დეკემბრის ბოლოს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მიერ ჩატარებულ ქვეყნის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელის გამოსავლენ გამოკითხვაში ჩემპიონ „ზესტაფონის“ 26 წლის თავდამსხმელმა ჯაბა დვალმა გაიმარჯვა. ხმების დაახლოებით 80 პროცენტი სწორედ ამ ფეხბურთელმა მიიღო და კაცმა რომ თქვას, გასაკვირიც არაფერი ყოფილა. ჯაბა ეროვნულ ჩემპიონატში გამორჩეული ფეხბურთელია, მაგრამ რად გინდა, ქვეყნის ნაკრების მწვრთნელი თემურ ქეცბაია მას მაინც არ სწყალობს და დღემდე ეროვნულ გუნდს მიღმა ჰყავს დატოვებული. წმინდა სპორტული თვალსაზრისით, გასული წელი ჯაბა დვალისთვის, ალბათ, მხოლოდ ქეცბაიას ამგვარი პრინციპულობით თუ იყო გულდასაწყვეტი, თორემ სხვა მხრივ... „რა თქმა უნდა, ძალიან გამიხარდა, ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელად გულშემატკივრებმა მე რომ დამასახელეს. გამოკითხვაში მონაწილე ყველა ადამიანს, განსაკუთრებით ჩემს მხარდამჭერებს, დიდი მადლობა უნდა ვუთხრა. ეს ამბავი ჩემთვის, როგორც სპორტსმენისთვის ძალიან ბევრს ნიშნავს და მავალდებულებს, რომ მომავალში კიდევ უფრო უკეთესად ვითამაშო და მეტი გავაკეთო. ჩემი თავით კმაყოფილი არასდროს ვარ და ამიტომაც მიმაჩნია, რომ უფრო მაღალ დონეზე შემიძლია თამაში. სპორტულ კარიერას ისევ შემართებით გავაგრძელებ და ვეცდები, დავამტკიცო, რომ საუკეთესოდ დასახელების ღირსი ვიყავი“, – გვითხრა ჯაბა დვალმა, რომელსაც მაშინ შევხვდით, როცა ის „ზესტაფონთან“ ერთად ჩემპიონატის საგაზაფხულო ეტაპისთვის მზადებას იწყებდა.
ჯაბა დვალი „ზესტაფონში“ ახლა მესამე სეზონს ატარებს. მიმდინარე ჩემპიონატში მას 9 გოლი აქვს გატანილი და ბომბარდირთა დავაშიც საუკეთესოა. ამ ფეხბურთელის კარგი თამაში და შედეგიანობა კი „ზესტაფონის“ ხელმძღვანელებმაც დააფასეს და გასული წლის ბოლოს კლუბთან კონტრაქტი გაუგრძელეს.
„კონტრაქტის გაგრძელება ორივე მხარის სურვილი იყო. როცა ამგვარი წინადადება მივიღე, ბევრი არც მიფიქრია. „ზესტაფონი“ ის კლუბია, რომელსაც არ ეღალატება. ამ გუნდში თავს ბედნიერად ვგრძნობ და ვეცდები, ხელმძღვანელთა ნდობა ბოლომდე გავამართლო. „ზესტაფონისთვის“ თავი არც ადრე დამიზოგავს და მით უმეტეს, მომავალშიც ასე იქნება. აქ ფეხბურთელს ყველა პირობა აქვს საიმისოდ, რომ მხოლოდ ფეხბურთელზე იფიქროს. თავიდან „ზესტაფონთან“ 2.5-წლიანი კონტრაქტი მქონდა, ახალი შეთანხმებით კი ზესტაფონში კიდევ ნახევარი წელი დავრჩები. მიხარია, რომ ასე მოხდა“.
ჯაბა დვალისთვის და მთლიანად მისი კლუბისთვის კი გასული წელი უფრო წარმატებული იქნებოდა, „ზესტაფონს“ ევროპულ სარბიელზე ცოტა უფრო რომ გამართლებოდა. ეს გუნდი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპთან ერთ ნაბიჯში იყო, მაგრამ უბედობისა რა ვთქვით, ორი მატჩის ჯამში დიდი უპირატესობის მიუხედავად, ავსტრიულ „შტურმთან“ მაინც დამარცხდა.
