მცირე ინფორმაცია: სრული სახელი: West Ham United Football Club
მეტსახელები: The Hammers, The Irons, The Academy of Football
დაარსდა: 1895 წელს
სტადიონი: აპტონ პარკი (ბოლინ გრაუნდი), 35 303 მაყურებელი
მთავარი მწვრთნელი: ავრამ გრანტი
მფლობელები დევიდ სალივანი, დევიდ გოლდი (61,2 %), CB Holding (35%), Minority Investors (3,8 %)
ისტორია "ვესტ ჰემ იუნაიტედი" (ინგ. West Ham United Football Club) - ბაზირებულია ვესტ ჰემში, ლონდონი დასავლეთ ნაწილში პატარა რაიონ ნიუჰემში. კლუბის მოედანი - აპტონ პარკი მდებარეობს Green Street-ზე. ვესტ ჰემის ფან-კლუბზე აგებული არის ფილმი - Green Street Hooligans - მწვანე ქუჩის ხულიგნები.
თავდაპირველად გუნდი ფორმირებული იყო მეტალურგიური ქარხნის მუშებისაგან 1895 წელს და ერქვა Thames Ironworks F.C. 5 წლის შემდეგ კლუბს სახელი გადაერქვა და დაერქვა "ვესტ ჰემ იუნაიტედი". თავდაპირველად "ჩაქუჩები" ქვეყნის სამხრეთ და დასავლეთ ლიგებში ასპარეზობდნენ, ხოლო უკვე 1919 წელს გაწევრიანდნენ ფეხბურთის ლიგაში მთელი ქვეყნის მასშტაბით და 4 წლის შემდეგ გახდნენ ჩემპიონები. 1964 წელს გავიდნენ ინგლისის თასის ფინალში, რომელშიც გაიმარჯვეს და 64, 75 და 80 წლებში გახდნენ ინგლისის თასის სამგზის ჩემპიონები. ასევე 1964/62 წელს მოიგეს თასის მფლობელთა თასი, ხოლო 1999 წელს ინტერტოტოს თასი.
კლუბი დაარსდა 1895 წელს სახელწოდებით “Thames Ironworks F.C.” მაშინ კლუბს ფლობდა მეტალურგიული და გემთმშენებელი კომპანია “Thames Ironworks and Shipbuilding Co. Ltd”, რომელსაც არნოლდ ჰილსი და წამყვანი სპეციალისტი დეივ ტეილორი მართავდნენ. “The Irons”–მა ლონდონის ლიგაში თამაში 1896 წელს დაიწყო და 1897/98 წლებში ამ ლიგის გამარჯვებულიც გახდა. კლუბი გახდა პროფესიონალური 1898 წელს, მას შემდეგ, რაც სამხრეთი ლიგის მეორე დივიზიონში დაიწყო თამაში. ეს ტურნირი გუნდმა პირველივე მცდელობაზე მოიგო. როდესაც 1900 წელს კლუბი გახდა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება, სახელი შეიცვალა და დაირქვა “West Ham United F.C.”
1900 წელს კლუბი თამაშობდა Memorial Ground–ზე, რომელიც მდებარეობდა პლაისტოუში. ამის შემდეგ გადავიდა „აპტონ პარკზე“, რომელიც აშენების დღიდან პირველ სათამაშო სეზონამდე ატარებდა სახელწოდებას The Castle. მისამართზე Grange Road, London, E13 ჩვენ შეგვიძლია ვიხილოთ ორიგინალური სტადიონი, ნამდვილი ციხესიმაგრე, ისეთივე, როგორიც ის იყო აშენების დღიდან. „ვესტ ჰემი“ ფეხბურთის ლიგას 1919 წელს შეუერთდა და პირველ დივიზიონში პირველად 1923 წელს ააღწია. კლუბს აქვს მოგებული ასოციაციის თასი სამჯერ: 1963/64, 1974/75 და 1979/80 წლებში.
