგენილ მოხსენაბაში 1805 წლის 20 მაისს წერდა: "ხიდი ავლაბრისად წოდებული... დიდი წყალდიდობისაგან მოიგლიჯა, ამიტომ იძულებულები ვიყავით გაგვეკეთებინა დროებითი ხიდი." აღნიშნული ხის ხიდი უვარგისოსბის გამო მრავალჯერ დაშალეს, მოგვიანებით ააგეს ახალი ხიდი, მაგრამ იგი ვიწყო იყო და დღის წესრიგში დადგა მეორე ხიდის აგების საკითხი, რომელიც აიგო ძველი ავლაბრის ხიდის დაბლა. თავდაპირველად მასაც ავლაბრის ხიდს ეძახდნენ, შემდეგ კი მეტეხის ხიდის სახელით იხსენიება. 1870 წელს ავლაბრის და მეტეხის ხიდის ადგილას აიგო რკინის ახალი ხიდები, რომლებიც ჩამოიტანეს დიდი ბრიტანეთიდან. XX საუკუნის 50-იან წლებში ძველი ხიდების ადგილას აიგო თანამედროვე,დიდი და განიერი ორმალიანი ხიდი, რომელიც თავდაპირველად ლავრენტი ბერიას სახელს ატარებდა, მოგვიანებით კი მეტეხის სახელი დაერქვა. ამ ხიდის მშენებლობას თბილისის მეტად კოლორიტული უბანი შეეწირა თავისი ქარვასლებით და შიიტური მეჩეთით. დღესდღეობით მეტეხის ხიდი ასრულებს მნიშვნელოვან სატრანსპორტო ფუნქციას, ის აკავშირებს ერთმანეთთან გორგასლის და ევროპის მოედნებს...
კახეთის/მნაცაკანოვის/300 არაგველების ხიდი პეტრე ბაგრატიონის მოედნის მიდამოებში სხვადასხვა დროს ორი ხიდი იდგა: კახეთის ხიდი და მნაცაკანოვის ხიდი. ისტორიკოსის პლატონ იოსელიანის გადმოცემით,ძველად მდინარე მტკვარზე ყოფილა ხიდი, რომელსაც კახეთის ხიდს უწოდებდნენ. კახეთის ხიდის მშენებლობას მიაწერენ ალექსანდრე I. ხიდი ძირითადად გამოიყენებოდა კახეთიდან თრიალეთის საძოვრებზე საქონლის გადასატარად. ეს ხიდი დაინგრეულა XVII საუკუნის 10-იან წლებში შაჰ-აბასის შემოსევის დროს. როსტომ მეფეს სურდა ამ ხიდის აღდგენა, მაგრამ სურვილი მხოლოდ სურვილად დარჩა. 1852 წელს თბილისელმა ინჟინრებმა ჰიჰეიმაისტერმა და რაისმა კახეთის ხიდის ადგილას ააგეს ხის ერთმალიანი ხიდი და დააწესეს მაღალი გადასახადი მასზე გადასასვლელად. თბილისელმა ვაჭარმა ივანე მნაცაკანოვმა გამოისყიდა ეს ხიდი და ქალაქს აჩუქა. ამ ფაქტის გამო მის საპატივსაცემოდ ხიდს მნაცაკანოვის სახელი ეწოდა. მაგრამ ხის ხიდი მალე გამოვიდა მწყობრიდან და 1861 წელს მისი ფუნქციონირება შეწყდა. ახალი ლითონის ხიდი ჩამოიტანეს გაიხსნა 1882 წელს და ასეთი სახით იარსება 1956 წლამდე, როდესაც აშენდა ბეტონის დიდი და განიერი სამასი არაგველების სახელობის ხიდი. ეს ხიდი წარმოადგენს არა მხოლოდ სატრანსპორტო და ფეხით მოსიარულეთა განივ კავშირს,არამედ ჰიდროელექტროსადგურსა და ჯებირს,რომელიც არეგულირებს მტკვრის დონეს ქალაქის ცენტრში.
