mcenare-99
Super Crazy Member +

      
ჯგუფი: Members
წერილები: 15557
წევრი No.: 85670
რეგისტრ.: 1-March 09
|
#17758931 · 2 Feb 2010, 13:39 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ინტერვიუ ამირან წილოსანთან
გურია იუბილარია
როგორ გახდა გურია საქართველოში პირველი და სსრკ-ში მეორე პროფესიული კლუბი. როგორ ჩაეშალათ ბიშოვეცის, სიომინის, მატვიენკოს და ემეცის ვარიანტები...
წელს ლანჩხუთის ''გურიას'' 80 წელი უსრულდება. გურიაში პირველი საფეხბურთო გუნდი ''კიმი'' 1926 წელს, ანდრო ჟორდანიას ინიციატივით შეიქმნა. ზუსტად 20 წლის წინ კი, სოფლის გუნდად წოდებულმა ''გურიამ'' ''დუნია გადარია'' და საბჭოთა ფეხბურთის ელიტაში თამაშის უფლება მოიპოვა. ორი წლის შემდეგ, თებერვლის პირველ რიცხვებში ''გურია'' იყო პირველი ქართული გუნდი, რომელიც პროფესიულ კლუბად ჩამოყალიბდა. ლანჩხუთის გუნდმა დენპროპეტროვსკის ''დნეპრს'' მიბაძა და ყოფილ სსრკ-ში მეორე დამოუკიდებელ კლუბად მოგვევლინა. პირველ პრეზიდენტად მანამდე სპორტკომბინატ ''გურიის'' თავკაცი ამირან წილოსანი დანიშნეს.
პირველი ქართული კლუბის პირველ პრეზიდენტს ''სპორტი'' შინ ესტუმრა და 1988 წლის თებერვლის მოვლენების გახსენება თხოვა. ბატონი ამირანი, როგორც ყოველთვის, ამჯერადაც კარგი რესპოდენტი გამოდგა და არაერთი გაუხმაურებელი ინფორმაცია მოგვაწოდა, რაც, ვფიქრობთ, მკითხველს უთუოდ დააინტერესებს:
- ბატონო ამირან, თავიდან ის გვითხარით, ''გურიაში'' როგორ აღმოჩნდით?
- როცა ''გურია'' უმაღლეს ლიგაში გადავიდა, რაიკომში დაჟინებით მთხოვეს, გუნდს სერიოზული ხელმძღვანელი სჭირდება და უნდა დაგვთანხმდეო. მანამდე სულ თანამდებობებზე ვმუშაობდი, მაგრამ ბოლო დროს ''შოუმენობით'' ვიყავი დაკავებული (იცინის). რაიონში ღონისძიება არ ჩატარდებოდა, ინიციატორი და ორგანიზატორი არ ვყოფილიყავი, მაშინ ყოველწლიურად ვატარებდით გრანდიოზულ ღონისძიებას-''ეგნატეობა''. და უცებ... გუნდში დამიძახეს.
- არ გაგიჭირდათ, ასეთ რთულ საქმეს რომ შეეჭიდეთ?
- არა, უფრო რთულ სამსახურებშიც მიმუშავია. ცოტა განსხვავებული სფერო კი იყო, მაგრამ ლანჩხუთში ფეხბურთი ყოველთვის პოპულარული იყო და მეც ''მოწამლული'' ვიყავი. ორგანიზება მევალებოდა, რასაც თავს კარგად ვართმევდი. შემდეგ ცკ-ას ახალი ხალხი მეუბნებოდა, სამი რაიონის კგბ გითვალთვალებდა და ყოჩაღ, ერთხელაც არ ჩაჭრილხარო.
- როგორც ვიცით, მაშინ მწვრთნელის შერჩევის საქმეც დაგავალეს.
