* * *
ბათუმი-სარფის 11.3-კილომეტრიანი ახალი მაგისტრალის მშენებლობისთვის მიწების გამოსყიდვა და კომპენსაციები 114 მილიონი ლარი დაჯდება - ამის შესახებ აზიის განვითარების ბანკის (ADB) ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციიდან ხდება ცნობილი. დოკუმენტის თანახმად, უშუალოდ მიწის ნაკვეთების კომპენსაციები 61.4 მილიონი ლარი იქნება; შენობა-ნაგებობების კომპენსაციები 44.6 მილიონი ლარი.
ADB-ის ვებგვერდის თანახმად, პროექტის მთლიანი ღირებულება 360 მილიონ დოლარს შეადგენს. ამჟამად პროექტზე უკვე გამოცხადებულია 14 მილიონი დოლარის ტენდერი, რაც სამშენებლო ზედამხედველის შერჩევას უკავშირდება. ტენდერში წინადადებების მიღების ვადა 22 სექტემბერს უნდა დასრულებულიყო და ის 6 ოქტომბრამდე გადაიწევს.
პროექტის მიხედვით, საქართველო თურქეთს ახალი მაგისტრალით დაუკავშირდება. ზღვის სანაპიროს მომიჯნავედ არსებული გზა ჩანაცვლდება ახალი ასფალტ ბეტონის გზით, რომელიც მდინარე ჭოროხზე ახალი ხიდით ბათუმის შემოვლით გზას დაუკავშირდება. ახალი მაგისტრალის მთავარი მონაკვეთი იქნება 7.6-კილომეტრიანი გვირაბი, რომელიც დასახლებულ პუნქტებს გვერდს აუქცევს.
პროექტი აზიის განვითარების ბანკის მიერ ფინანსდება. გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, ზედამხედველობის მომსახურების ვადა 48 თვეა.
"საპროექტო გზის ჯამური სიგრძე შეადგენს 11,4 კმ-ს. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია: კვანძის, 3 სახიდე გადასასვლელის (მათ შორის 1.5-კილომეტრიანი ხიდის) და ორზოლიანი გვირაბის მშენებლობა, ასევე გზის ბოლო მონაკვეთზე, სოფ. სარფის ტერიტორიაზე არსებულ გზაზე, იგეგმება გაფართოებითი სამუშაოების განხორციელება.
საპროექტო გზის დერეფანი იწყება მდ. ჭოროხის მარჯვენა სანაპიროდან კვანძის მოწყობით, შემდგომ გზა გრძელდება სახიდე გადასასვლელით, რომელიც მოეწყობა მდ. ჭოროხზე. ხიდის შემდეგ, სოფ. ჭარნალთან საპროექტო გზის დერეფანი გაგრძელდება 7,6 კმ სიგრძის გვირაბით, რომელიც გაივლის სოფ. ჭარნალისა და სოფ. ახალსოფლის ტერიტორიებზე. გვირაბის შემდეგ გზა გრძელდება სოფ. სარფის მიმართულებით და ხიდის მეშვეობით, სოფ. სარფის ტერიტორიაზე უერთდება არსებულ (საერთაშორისო მნიშვნელობის E70) საავტომობილო გზას, სადაც მოხდება გზის სავალი ნაწილის გაფართოება საქართველო-თურქეთის საზღვრამდე,"- ნათქვამია პროექტის აღწერაში.