ვირის ხიდი ვირის ხიდი იყო მტკვრის ვიწრო ტოტზე გადებული, ხის კოფოებზე შემდგარი კონსტრუქცია. ის იყო მარჯვენა სანაპიროს და ორთაჭალის კუნძულის დამაკავშირებელი ხიდი. სახელი ხიდს იმიტომ შეერქვა,რომ ორთაჭალაში დაკრეფილი ხილი და ბოსტნეული ხურჯინ და გოდორაკიდებული ვირებით ქალაქში გასაყიდად აღნიშნულ ხიდზე გავლით მოჰქონდათ. მოგვიანებით ორთაჭალაში არსებული ხიდის სახელი გავრცელდა მეტეხის ხიდზე, რომელზეც ხიდის სივიწროვის გამო, ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალული იყო.
მუხრანის/ბარათაშვილის ხიდი მუხრანის ხიდი მდებარეობდა მტკვარზე, და ქალაქის მარჯვენა ნაპირს აკავშირებდა ავლაბართან,ჩუღურეთთან და კუკიასთან. მტკვარზე ხიდის აგების პროექტის შედგენა დაევალა კიეველ პროფესორს პატონს. მან შეადგინა პროექტი, რომლის მიხედვითაც მტკვარზე უნდა აგებულიყო ერთმალიანი რკინის ხიდი. მოსამზადებელი სამუშაოები დაიწყო 1908 წლის 9 ნოემბერს. ახალი ხიდის საფუძვლის ჩაყრის დროს ააფეთქეს XVII საუკუნეში მტკვარზე არაგვის ერისთავების მიერ აგებული ქვითკირის ბურჯებზე შემდგარი ხიდის ნაშტები. ხიდი გაიხსნა 1911 წელს და იმავე წელს იქვე მდებარე მუხრანბატონთა სასახლის გამო მას დაარქვეს მუხრანის სახელი. 1965 წელს ისტორიას გაჰყვა მუხრანის ხიდი. ცნობილია, როცა მუხრანის ხიდის დემონტაჟი ხდებოდა გიორგი ლეონიძე ცდილობდა მის გადარჩენას, მაღალ ინსტანციებში დადიოდა საშუამდგომლოდ, მაგრამ ამაოდ. მის ნაცვლად ბარათაშვილის სახელობის ორიარუსიანი ხიდი ააგეს, ვითომ უფრო ფართო და კომფორტული, რომელსაც დღეს კონსტრუქციული პრობლემები აქვს, მოუვლელია და მარტივად რომ ვთქვათ, საფეხმავლოდ საშიში. სპეციალისტების დასკვნით, ბარათაშვილის ხიდი ნგრევის პირასაა და მას სასწრაფოდ უნდა ჩაუტარდეს სარემონტო სამუშაოები. დასკვნა ამის შესახებ ჯერ კიდევ 2007 წელს დაიწერა და იგი მაშინვე მიეწოდა თბილისის მერიას, თუმცა მას რეაგირება დღემდე არ მოჰყოლია.
წყალკურთხევის ხიდი ყოველწლიურად 6 იანვარს, წყალკურთხევის დღესასწაულის ცერემონიის შესასრულებლად ვანქის ტაძრის გალავნიდან მადათოვის კუნძულამდე შენდებოდა 21 მეტრის სიგრძის ხის ხიდი, მდინარის მთავარ კალაპოტამდე. 1892 წლის 6 იანვარს,როდესაც სომეხთა სამღვდელობამ შეასრულა წყალკურთხევის წესი და უკან ბრუნდებოდა ვანქის ტაძრისკენ, ხალხის გადამეტებული სიმძიმით უეცრად ჩატყდა ხიდი და 500-მდე კაცი, ქალი და ბავშვი ჩაცვივდა წყალში. იმ დღეს დაიღუპა 50-მდე ადამიანმა. მსგავსი კატასტროფა ამ ხიდზე მოხდა ასევე 1882 წელს, მაშინ მტკვარში ჩაცვივდა 300-მდე ადამიანი.