1961 წელს შეიცვალა მწვრთნელი და სათავეში მოვიდა რონ გრინვუდი. მისი თაოსნობით „ვესტ ჰემმა“ 1964 წელს მოიგო ასოციაციის თასი, დაამარცხა რა ფინალში „პრესტონი“ ანგარიშით 3:2. აღსანიშნავია, რომ "ჩაქუჩებმა" ნახევარფინალში "მანჩესტერ იუნაიტედს" სძლიეს. გუნდი ამაზე არ შეჩერებულა და ევროარენაზე უდიდესი წარმატება ჰპოვა, როდესაც თასთა თასის ფინალში "მიუნხენ 1860" 2:0 დაამარცხა.
70–იან წლებში წავიდა არაერთი წამყვანი ფეხბურთელი და წავიდა ასევე გრინვუდიც. ახალი მწვრთნელი გახდა ჯონ ლაიალი. ლაიალის გუნდმა 1975 წელს მოიგო ინგლისის თასი, ხოლო 1976 წელს "ვესტ ჰემს" შეეძლო გაემეორებინა იგივე, რაც გრინვუდის დროს გააკეთა და მოეგო თასთა თასი, მაგრამ ფინალში დამარცხდა ბელგიურ "ანდერლეხტთან". ამის შემდეგ კლუბის საქმეები ცუდად წავიდა და 1978 წელს კლუბი გავარდა მეორე დივიზიონში.
სამი წლის შემდეგ კლუბი დაბრუნდა და 1980 წელს ისტორიაში მესამედ მოიგო ინგლისის თასი, ხოლო 1981 წელს კი ახლოს იყო ლიგის თასის მოგებასთან, მაგრამ ფინალში "ლივერპულთან" დამარცხდა. ამავე წელს კლუბმა მესამე ადგილი დაიკავა პირველ დივიზიონში, რაც გუნდის მიერ ნაჩვენებ საუკეთესო რეზულტატად ითვლება დღემდე. 1989 წელს "ვესტ ჰემი" კვლავ გავარდა მეორე დივიზიონში, 2 წლის შემდეგ დაბრუნდა, მაგრამ 1992 წელს კვლავ დაქვეითდა.
90–იანი წლების დასაწყისში ბილი ბონდსი ჰარი რედნაპმა ჩაანაცვლა. კლუბი მალევე დაბრუნდა ახლად შექმნილ პრემიერ ლიგაში. რედნაპი ერთ–ერთი საუკეთესო მწვრთნელია კლუბის ისტორიაში. მან "ვესტ ჰემი" პრემიერ ლიგაში დაამკვიდრა და 1999 წელს "ინტერტოტოს თასიც" მოაგებინა.
2002/03 სეზონი კლუბისათვის საშინელი აღმოჩნდა. მათ ტურნირის დაწყებიდან 6 თვის შემდეგ პირველად მოახერხეს საშინაო გამარჯვების მოპოვება და გავარდნენ ჩემპიონშიფში. შემდეგ სეზონში გააღწია ჩემპიონშიფის პლეი–ოფში და შეეძლო კიდეც ელიტაში დაბრუნება, თუმცა ფინალურ შეხვედრაში „კრისტალ პალასთან“ დამარცხდა. 2004/05 სეზონის ბოლოს, გულშემატკივრების მხრიდან ალან პარდიუზე დიდი გავლენის წყალობით კლუბმა ჩემპიონშიფში მეექვსე ადგილი დაიკავა. ამის შემდეგ „ვესტ ჰემს“ კვლავ მოუწია პლეი–ოფი, რომელშიც გამარჯვებული გამოვიდა და პრემიერ ლიგაში დაბრუნდა. პლეი–ოფის პრიველ ეტაპზე, „აპტონ პარკზე“ ფრედ 2–2 დასრულდა მატჩი „იპსვიჩთან“ (რომელმაც ჩემპიონშიფში მესამე ადგილი დაიკავა, გადაასწრო რა „ჩაქუჩებს“ 12 ქულით), ხოლო „პორტმენ როდუზე“ კი ლონდონელებმა 0–2 იმარჯვეს და ფინალში გავიდნენ. ფინალში „ვესტ ჰემი“ შეხვდა „პრესტონს“ და მოუგო 1–0, რისი წყალობითაც დაბრუნდა ინგლისის უმაღლეს დივიზიონში, პრემიერ ლიგაში.
