ავტორი : Jaguar paw
ეს მწერები ერთ-ერთ ყველაზე ჭკვიან მწერებად მიიჩნევიან. მრავალ რელიგიაში მათ ეთაყვანებოდნენ და წმინდა ცხოველად თვლიდნენ. რა თქმა უნდა საუბარი მიდის ტარაკნების ახლო ნათესავებზე, ჩოქელებისებრნების შესახებ (Mantidae).
ძირითადად, ჩოქელები დიდი ზომის 12-15 სმ მწერები არიან, კამუფლაჟისებრი შეფერილობით (რომელიც ძალიან ვარიაბელურია სახეობის შიგ და დამოკიდებულია ბინადრობის ადგილზე), სამკუთხედი თავით, რომელიც ბრუნავს 180 ̊გრადუსით, რომელზეც განლაგებულია 2 დიდი სინათლემგრძნობიარე თვალი. თვალების ფერი დღის განმავლობაში იცვლება. დღისით - ღია ფერისაა, ღამით კი მუქდება.
წინა სპეციალიზირებული კიდურები, ჩოქელების საერთო დამახასითებელი ნიშანია. მათი დანიშნულება - მსხვერპლის დაჭერა და დაკავება, მსხვერლად კი მრავალი არსება შეიძლება განვიხილოთ, ფეხსასრიანებიდან დაწყებული, მცირე ზომის ხერხემლიანებით დამთავრებული.
Hierodula transcaucasica - ხის ჩოქელას თავი

საფრთხის შემთხვევაში, გაქცევას ჩოქელები დაშინებას არჩევენ, ამისთვის კი ისინი წინა კიდურებს რაც შეიძლება მაღლა წევენ და შლიან ფრთებს. სახეობათა უმეტესობას ფრთები კარგად განვითარებული აქვთ.
ჩოქელების გამრავლება იწყება გაზაფხულ-ზაფხულში, რომლის პროცესში მამალი ხშირად (მაგრამ არა ყოველთვის) დედალის მსხვერპლად იქცევა. ძირითადად ეს აიხნსება იმით, რომ დედალს კვერცხების დასადებად ცილების დიდი რაოდენობა სჭირდება.
სქესის გარჩევა საკმაოდ ადვილია. ზომით დედალი უფრო დიდია და მასიური. ასევე აბდომენზე (მუცელზე) დედალს გააჩნია 5-6 სტერნიტი (სეგმენტი), მამალს კი ყოველთვის 1 სტერნიტით მეტი აქვს.
ხის ჩოქელას დედლები კვერცხების დადებამდე

კვერცხების დადების დროს, დედალი მათ ქაფისმაგვარ მასაში ათავსებს, რომელიც შემდგომში შრება და კვერცხებს უამინდობისა და ცუდი პირობებისგან იცავს. ამ ”ჭუპრს” ოოტეკა ჰქვია.
ხის ჩოქელას ოოტეკები

მამალთან შეჯვარების შემდეგ დედალს რამოდენიმე ოოტეკას დადება შეუძლია, რის შემდეგ იგი კვდება.
ზომიერი კლიმატის ქვეყნებში მობინადრე ჩოქელების ოოტეკები ზამთრობენ (ტროპიკულ სახეობებს ზამთრობა არ სჭირდებათ), გაზაფხულზე კი მრავალი ნიმფა იჩეკება.
მე-19-ე საუკუნის ცნობილი ფრანგი ენტომოლოგი და მწერალი ჟან ანრი ფაბრი შემდეგნაირად აღწერს გამოჩეკვას:
”ფირფიტებს ქვეშ გამოჩნდნენ პირველი ნიმფები. მათ თავში წვენების ძლიერი მიმოქცევა ხდება, შედეგად ნიმფა იბერება და ემსგავსება გამჭირვალე, მუდამ მთრთოლ ბუშტს. ამავე დროს ნახევრად გამოსული ნიმფა ხან იმალება და ხან ისევ გამოდის ძველი კანიდან. საბოლოოდ, ტანის წინა ნაწილი იხრება, თავი მკერდზე მიიდება და ძველი ”ტანსაცმელი” შუაზე სკდება. რამოდენიმე წუთიანი ფართხალის შემდეგ, ლარვა სწორდება და ნელ-ნელა ანთავისუფლებს კიდურებს და ანტენებს. ეხლა კი მის კავშირს ოოტეკასთან მხოლოდ წვრილი ძაფი უზრუნველყოფს; - კიდევ რამოდენიმე მოძრაობა და განთავისუფლება დასრულებულია. ... ხოლმე ყველა კვერცხი ერთდროულად იჩეკება. ეს აუღწერელი სანახობაა - ასობით პატარა შავი თვალების მქონე არსებების ერთდროული გამოსვლა. იმ წამსვე, მთელი ოოტეკა იფარება ახლადგამოჩეკილი ჩოქელებით, რომლებიც ხმაურიანად მოძრაობენ, და იხდიან აწი უკვე ძველ და არასაჭირო სახვევებს”.
თითქმის პირველივე დღიდან ისინი ნადირობას იწყებენ. თავიდან მცირე ზომის და ნაზი გარსის მქონე ფეხსასრიანებზე (ბუგრი, კოლემბოლა, პატარა ობობები, ტკიპები და ა.შ.), შემდეგ კი, ზრდასთან ერთად გადადიან ხოჭოებზე, კუტკალიებზე და ა.შ.
ხის ჩოქელების გამოჩეკვა