ვორონცოვის/ზაარბრიუკენის ხიდი ზაარბრიუკენის ხიდი მდებარეობს მტკვარზე, ისტორიული უბნების კუკიის და გარეთუბნის ზღვარზე, მშრალი ხიდის გაგრძელებაზე. სხვადასხვა დროს ერქვა კუკიის, მიხეილის, ვორონცოვის, კარლ მარქსის სახელი. XIX საუკუნის 40-იან წლებში ამ ადგილას მესანგრეები აშენებდნენ ხის ხიდს, რომელსაც რეგულარულად იტაცებდა ადიდებული მტკვარი. 40 წლების ბოლოს მეფისნაცვლის მიხეილ ვორონცოვის დავალებით იტალიელმა არქიტექტორმა ჯოვანი სკუდიერიმ შეადგინა ხიდის პროექტი. იგი ამავე დროს სამუშაოთა ხელმძღვანელი იყო. ნაგებობა შედგებოდა ორი ცალკეული-დიდი(ხუთმალიანი) და პატარა(ერთმალიანი) ხიდებისგან, რომლებიც კვეთდნენ მტკვრის ძირითად კალაპოტს და მის მარჯვენა ტოტს, მადათოვის კუნძულის ადგილას. 1851 წელს დიდი ხიდის პროექტი გადაამუშავა ინჟინერმა ს. ბლიქსმა. მან ხის მალები აგურის კამარებით შეცვალა. მშენებლობის სათავეში ჩაუდგა ქართველთა შორის პირველი ინჟინერი-ჰიდრავლიკოსი ვახტანგ მუხრანბატონი. ხუთმალიანი თაღოვანი ხიდი გაიხსნა 1853 წელს და ვორონცოვის პატივსაცემად ეწოდა მიხეილის სახელი. ამავე დროს ხიდის მიმდებარე მოედანზე 1867 წელს დაიდგა მიხეილ ვორონცოვის ძეგლი. ხიდი იმდენად ვიწრო იყო, რომ 1884 წელს გადააკეთეს-ტროტუარები გადაიტანეს ლითონის კონსოლებზე. 1962 წელს შოთა ყავლაშვილის ხელმძღვანელობით ჩატარდა ხიდის საფუძვლიანი რეკონსტრუქცია. მშენებლობისას შეინარჩუნეს ძველი ხიდის ბურჯები და ხუთმალიანი კონსტრუქცია. თავსა და ბოლოში მოაშენეს არსებული მალის სიგრძის რკინაბეტონის თაღები. განაპირა მალის ქვეშ გადის ნოე ჟორდანიას სანაპირო.
მშრალი ხიდი მშრალი ხიდი აკავშირებდა გარეთუბანს მადათოვის კუნძულთან. ხიდი აშენდა 1851 წელს იტალიელი არქიტექტორის ჯოვანი სკუდიერის მიერ. ადრე ხიდი ქვეშ მოედინებოდა მტკვრის მარჯვენა ტოტი, რომელიც XX საუკუნის 30-იან წლებში ამოაშრეს. მის ადგილას ზვიად გამსახურდიას სანაპირო გადის. ხიდი სიგრძეა 32 მეტრი და ყოფ. სსრკ-ს ტერიტორიაზე ერთ-ერთი უდიდესია ქვის მალიან ხიდებს შორის. ხიდს შენარჩუნებული აქვს პირვანდელი სახე და დღესაც აქტიურადაა ჩართული ქალაქის სატრანსპორტო გზების სისტემაში.
ვერის/გალაქტიონის ხიდი რაც დრო გადიოდა, მით უფრო საჭირო ხდებოდა მდინარე მტკვრის ზემო მიმართულებით ქალაქის ფარგლებში ხიდის აშენება. ამის აუცილებლობა იმის მერე გამძაფრდა, რაც 1872 წელს აშენდა ამიერკავკასიის სარკინიგზო ხაზი და თბილისის ვაგზალი აშენდა იქ სადაც ეხლა მდებარეობს. ვერის ხიდის მშენებლობას ლობირებდნენ გენერალი ყორღანოვი და მდიდარი ვაჭარი როტინოვი, რადგან ხიდი აშენდებოდა მათ მამულებთან ახლოს და ერთიორად გაზრდიდა ამ მამულების საბაზრო ღირებულებას. ხიდის მშენებლობის მომხრე იყო ასევე ცნობილი ქართველი საზოგადო მოღვაწე ნიკო ნიკოლაძე, ის თვლიდა რომ ქალაქის განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ამ ხიდის მშენებლობა. პროექტი შეადგინა ქალაქის მთავარმა არქიტექტორმა უმანსკიმ. მშენებლობა კი 1883 წელს დაიწყო და დამთავრდა 1885 წელს. ყორღანოვის გავლენით გოლოვინის გამზირიდან ვერის ხიდამდე გაიჭრა გზა, რომელსაც ვერის დაღმართი დაერქვა. ხიდის სიგანე 10 მეტრს არ აღემატებოდა და XX საუკუნის შუა ხანებისათვის ვეღარ აკმაყოფილებდა ქალაქის ამ ნაწილის გაზრდილ მოთხოვნებს. 1951 წ. დაიწყო ახალი სამმალიანი, ამჟამინდელი ხიდის მშენებლობა, რომელიც 1952 წ. დეკემბერში დასრულდა. მოპირკეთებულია ალგეთის ბაზალტითა და ბოლნისის ტუფით. ხიდი თავდაპირველად სტალინის სახელობის იყო, ხოლო შემდგომ დაერქვა რევოლუციონერ ელბაქიძის სახელი. 1990 წელს ხიდს აღუდგინეს ისტორიული სახელი და ვერის ხიდი დაარქვეს. 1999 წელს მიენიჭა პოეტ გალაქტიონ ტაბიძის სახელი, რომელიც ამ ხიდთან ახლოს მარჯანიშვილის ქუჩაზე ცხოვრობდა.
