ადვოკატი - ზვიად ასკაროღლი და ალექსანდრე გუნთაძე დანაშაულს აღიარებენ
15:29 26-09-2014
ადვოკატი - ზვიად ასკაროღლი და ალექსანდრე გუნთაძე დანაშაულს აღიარებენ ზვიად ასკაროღლი და ალექსანდრე გუნთაძე დანაშაულს აღიარებენ და გულწრფელად ინანიებენ ჩადენილ დანაშაულს. ამის შესახებ გუნთაძისა და ასკაროღლის ადვოკატმა მარინა მარიამიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, ამ საქმეში არის მესამე პირი, რომელიც არის ყოფილი მსაჯი ონისე მოლოდინაშვილი.
როგორც ადვოკატმა განაცხადა, მათ ამ საქმეში სამივემ ერთად, 2500 დოლარი აიღეს.
"მე ამ საქმეში ზვიად ასკაროღლის და ალექსანდრე გუნთაძის ინტერესებს ვიცავ. ისინი აღიარებენ და გულწრფელად ინანიებენ ჩადენილ დანაშაულს, მათ ამ საქმეში მხოლოდ ერთი ფაქტი უფიქსირდებათ, ეს არის 22 სექტემბრის მატჩი საჩხერის "ჩიხურასა" და გორის "დილას" დუბლებს შორის. ფული ვინც შესთავაზა, მოწმის სახით არიან დაკითხული, ესენი არიან მოქალაქეები, ვინმე ბიბილური და საღირაშვილი, რომლებიც დაკავებულებმა 20 სექტემბერს გაიცნეს. მსაჯებთან დაკავშირება, ყოფილი მსაჯის, ონისე მოლოდინაშვილის მეშვეობით მოახერხეს ამ პირებმა, სამივე ამ მსაჯმა მოლოდინაშვილმა, გუნთაძემ და ასკაროღლიმ ერთად 2500 აშშ დოლარი აიღეს, - განაცხადა ადვოკატმა.
მისივე თქმით, მისი შუამდგომლობა იქნება, რომ გამოყენებული იქნას აღმკვეთი ღონისძიების სახით გირაო.
ადვოკატის განმარტებით, პატიმრობა მკაცრი სასჯელი იქნება იმ დროს, როდესაც ეს ადამიანები დანაშაულს აღიარებენ.
შსს-ს ანტიკორუფციულმა სააგენტომ კომერციული მოსყიდვის ფაქტზე რვა პირი დააკავა. დაკავებულები არიან საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მსაჯთა და მსაჯთა დამკვირვებელთა კომიტეტის ეროვნული კატეგორიის არბიტრები – 1977 წელს დაბადებული ოთარ ხ., 1979 წელს დაბადებული ირაკლი უ., 1972 წელს დაბადებული მამუკა უ., 1975 წელს დაბადებული თეიმურაზ ხ., ასევე პირველი კატეგორიის არბიტრები, 1975 წელს დაბადებული ალექსანდრე გ., 1984 წელს დაბადებული ზვიად ა., ეროვნული კატეგორიის ასისტენტი, 1974 წელს დაბადებული ონისე მ. და "ფიფას" არბიტრი, 1986 წელს დაბადებული თორნიკე გ..
გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებული პირები 2500-დან 5000 აშშ დოლარამდე თანხის სანაცვლოდ წინასწარ ურიგდებოდნენ მოქალაქეებს მათი მსაჯობით ჩასატარებელ თამაშებში ფეხბურთელთა დასაჯარიმებელი ყვითელი და წითელი ბარათების რაოდენობაზე, რასაც ზედმიწევნით ზუსტად ასრულებდნენ. როგორც შსს-ში განაცხადეს, ამ სქემით ბრალდებულები აღნიშნულ მოქალაქეებს საშუალებას აძლევდნენ წინასწარ შეპირებული ჯარიმების რაოდენობის მიხედვით გაკეთებული ფსონით მოგება მიეღოთ.
გამოძიება ჯგუფურად ჩადენილი კომერციული მოსყიდვის ფაქტზე მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 221-ე მუხლის მე-4 ნაწილის ა ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკევეთას ითვალისწინებს.
გამოძიების მონაცემებით, ანალოგიური სქემით მოქმედებენ სხვა მსაჯებიც, რომელთა მიმართ გამოძიება გრძელდება. გამოძიებას აწარმოებს შსს-ს ანტიკორუფციული სააგენტო. თუ როდის გაიმართება აღკვეთი ღონისძიების შესახებ სასამართლო პროცესი, ამ დროისთვის უცნობია.
გუშინვე სამსაჯო კომიტეტმა კომიტეტის სხდომაზე ბრალდებულ მსაჯებს სამუდამო დისკვალიფიციკა მისცა.
http://www.interpressnews.ge/ge/samartali/...aghiareben.html