"თეთრი ცხენის" ფინალი 1923 წლის 23 აპრილს შედგა მატჩი, რომელიც ისტორიაში შევიდა, როგორც "თეთრი ცხენის" ფინალი. მატჩი, რომელშიც ერთმანეთს "ვესტ ჰემ იუნაიტედი" და "ბოლტონ უონდერესი" ხვდებოდნენ, პირველი იყო, რომელიც ინგლისის მთავარ არენაზე - "უემბლიზე" ჩატარდა.
ორივე გუნდს ხუთი მეტოქის დამარცხება მოუწიათ იმისათვის, რომ ამ ლეგენდარულ მატჩში მონაწილეობა მიეღოთ.
"ბოლტონი" და "ვესტ ჰემი" შესაბამისად პირველ და მეორე დივიზიონებში ასპარეზობდნენ. "ბოლტონისათვის" ეს იყო ასოციაციის თასის მესამე ფინალი (პირველად ისინი ფინალში 1894, ხოლო მეორედ კი 1904 წელს გავიდნენ), ხოლო "ვესტ ჰემი" კი თასის ფინალში პირველად მოხვდა. საუკეთესო მაჩვენებელი ამ ტურნირზე "ჩაქუჩებს" 1910/11 წლების სეზონში ჰქონდათ, როცა მეოთხე რაუნდში გავიდნენ. "ბოლტონმა" პირველ რაუნდში გასვლაზე ძლია "ნორვიჩ სიტის" 2:0, რომელიც იმ დროს სამხრეთის მესამე დივიზიონს წარმოადგენდა. შემდეგ სახლში "ლიდს იუნაიტედი" 3:1 დაამარცხეს, ხოლო მესამე რაუნდში კი ოციანებში ორჯერ ძლიერი "ჰადერსფილს ტაუნი" შეხვდათ, რომელთანაც გასვლით შეხვედრაში ბოლტონელებმა 1:1 ითამაშეს, ხოლო საკუთარ მოედანზე კი დევიდ ჯეკის გოლის წყალობით მინიმალური სხვაობით იმარჯვეს. ჩარლზ ფაურეიკერი ძირითად აქცენტს დაცვით ფეხბურთზე აკეთებდა - "ბოლტონი" დაცვაში თამაშობდა, ცდილობდა რაც შეიძლება ცოტა გაეშვა და პირველივე შესაძლებლობისთანავე გაეტანა.
მოწინააღმდეგისაგან განსხვავებით, "ვესტ ჰემი" ძირითადად სწრაფ, კომბინაციურ და შემტევ ფეხბურთს თამაშობდა, რამაც "ჩაქუჩებს" 1923/24 წლების სეზონში პირველ დივიზიონში გადასვლის და ასოციაციის თასის ფინალში გასვლის საშუალება მიცა. "უემბლისაკენ" მიმავალ გზაზე ლონდონელებმა "ჰალ სიტი" 3:2 დაამარცხეს, შემდეგ კი ორჯერ მოუწიათ თამაში "ბრაიტონ-ენდ-ჰოუვ-ალბიონთან", რომელიც იმ დროისათვის სამხრეთის მესამე დივიზიონს წარმოადგენდა. ბრაიტონში "ჩაქუჩებმა" ფრედ 1:1 ითამაშეს, ხოლო საპასუხო მატჩში "აპტონ პარკზე" გამარჯვების გოლი ბილი მურმა გაიტანა და მასპინძლები შემდეგ ეტაპზე გაიყვანა. 24 თებერვალს, საკუთარ მოედანზე დიკ რიჩარდსის და ბილი მურის ორი ზუსტი დარტყმის შემდეგ "ვესტ ჰემმა" სამხრეთის კიდევ ერთი გუნდი "პლიმუტ არგაილი" დაამარცხა, ამჯერად 2:0. მეოთხედფინალში იყო სამსერიიანი თრილერი "საუთჰემპტონთან" - არც საუთჰემპტონში და არც ლონდონში გამარჯვებული არ გამორკვეულა, ორივე მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა. გადამწყვეტეი მატჩი "ვილა პარკზე" გაიმართა, რომელშიც "წმინდანები" 0:1 დამარცხდნენ უილიამ ბრაუნის გოლის წყალობით. მომდევნო მეტოქესთან "დერბი ქაუნთისთან" მატჩს 24 მარტს "სტემფორდ ბრიჯზე" 50 000-ზე მეტი მაყურებელი დაესწრო - "შესანიშნავი ხუთეულის" (დიკ რიჩარდსი, უილიამ ბრაუნი, ვილი მური, ჯიმი რაფელი და ვიკ უოტსონი) ბრწყინვალე თამაშის წყალობით "ჩაქუჩებმა" მეტოქე 5:2 დაამარცხეს! ორ-ორი გოლი უილიამ ბრაუნმა და უილი მურმა გაიტანეს, ხოლო ერთი კი ჯიმი რაფელმა დაამატა. ამ გამარჯვებით "ვესტ ჰემმა" კიდევ ერთი რეკორდი დაამყარა - ინგლისურ ფეხბურთში ეს შემთხვევა პირველი იყო, როცა ქვედალიგელი გუნდი ფინალში ზედალიგელ გუნდს ხვდებოდა.