ჩელუსკინელების/თამარ მეფის ხიდი თამარ მეფის ხიდი მდებარეობს მტკვარზე, აკავშირებს ერთმანეთთან გმირთა და ვაგზლის მოედნებს. თავდაპირველად ხიდის მშენებლობა იგეგმებოდა დგებუაძის ქუჩიდან დღევანდელ "ლაგუნა ვერე"-ს მიმართულებით, პროექტის მიხედვით უნდა აგებულიყო სამმალიანი დიდი და განიერი ბეტონის ხიდი. შემგომში მომავალი ხიდის ადგილმდებარეობა შეცვალეს და ააშენეს იქ სადაც დღესდღეობით დგას. მშენებლობის ადგილის შეცვლამ საჭირო გახადა ხიდისთვის ახალი პროექტი შეედგინათ, რადგან ხიდი ახალ ადგილას უნდა ყოფილიყო უფრო მაღალი და გრძელი. აშენდა 1935 წელს ცნობილი საბჭოელი არქიტექტორის სევეროვის მიერ. ოთხმალიანი ხიდი, რომლის სიმაღლე წყლის დონიდან 20 მეტრს აღწევს, ასრულებს მნიშვნელოვან ურბანულ ფუნქციას-წარმოადგენს მტკვრის მარჯვენა და მარცხენა ნაპირების განივ სატრანსპორტო მაგისტრალს. ორი დიდი მალა გადადის მდინარის კალაპოტზე, ხოლო გვერდითი ორი, შედარებით მცირე ზომისა-სანაპიროების მაგისტრალებზე. იმისთვის რომ დაეკავშირებინათ გმირთა მოედანი ახალ ხიდთან, კლდეში გზა გაჭრეს. თავდაპირველად ხიდს და ახალ გამზირს დაარქვეს ჩელუსკინელების სახელი, 1989 წელს ხიდს და გამზირს გადაერქვა სახელი და თამარ მეფის სახელი დაერქვა. რკინაბეტონის ბურჯები მოპირკეთებულია უხეშად გათლილი გრანიტით, დანარჩენი ნაწილები-სუფთად გათლილი ბაზალთის ფილებით. ხიდი გამოირჩევა ზუსტი პროპორციებით და კარგად შესრულებული დახვეწილი დეტალებით.
