კუპერისთვის “ძირითადში” ყოფნა ნაკრებში გამოძახებას არ ნიშნავს
არგენტინელი რუმინეთთან 4-4-2-ს ირჩევს
საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების არგენტინელი მთავარი მწვრთნელი ექტორ რაულ კუპერის აზრით, ის ფაქტი, რომ მოთამაშე საკუთარი კლუბის ძირითად შემადგენლობაში მუდმივად ხვდება, ნაკრებში გამოძახების წინაპირობა არ არის.
ამის შესახებ, არგენტინელმა სპეციალისტმა 19 ნოემბერს რუმინეთთან გასამართი ამხანაგური მატჩის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე მას შემდეგ განაცხადა, როდესაც მას რუსეთის პრემიერლიგის კლუბ ნალჩიკის “სპარტაკის” ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელის, ალექსანდრე ამისულაშვილის ნაკრებში არგამოძახების მიზეზზე დაეკითხნენ.
“უცხოეთში მოთამაშე ქართველ ლეგიონერებზე სრული წარმოდგენა მაქვს და ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ისინი მუდმივად ყურადღების ქვეშ მყავდნენ. მთავარი პრობლემა დროის ნაკლებობაა, რომლის გამოც, ყველა პოტენციური კანდიდატის უშუალოდ საქმეში ხილვის საშუალება არ მეძლევა. ნაკრებში, ძირითადი ბირთვი, რომელზეც მომავალში დაყრდნობას ვაპირებ, უკვე ჩამოყალიბებულია. ამხანაგური შეხვედრები, ახალი ფეხბურთელების გამოსაცდელად კარგია, მაგრამ, ხშირ შემთხვევაში, ზოგიერთი მოთამაშე, გუნდში შესაძლოა ვერც ამ დროს მივიწვიოთ. ამისგან დაზღვეული არავინაა. ის ფაქტი, რომ ფეხბურთელი თავისი გუნდის ძირითადი შემადგენლობის წევრია და სათამაშო პრაქტიკა არ აკლია, მნიშვნელოვანია. თუმცა, ეს იმის წინაპირობა არაა, რომ იგი ეროვნულ გუნდში აუცილებლად მოხვდება, რადგან, მოთამაშეებს ბევრი კრიტერიუმით ვაფასებ. მაგალითად, ლევან ყენია “შალკეში” ფაქტობრივად არ თამაშობს, ხოლო ლევან მჭედლიძეს, “პალერმოში” მოედანზე გამოსვლის საშუალებას მხოლოდ 10-15 წუთით აძლევენ. მიუხედავად ამისა, ორივე საქართველოს ნაკრებისთვის მნიშვნელოვანი ფიგურაა” - აღნიშნა კუპერმა.
საქართველოს ნაკრებში მოსვლის დღიდან, კუპერი ცდილობს, მატჩებში აქცენტი ფლანგებიდან შეტევაზე გააკეთოს, მაგრამ საიდუმლო არავისთვისაა, რომ მაღალი დონის გარემარბები, გუნდს დღესდღეობით ფაქტობრივად არ ჰყავს. კითხვაზე, აპირებს თუ არა არგენტინელი მომავალში იგივე ტაქტიკის გამოყენებას, მან შემდეგი უპასუხა:
“საერთოდ, გუნდის ტაქტიკა იმ მოთამაშეებიდან გამომდინარე იგება, რომლებიც განკარგულებაში გყავს. გარემარბებთან მიმართებაში მართლაც გვიჭირს, რადგან კლასიკური გაგებით ამ ამპლუის მოთამაშე, მართლაც არ გვყავს. თუმცა, სამშაბათობით გამართულ ვარჯიშებზე ვცდილობ, კონკრეტული მოთამაშე დავარწმუნო, რომ მას ფლანგზე თამაშის უნარი შესწევს. იგივე ლევან კობიაშვილი, “შალკეში” მარცხენა მცველად თამაშობს, მაგრამ, ჩემი აზრით, მას ნახევარდაცვაში ბევრად უფრო მეტი სარგებლობის მოტანა შეუძლია. თუმცა, თითოეულ მწვრთნელს საკუთარი მოსაზრება აქვს, თუ ვინ სად უნდა ათამაშოს”.