- კი, ჯერ კიდევ ოფიციალურად კლუბში არ ვიყავი, როცა რაიკომმა მწვრთნელის შერჩევა დაგვავალა. უმაღლესი ლიგა მაინც სხვა იყო, მე, იმედო დუნდუა და ბეგი სიხარულიძე ჩავედით მოსკოვში. ფედერაციაში მუშაობდა პონომარიოვი, რომელიც ჩვენთან კარგად იყო და გვირჩია, იური სიომინს დაელაპარაკეთო. მაშინ ლოკომოტივში ახალი მისული იყო. ვუთხარით, მთელი ლანჩხუთი თქვენს იმედზეა, პირობებზე ლაპარაკი არ არის და უარს ნუ გვეტყვითო. დაფიქრდა, მაგრამ უარი გვითხრა - სადღაც დაკარგულში ვიყავი, მოსკოვში გადმომიყვანეს და ახლა ლანჩხუთში წასვლა სწორი არ იქნებაო. პონომარიოვმა ახალი ვარიანტი შემოგვთავაზა, კიევში ჩადით, ვალერი ლობანოვსკის თანაშემწედ ვიქტორ მატვიენკო ჰყავს და ის წაიყვანეთო. ჩავედით მოველაპარაკეთ, პირობებზე დაგვთანხმდა, გაუხარდა. გეგმები დააწყო, ამას მოვუგებ, იმას ფრედ ვეთამაშებიო და საბოლოოდ, ლანჩხუთში ყველა მოიგო და გასვლებიდან ქულა მოჰქონდა. გამოდიოდა, სამეულში შევიდოდით. ეჭვი შეგვეპარა და ''დნეპრის'' თავკაც ემეცთან წამოვიწყეთ მოლაპარაკება. გუნდიდან ახალწასული იყო. მატვიენკოსთან კავშირი არ გაგვიწყვეტია, რის გამოც ემეცთან დაგეგმილი შეხვედრა დაგვიგვიანდა. სამწუხაროდ, მალე ინფარქტით დაიღუპა. ახლა რო ვაკვირდები, ემეცი საუკეთესო ვარიანტი იყო. დაგვრჩა მატვიენკო. ყველაფერი თითქოს გადაწყვეტილი იყო, სამი ბილეთი ავიღეთ. ბატონი იმედო ლობანოსვკის შეხვდა, ამ უკანასკნელმა შეუბღვირა, არც გამოელაპარაკა წესიერად. მერე გავიგეთ, გაგიჟებულა, ჩემს ზურგს უკან მოლაპარაკებებს აწარმოებდითო და ჩაგვეშალა ეს ვარიანტიც . არადა, რაიკომი დაჟინებით ითხოვს კარგ მწვრთნელს. ფული გვაქვს, მაგრამ ყველა მოლაპარაკება ჩაგვეშალა. აშკარად ხელს გვიშლიდნენ.
- ვინ გმტრობდათ?
- რა ვიცი... გგონიათ, ყველას უხაროდა, ჩვენ რომ კიევში, მოსკოვში, ლენინგრადში, მინსკში და ასეთ ქალაქებში უნდა გვეთამაშა? ბოლო ვარიანტად ანატოლი ბიშოვეცი დაგვრჩა. მაშინ იგი ახალგაზრდულ ნაკრებს წვრთნიდა და მოლაპარაკებაც წამოვიწყეთ, თუმცა რად გინდა, ისევ ჩაგვიშალეს. იმ დროს ყველაფერს ლობანოვსკის ნებართვა უნდოდა და ვფიქრობდით, რომ ვიღაც სწორედ პირველი ნაკრების მწვრთნელთან გვიშლიდა ხელს. მოგვიანებით როცა შუა სეზონში მძიმე დღეში აღმოვჩნდით, ლობანოვსკი დაფაცურდა და მიხეილ ფომენკოს ჩამოყვანაში დაგვეხმარა.
- ''გურიას'' რომ კარგი პირობები ჰქონდა, ცნობილი ამბავია, მაგრამ ასეთი მწვრთნელების გადმობირება რომ გინდოდათ, ისინი ძლიერ ფეხბურთელებს მოითხოვდნენ და ფინანსურად ამას შეძლებდით?