ბეჰბუდას/ჯვრის ხიდი ბეჰბუდას ხიდი, ერთერთი უძველესი ხიდი იყო, რომელიც მდებარეობდა ძველ თბილისთან, მდინარე ვერეზე. სახელი მიიღო როსტომ მეფის დროს მოღვაწე ზარაფთუხუცესის ხოჯა ბეჰბუდას სახელიდან, რომელსაც მიაწერენ მდინარე ვერეზე, მცხეთისკენ მიმავალ გზაზე ქვითკირის ხიდის აგებას. პირველად ბეჰბუდას ხიდის შესახებ ცნობას ვხვდებით ვახუშტისთან: "ვერასა ზედა არს ხიდი დიდი ქვითკირისა". ა.გიულდენშტედტი შემდგომში გვამცნობს, რომ მდინარე ვერეზე არის "ქვის ხიდი". 1837 წლის 12 ოქტომბერს ბეჰბუდას ხიდის მიდამოებში, ვლადიკავკაზში მიმავალმა რუსეთის იმპერატორმა ნიკოლოზ I-ის ფაეტონი გადავარდა ხევში. იმპერატორი სასწაულებრივად გადაურჩა სიკვდილს და ამის აღსანიშნავად იმ ადგილზე 1846 წელს დადგეს ჯვარი,რომლის გამოც მე-XIX საუკუნის მეორე ნახევარში ბეჰბუდას ხიდს გადაერქვეს სახელი და ჯვრის ხიდი დაარქვეს. XVII საუკუნის 40-50 წლებში აგებულმა ხიდმა თავისი ფუნქცია დაკარგა 1932 წელს, როცა მის გვერდით ააგეს ახალი სამმალიანი ხიდი. 1957 წლის ზაფხულში მისი მთავარი კამარის აფეთქების შემდეგ, ხიდმა არსებობა დაასრულა. 1981 წელს გმირთა მოედნის რეკონსტრუქციასთან ერთად ამ ხიდის კვალი საბოლოოდ გაქრა.
ოქოვაანთ ხიდი ოქოვაანთ ხიდი წავკისისწყალზე გადებული ძველი ხიდია. ვახუშტი ბატონიშვილის 1735 წლის თბილისის გეგმაზე დატანილია №52-ით. ხიდის აგების ზუსტი თარიღი არაა ცნობილი. მისი სახელწოდება მეტყველებს იმაზე, რომ ეს ნაგებობა ეკუთვნოდა, ან აშენებული იყო ვინმე ოქუაშვილის მიერ. ადგილობრივი მოსახლეობა ამ ხიდს "მამაშვილის ხიდს" ეძახდა. მისით სარგებლობდნენ კოჯრიდან,ტაბახმელიდან და ქვემო ქართლიდან წამოსული მგზავრები. იმის მერე რაც მიხეილ ვორონცოვმა კოჯრისკენ გზა ოქროყანით გაჭრა, ხიდმა დაკარგა თავისი სატრანსპორტო მნიშვნელობა და მივიწყებას მიეცა. ხიდი იმდენად ღრმა კალაპოტში მდებარეობს, რომ ზემოდან, კოჯრის გზატკეცილიდან მისი დანახვა შეუძლებელია. უყურადღებოდ მიტოვებულმა ხიდმა ჩვენამდე ნანგრევების სახით მიაღწია.
ვახუშტის ხიდი ვახუშტის ხიდი მდებარეობს მტკვარზე, გიორგი სააკაძის მოედანსა და ვახუშტი ბაგრატიონის ქუჩებს შორის. აშენდა 1976 წელს. ხიდის აშენებამდე ამ ადგილზე იყო 1936 წელს აგებული საცალფეხო ხიდი-ვიადუკი.
შალიკაშვილის ხიდი შალიკაშვილის ხიდი მდებარეობს მტკვარზე, გრიგოლ რობაქიძის და აკაკი წერეთლის პროსპექტებს შორის აშენდა 1953 წელს. აგებულია ძველი ბორნის მოძრაობის ხაზზე. მოპირკეთებულია ბოლნისის ტუფით და რუხი გრანიტით. დეკორში გამოყენებულია ძველი ქართული ხუროთმოძღვრობის ორნამენტიკა. XX საუკუნის 90-იან წლებში მოხსნეს საბჭოური სიმბოლიკა.
მინდელის ხიდი მინდელის ხიდი მდებარეობს მტკვარზე, აკავშირებს დიღმისა და თემქის მიმდებარე ტერიტორიებს. აშენდა 1989 წელს. საქართველოში ეს ყველაზე გრძელი ხიდია მისი საერთო სიგრძე 592 მეტრს აღწევს. 1993 წელს დაერქვა აკადემიკოს გიორგი მინდელის სახელი.
