აუ წაიკითხეთ ხალხო, რამდენი ხანია ცრემლი არ მომრევია
ჩემი ჩუმი გმირი
გმირი თითოეული ადამიანის ცხოვრებაში, ალბათ ერთ–ერთი უმნიშნელოვანესი ფენომენია, ყველას ყავს თავისი გმირი, ხშირად გმირებიც. თუმცა, რათქმა უნდა სხვა და სხვა ადამიანების გმირები კარდინალურად განსხვავდებიან ერთმანეთისგან, ზოგისთვის გმირი თეთრ რაშზე ამხედრებული, ხმალამოწვდილი რაინდია, ზოგისთვის ოთხი შვილის დედა, ზოგისთვის მსახიობი, ზოგისთვის სპორტსმენი.
ძირითადად გმირების დამახასიათებელი ნიშნები ერთმანეთს ემთხვევა (იქნება ის რაინდი თუ სპორტსმენი), უმეტეს შემთხვევებში გმირები არიან ძლიერი პიროვნებები, გამორჩეულები, ქარიზმატულები და ისინი თვალში ყველაზე ნათლად მოხვდება ხოლმე კაცს. სპორტშიც ხალხისთვის გმირი ყველაზე ხშირად არიან ხალხი, რომლებიც კარგად ჩანან: გააქვთ ბევრი გოლები, კარგად ჩხუბობენ, დაფრინავენ, არიან ეფექტურები და ა.შ. ქარიზმის ტარება კი თითქმის აუცილებელია. არ ვიცი რატომ, მაგრამ ბავშობიდან ჩუმი გმირები მიტაცებდნენ და აღმაფრთოვანებდნენ, ისეთი ხალხი, რომლებიც თითქოს ქარიზმას არ ატარებდნენ, რომლებზეც ბევრს არ საუბრობდნენ, რომლებიც არ იყვნენ ეფექტურები და არ იყვნენ სუპერმენები, ბეტმენები და სპაიდერმენები, არამედ იყვნენ ხალხი, რომლებიც თავიანთ საქმეს კარგად და გემრიელად, მაგრამ ჩუმად, თითქოს თავისთვის, ხმაამოუღებლივ ასრულებდნენ უმაღლეს დონეზე…
დღევანდელი ჩემი სტატია ფეხბურთს ეხება, სფეროს სადაც ყველაზე მეტად სწორედაც, რომ სუპერმენები და სპაიდერმენები ფასობენ და უყვართ, ამიტომაც მინდა იმ კაცზე, იმ ფეხბურთელზე ვისაუბრო, რომელიც ჩემთვის ნამდვილი გმირია, ისეთი როგორებიც მე ყველაზე მეტად მიყვარს და როგორიც ზემოთ აღვწერე. ეს კაცი ალესანდრო, იგივე სანდრო ნესტაა. მასზე დაწერა კი მას შემდეგ მომინდა, რაც მან საბოლოოდ მიიღო გადაწყვეტილება ევროპული ფეხბურთის დატოვების შესახებ, სავარაუდოდ იგი ამერიკაში ან სადმე ნავთობით მდიდარ ქვეყანაში გააგრძელებს თამაშს, მაგრამ ჩვენთვის ყველასთვის ალბათ, სანდრო ნესტამ კარიერა დაასრულა და ძალიან ბევრის გულში დატოვა სიცარიელე, მათ შორის ჩემს გულშიც…
ზოგადად იშვიათია იყო მცველი და იყო გმირი, მაგრამ ასეთებიც არაერთი არსებობს. როდესაც გმირ მცველებზე ჩამოვარდება საუბარი, ალბათ უმეტესობას მოგვადგებიან პირზე: ლეგენდარული ჯალმა სანტოსი, არანორმალური კაიზერფრანცი თავისი გოლებით, კაპიტნობებით, იმითი რომ იყო სული და გული დიდი გერმანიისა, გაგვახსენდება ბრემე, კუმანი თავისი არაადამიანური ჯარიმებით, გაგვახსენდებიან ისეთ ქარიზმები და ლეგენდები, ნამდვილი კაპიტნები როგორებიც