„თითქმის ყველა კი ამბობს, რომ ევროსარბიელზე „ზესტაფონმა“ კარგად ითამაშა, მაგრამ ჩვენ ამ ტურნირმა მაინც სინანულის გრძნობა დაგვიტოვა. „შტურმთან“ უკეთესი შედეგის ჩვენებაც შეგვეძლო, მაგრამ არ გაგვიმართლა, იმ მატჩებისას იღბალი მეტოქისკენ იყო. თუმცა ეგ არაფერი, „ზესტაფონი“ ევროპაში ახლა გაიცნეს, მომავალ სეზონში კი გამოცდილებაც მეტი გვექნება და ალბათ, უკეთეს ფეხბურთსაც ვითამაშებთ. ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპიდან გავარდნის შემდეგ ევროპის ლიგაში მოხვედრაც შეგვეძლო, მაგრამ, სამწუხაროდ, არც იქ გაგვიმართლა. თანაც ჩვენი მაშინდელი მწვრთნელი გია გეგუჩაძე ზედ მატჩის წინ წავიდა გუნდიდან და ჩვენზე ამ ფაქტმაც უარყოფითი გავლენა მოახდინა. გეგუჩაძე მაშინ რომ არ წასულიყო, არ ვიტყვი, „ბრიუგეს“ აუცილებლად დავამარცხებდითო, მაგრამ გამორიცხულიც არაფერი იყო. გია გეგუჩაძე რომ მაღალი კვალიფიკაციის მწვრთნელია, ეს სადავო არ არის, თუმცა „ზესტაფონს“ ახლაც საკმაოდ მცოდნე მწვრთნელი ჰყავს და იმედია, გია ჭიაბრიშვილის ხელში „ზესტაფონს“ უფრო დიდი წარმატებები ელის“.
ეს საფეხბურთო ამბები, მაგრამ როგორია ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი მოედანს მიღმა? წლეულს მის ცხოვრებაში დიდი ამბავია მოსალოდნელი. ჯაბა დვალს ცოლი მოჰყავს! მისი რჩეული სალომე სიჭინავაა. მათ უკვე კარგა ხნის ურთიერთობა აქვთ, თუმცა დაქორწინება ახლა გადაწყვიტეს. რატომ მაინცდამაინც ახლა? ამაზე ჯაბა დვალს მოკლე პასუხი აქვს.
„აღარ არის დრო?! მე და სალომემ ერთმანეთი საერთო მეგობრების წრეში გავიცანით. გარკვეული პერიოდი კარგი მეგობრული ურთიერთობა გვქონდა, მერე და მერე კი, როგორც ხდება ხოლმე, მეგობრობა სიყვარულში გადაიზარდა და აგერ ახლა ოჯახის შექმნაც გადავწყვიტეთ“.
ჯაბას საცოლე ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის მოგვარე აღმოჩნდა. კი ვიკითხეთ, რაიმე ნათესაური კავშირი ხომ არ არისო, მაგრამ ჯაბამ, არაო.
„ახალ წელს ოჯახთან ერთად შევხვდი. მშობლები და ჩემი და ვისხედით საახალწლო სუფრასთან, მერე კი მეგობრებთან გადავინაცვლე და კარგი დრო ვატარეთ. ბედნიერებისა და ბევრი სიხარულის მომტანი ყოფილიყოს ყველასთვის ეს ახალი წელი“.
დაბოლოს, რა უყვარს და რა აღიზიანებს საქართველოს ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელს?
„ყველაზე ძალიან წაგება და ლოდინი არ მიყვარს. ვგიჟდები, როცა მალოდინებენ, მაშინ შეიძლება მდგომარეობიდანაც გამოვიდე. თავად კი ყოველთვის ვცდილობ, რომ პუნქტუალური ვიყო და ლოდინით სხვა არ შევაწუხო. სხვა მხრივ კი, ჩემთვის სასიამოვნო ნებისმიერი წარმატება და მოგებული მატჩია, თანაც მატჩში თუ გოლი გავიტანე, ეს ჩემთვის ორმაგი ბედნიერებაა. ამ ახალ წელსაც იგივეს ველი, ბევრ გოლს, მოგებულ მატჩებს, შვილსა და მომავალში კიდევ ბევრ შვილს... ამაზე დიდი ბედნიერება რა უნდა იყოს“?!
http://ptpress.ge/index.php?option=com_con...porti&Itemid=10მეგონა ჩემს ინტერვიუს ვკითხულობდი

არადა ამ ბოლო დროს სულ მალოდინებენ :უსერ:
This post has been edited by akkai on 20 Jan 2012, 16:17