CP3კიი ჩვენთანაა და მაგარი კაი ადამიანიც ჩანს
* * *
სეზონის დაწყებამდე, ფაქტობრივად, აღარაფერი დარჩა. ქუთაისის "ტორპედო" კი ურთულეს მდგომარეობაშია.
რევაზ ძოძუაშვილის გუნდი მშობლიურ ქალაქში კი ემზადება, თუმცა მზადებაცაა და მზადებაც - "ტორპედო" ნორმალურად ვერც ვარჯიშობს.
გვესაუბრება რევაზ ძოძუაშვილი, "ტორპედოს" მთავარი მწვრთნელი, ვისი ხელმძღვანელობითაც გასულ სეზონში ქუთათურებმა საქართველოს ჩემპიონატის ქვედა ექვსეულში პირველი ადგილი დაიკავეს...
- ჩვენი გაჭირვება ენით არ გამოითქმის. ვვარჯიშობთ, მაგრამ ეს ვარჯიში არაა. მოკლებულნი ვართ ყველანაირ პირობას. ელემენტარულად, ფეხბურთელების კვების პრობლემა გვაქვს.
- გვირაბის ბოლოს შუქი თუ ჩანს?
- არის იმედი, რომ სახელმწიფო ამხელა ტრადიციების კლუბს უპატრონოდ არ დატოვებს. ყველანი ამ იმედით ვსულდგმულობთ.
- თუმცა მაინც მოახერხეთ რამდენიმე გამოცდილი ფეხბურთელის დამატება...
- მოვახერხეთ, თუმცა ეს ზღვაში წვეთია. ძალიან ბევრს უნდა "ტორპედოში" თამაში, მაგრამ რა შევთავაზოთ მათ?
მაინც მჯერა, რომ ფეხზე დავდგებით. ამ დიდმა გაჭირვებამ კიდევ უფრო მაგრად შეგვკრა ის ხალხი, ვისთვისაც "ტორპედო" ძალიან ბევრს ნიშნავს. ასეთები არიან ქუთაისში. გულშემატკივარიც გვერდით გვიდგას.
- ვალერი აბრამიძე ოფიციალურად ჩაირიცხა "ტორპედოში"?
- კი, ვალერი ჩვენთანაა. ოღონდ საშუალება იყოს და, ფეხბურთელები კიდევ გამოჩნდებიან.
- ქალაქის ხელმძღვანელობის მხრიდან არაფერი ისმის?
- მათი იმედი გვაქვს.
- მიზნებზე საუბარი, ალბათ, არასერიოზული იქნება...
- როგორ გითხრათ რამე ამ პირობებში? ჯერ გადარჩეს "ტორპედო" და მიზნებზე მერე ვილაპარაკოთ.