მშვიდობის ხიდი მშვიდობის ხიდი-საფეხმავლო ხიდია მდინარე მტკვარზე, თბილისში, მეტეხისა და ბარათაშვილის ხიდებს შორის. ერთმანეთთან აკავშირებს ერეკლე II-ის ქუჩასა და რიყეს. ხიდი აიგო პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ინიციატივით, თბილისის მერიის დაკვეთით 2009-2010 წლებში. ოფიციალურად გაიხსნა 2010 წლის 6 მაისს. ხიდის არქიტექტორია იტალიელი მიკელე დე ლუკი, ხოლო განათების დიზაინერი ფრანგი ფილიპ მარტინო. ხიდის კონსტრუქციას წარმოადგენს ლითონის ბადურა კარკასი, ხოლო შემავსებელს - მინის პანელები, რომლებიც ერთობლიობაში 150 კვ.მ ფართობის მქონე ჩარდახის სახით ეხურება საფეხმავლო ბილიკს. მთელი კონსტრუქცია ეფუძნება 4 მძლავრ ფოლადისავე სვეტს, ხოლო ბილიკი ჩამოკიდულია კარკასზე ბაგირებით. ბილიკი მდინარის თავზე 5 მ-მდე სიგანისაა, ბოლოებისკენ კი 2 მ-მდე. საერთო სიგრძეა 156 მ. ხიდზე ასვლა შესაძლებელია, როგორც ერეკლე II ქუჩიდან და რიყიდან, ისე უშუალოდ გამსახურდიას სანაპიროდან კიბეების საშუალებით. ღამით ხიდი განათებულია სპეციალური განათებით, რასაც უზრუნველყოფს 50 000-მდე ნათურა. არქიტექტურული თვალსაზრისით ხიდი წარმოადგენს თანამედროვე არქიტექტურის ნიმუშს, რაც ძველი თბილისის მოცემულ ტერიტორაზე, გარკვეულ წილად სიახლეა. ოფიციალური ინფომარიიცთ სართო ღირებულებამ შეადგინა 12.5 მლნ ლარი, რომელიც გამოყო ქალაქის ბიუჯეტმა. მშენებლობას აწარმოებდა იტალიური კომპანია „პერმა სტელიზა“.
თბილისში არსებობს კიდე სხვა მრავალი ხიდი, ავჭალაში საავტომობილო და სარკინიგზო ხიდი, ისევე როგორც ისან-სამგორში არსებობს გულიას საავტომობილო და ერევნის სარკინიგზო ხიდები. ბაგებში უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებლიდან მაღლივი კორპუსისკენ მდინარე ვერეზე საფეხმავლო ხიდია გადებული.
2012 წელს ვეფხვის და მოყმის ძეგლის მიმდებარე მოედნიდან სამტრედიის ქუჩის მიმართულებით უნდა დაიწყოს ახალი ხიდის მშენებლობა. იმის მერე რაც დამთავრდება აღნიშნული ხიდის მშენებლობა, გეგმის მიხედვით უნდა დაიწყოს ერისთავის ხიდის მშენებლობა, რომელიც დააკავშირებს ერისთავის ქუჩას მარშალ გელოვანის გამზირთან. ეს ხიდები განტვირთავს საავტომობილო მოძრაობას ვახუშტის და შალიკაშვილის ხიდებზე, წერეთლის გამზირზე და სააკაძის მოედანზე, ასევე უმოკლესი გზით დააკავშირებს ნაძალადევს საბურთალოსთან.
ჩემი აზრით თბილისში გარდა არსებული და დაპროექტებული ხიდებისა, საჭიროა რომ ხიდები აშენდეს სანზონაში ქსნის ქუჩიდან ბელიაშვილის ქუჩაზე და იქედან აღმაშენებლის ხეივანზე გადასასვლელად. ეს ხიდი მნიშვნელოვნად განტვირთავდა ისედაც გადატვირთულ დიდუბის სატრანსპორტო კვანძს. ფონიჭალაში, რომელიც დააკავშირებდა ერთმანეთთან სოღანლუღის, რუსთავის, გარდაბნის, კახეთის გზატკეცილებს, მოსკოვის გამზირს და ხმელნიცკის ქუჩას. ეს ხიდი განტვირთავს ჩოლოყაშვილის ქუჩას და ბოლო მოუღებს მოსკოვის გამზირის ჩიხურ მდგომარეობას. ასევე საჭიროა საავტომობილო ხიდი ბაგებიდან საბურთალოზე სანდრო ეულის ქუჩაზე გადასასვლელად. ეს ხიდი კი განტვირთავს დელისის მოედნის მიმდებარე ტერიტორიას ბაგების და წყნეთის მანქანებისგან.
|