- ჩვენი ბიუჯეტი 3 მილიონ მანეთზე მეტი იყო. სეზონზე 10 ათასს აბონემენტს ვყიდდით( კიდევ 10 ათასი ბილეთი სხვაა), ეს 200 ათასი მანეთი იყო, მილიონზე მეტი ლატარიის გათამაშებიდან შემოგვდიოდა. აგროსამრეწველო კომბინატი და ბატონი გურამ გველაძე ყველანაირად გვერდით გვედგნენ. კიდევ რაიონის საწარმოები, კოლმეურნეობები და ა.შ. ამ დროს საბჭოთა გრანდებს 10-15 მილიონიანი ბიუჯეტი ჰქონდათ. ეს იცით, რას ნიშნავდა?! 10-ათასიან ლანჩხუთს მილიონიან ქალაქებთან დიდი ჩამორჩენა არ ჰქონდა. ფეხბურთელს ჩვენთან 500 მანეთი ხელფასი ეძლეოდა, პრემიას ხან 200% ვაძლევდით, ხან 300-ს ხანაც 500%-ს! ფეხბურთელებს ცალკე რომ წინასწარ თანხებს უხდიდნენ, მანქანები და ა.შ. - ეს სულ სხვა იყო. ყოფილა შემთხვევები, ერთ სეზონში მოთამაშისთვის ორი მანქანა მიგვიცია.
- ბატონო ამირან, თქვენ იყავით პირველი ქართული კლუბის პრეზიდენტი... - დიახ, 1988 წლის თებერვლის დასაწყისში '' გურია '' პირველ დამოუკიდებელ გუნდად ჩამოყალიბდა. მთელს სსრკ-ში პირველი პროფესიული კლუბი დნეპროპეტროვსკში შეიქმნა. მაშინვე სასწრაფოდ მივავლინეთ ამ ქალაქში რაიონის მაღალჩინოსანი ნუგზარ ჩხაიძე, რათა კლუბის დებულება ჩამოეტანა. გადავამუშავეთ, ჩვენს სიტუაციას მოვარგეთ და ჩამოვაყალიბეთ პროფესიულ კლუბად. ჩვენ სსრკ-ში მეორე კლუბი ვიყავით. სანამ ამან მასობრივი სახე არ მიიღო, ''გურია'' რომ პროფესიული კლუბი იყო, ამის აფიშირება არ ხდებოდა, გაზეთები პრინციპულად არ წერდნენ.
- ბატონო ამირან, თქვენ ''გურიის'' ყველაზე წარმატებული პრეზიდენტი იყავით.
- კი, საბჭოთა ბატალიების გარდა, ეროვნულშიც წარმატებით დავიწყეთ - თასი, ორი ვერცხლი... შემდეგ, იფიქრეს, ეს კაცი ამ ფულიან ადგილს აფუჭებსო და შინ გამიშვეს. შემდგომში ორჯერ დამიძახეს, როცა ძალიან გაუჭირდათ.
- 1990 წელს კლუბების პრეზიდენტების შეხვედრასაც ესწრებოდით, ხომ ასეა?
- კი. ჩანაფიქრი კარგი იყო, მაგრამ დიდი ინტერესი თავად ფედერაციას არ გამოუჩენია. თითქოს შემდგომში სისტემატურად უნდა შევხვედროდით ერთმანეთს, მაგრამ ზუგდიდში მოწყობილი თავყრილობა პირველი და უკანასკნელი იყო.
- ბატონო ამირან, რას ფიქრობთ რა ეშველება ''გურია''?
- დასაიმედებელს ვერაფერს გეტყვით. ამ გადასახედიდან საშველი არ ჩანს, მაგრამ მთლად უიმედოობაც ღმერთმა დაგვიფაროს.
მამუკა ქანთარია ლანჩხუთიდან
გაზეთი ''სპორტი'' 2006 წლის 8 თებერვალი
This post has been edited by mcenare-99 on 2 Feb 2010, 13:43
|