http://worldsport.ge/Read.aspx?news=34967&lang=1"მერანმა” ისე სუსტად ითამაშა ჩემპიონატის წინასწარი ეტაპის უკანასკნელ ტურებში და პლეი ოფის პირველ წრეში, რომ სატურნირო თვალსაზრისით, ყოველგვარი მოტივაცია დაკარგა. მაგრამ, მოგეხსენებათ, ფეხბურთში არსებობს სხვა სტიმულებიც, თუნდაც შენზე გაცილებით შეძლებულ, ამბიციურ გუნდებთან თავის გამოჩენით ნაკარნახევი. ჰოდა, პლეი ოფის მეორე წრეში, მარტვილელებს სწორედ ეს სურვილი ამოძრავებთ. ფაქტები სახეზეა, მათ ჯერ დრამატული ყაიმით (4:4) ქვეყნის მოქმედ ჩემპიონ `ზესტაფონს” შეუმცირეს ტიტულის შენარჩუნების შანსი, შემდეგ ევროლიგის საგზურის მაძიებელი გია გეგუჩაძის სამწყსო გააკრეს ბეჭებზე (3:0), ახლა კი, მარტვილში `დინამო” ჩავიდა და მასპინძლებისათვის უკუთესი მოტივაცია რა უნდა ყოფილიყო?
უმაღლესი ლიგის დებიუტანტი, ჩემპიონატში სამჯერ იყო შეხვედრილი "დინამოს” და ტოლსწორადაც ეთამაშა მას. მეტოქეებმა საშინაო მოგებები გაცვალეს და ერთი დედაქალაქური მატჩიც ფრედ დასრულდა. ერთი სიტყვით, სავარაუდო იყო, რომ `მერანი” ამჯერადაც პრობლემებს შეუქმნიდა პლეი ოფის ზედიზედ 8 შეხვედრაში მოუგებელ "დინამოს”...
მატჩის დაწყებამდე სტადიონზე შეკრებილმა აუდიტორიამ წუთიერი დუმილით პატივი მიაგო ამ დღეებში ისრაელში გადრაცვლილი მწვრთნელის ბიჭიკო შალელაშვილის ხსოვნას, რომელიც თავის დროზე მარტვილში მოღვაწეობდა და დიდ ფეხბურთში გაუკვალა გზა მურთაზ ხურცილავას, დევის დარჯანიას და სხვ.
თავიდანვე ვიტყვით, პირველი ტაიმი საკმაოდ უფერული გამოდგა, ორივე გუნდი ზედმეტად ფრთხილობდა და თამაშის გამწვავებას ერიდებოდა. აქედან, სახიფათო მომენტების სინაკლულეც. მე-12 წუთზე, მერანელი ლევან გეგეჭკორი მარჯვენა ფლანგიდან აშკარად საჯარიმოში ჩაგდებას აპირებდა, მაგრამ ბურთმა ჰაერში ისე იცვალა ტრაექტორია, რომ კინაღამ სტუმართა კარის მაღალ კუთხეში ჩაეშვა. დინამოელებმაც მოულოდნელად გაიტანეს. მე-17 წუთზე, ალვარომ წინ გამოსული ჯონი შეროზია შენიშნა და დაახლოებით 20 მეტრიდან, მეკარეს თავზე გადაუგდო ბურთი და ბადეში გაახვია.
მასპინძლებმა მხოლოდ გაშვებული ბურთის შემდეგ გამოიღეს ხელი და 23-ე წუთზე სწრაფი იერიში განახორციელეს. ანზორ სუხიაშვილმა მარცხენა ფლანგიდან ელგუჯა გრიგალაშვილს უპასა, რომელმაც თავის მხრივ, ზუსტი გადაცემა გაუკეთა `დინამოს” საჯარიმოში უმეთვალყურეოდ დარჩენილ გიმზერ წოწორიას, თუმც ამ უკანასკნელმა დასარტყმელად ვერ მოირგო ბურთი და საკმაოდ ააცილა მიზანს. შესვენებამდე, ყურადსაღები სულ ეს იყო.
მეორე ტაიმი გაცილებით საინტერესო და სანახაობრივი გამოდგა. მეტოქეებმა ტემპს უმატეს და შეტევებზე გააკეთეს აქცენტი. 48-ე წუთზე მარტვილელებმა მარცხენა ფლანგზე იაქტიურეს, ტაპემ კარის ხაზამდე ჩააღწია და ძალზე სახიფათოდ გაჭრა საჯარიმოსკენ, თუმც გულვერდ თომაშვილმა თავგანწირვით მოიგერია ბურთი. ამის შემდეგ, დინამოელებმა ზედიზედ შეუტიეს მასპინძლებს. ჯერ ირაკლი ძარიამ საჯარიმოს გარედან სახიფათოდ გაისროლა კარისკენ, მაგრამ მცირედით ააცილა, მერე კი, რობერტინიომ უმალ ისარგებლა მასპინძელი მცველების შეცდომით და ხელსახყრელ პოზიციაზე გაიყვანა ჩისკო, თუმც დინამოელთა მეგოლემ შანსი ვერ გამოიყენა - ახლოდან მცველს მოარტყა და ბურთი კუთხურზე გადავარდა.
