იტალიური “მილანის” ბრაზილიელ მცველ ტიაგუ სილვას, გუნდის დაცვის ზღუდეების მარტო გამაგრების აღარ ეშინია. მართალია, ალესანდრო ნესტა დაბერდა, მაგრამ სამაგიეროდ, ბრაზილიელი გაიზარდა და უკვე იტალიელთა დაცვის ზღუდის შედუღაბება შეუძლია.
მით უმეტეს, რომ გუნდის მთავარ მწვრთნელ მასიმო ალეგრისთვის, დაცვა თავდამსხმელებიდან იწყება და ამ პროცესში მთელი გუნდია ჩართული. 26 წლის ტიაგო სილვამ, რომლის მარგი ქმედების კოეფიციენტიც წელს თავად ნესტას ანალოგიურ მაჩვენებელზე მაღალია, ბევრ რამეზე ისაუბრა. მან დროებით საფეხბურთო სკაუტის როლიც შეითავსა და გალიანის და ევროპულ კლუბებს, ბრაზილიელი ფეხბურთელების შერჩევისას დახმარება გაუწია.
- უკვე დიდი ხანია, რაც ნესტაზე დამოკიდებულის იარლიყით თამაშობთ. წელს ყველას აჩვენეთ, რომ მაღალი დონის თამაშის ჩვენება მეგობრის გარეშეც შეგიძლიათ.
- დიახ, ახლა მის გარეშეც მშვიდად ვარ. საკუთარი შესაძლებლობების ვირწმუნე, გასულ სეზონში კი სულ დაძაბული ვიყავი. ვფიქრობდი – ვაითუ, ისე მოხდეს, რომ ხელმძღვანელობის ნდობა დავკარგო? მე მალდინისაც მადარებენ, რომელმაც ჩვენს კლუბში წარუშლელი კვალი დატოვა - ამისიც ძალიან მეშინოდა, ახლა კი, აღარ მეშინია.
- და ახლა, როდესაც ხასიათი განიმტკიცეთ და როგორც ფეხბურთელი - გაიზარდეთ, ნესტას შეუძლია, რომ ბუცები ლურსმანზე ჩამოკიდოს?
- როგორ გეკადრებათ. ის ერთადერთი და განუმეორებელია და მის ატანას შევეჩვიე (იცინის).
- ეს როგორ გავიგოთ?
- მოედანზე ის ძალიან ბევრს ლაპარაკობს. არც მე ვარ ჩუმად, ისეთ პოზიციაზე ვთამაშობ, რომ ლაპარაკი აუცილებელია, მაგრამ ის საერთოდ არ ჩუმდება. კარგად მახსოვს “მილანში” ჩატარებული პირველი შეხვედრა, ისეთ დღეში ვიყავი, თავი ამტკივდა, თავბრუ მესხმოდა. მწყობრიდან გამოვედი და მას ვუთხარი - გაჩუმდი, უკვე თავი ამტკივდა. ახლა კი, ყველაფერს მივეჩვიე.
- წეღან მალდინი ახსენეთ. მასავით მთელი ცხოვრება ერთ კლუბში დარჩენაზე რას ფიქრობთ?
- ეს იდეა ძალიან მომწონს. თუმცა, უწინარესად, ვისურვებდი, რომ “მილანში” მისი მსგავსი კარიერა გავატარო და მასავით კლუბის სიმბოლოდ ვიქცე. პირდაპირ გეტყვით, იმის ნახევარიც მეყოფა, რაც პაოლომ მოიგო...
- თუ ამ სეზონში “სკუდეტოს” მოპოვება მოახერხეთ, ეს უფრო დაცვის დამსახურება იქნება. ამასთან, დაცვის ხაზში იგივე ფეხბურთელები თამაშობენ, რომლებიც გასულ სეზონში, როდესაც 35 გოლი გაუშვით. რა შეიცვალა?
- წელს დაცვით ფაზაზე ბევრად მეტს ვმუშაობთ, ვიდრე გასულ სეზონში. ვარჯიშის შემდეგ, ხშირად ვრჩებით და სხვადასხვა ტაქტიკურ სიტუაციებზე ვმუშაობთ, ხანდახან ისეთ სიტუაციებსაც განვიხილავთ, როდესაც მეტოქე რიცხობრივად ჩვენზე მეტია, ანუ, ყველა იმ ეპიზოდს ვამუშავებთ, რომელიც შესაძლოა, თამაშის დროს მოხდეს. ალეგრი ამ კუთხით ზედმიწევნით კარგად მუშაობს და შთაგვაგონებს, რომ გამუდმებით პრესინგი უნდა ვითამაშოთ, მეტოქის ყველა მოთამაშე უნდა დავკეტოთ - ჩვენი დაცვა თავდამსხმელებისგან იწყება. გასულ წელს ასე არ იყო, ყოველ შემთხვევაში, თავდამსხმელები დაცვაზე ნაკლებად ზრუნავდნენ.
- კიდევ რა დამსახურებები აქვს თქვენ მწვრთნელს?
- მის ფილოსოფიაში სპორტული აგრესია და თამაშის ხარისხი გაერთიანებულია. ალეგრის არ სურს, რომ ბურთი უაზროდ დაიკარგოს და როგორც კი მას მეტოქე დაეუფლება, ჩვენ მაშინვე პრესინგით ვავიწროვებთ.
- რა მოხდება, თუ ალეგრის თანაშემწე ზეედორფი გახდება?
