გავიგიჟე თავი და ვნახე "მეშვიდე ბეჭედიც". სიუდოვი აქ უფრო მომეწონა, ვიდრე "ქალწულის წყაროში". რაღაც მომენტებში, განსაკუთრებით სიკვდილთან თამაშის სცენებში, ქანდაკებასავით ექსპრესიული სახე აქვს. რაც შეეხება თავად სიკვდილს, მასე, მე მგონი, ჯერ არავის უთამაშია.

როგორც ყოველთვის, ბერგმანისთვის ჩვეული განაზრებანი სიცოცხლის აზრზე, ღმერთზე, სიკვდილზე... რა ვიცი, რადგან მიმაჩნია, რომ "ყვირილში და ჩურჩულში" მიაღწია ამ თემებმა გამოხატვის უმაღლეს ფორმას, ეს შუა საუკუნეობრივი ფილმი "ნაკლებ" მიღწევად და ზოგ შემთხვევაში იგივე ნაკლის მატარებლად მიმაჩნია, რაც "ქალწულის წყარო". "მეშვიდე ბეჭედში" დახატულია ყველა ის ტიპაჟი, რომელიც აუცილებელი (იქნებ ცოტა სტერეოტიპულად წარმოდგენილი) შუა საუკუნეებისთვის - მასხარა, რაინდი, საჭურველთმტვირთველი, დურგალი, მღვდელი, ფანატიკოსი, სასახლეში რაინდის მომლოდინე კეთილშობილი ქალბატონი და თავად სიკვდილი, და ეს ყველაფერი გაკეთებულია ძალიან ცოცხლად და დამაჯერებლად.
რაც შეეხება შუა საუკუნეების "დიზაინს", ალბათ ამ მხრივ "ქალწულის წყარო" უფრო რეალისტური და ნატურალისტურია, "მეშვიდე ბეჭედში" თითქოს განზრახ იქმნება "შენიღბულობის" და თეატრის რეკვიზიტების ხელოვნურობის შთაბეჭდილება, თითქოს ეს ისეთივე თეატრია, როგორც ფილმში მასხარების მიერ გამართული წარმოდგენა.
ამ ფილმის შუა საუკუნეებში სიკვდილი ა რ ი ს სამყაროში, იგი ისევე ცოცხალი და ხელშესახებია, როგორც სიცოცხლე. ამდენად, ბერგმანი შუა საუკუნეების რეალობას სრული ადეკვატურობით აღწერს. სწორი მიგნებაა "რეკვიემიდან" Dies irae-ს ცნობილი გრეგორიანული მელოდიის მუდმივი ტრიალი.
სიკვდილის სიახლოვის გარდა, აშკარა პარალელი შეიძლება გავლებულ იქნას "ქალწულ წყაროსთან" იმ კუთხითაც, რომ ორივეში აშკარად ხაზგასმულია, თუ როგორ ე რ თ ა დ არიან ადამიანები, იქნება ეს შიშის თუ სხვა რამის გამო, მაგრამ ფაქტია, რომ სხვა, თანამედროვე დროზე გადაღებულ ფილმებში აქცენტი მეტწილად სწორედ მარტოობაზეა გაკეთებული. ამ ორ ფილმში კი ნაჩვენებია ლამის კომუნისტური ერთობა, მართალია სრულიად ჩვეულებრივი შუა საუკუნეებისთვის, მაგრამ, ბერგმანის შემთხვევაში, მაინც უფრო სხვა სათქმელის შემცველი.
მოკლედ, კაია. ველი "სცენებს ოჯახური ცხოვრებიდან", რომ მერე "სარაბანდას" ვუყურო.

რაინდი ანტონიუს ბლოკი:

ფანატიკოსი როყიო მღვდელი, რომელიც ჯერ ლანძღავს და აშინებს ხალხს, მერე კი მაცხოვრისადმი ლოცულობს:

ის


ე რ თ ა დ სიკვდილის წინაშე: