„სპარტაკის“ ფრე იაპონელის ჩინურ გუნდთან
პირველი ლიგის ლიდერი ცხინვალის „სპარტაკი“ ანთალიაში მზადებას აგრძელებს. ავსტრიული პირველ (რიგით მეორე) ლიგაში მოასპარეზე ლინცის „ბლაუ ვაისთან“ სპარინგის შემდეგ ვლადიმერ ხაჩიძის გუნდი ჩინეთის მთავარი ლიგის წარმომადგენელს, „ჰანჯოუ გრინთაუნს“ გაეჯიბრა. ძალთა თანაფარდობისათვის, მოკლედ გეტყვით შიდაქართლელთა სპარინგ-პარტნიორის შესახებ. „ჰანჯოუ გრინთაუნის“ მთავარი მწვრთნელი იაპონიის ეროვნული ნაკრების ყოფილი თავკაცი (2007-2010 წლებში) ტაკეში ოკადა გახლავთ. ცნობისათვის, „ჰანჯოუ გრინთაუნმა“ ჩინეთის მთავარი ლიგის 2012 წლის სეზონი მე-13 ადგილზე ჩაამთავრა (16 გუნდში) და ახალი, 2013 წლის სეზონისთვის მაღალი მიზნებისათვის აპირებს ბრძოლას. ამ მიზნით ტაკეში ოკადამ ლეგიონერებით გააძლიერა გუნდი. კერძოდ, „გრინთაუნმა“ კორეელი მცველები დონგ-ჟო ჟონგი და დონგ-ჟინ კიმი, წინა ხაზზე კი ბრაზილიელი ფორვარდები მაცოლა და რენატინიო დაიმატა, ასევე კოტდივუარელი თავდამსხმელი კლონ ანგანი მიიწვია. ამ 5 ლეგიონერის გარდა, ტაკეში ოკადამ „სპარტაკის“ წინააღმდეგ კიდევ 3 ახალი ფეხბურთელი გამოსცადა...
ერთი სიტყვით, „სპარტაკზე“ უკეთესი ფეხბურთელებით დაკომპლექტებულმა „ჰანჯოუ გრინთაუნმა“ აქტიურად დაიწყო თამაში და პირველი ტაიმის შუაწელს ანგარიში გახსნა. თუმცა ათიოდე წუთში სპარტაკელთა შემტევმა თორნიკე თუხარელმა წონასწორობა აღადგინა. თუხარელის გოლის შემდეგ თამაშის სადავეებს ცხინვალელები დაეუფლნენ და დაწინაურებაც შეეძლოთ, მაგრამ თუხარელმა დუბლის გაკეთების შანსი ვერ გამოიყენა და ტაიმიც 1:1 დასრულდა. ჩინელებმა მეორე ტაიმიც აქტიურად დაიწყეს და „სწრაფი გოლით“ დაწინაურდნენ. მაგრამ აზიელთა სიხარულმა დიდხანს aრ გასტანა, 77-ე წუთზე ვარლამ კილასონიამ ანგარიში გაათანაბრა. მალევე ზვიად მეტრეველს შეეძლო „სპარტაკი“დაეწინაურებინა, მაგრამ ჩინელთა მეკარემ საიმედოდ ითამაშა. საბოლოოდ ეს შეხვედრა ფრედ, 2:2 დასრულდა.
ცხინვალელებმა ასეთი შემადგენლობით ითამაშეს:
ნადირაძე, ჭაფოძე, ქურდაძე, თვალვაძე, ლემონჯავა, თუხარელი, ხიზანეიშვილი, შონია (კაპ.), კილასონია, ბურძენაძე, მეტრეველი.
მეორე ტაიმში შეცვლაზე შევიდნენ: ზუხბაია, კაკაშვილი, ხადარცევი, ნარიმანიძე. კაბისოვი, ხუბეჟოვი, მაქაცარია.
„სპარტაკი“ ხუთშაბათს ორ ვარჯიშს ჩაატარებს, პარასკევს, 15 თებერვალს კი მორიგ სპარინგს გამართავს. ცხინვალელები უკრაინის პერშა (პირველი) ლიგის მესამეადგილოსან „ალექსანდრიას“ გაეჯიბრებიან.
http://www.worldsport.ge/ge/page/spartakis...-chinur-gundtan