* * *
* * *
უიღბლობა, მსაჯის ფაქტორი და ნადირაძის გმირობა
"მერანი" - "გაგრა" 0-0
ეროვნული ლიგა 2-ის ცენტრალური მატჩი მარტვილში შედგა. პირველი ტურის გახსნით შეხვედრაში "მერანმა" "გაგრას" უმასპინძლა და რომ არა, საფეხბურთო ფორტუნა, გიორგი ნადირაძის თავგანწირული თამაში და მთავარი მსაჯის მიერ მიღებული საეჭვო გადაწყვეტილებები, მარტვილელები დამსახურებულ სამ ქულას ჩაიწერდნენ საკუთარ აქტივში.
დღეს, მიუხედავად წვიმიანი ამინდისა, "მერანის" გულშემატკივრები თავიანთი საყვარელი გუნდის საქომაგოდ საკმაოდ მრავლად იყვნენ. მურთაზ ხურცილავას სახელობის სტადიონზე საქართველოს ეროვნული ჰიმნი აჟღერდა და მსაჯმაც თამაშის დაწყების ნიშანი მისცა.
აქვე ისიც ვთქვათ, რომ გიორგი მიქაძე საკადრო პრობლემებით შეხვდა დღევანდელ დაპირისპირებას, ვარჯიშზე მიღებული ტრავმის გამო, ორი წამყვანი მოთამაშე, გიორგი გეგია და ლაშა ჩალაძე ვერ დაეხმარნენ საკუთარ გუნდს "გაგრას" წინააღმდეგ.
რაც შეეხება შეხვედრას, მარტვილელებმა მატჩის დებიუტშივე ხელთ იგდეს სადავეები და უკვე მე-10 წუთზე კიჭი მელიავამ ფლანგური გარღვევის შემდეგ, "გაგრას" საჯარიმოში მცველი ცრუ მოძრაობით ჩამოიშორა და კარშიც დაარტყა, ნადირაძე დაეუფლა ბურთს.
მე-15 წუთზე რევაზ ბარაბაძემ საჰაერო ორთაბრძოლა მოიგო და მკერდით დაუგდო ბურთი შეტევაში ჩართულ ვაჟა ლომაშვილს, "მერანელის" უძლიერესი დარტყმა არაზუსტი გამოდგა.
27-ე წუთზე სტუმრების მიერ შესრულებულ სტანდარტს მოჰყვა ხიფათი, საბოლოოდ გიორგი ტყეშელაშვილი ურტყამდა "მერანის" კარის მიმართულებით მცირედ არაზუსტად.
32-ე წუთზე რევაზ გეწაძემ შეასრულა საჯარიმო დარტყმა კარგად, საბოლოოდ მაისაშვილმა გაატარა ბურთი და გოლიც გავიდა, თუმცა მთავარი არბიტრის გადაწყვეტილებით თამაშგარე მდგომარეობა დაფიქსირდა და გოლი არ ჩაითვალა.
39-ე წუთზე მელიავას მიერ ფლანგიდან ჩაწოდებული ბურთი კარისკენ წავიდა, ნადირაძემ მოასწრო რეაგირება და კუთხურზე მოიგერია.
ტაიმის მიწურულს "გაგრელთა" უკრაინელი მწვრთნელი მიხვდა, რომ მოედნის შუაგული ფაქტიურად დაკარგული ჰქონდა მის გუნდს და შემტევი ფეხბურთელი, ნიკოლოზ ჯიშკარიანი მოხსნა და მის ნაცვლად საყრდენი შეიყვანა ლუტსენკოს სახით.
ორი კარგი შანსი ჰქონდა "მერანის" "ცხრიანს", ბარაბაძე ჯერ გეწაძის პასით დაემუქრა თავური დარტყმით "გაგრას" კარს, 55-ე წუთზე კი შულაიას პასის შემდეგ, ვარდნაში ერთი შეხებით ცდილობდა ეფექტური გოლის გატანას, ეს დარტყმაც უზუსტო იყო. რასაც სტუმართაგან "ექს-მერანელი" შოთა გვაზავას საპასუხო დარტყმა მოჰყვა, მცირე მანძილით აცდა ბურთი კარს.