იყვნენ ფრანკო ბარეზი და პაოლო მალდინი, გაგვახსენდება კაფუს მარჯვენა ფლანგი, რობერტო კარლოსის ჩახვეულები, გაგვახსენდება ნამდვილი რკინა ბეტონი მარსელ დეზაი, ყველაფერს რომ თელავდა და ლილიან ტურამის ფიზიკური ამტანობა, 96–ის ევრო, მატიას ზამერი და შემდეგ მისი ოქროს ბურთი, 2006 წლის და არა მარტო, მფრინავი ფაბიო კანავარო, მსოფლიო თასით და ოქროს ბურთით ხელში, ბარსელონას სული და გული კარლესი… შეიძლება გამომრჩნენ კიდევ, მაგრამ ეს ის გმირი მცველები არიან, რომლებიც ისტორიას გმირებად დარჩებიან, მათ შორისაა სანდრო ნესტა, რომლის მონაწილეობით ესე ერთი რომელიმე მომენტი, ან ერთი რომელიმე კომპონენტი არ მახსენდება და სწორედ ამიტომ ის ჩემი გმირია, მხოლოდ იმიტომ, რომ უბრალოდ მაგარი ფეხბურთელი და მაგარი მცველი იყო, ჩემთვის ყველა დროის საუკეთესო…
ის არასდროს ყოფილა გამორჩეული თვისებებით, ანაც ნიჭით დაჯილდოებული, არ იყო ქარიზმა, გუნდის სული და გული, რომელიც რაღაც დამატებითს აძლევდა თავისი ქცევებით გუნდს, არასდროს ყოფილა ზედმეტად ეფექტური, გასხივოსნებული, ამიტომაც კარიერა ისე დაასრულა მისი პირადი პრიზები არ მახსენდება და მიზეზიც სწორედ ისაა, რომ ის ჩუმი გმირი იყო! არასდროს ჩხუბობდა და ყვიროდა ხმამაღლა, არასდროს ულოცავდა პირველი თანაგუნდელებს გოლს განსაკუთრებული აღნიშვნით, არასდროს ჩანდა თასიანი კაპიტნის გვერდით წინ გამოჭენებული, ყველაფერი ის რასაც ის აკეთებდა, იყო ასჯერ გაზომილი და ერთხელ გაჭრილი, მან ყოველთვის იცოდა რას აკეთებდა მოედანზე, ფეხბურთის ისტორიაში სწორედ მან იცოდა ყველაზე კარგად ის, თუ როგორ უნდა აერთმია ბურთი მეტოქისთვის, როდის დაწოლილიყო და გაეკეთიბინა ვარდნა და სად მდგარიყო ამა თუ იმ მომენტში. ყველაფერს სუფთად აკეთებდა, უხეშობის და ზედმეტი ეფექტების გარეშე.
წარუმატებელი და ნაწილობრივ მოჯადოებული, ტრაგიკული გამოდგა მისთვის სანაკრებო კარიერა. სამ მსოფლიო ჩემპიონატზე იღებდა მონაწილეობას და სამივეზე ჯგუფურ ეტაპზევე მიიღო ტრავმა და გამოეთიშა ასპარეზობას, იყო 2000 ევროპის ტრაგედიაც, მაგრამ ხველაფერი უხმოდ, უჩუმრად აიტანა, ხმა არ დაუძრავს, ბევრი არ უტირია, მთელ თავის ტკივილებს შეუმჩნევლად იტოვებდა გულში, გამოდიოდა მოედანზე და ისევ ხუთიანზე თამაშობდა, მხოლოდ კარიერის მიწურულსღა გაგვიმხილა ის, თუ რას გრძნობდა წლების მანძლზე, რა ემოციებით იტვირთებოდა, არა ის რობოტი არ ყოფილა, უბრალოდ თავმდაბალი და ჩუმი იყო, არ უყვარდა თავის გარშემო ბევრი აჟიოტაჟი და ყურადღება, ამიტომაც არის ის ჩემი გმირი! არც ერთი მცველის თამაშს არ მოუნიჭებია ჩემთვის ის სიამოვნება, რასაც სანდრო ნესტა მანიჭებდა. სხვები შეიძლება გმირები იყვნენ, მეტად დაფასდნენ, ბევრი ალაპარაკეს თავიანთ თავებზე, მაგრამ გენიოსი მცველი ჩემთვის მარტო სანდროა, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, რადგან ის მსოფლიოს საუკეთესო მცველი იყო, მხოლოდ იმიტომ რომ იყო გონიერი და ჭკვიანი…