პრესკონფერენციაზე გაირკვა, რომ კუპერი საქართველოში თავს კარგად გრძნობს და მისთვის მთავარი ისეთი გუნდის ჩამოყალიბებაა, რომლის იდენტიფიკაციაც ქართველ გულშემატკივართან მოხდება:
“საქართველოში ხალხისგან დიდ პატივისცემას და დაფასებას ვგრძნობ. ამ მხრივ საწუწუნო ნამდვილად არაფერი მაქვს. რაც შეეხება ეროვნულ ნაკრებს, 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე მოხვედრის იმედი უნდა გვქონდეს, მაგრამ სატურნირო თვალსაზრისით, ამის გაკეთება ძალიან ძნელი იქნება, ვინაიდან, პრაქტიკულად ყველა დარჩენილი შეხვედრა უნდა მოვიგოთ. თუმცა, გამორიცხული არაფერია და ჩემი გუნდის რწმენა ბოლომდე მექნება. მსოფლიო პირველობის დასკვნით სტადიაზე გასვლა, უდიდესი წარმატება იქნებოდა, თუმცა, მნიშვნელოვანია ისეთი ნაკრები შევქმნათ, რომლის გულშემატკივრებთან იდენტიფიკაცია მოხდება. ხალხი უნდა ხედავდეს, რომ თითოეული მოთამაშე ბოლომდე იხარჯება და მხოლოდ ეროვნულ გუნდზე ფიქრობს. თუ ფეხბურთელებსა და ქომაგებს შორის ასეთ დამოკიდებულებას მივაღწიეთ, წარმატება აუცილებლად იქნება”.
პერსპექტიულ ფეხბურთელებზე საუბრისას, არგენტინელ მწვრთნელს გვარები და სახელები არ დაუკონკრეტებია, მაგრამ ხაზი გაუსვა, რომ შეეცდება, ნაკრებში თავის გამოჩენის შანსი თითოეულ მათგანს მისცეს, ამისთვის კი, მისი აზრით ამხანაგური თამაშები საუცხოო საშუალებაა. თუმცა, კუპერმა ისიც განაცხადა, რომ სპარინგები მხოლოდ ახალგაზრდა ფეხბურთელების გამოსაცდელად არ სჭირდება და მსგავს თამაშებში, იმ მოთამაშეთა შესაძლებლობებშიც რწმუნდება, რომლებზეც აქცენტს აკეთებს.
რუმინელებთან სათამაშოდ კახა კალაძის არმიწვევა, სხვა ფეხბურთელების გამოცდის სურვილით ახსნა:
“კალაძეს უმაღლეს დონეზე ბევრი მატჩი აქვს ჩატარებული, ვინაიდან “მილანის” შემადგენლობაში ისეთი მაღალი დონის ტურნირზე გამოდის, როგორიც იტალიის ჩემპიონატია. ისეთი ფეხბურთელების გამოცდა მსურს, რომლებსაც იგივე რუმინეთთან ნათამაშები თითოეული წუთი, მომავალში ნაკრებში დასამკვიდრებლად გამოადგებათ. მომავალ მატჩში, მონაწილეობას არ მიიღებენ ალექსანდრე იაშვილი და უჩა ლობჟანიძე, რომლებიც საკუთარ კლუბებში მუდმივად თამაშობენ. მსურს, საქმეში ვნახო ილია კანდელაკი ავსტრიის “შტურმიდან”, აგრეთვე ის მოთამაშეები, რომლებსაც ჩემი მწვრთნელობის პერიოდში გუნდში ჯერ არ უთამაშიათ. აქვე მინდა დავამატო, რომ თუ კალაძე და ნაკრების სხვა ფეხბურთელები სათანადო კონდიციაში არ იქნებიან, ისინი ნაკრების “სასტარტოში” ვერ მოხვდებიან”.