74-ე წუთზე კი დღევანდელ მატჩში ყველაზე საეჭვო გადაწყვეტილება მიიღო ხარიტონაშვილმა, რადგან "მერანის" უკრაინელი ფორვარდი, სერგეი ტრეტიაკი მეკარესთან პირისპირ რჩებოდა და ანგარიშსაც გახსნიდა, რომ არა მეტქოე გუნდის ფეხბურთელის უხეში თამაში, ტრეტიაკი "გაგრას" საჯარიმოში წააქციეს, მაგრამ მსაჯის სასტვენი დუმდა..
78-ე და 85-ე წუთებზე კი გიორგი ნადირაძის გმირობამ იხსნა "გაგრა". პირველ ეპიზოდში აკაკი შულაიას მიერ შორეული გასროლილი ბურთი უკუაგდო ნახტომში "გაგრას" კიპერმა, დამატებაზე კი სერგეი ტრეტიაკის თავური დარტყმაც გაუვნებელყო.
85-ე წუთზე კი კიჭი მელიავას უძლიერესი დარტყმა მოიგერია ნადირაძემ, დამატებაზე კი ვანო კურდღელაშვილი, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე აქტიური იყო ორივე გუნდის მხრიდან, ახლოს იყო მიზანთან, თუმცა მისი დარტყმული ბურთი კარის გვერდითა ძელს მოხვდა და "გაგრა" გადარჩა.
შეხვედრის ბოლო 15 წუთი სტუმრები მთელი გუნდით დაცვაში ჩაჯდნენ და ძირითადად საკუტარი საჯარიმოდან ბურთის გამოტანით და დროის გაყვანით იყვნენ დაკავებულნი, თუმცა მიუხედავად "მერანის" ზეწოლისა ანგარიში არ გახსნილა და მატჩი ფრედ 0-0 დასრულდა.
დასასრულს უნდა ავღნიშნოთ გიორგი მიქაძის გუნდის საუკეთესო თამაში პირველ ტურში, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენმა გუნდმა გამარჯვების მოპოვება ვერ მოახერხა, "მერანმა" დღეს ძალიან ლამაზი, სანახაობრივი მატჩი აჩუქა თავის ერთგულ გულშემატკივარს და ბევრი ტაში და ოვაცია დაიმსახურა. "მერანი" მეორე ტურის შეხვედრას სტუმრად გამართავს "ცხინვალის" წინააღმდეგ, ეს მატჩი 10 მარტს გაიმართება.
4 მარტი. 15:00. მარტვილი. "მურთაზ ხურცილავა".
"მერანი" (მარტვილი) - "გაგრა" (გაგრა) 0-0
"მერანი": კულუა, ორბელაძე ©, მაისაშვილი, მელიავა, გეწაძე, ლომაშვილი, ტეიდი, კურდღელაშვილი (რუხაძე 89'), შულაია, ბარაბაძე, ტრეტიაკი (გიორგაძე 89').
სათადარიგო: მამალაძე, წოწონავა, ჯიქია.
მთავარი მწვრთნელი: გიორგი მიქაძე
"გაგრა": ნადირაძე, კახიანი, ქურდაძე, გეთიაშვილი, სამხარაძე, გაფრინდაშვილი, გვაზავა, ჯიშკარიანი (ლუტსენკო 40'), გ, ქურდაძე (წურწუმია 87'), ტყეშელაშვილი, პაპავა (ხინთიბიძე 75').
სათადარიგო: მაღრაძე, გ. ტყეშელაშვილი, კაკუშაძე, ქანთარია.
მთავარი მწვრთნელი: ანატოლი პისკოვეცი
გაფრთხილება:რევაზ გეწაძე (19'), ვაჟა ლომაშვილი (24'), ლევან ქურდაძე (33'), კიჭი მელიავა (51'), ბენჟამინ ტეიდი (60'), შოთა გვაზავა (65').
მთავარი მსაჯი: დავით ხარიტონაშვილი ...................... ----------- .......... ედემი ელერჯია
* * *
ს.კ მერანი მარტვილი