როგორც უკვე ზემოთ ვთქვით, ეს იყო პირველი მატჩი, რომელიც ეროვნულ სტადიონზე - "უემბლიზე" ჩატარდა. სტადიონის მშენებლობა 1924 წელს უნდა დასრულებულიყო, მაგრამ მშენებლობა ერთი წლით ადრე დასრულდა და საფეხბურთო ასოციაციამ გადაწყვიტა,დრო აღარ დაეკარგა და ასოციაციის თასის ფინალი ეროვნულ სტადიონზე ერთი წლით ადრე ჩაეტარებინა. მატჩის გასაშუქებლად მსხვილი სარეკლამო კამპანია ჩატარდა რადიოსა და პრესაში, მაგრამ იყო საშიშროება, რომ მატჩს გათვალისწინებულზე მეტი გულშემატკივარი დაესწრებოდა. მატჩის დღეს დილის პრესა იტყობინებოდა, რომ მატჩზე დასასწრებად ბოლტონიდან 5 000 გულშემატკივარი ჩამოვიდა, ხოლო ლონდონელთა მხრიდან კი მატჩს 115 000 გულშემატკივარი დაესწრებოდა. მოლოდინი გამართლდა: მატჩს ოფიციალური ინფორმაციით 126 047 ადამიანი დაესწრო, ხოლო არაოფიციალურით კი - 150 000-დან 300 000-მდე. თვითონ ფაქტმა, რომ მატჩში მონაწილეობდა ლონდონური გუნდი, ლონდონის დიდი ნაწილი სტადიონზე შეკრიბა.
საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობამ და თბილმა, მზიანმა ამინდმა გულშემატკივარს სტადიონზე მისვლის სურვილი გაუღვიძა. 11:30-ზე, მატჩის დაწყებამდე 3,5 საათით ადრე გახსნეს შესასვლელი კარებები, მაგრამ 13 საათზე ხალხის იმდენად დიდი რაოდენობა მოვიდა, რომ სტადიონის ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, 13:45-ზე შესასვლელი კარებები დაეკეტა, მაგრამ ამან შედეგი არ გამოიღო - ხალხის რაოდენობა იზრდებოდა. სტადიონის ხელმძღვანელობამ პოლიციასთან ერთად გადაწყვიტა კარებები ისევ გაეხსნათ, მაგრამ ამხელა ბრბოსთან ვერაფერს გახდნენ. ხალხი უკვე ღობეებიდან მიძვრებოდა და ასეთი გზით ხვდებოდა სტადიონზე. სტადიონის გარშემო გზები მთლიანად გადაკეტილი იყო. "ბოლტონის" ფეხბურთელებს ავტობუსის გაჩერება ერთი მილის დაშორებით მოუწიათ და სტადიონამდე გზას ბრბოში იკვლევდნენ.
