ლევან ზუხბაია, "დინამოს" დირექტორი: "ფინანსური მდგომარეობა გვაძლევს საშუალებას, რომ არა მხოლოდ ეს სეზონი დავასრულოთ, არამედ, შემდგომებიც. ამ კუთხით კლუბს არანაირი პრობლემა არ გააჩნია".
სერგო ფუტკარაძე, "ზესტაფონის" პრესატაშე: "ცნობილია, რომ კლუბის მეპატრონე ილია კოკაიამ დაფინანსება 600 ათას ლარამდე შეამცირა. რა დასამალია, გარკვეული ფინანსური პრობლემები შეიქმნა. მაგრამ იმედი გვაქვს, რომ ზესტაფონის მუნიციპალიტეტთან ერთად, საუკეთესო გამოსავალს ვიპოვით".
რევაზ ძოძუაშვილი, "ტორპედოს" მწვრთნელი: "ძალიან მძიმე მდგომარეობაში რომ ვართ, ეს ყველამ იცის. შარშანდელზე ნაკლები ბიუჯეტი გვექნება. ყოველდღე ვცდილობთ, რომ კლუბი გადავარჩინოთ და ბიჭები შევინარჩუნოთ. შემოთავაზებული ბიუჯეტი არასაკმარისია, ფეხბურთელები გაქცევაზე არიან და არ ვიცი, ასე როდემდე გაგრძელდება".
მურთაზ შელია, ცხინვალის "სპარტაკის" სპორტული დირექტორი: "ბიუჯეტზე მუშაობა მიმდინარეობს და ყველაფერი ახლა ირკვევა. ისე, დარწმუნებული ვარ, რომ კლუბი ნორმალურ დაფინანსებას მიიღებს".
გია ისიანი, გორის "დილას" მენეჯერი: "ცნობილია, რომ სახელმწიფო დაფინანსებიდან კლუბები 250 ათას ლარს მივიღებთ. პლუს, გუნდმა სეზონი ღირსეულად რომ დაასრულოს, მოლაპარაკებები გორის მუნიციპალიტეტთან მიმდინარეობს".
კობა მირზაშვილი, ლანჩხუთის "გურიას" დირექტორი: "გუნდში მნიშვნელოვანი რეორგანიზაცია გატარდა, რამდენიმე აიპ-ი გაერთიანდა, გუნდს კი გოგი ფაცურია უხელმძღვანელებს. ახლა გამგეობასთან ვარკვევთ, რა ბიუჯეტი გვექნება. თუმცა, ჩემპიონატის ნორმალურად დასრულების იმედი გვაქვს".
ვარლამ კილასონია, რუსთავის "მეტალურგის" მწვრთნელი: "ჩვენ თავად გვსურს გავარკვიოთ, ახალი სეზონიდან რა დაფინანსება გვექნება. პირადად მე ჯერ ამაზე ზუსტად ვერაფერს ვიტყვი. მხოლოდ ის ვიცი, რომ საკითხს მეტალურგიულ ქარხანაში არკვევენ".
ოთარ ფედიჩკინი, ბათუმის "დინამოს" დირექტორი: "ჩვენი გუნდის ფინანსური მდგომარეობა დამაიმედებელია, რადგან გუნდს ასეთი ბიუჯეტი არასოდეს ჰქონია. ამ მხრივ პრობლემები არ გვაქვს და სეზონს დავასრულებთ, რადგან აჭარის ხელისუფლება ფეხბურთის განვითარებაზე სერიოზულად ფიქრობს".
რევაზ ჩელებაძე, ქობულეთის "შუქურას" დირექტორი: "ისევე როგორც მთელ საქართველოში, ადგილობრივ ბიუჯეტებს 13 აგვისტოდან 15 აგვისტომდე დაამტკიცებენ. ამის შემდეგ გვეცოდინება, წლის განმავლობაში რა თანხას მივიღებთ. მაგრამ "შუქურას" ბიუჯეტი უკვე წარვადგინეთ და დარწმუნებული ვარ, მას დაამტკიცებენ - გუნდში ქობულეთის მუნიციპალიტეტისა და აჭარის ხელმძღვანელთა მხარდაჭერას ვგრძნობთ".
