ვალდესი კასილიასის ადგილს უმიზნებს
7.06.2011 16:21
მსოფლიოსა და ევროპის მოქმედი ჩემპიონი, ესპანეთის ეროვნული ნაკრები, დღეს ამხანაგურად ვენესუელას გაეჯიბრება. უკვე ცნობილია, რომ სამხრეთ ამერიკელებთან, “ფურია როხას” კარს ვიქტორ ვალდესი დაიცავს. ნათქვამია, მადა ჭამაში მოდისო და როგორც გაირკვა, “ბარსელონას” კარის დარაჯს, არა მხოლოდ დღევანდელ მატჩში, არამედ სამომავლოდაც სურს იყოს ეროვნული ნაკრების ნომერ პირველი მეკარე.
“ვენესუელასთან გასამართ მატჩში, ძირითად შემადგენლობაში ვიქნები. ვფიქრობ, ეს არის ჯილდო ჩემს მიერ გაწეული შრომისთვის. ჩემი ერთ-ერთი მიზანია, გავხდე ესპანეთის ეროვნული ნაკრების ნომერ პირველი მეკარე. ვიცი, რომ ამის გაკეთება ბევრ რამეზეა დამოკიდებული, მაგრამ თავდაუზოგავად ვმუშაობ მიზნის მისაღწევად” – ციტირებს ვალდესის სიტყვებს Onda Cero.
მიუხედავად იმისა, რომ “ფურია როხას” მთავარი მწვრთნელის, ვისენტე დელ ბოსკეს განკარგულებაში 3 უმაღლესი დონის კიპერია (კასილიასი, ვალდესი და რეინა), ნაკრების პირველი მეკარის ადგილი მაინც მყარად აქვს დაკავებული მადრიდის “რეალის” კარის დარაჯს, იკერ კასილიასს, რომელიც გუნდის კაპიტანიცაა. სავარაუდოდ, ვიქტორ ვალდესს მიზნის მიღწევა და კასილიასის ადგილის დაკავება ძალიან გაუჭირდება.