მოედნის ხალხისაგან გასათავისუფლებლად პოლიციის დამატებითი ქვედანაყოფების გამოძახება გახდა საჭირო. მათ შორის გახლდათ ჯორჯ სკორი, რომელიც ამხედრებული იყო თეთრ ცხენზე, სახელად "ბილიზე" (ამბობენ, რომ ცხენი შავი იყო, მაგრამ შავ-თეთრი ფოტოქრონიკა ფერს ზუსტად ვერ გადმოცემს). სკორი ხალხის ნაკადში შეიჭრა, თუმცა ხალხის რაოდენობა იზრდებოდა, ამიტომ მან დამატებით ძალას გამოუცხადა. სტადიონზე ბევრი ცხენი იყო, მაგრამ ხალხს ის თეთრი ცხენი დაამახსოვრდათ. როგორც შემდეგ ხალხი ამბობდა, რომ არა თეთრი ცხენი "ბილი", მატჩი ვერ ჩატარდებოდა.
საბოლოო ჯამში პოლიციამ და მონაწილე ფეხბურთელებმა (რომლებიც ხალხს სიმშვიდისკენ მოუწოდებდნენ) შეძლეს მოედნის ხალხისაგან გათავისუფლება და მატჩის ჩატარებისათვის მზადყოფნა გამოთქვეს. თამაში 45 წუთით გვიან დაიწყო, ხოლო ფანები კი მთელი მოედნის გარშემო იდგნენ.
ფინალის მონაწილე გუნდები იმ დროისთვის ტიპიური განლაგებით გამოვიდნენ მოედანზე: 1-2-3-5, ნახევარდაცვაში მოქმედებდა ერთი ცენტრალური ნახევარმცველი, ხოლო ორი - ფლანგებზე. შეტევაში კი იყო ერთი გამოკვეთილი ცენტრფორვარდი, ორი - ფლანგებზე და ორიც - უკან დახეული.
შემადგენლობები ასეთი იყო:
"ბოლტონ უონდერესი": დიკ პიმი - ბობ ჰოუორტი, ალექს ფინი - გარი ნადოლი, ჯიმი სედონი, ბილი ჯენინგსი - ბილი ბატლერი, დევიდ ჯეკი, ჯეკ სმიტი, ჯო სმიტი (კ), ტედ ვიზარდი. მწვრთნელი: ჩარლზ ფაურეიკერი
"ვესტ ჰემ იუნაიტედი": ტედ ჰეფტონი - ბილი ჰენდერსონი, ჯეკ იანგი - სიდ ბიშოპი, ჯორჯ კეი (კ), ჯეკ ტრეზადერნი - დიკ რიჩარდსი, ბილი ბრაუნი, ვიკ უოტსონი, ბილი მური, ჯიმი რაფელი. მწვრთნელი: სიდ კინგი
"ვესტ ჰემის" გეგმა გათვლილი იყო რიჩარდსის და რაფელის სისწრაფეზე, მაგრამ "ბოლტონის" ფეხბურთელებმა ისინი თავიდანვე ამოკეტეს და ბურთის მიღების საშუალებას არ აძლევდნენ. მატჩი "ჩაქუჩებისათვის" საშინლად დაიწყო. მოედნის ფარგლებს გადავარდნილი ბურთის მოსატანად ჯეკ ტრეზადერნი გაემართა, მაგრამ მეტოქემ დრო იხელთა, აუტი სწრაფად გაათამაშა და საბოლოოდ ერთი-ერთზე ჰეფტონთან დევიდ ჯეკი დარჩა, რომელსაც გატანა არ გაჭირვებია. გაშვებული გოლიდან სამი წუთის შემდეგ შეტევაზე ვიკ უოტსონი გადავიდა, მაგრამ მისი დარტყმული ბურთი ხარიხას მოხვდა. მატჩის დაწყებიდან 31 წუთის შემდეგ ხალხი მოედანზე ისევ შემოვარდა და ცხენოსან პატრულს კვლავ დაჭირდა მოედნის არასასურველი სტუმრებისაგან გათავისუფლება და მთელი პერიმეტრის გაკონტროლება მატჩის განახლების შემდეგ. მატჩის მიმდინარეობისას რამდენიმე გულშემატკივარს სამედიცინო დახმარება დაჭირდა.