სამწუხაროდ, მეორე ტაიმს უექსცესოდ არ ჩაუვლია. 56-ე წუთზე, რობერტინიო შეტევის მარცხენა ფლანგზე, კიდის ხაზთან ახლო, აშკარად დაუხმარებლად წაიქცა. წაიქცა, მაგრამ წამოდგომას არ ჩქარობდა, არბიტრიც არ რეაგირებდა დინამოელის საქციელზე, რამაც მარტვილელ ქომაგთა უკმაყოფილება გამოიწვია. სწორედ მაშინ დაეცა კიდის ხაზთან ტრიბუნიდან ნასროლი პლასტმასის ბოთლი. მერე ტრიბუნაზე ადგილობრივი და `დინამოს” ფანები წაკინკლავდნენ. რაც მართალია, წესრიგის დამცველებმა ოპერატიულად განმუხტეს ვითარება. თამაში კი გრძელდებოდა და 61-ე წუთზე მასპინძლებმა ანგარიში გაათანაბრეს. გრიგალაშვილმა მარჯვნიდან ჩააწოდა კუთხური, დინამოელთა საჯარიმოში ყველას მარტვილელთა კაპიტანმა გიგა ჟვანიამ აჯობა და თავურით გაგზავნა კარისკენ, მიწიდან ავარდნილ ბურთზე, გიორგი ლორიამ რეაგირება ვერ მოასწრო.
ზედიზედ მეცხრე ფრე? დარჩენილ დროში საკითხავი ეს იყო. ჰოდა, სტუმრებმა ყველაფერი იღონეს მშვიდობიანი სერიის შესაწყვეტად. როგორც გამოჩნდა, მატჩის ბოლოსკენ მათ მეტოქეზე მეტი ძალა და ენერგია შემორჩათ და თამაში სასურველ კალაპოტში მოაქციეს. 75-ე წუთზე ნიკა კვეკვესკირმა საუცხოოდ შეასრულა საჯარიმო დარტყმა, დაახლოებით 20 მეტრიდან ოსტატურად შემოავლო ბურთი "კედელს” და შეროზიას ნახტომიც "ცხრიანისკენ’’, ამაო გამოდგა. სტუმრებმა ეს არ იკმარეს. ხუთ წუთში ირაკლი ძარიამ მეტოქის ნახევარზე, ცენტრალურ ხაზთან ახლო მიიღო ბურთი, სლალომისტივით აუარა გვერდი მცველებს და ორმოცმეტრიანი რეიდი უზუსტესი დარტყმით დაასრულა - 1:3. სხვა რა? მატჩის ბოლოსწინა წუთზე, მარტვილელებს ანგარიშში სხვაობის შემცირება მართებდათ. გიგა ამბროლაძემ ახლო მანძილიდან თავურით გაგზავნა ლორიას კარისკენ, ოღონდ არაზუსტად.
ნესტორ მუმლაძე: “საინტერესო თამაში იყო. ძალიან გვსურდა გამარჯვება, ცუდი საფარი ამის საშუალებას არ გვაძლევდა, მაგრამ შევძელით და მოვიგეთ. "მერანი” კარგი გუნდია, მარტვილში თამაში ყველას უჭირს. ჩვენმა ბიჭებმა დიდი თავდადებით იბრძოლეს. როგორც იქნა, ნავსი გავტეხეთ”.
არჩილ ჩხაბერიძე: “დიდი ძალები შევალიეთ წინა თამაშს და ამიტომ იყო, რომ მეორე ტაიმში ბიჭებს დაღლა დაეტყოთ. რამდენიმე შეცდომაც დავუშვით. მეორე გოლი სტანდარტულიდან მივიღეთ. ეს რომ არა, თამაში, შესაძლოა, სხვაგვარად დასრულებულიყო”.
"მერანი” (მარტვილი) - `დინამო” (თბილისი) – 1:3 (0:1)
28 აპრილი. 16 საათი. მარტვილი. `ცენტრალური”
"მერანი”: შეროზია, ჟვანია (კ, მელიავა, 84), იობაშვილი, გეგეჭკორი, სუხიაშვილი, დიდავა, ელგუჯა გრიგალაშვილი, წოწორია, ფონიავა (ვართაგავა, 55), ტაპე (ამბროლაძე, 55), ტორონჯაძე.
მთავარი მწვრთნელი: არჩილ ჩხაბერიძე
"დინამო”: ლორია (კ), თომაშვილი, ხიზანეიშვილი, რეხვიაშვილი, ხმალაძე, ძარია, ოდიკაძე (ტვილდიანი, 55), კოტო (კვეკვესკირი, 61), ჩისკო, ალვარო (კოშკაძე, 39), რობერტინიო.
მთავარი მწვრთნელი: ნესტორ მუმლაძე
გოლი: 0:1 ალვარო (17), 1:1 ჟვანია (61), კვეკვესკირი(75), ძარია (80)
გაფრთხილება: ჩისკო (43), რობერტინიო (60), ჟვანია (71)
მსაჯები: მალხაზ ბეუქლიშვილი, ლევან თოდრია, ირაკლი უკლება, გიორგი დოგრაშვილი
იუზა კაციტაძე მარტვილიდან
I Love Dinamo Tbilisi......
მე მიყვარს თბილისი...
Ribo #1
AC MILAN