მისი თვისებები და ხასიათი აღმაფრთოვანებდა, შეიძლება ის არ გამოირჩეოდა რაიმე სპეციფიური ხასიათით, ანაც როგორც რუსები იტყოდნენ “ჟილკით”, მაგრამ ჩემთვის ის ერთ–ერთი ყველაზე ღირსეული პიროვნებაა საფეხბურთო სამყაროში, შეიძლება ის ვერ ამხნევებდა ან მუხტავდა თანაგუნდელებს, მაგრამ არ შეიძლებოდა რაღაც განსახვავებულად, ძალიან მშვიდად არ ყოფილიყვნენ ფეხბურთელები მოედანზე, როცა მათ გვერდით სანდრო ნესტა დადიოდა. შეძახილები არ სჩვეოდა, მაგრამ თავისი მშვიდი და ჩუმი გენიალური თამაშით უდიდეს თავდაჯერებულობას მატებდა მთელს გუნდს.
დღეს ის დღე დადგა, როდესაც ჩემი ბავშვობის და ყმაწვილკაცობის გმირები, ბუცებს ლურსმანზე ერთი მეორის მიყოლებით კიდებენ, გასული უქმეები ამ მხრივ ალბათ გამორჩეული იყო, ფეხბურთიდან წავიდნენ ან ფაქტიურად და ჩვენთვის წავიდნენ ბევრის გმირები: ზეედოrფი, რინო გატუზო, სუპერპიპო, გენიალური პინტურიკიო და სხვები…
მაგრამ მაინც, სანდროს გენია ყველაზე მეტად დამაკლდება, ის ფეხბურთში ერთადერთი იყო გმირებიდან, რომელიც ჩემი გმირის მოთხოვნილებებს აკმაყოფილებდა, ამიტომაც მომენატრება ჩემი ჩუმი გმირი, მომენატრება კაცი რომელიც 18 წელი უშეცდომოთ იდგა საკუთარი გუნდის ზურგის სადარაჯოზე, მომენატრება კაცი, რომელსაც 36 წლის ასაკშიც კი არ მოერიდა და მართლაც რომ სუპერმენის, ბეტმენის და სპაიდერმენის ჰიბრიდს ისეთი “პადკატი” გაუკეთა, სულ მიწაზე არტყმევინა ხელები, შემდგომ კი ადგა ჩუმად, უემოციოდ გამოვიდა და კუთხურის მოწოდებას დაელოდა…
მისი წასვლა და გაცილება ზუსტად ასახავდა იმას თუ როგორი იყო სანდრო, როგორც მოედანზე, ასევე მის მიღმა. გუშინდელი გაცილებიდან ყველას დაამახსოვრდება, ზეედორფის პასი, პიპოს გოლი და შემდეგ დაჩოქება, რინოს და ძამბროტას ცხარე ცრემლები, ფეხზე წამომდგარი “იუვენტუს სტადიუმი” და ამაყი პინტურიკიო. ის ემოციებით არ წასულა, მაგრამ როდესაც მის ბოლო კადრებს ვუყურებდი არ შემეძლო ცრემლები შემეკავებინა, როდესაც ფეხბურთს უდიდესი მცველი და უდიდესი პიროვნება, ასე ჩუმად, ყურადღების ცენტრში მყოფი ხალხის უკან მდგარი ეთხოვებოდა და უბრალოდ ტაშს უკრავდა სხვებს. ის ყველაფერში გენიალური იყო, ფეხბურთშიც და ადამიანობაშიც, ამიტომ მიყვარდა და მეყვარება ყოველთვის. მშვიდობით ჩემო გმირო!
მიმაგრებული სურათი