მატჩის განახლებიდან რამდენიმე წამის შემდეგ დიკ რიჩარდსი კარგად გაცდა "ბოლტონის" ორ მცველს, მაგრამ საბოლოოდ მისი დარტყმული დიკ პიმმა მოიგერია. მიუხედავად ამისა, მატჩის სადავეები ხელთ "ბოლტონის" ფეხბურთელებს ეპყრათ და მხოლოდ ბილ ჰენდერსონს უნდა მივაწეროთ ის ფაქტი, რომ ბოლტონმა უპირატესობის გაზრდა ვერ მოახერხა. საბოლოოდ მოწინააღმდეგემ ანგარიშის შენარჩუნება გადაწყვიტა და დაცვით ტაქტიკაზე გადავიდა - ხუთი ნახევარმცველით თამაში დაიწყო. მიუხედავად ამისა, პირველი ტაიმის მიწურულს "ვესტ ჰემს" ანგარიშის გათანაბრება შეეძლო, მაგრამ ეს ვერ მოახერხეს და პირველი ტაიმი "ბოლტონის" გამარჯვებით 1:0 დასრულდა. მოედნის გარშემო ძალიან ბევრი ხალხი იყო, რის გამოც გუნდებმა გადაწყვიტეს პირდაპირ სტადიონზე დაესვენათ და ტაქტიკუს გეგმებიც იქვე განეხილათ.
მეორე ტაიმი, როგორც მოსალოდნელი იყო, "ვესტ ჰემის" აქტიურობით დაიწყო და ვიკ უოტსონს გათანაბრების შანსი მიეცა, მაგრამ მისი დარტყმული კარს მცირედით აცდა. 53-ე წუთზე "ვესტ ჰემის" კარში მეორე გოლი გავიდა, სრულიად სპორტულ სიტუაციაში. ტედ ვიზარდმა პასი ჯეკ სმიტს გადააწოდა, რომელიც ჰეფტონის კარის მიმართულებით ძლიერად დაარტყა. ძლიერი დარტყმულის შემდეგ ბურთი იქვე მდგარ გულშემატკივარს მოხვდა. "ჩაქუჩთა" ფეხბურთელების აზრით, ბურთი ძელმა აისხლიტა და გულშემატკივარს ისე მოხვდა, მაგრამ მსაჯმა ასონმა გოლი ჩათვალა, რომელიც საბოლოოდ მატჩში უკანასკნელი აღმოჩნდა. თავად მატჩში ამის შემდეგ საინტერესო აღარაფერი მომხდარა და მშვიდად წარიმართა, რადგან ერთი გუნდი გატანას ვერ ახერხებდა, ხოლო მეორეს კი ეს აღარ უნდოდა, რადგან შედეგი 2:0 ტიტულის მოსაგებად საკმარისი იყო. საფინალო სასტვენის შემდეგ, მეფემ ჯორჯ მეხუთემ "ბოლტონის" კაპიტანს ჯეკ სმიტს თასი გადასცა და ის პირველი კაპიტანი გახდა, რომელმაც თასი ინგლისის ეროვნულ სტადიონზე - "უემბლიზე" პირველად აღმართა. მატჩის შემდგომ დამარცხებული გუნდის ერთ-ერთმა მწვრთნელმა ჩარლი პეინტერმა "ვესტ ჰემის" წაგება მოედანს დააბრალა, რომელიც პატრული ცხენებისგან სულ მთლად დაიგლიჯა.
მატჩის შემდგომ, მწვრთნელები, ფეხბურთელები და მატჩში მონაწილე ოფიციალური პირები სასადილოდ წავიდნენ. დიდი ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა დევიდ ლოიდ ჯორჯმა ისინი ტოსტზე დაპატიჟა. შემდეგ მატჩში მონაწილე ფეხბურთელებმა საჩუქრად ოქროს საათები მიიღეს.
მატჩის შედეგები შემაძრწუნებელია. სულ მსუბუქი დაზიანება 900-მდე ადამიანმა მიიღო, 22 ადამიანის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო, ხოლო აქედან ათი ადამიანი იმ დღეს სიცოცხლეს გამოესალმა. მატჩის დროს ამტყდარი ქაოსის გამო ორი პოლიციელი დაიღუპა.
2005 წელს რეკონსტრურირებული "უემბლის" საცალფეხო ხიდს "თეთრი ცხენის" სახელი დაერქვა.
This post has been edited by T@chka on 27 Sep 2010, 19:01