გელა სანაია, "სამტრედიას" მთავარი მწვრთნელი: "სტაბილური ფინანსური მდგომარეობა გაქვს და მიმაჩნია, რომ სეზონის ბოლომდე პრობლემები არ შეგვაწუხებს. სამტრედიაში დიდიც და პატარც, ჩინიანიც და უჩინოც მომართულია, რომ გუნდს პრობლემა არ შეექმნას. ეს არ ნიშნავს, რომ ძალიან დიდი ბიუჯეტი გვაქვს, მაგრამ მზრუნველობას ვგრძნობთ და ეს ჩვენთვის ბევრს ნიშნავს".
ელდარ ბაკურია, მარტვილის "მერანის" დირექტორი: "2007 წლიდან მოყოლებული, "მერანში" სტაბილური ფინანსური მდგომარეობაა. ბევრი არ გვაქვს, მაგრამ თანხა შეუფერხებლად მოდის. წინა სეზონი ჩავაგდეთ, თუმცა ახალ ჩემპიონატს იმედიანად ველოდებით და მჯერა, რომ გუნდი თავის შესაძლებლობებს გამოავლენს. მაგრამ სახელმწიფო დაფინანსება და შემდგომი დახმარება არც ჩვენ და არც სხვა კლუბებს აწყენდა".
ლადო ბურდული, ბოლნისის "სიონის" მთავარი მწვრთნელი: "ხომ იცით, სახელმწიფო კლუბების პრობლემა რაც არის? ბიუჯეტის დამტკიცება საფეხბურეთო კალენდარს აცდენილია და თანხები დეკემბრიდან დეკემბრამდე გვერიცხება. ჩვენ კი ფული წლის ბოლომდე გვაქვს. დეკემბერში, ისევე როგორც ყველა დოტაციურ კლუბში, ახალი ბიუჯეტის დამტკიცებას დაველოდებით. მე ბოლნისის ახალ გამგებელს, გოგი მეშველიანს შევხვდი, რომელიც თანადგომას შემპირდა და მითხრა, რომ "სიონის" დასახმარებლად და ნორმალური პირობებსი შესაქმნელად ყველაფერს გააკეთებს".
ბერიკა შუკაკიძე, საჩხერეს "ჩიხურას" დირექტორი: "ჩვენი ხელმძღვანელობა "ქართუ ბანკის" მენეჯმენტს ელაპარაკა და დეკემბრამდე დაფინანსების პრობლემა არ გვექნება. იანვრიდან კი, ახალი ბიუჯეტის დამტკიცებას დაველოდებით".
მალხაზ კაკაურიძე, "ვიტ ჯორჯიას" გენერალური დირექტორი: "ჩვენ სახარბიელო მდგომარეობაში არ ვართ და ვცდილობთ, თავი გავიტანოთ. მაგრამ ცნობილია, რომ სახელმწიფო ფეხბურთის განვითარებით დაინტერესდა და იმედია, ფულს დაგვირიცხავენ - ეს კლუბებს ჰაერივით გვესაჭიროება".
თემურ ბარქაია, ფოთის "კოლხეთის" გენერალური დირექტორი: "შეკრება სპონსორების დახმარებით გავიარეთ, რაც ბოლო წლებში ჩვენთვის დიდი პრობლემა იყო. კიდევ რამდენიმე სპონსორის მოზიდვის იმედი გვაქვს. გარდა ამისა, სახელმწიფო დახმარებას მივიღებთ და ადგილობრივი თვითმმართველობაც გვერდში დაგვიდგება".
გელა ინალიშვილი, "ზუგდიდის" დირექტორი: "ერთი პრობლემაა - ბიუჯეტი დახარჯულია და როდესაც გუნდი ჩავიბარეთ, ვალი 177 ათასი ლარი იყო. მაგრამ მაინც იმედიანად ვართ განწყობილი, რადგან ქალაქის ხელმძღვანელობა გვერდში გვიდგას და სახელმწიფო დაფინანსების იმედიც გაგვაჩნია".