საკვების ნაკლებობის შემთხვევაში, პატარები კანიბალიზმით ირჩენენ თავს.

ჩოქელები მიეკუთვნებიან არასრული გარდასახის მქონდე მწერებს - ანუ მათი განვითარება 3 ფაზაში სრულდება:
1) კვერცხი
2) ლარვი
3) იმაგო
მნიშვნელობა კოლმეურნეობაში
კოლმეურნეობაში ჩოქელების მნიშვნელობა ორმხრივია. ერთმხრივ ისინი მავნე მწერებს ანადგურებენ, მეორემხრივ - მცენარეების გადამტვერვის მწერებზე ნადირობენ.
საქრათველოს ტერიტორიაზე ჩოქელების 5 სახეობა გვხდება:
Mantidae:
1. Mantis religiosa L. (ჩვეულებრივი ჩოქელა)
2. Hierodula transcaucasica Burm. (ხის ჩოქელა)
3. Bolivaria brachyptera Pall. (ბოლივარია მოკლეფრთიანი)
Tarachodidae:
4. Iris polystictica F.-W. (კოპლებიანი ჩოქელა)
Empusidae:
5. Empusa pennicornis Pall. (ბუმბულისებრნულვაშა ემპუსა)
ჩვეულებრივი ჩოქელას (Mantis religiosa) განმასხვავებელი ნიშანი არის ლაქები წინა კიდურებზე, რის გამოც არ არის რთული მისი გარჩევა სხვა ჩოქელებისგან. საქართველოში ის ყველგან ბინადრობს, მაგრამ უპირატესობას ანიჭებს ტყის ველობს და მდელოს.
ჩვეულებრივი ჩოქელა - Mantis religiosa

ხის ჩოქელა (Hierodula transcaucasica) გარეგნულად ჩვეულებრივი ჩოქელას მსგავსია, მაგრამ მას არ გააჩნია დამახასიათებელი ლაქები წინა კიდურებზე. ასევე ზედა ფრთებზე აღინიშნება ღია ფერის ლაქა. ყველაზე მარტივად ისინი განსხვავდებიან ლარვას სტადიაზე. ხის ჩოქელას ლარვას შეუძლია აბდომენის ვერტიკალურად დაჭერა და ასევე შუშაზე ასვლა კიდურზე განლაგებული განვითარებელი საწოვარების მეშვეობით ჩვეულებრივისგან განსხვავებით.
ხის ჩოქელა (Hierodula transcaucasica)

მოკლეფრთიანი ბოლივარია (Bolivaria brachyptera ), კოპლებფრთიანი ჩოქელა (Iris polystictica) და ბუმბულისებრნულვაშა ემპუსა (Empusa pennicornis) სტეპების და ველების ტიპიური ბინადრები არიან.
მოკლეფრთიანი ბოლივარია (Bolivaria brachyptera )

კოპლებფრთიანი ჩოქელა (Iris polystictica)

ბუმბულისებრნულვაშა ემპუსა (Empusa pennicornis) - იშვიათი ჩოქელაა. ბუმბულების მაგვარი ულვაშები მხოლოდ ზრდასრულ მამლებს აქვთ.