მასმედიასთან შეხვედრის დროს, კუპერს არ დაუმალავს, რომ მოხარული იქნება, თუ რუმინელებთან მატჩში მისი გუნდი 4-4-2 ტაქტიკით თამაშს 20 ან 30 წუთი მაინც შეძლებს:
“კარგი იქნება, თუ რუმინელებთან 4-4-2 ტაქტიკით 20 ან 30 წუთი ვითამაშებთ. გასულ სამშაბათს გამართულ ვარჯიშზე, აქცენტს სწორედ აღნიშნული სათამაშო სქემის დამუშავებაზე ვაკეთებდით. თუმცა, ამ ეტაპზე მისი გამოყენება ჩვენთვის ადვილი ნამდვილად არაა. საერთოდ, მომავალი თამაშისადმი მიდგომა უფრო კოლექტიური იქნება, ვიდრე ინდივიდუალური, თუნდაც რომელიმე ფეხბურთელის, ან სათამაშო რგოლის დონეზე. რუმინეთთან სპარინგში, უკანა ხაზში თამაშს, დიდი ყურადღებას დავუთმობთ, ვინაიდან, დაცვაში ხშირად ვცდებით. აღსანიშნავია, რომ მცველების მიერ კვიპროსთან დაშვებული შეცდომები, ბულგარეთთან გამოვასწორეთ, სამაგიეროდ, იმ მატჩში, თავდამსხმელებმა გოლის გატანის არაერთი რეალური შანსი ვერ გამოიყენეს. საერთოდ, ფეხბურთში მთავარი ბალანსის პოვნა და მისი შენარჩუნებაა”.
პრესკონფერენციაზე კუპერმა აღნიშნა, რომ მისთვის მნიშვნელოვანია, ეროვნულ ჩემპიონატში მოასპარეზე ნაკრების კანდიდატებთან ურთიერთობის შენარჩუნება:
“ამ ფეხბურთელებმა პირველი ნაბიჯი გადადგეს და მათთან ურთიერთობის შენარჩუნება, მნიშვნელოვანია. არასწორი იქნება, რომ მოთამაშე ერთი-ორ ვარჯიშზე გამოიძახო და შემდეგ, რამდენიმე თვე დაივიწყო. იმ ფეხბურთელებში, რომლებსაც ნაკრებში ვიძახებ, რაღაც დავინახე, მაგრამ, ამ შემთხვევაში, მთავარი პრობლემა მათთან ურთიერთობაში არსებული დროის სიმცირეა. გარდა ამისა, ჩემთვის ისიც პრობლემატურია, რომ რასაც მოთამაშეს სამშაბათის ვარჯიშზე ვასწავლი, კლუბში იმას არ აკეთებინებენ და იგი იძულებულია, კლუბის მწვრთნელის კონკრეტული დავალება შეასრულოს. თითოეული გუნდის თავკაცს, ფეხბურთზე საკუთარი შეხედულება აქვს და ნამდვილად არ ვიცი, რამდენად მართებული იქნება, ჩემი მხრიდან მისთვის დარიგების მიცემა. მაგალითად, ლუკა რაზმაძის მწვრთნელთან ვერ მივალ და ვერ მივუთითებ, იგი როგორ უნდა ათამაშოს. საერთოდ, ეროვნულ ჩემპიონატში მოასპარეზე გუნდების მწვრთნელებთან თანამშრომლობა, შეიძლება ურთიერთსასარგებლო იყოს. სხვათაშორის, ერთ-ერთ შეხვედრაში, “ოლიმპის” მიერ გაკეთებული რამდენიმე კომბინაცია ჩავინიშნე”.
საქართველოს ნაკრები რუმინეთში 16 ნოემბერს გამთენიისას გაემგზავრება, ხოლო ამხანაგური შეხვედრა 19 ნოემბერს, ბუქარეტსში “დინამოს” სტადიონზე გაიმართება.
http://www.msofsport.com/more.aspx?id=14472