https://goal.ge/news/99307-interviu-mate-ci...hevecdebit.html[ინტერვიუ] მათე ცინცაძე: "გვინდა, სტადიონზე ხალხმა მხარი დაგვიჭიროს, ჩვენ კი მათ გახარებას შევეცდებით"
ქუთაისის "ტორპედო" ევროპა ლიგის ფლეი-ოფშია. 23 აგვისტოს ქართული კლუბი "ლუდოგორეცს" უმასპინძლებს და ისტორიის დაწერას შეეცდება.
მოგეხსენებათ, ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს მოქმედმა ჩემპიონებმა ჯერ "ვიკინგური" დაამარცხეს, შემდეგ კი "კუკეში."
GOAL.GE "ტორპედოს" ერთ-ერთ ლიდერს, მათე ცინცაძეს დაუკავშირდა და მნიშვნელოვანი მატჩის წინ, რამდენიმე საკითხზე ესაუბრა.
"ტორპედოში" შუა სეზონში გადახვედი. როგორ შეაფასებდი ამ პერიოდს და თუ გაიარე ახალ გუნდში ადაპტაცია?
ტორპედოში ყველაფერი კარგადაა. მინდა მადლობა გადავუხადო კლუბში მომუშავე ყველა პერსონალს, მწვრთნელებსა და ფეხბურთელებს თბილი დახვედრისთვის.
გაიხსენე "რუსთავში" გატარებული პერიოდი, სადაც ეროვნული ლიგის საწყის ტურებში ირიცხებოდი...
უნდა ვთქვა, რომ "რუსთავი" სასურველ ფორმაში შესასვლელად ძალიან დამეხმარა, რაც შემდეგ "ტორპედოში" გამომადგა და მადლობას ვუხდი მათ ამისათვის.
პოლონეთში ერთი წელი ითამაშე. იყო თუ არა პოგონში გატარებული პერიოდი შენი კარიერისთვის წინგადადგმული ნაბიჯი?
რა თქმა უნდა, პოლონეთში გატარებული პერიოდი წინგადადგმული ნაბიჯი იყო, რადგან დიდი გამოცდილება მივიღე და განვვითარდი.
რა არის "ტორპედოს" მიზანი ეროვნული ლიგის მიმდინარე სეზონში?
ყველა თამაშში მოსაგებად უნდა გავიდეთ და გულშემატკივარი გავახაროთ. ეროვნული ლიგის მიმდინარე სეზონში "ტორპედოს" მიზანი მინიმუმ სამეულია.
გავიხსენოთ "კუკეშთან" მატჩი. პირველ შეხვედრაში მოგებული 5:2-ის შემდეგ, სტუმრად 2:0 დამარცხდით და ბოლო წუთებამდე, მატჩი დაძაბული იყო. ეს მოდუნების ბრალია თუ კუკეშის კარგი თამაშის?
ზოგადად, მსაჯებზე ლაპარაკი არ მიყვარს, თუმცა ფაქტია, მსაჯმა 2 გოლი არ ჩაგვითვალა და მეტოქეს 2 არარსებული პენალტი დაუნიშნა. ევროპა ლიგის დონის ტურნირზე კი ასეთი შეცდომები მეტისმეტია, თუმცა "კუკეშთან" მარცხს მაინც ჩვენს თავს დავაბრალებდი.
ევროტურნირებზე ქართული ფეხბურთი "ტორპედოს" იმედად დარჩა. როგორ შეაფასებდი "ლუდოგორეცთან" შანსებს და როგორ ფიქრობ, რის ხარჯზე შეგვიძლია მათი დამარცხება?
ბოლო ეტაპია და ორმაგად მოტივირებულნი ვართ. ვიცით, რომ "ლუდოგორეცი" ძალიან კარგი გუნდია, მაგრამ მონდომებით ნებისმიერი გუნდის დამარცხება შეგვიძლია.
ქართველი გულშემატკივრის მხრიდან, ამ მატჩზე დიდი მოლოდინია. რას ეტყვი მათ, ვინც "ტორპედოსგან" ისტორიის დაწერას ელის?
გვინდა, რომ გულშემატკივარი სტადიონზე მოვიდეს და მხარი დაგვიჭიროს. ჩვენ, ჩვენის მხრივ, ყველაფერს გავაკეთებთ სასურველი შედეგის დასაფიქსირებლად და მათ გასახარად.