- ძალიან გამიხარდება, თუკი კლარენსი ჩვენი მწვრთნელი გახდება. პერსპექტივაში, ზეედორფს შეუძლია მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელი გახდეს, მას საამისოდ ყველაფერ აქვს. სინამდვილეში, ის უკვე მწვრთნელია, ოღონდ მოედანზე. ნეტა იცოდეთ, რამდენს ლაპარაკობს. იბრაჰიმოვიჩი მასთან შედარებით მუნჯია.
- მიგიხვდით, მოედანზე მოლაპარაკეები არ გიყვართ. კიდევ კარგი, იბრაჰიმოვიჩი მოედანზე თქვენგან შორსაა...
- ზლატანი დიდებული ფეხბურთელია და წელს თუ “სკუდეტოს” მოვიგებთ, ეს მისი დიდი დამსახურება იქნება. პირველი, რაც მან ჩვენს გუნდში მოიტანა, გამარჯვებულის მენტალიტეტია. სექტემბერში, როდესაც ის “ლეჩესთან” მატჩის წინ გასახდელში შემოვიდა, გვითხრა: “აბა, ბიჭებო, ყველას უნდა მოვუგოთ!”. თუმცა, “მილანმა” დაამტკიცა, რომ მოგება მის გარეშეც შეუძლია და ეს უკვე ალეგრის დამსახურებაა.
- მწვრთნელმა თქვენ ნახევარდაცვის ცენტრშიც გათამაშათ. ამ პოზიციაზე თქვენი თავი როგორ წარმოგიდგენიათ?
- ნახევარდაცვის ცენტრში მხოლოდ მაშინ ვთამაშობ, თუ ვინმე გვაკლია. ვცდილობ, რომ გუნდს ნებისმიერ პოზიციაზე დავეხმარო, თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ თამაში ნახევარმცველად დავიწყე, ეს ჩემი პოზიცია არაა. მოდი, ასე ვთქვათ: ეს პოზიცია ჩემთვის საინტერესოა იმიტომ, რომ ერთ ადგილს მიჯაჭვული არ ვარ და ხშირად მეძლევა შეტევებში ჩართვის საშუალება. “ბოლონიასთან” მატჩში ვან ბომელი არ გვეყოლება, ამბროზინიმ კი, ტრავმა ახლახანს მოიშუშა. თუ საჭირო გახდა, ნახევარდაცვაში კიდევ ვითამაშებ.
- ამბობენ, მცველებს თვითდაჯერებულობა მეკარისგან გადაეცემაო.
- ეს სიმართლეა. აბიატი უმაღლესი კლასის მეკარეა. მოედანზე გასული, მას რომ დავინახავ, მაშინვე ვმშვიდდები, ისევე, როგორც ყველა ჩემი თანაგუნდელი.
- შეიძლება პატო უმაღლესი კლასის მოთამაშეების სიაში ჩავწეროთ? თუ მას საამისოდ ჯერ კიდევ რაღაც არ ყოფნის?
- ახლა მას ყველაფერი ეყოფა, ახლა ის ასი პროცენტით მაღალი კლასის მოთამაშეა. ის შეიძლება ისეთ ფენომენად იქცეს, როგორიც რონალდოა. ამასთან, მან მეტოქის ფეხბურთელების დაკეტვაც ისწავლა.
- რადგან ფენომენი ახსენეთ, “მილანისა” და განსოს ურთიერთობასთან დაკავშირებით რაიმე ახალი ხომ არ არის?
- მე განსოს ვუთხარი, რომ ჩვენთან უნდა გადმოვიდეს, თუმცა, მან თავად უკეთ იცის, რა არჩევანი უნდა გააკეთოს. განსო და ნეიმარი ახლა ყველაზე ძლიერი ბრაზილიელები არიან და ამას გალიანის აუცილებლად ვეტყვი.
- განსოს შეუძლია ახალი კაკა გახდეს?
- კაკა სწრაფი და ფეთქებადია, განსო კი ბურთს უკეთ ეპყრობა. მას შეუძლია ახალ ზიდანად იქცეს.
- რომელ ბრაზილიელ მცველს ელის დიდი კარიერა?
- დავიდ ლუიშს, რომელიც “ჩელსიში” თამაშობს. მას შეუძლია დაცვის ცენტრში და ფლანგზე თამაში, კარგი ტექნიკა აქვს. ის ერთ-ერთი საუკეთესო გახდება მთელს მსოფლიოში.
- ახლგაზრდა ბრაზილიელი ფეხბურთელებიდან რეკომენდაციას რომელს გაუწევდით?
- ლუკასს “სან პაულოდან”. მას შეუძლია როგორც თავდამსხმაში, ასევე ნახევარდაცვაში თამაში. მისთვის სულ ერთია. ის ძალიან საინტერესო ახალგაზრდა მოთამაშეა.
- დავბრუნდეთ იტალიაში, ამ სეზონში ყველაზე მეტად რომელმა თავდამსხმელებმა გაგაწვალათ?
- ეტო’ომ, ჯილარდინომ და პელისიომ.
- მეორე წრეში ეტო’ოს დერბიში არ გაუბრწყინია...
- საბედნიეროდ ასეა. სწორედ ამ მატჩის შემდეგ დავიწყე ფიქრი, რომ “სკუდეტოს” მოვიგებდით.
მიმაგრებული სურათი