“ბაია” - “სიონი”
მატჩის ბედი იმ სიურპრიზმა გადაწყვიტა, რომელიც ზუგდიდელებს გამოცდილმა კიპერმა, გიორგი სომხიშვილმა გაუკეთა. მოგეხსენებათ, იგი აზერბაიჯანში იმყოფებოდა და ყველამ იქაური ერთ-ერთი აუტსაიდერის, თოვუზის “თურანის” წევრად მოვნათლეთ. როგორც ჩანს, აზერებმა სომხიშვილს “პირი უშალეს” და მანაც უცხო ქვეყანაში მოტყუებულად ყოფნას, მშობლიური გუნდის დახმარება არჩია. ფეხბურთელმა უკან დაბრუნების გადაწყვეტილება შაბათს მიიღო, კვირას კი, უკვე “ბაიას” კარში იდგა.
ზუგდიდელებს მეტოქედ ჩემპიონატის ყველაზე მოუმზადებელი გუნდი ჰყავდა, რაც წარმატებით გამოიყენეს კიდეც. თუ ოქმში “სიონის” შემადგენლობას გადაავლებთ თვალს, მასში უმაღლეს ლიგაში სათამაშო გამოცდილების მქონე ფეხბურთელებსაც აღმოაჩენთ, მაგრამ მათ რომ ერთად მხოლოდ ათიოდე დღე აქვთ ნავარჯიშები, მგონი, ბოლნისელთა სამომავლო პერსპექტივაზე სამსჯელოდ საკმარისი უნდა იყოს.
მასპინძლებმა, ანგარიში მატჩის დაწყებიდან მალე გახსნეს. აქ, ინდივიდუალური ოსტატობით ლუკა გუგუჩიამ გაიბრწყინა, რომელიც მარცხენა ფლანგზე მიღებული ბურთით, მოედნის შუაგულისაკენ გადაადგილდა და საკმაოდ შორი მანძილიდან აუღებელი დაურტყა უმაღლესი ლიგის დებიუტანტ კიპერ ლობჟანიძეს - 1:0.
“ბაიას” მე-2 გოლი რიგვავა-ქობალიას სწრაფი კომბინაციის შედეგი იყო. ამ უკანასკნელმა, თანაგუნდელის ფლანგური ჩაწოდება შეუჩერებლად დააგვირგვინა და მისი გუნდი კიდევ უფრო დააწინაურა. მატჩის დამაგვირგვინებელ წერტილს რაც შეეხება, იგი შოთა ლომიამ ირაკლი ქობალიას ზუსტი გადაცემის შემდეგ დასვა. ზუგდიდელთა ფორვარდმა, მეტოქის მცველებთან იმარჯვა, ბურთიანად შევიდა “სიონის” საჯარიმოში და როცა მისგან ყველა კარში დარტყმას ელოდა, ბურთი უკან წამოსწრებულ თანაგუნდელს დაუგორა - ლომიამ კი, ბურთი ზუსტად ლობჟანიძისაგან დაუცველ კუთხეში დაარტყა - 3:0.
მატჩის შემდეგ
ელგუჯა ქომეთიანი (“ბაიას” მთავარი მწვრთნელი): “გუნდში სომხიშვილის დაბრუნებამ, ბიჭებს ძალიან დიდი სტიმული მისცა - როცა კარში ასეთი გამოცდილი მეკარე გეგულება, სულ სხვაგვარად თამაშობ. შეიძლება, ცოტა უხერხულიც კი იყოს, 3:0-ზე მოგებული მატჩის შემდეგ, უკმაყოფილო რომ დარჩები, მაგრამ ასეა. ვიდრე 2 ბურთით დავწინაურდებოდით, გუნდს ყველაფერი “ათიანზე” ჰქონდა - რომ იტყვიან, მაყურებელი ვასიამოვნეთ. მერე თამაშის ხარისხი გაუარესდა და მეტოქე ცოტა ძლიერი რომ ყოფილიყო, ალბათ დაგვსჯიდა”.
”ბაია” (ზუგდიდი) - ”სიონი” (ბოლნისი) 3:0 (2:0)
7 აგვისტო, ზუგდიდი. “გულია თუთბერიძე”.
”ბაია”: სომხიშვილი, აფაქიძე, ქვარცხავა (გერგედავა, 69), ნიკოლოზ შონია, გუგუჩია, სიხარულია (კუკავა, 68), რიგვავა, ქობალია, ეხვაია, წურწუმია, შოთა ლომია (კონსტანტინე ახალაია, 77).
მთავარი მწვრთნელი: ელგუჯა ქომეთიანი.
”სიონი”: ლობჟანიძე, სვანიძე, თარგამაძე, ლევან ჩხეტიანი, არჩილ ალავიძე (ალფაიძე, 40), გიორგი ოქროპირიძე (ნინიკაშვილი, 86), გაბრიჩიძე, მანუჩარ ოქროპირიძე, ვლადიმერ უგრეხელიძე (აკაკი ნოზაძე, 65), ისიანი, გია რეხვიაშვილი.
მთავარი მწვრთნელი: ვახტანგ ჩაგელიშვილი.
გაფრთხილებები: სვანიძე (54), უგრეხელიძე (64).
გოლები: 1:0 გუგუჩია (9), 2:0 ქობალია (22), 3:0 ლომია (73).
მსაჯები: მ. ბეუქლიშვილი; გ. ჩიგოგიძე, კ. გაბრიაძე; გ. დოგრაშვილი.
მიმაგრებული სურათი