FC Bayern Geo Fans
მიუნხენის ბაიერნის 80-იანი წლების ლეგენდა მეკარე ჟან-მარი პფაფი დღეს 60 წლის იუბილეს აღნიშნავს. TZ-სთან ინტერვიუში ბელგიელი ასაკზე და ული ჰიონესთან ურთიერთობაზე საუბრობს.
- ბატონო პფაფ, თქვენი მეუღლე საკმაო სტრესშია. ამ მომენტისთვის უამრავ ზარზე პასუხის გაცემა უწევს. ბევრი მოლოცვებია?
``საოცარია. რეკავენ საფრანგეთიდან, ბელგიიდან, გერმანიიდან, ავსტრიიდან და შვეიცარიიდან. რა მოხდა? მხოლოდ 60 წლის ვხდები.``
- განსაკუთრებული ციფრია. თქვენთვის ლამაზი დღე არ არის?
``რასაკვირველია, მშვენიერი დღეა. ასაკს ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს. მთავარი ჯანმრთელობაა! თავს ახალგაზრდად ვგრძნობ. ამ ციფრთან პრობლემა არ მაქვს.``
- მეკარისთვის უფრო რთული არ არის, როდესაც ის 37, 38 ან 39 წლის ხდება?
``კარგი შეკითხვაა. მართალია, როდესაც 30-ს მიაღწევ, გაგრძელების სურვილი კიდევ უფრო მოჭარბებულად გაქვს, გინდა ბურთების მოგერიება, გოლების გატანა - ფეხბურთელს სხვა რა უნდა სურდეს. 60 წლის ასაკში კი უბრალოდ უნდა გიხაროდეს, რომ ცოცხალი ხარ. კარიერის დასრულებასთან დაკავშირებით პრობლემა არ მქონია, 37 წლის ასაკში უკვე ვიცოდი, რომ 20-ის აღარ ვიყავი და მივხვდი - თამაშის შეწყვეტის დრო მოვიდა. ახლა კი იმდენ მშვენიერ და ლამაზ მომენტს განვიცდი.``
- მოგვიყევით ლამაზ მომენტებზე.
`სამი უმშვენიერესი ქალიშვილი და ექვსი შვილიშვილი მყავს. ეს უფლის საჩუქარია. ყველაზე კარგი მომენტია, როდესაც შვილიშვილები მოდიან. იცით, როგორ იყო ჩემს კარიერაში? მთავარი იყო ოჯახი, ფეხბურთი კი ჰობი. ახლა შემიძლია მთელი დრო ოჯახზე ზრუნვას დავუთმო, პატარები სკოლაში მიმყავს, შემდეგ ვარჯიშზე, სულ მათთან ერთად ვარ. . . ``
- ეს უფრო სტრესს გავს, ვიდრე შესანიშნავ პერიოდს.
``დიახ, მაგრამ ეს ჯანსაღი სტრესია. ცხოვრებით კმაყოფილი ვარ.``
- ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნეთ, რომ ``თამაშამდე სექსი იდეალური კომბინაცია არ არის.`` .
``ასე ვთქვი? ალბათ იმის თქმა მინდოდა, რომ მატჩის წინ მუდამ თამაშზე ვიყავი კონცენტრირებული. ფეხბურთელს ხომ ვალდებულება აქვს კლუბის და უამრავი გულშემატკივრის წინაშე. ეს უბრალოდ პროფესიონალიზმია და სხვა არაფერი.``
- ული ჰიონესმა აღნიშნა, რომ უდიდესი პიროვნება ხართ, მაგრამ ბაიერნში მოღვაწეობის პერიოდში არც ისე მარტივი იყო თქვენთან ურთიერთობა. რას გულისხმობდა?
``ყოველთვის საკუთარი შეხედულება მქონდა. ეს პირველ რიგში მოედანზე ყოფნას ეხებოდა. ვერ მივცემდი საკუთარ თავს ბევრი გოლის გაშვების უფლებას. ამიტომ დაცვისთვის უნდა მეხელმძღვანელა, მუდამ პირდაპირი ვიყავი, ული ამას თუ გულისხმობდა. იგი თავად არის ერთ-ერთი იმათგანი, ვინც პირდაპირ თქმას არ ერიდება, ისევე როგორებიც იყვნენ ბეკენბაუერი ან ბრაიტნერი.``
- როგორ იყო მაშინ, როდესაც ულის თქვენი ბაიერნში მოყვანა სურდა? თითქმის თქვენი ასაკის მენეჯერი.
``ული ყოველთვის მიზანმიმართული ადამიანი იყო. მოლაპარაკებამ დიუსელდორფში ძალიან სასიამოვნო გარემოში ჩაიარა. პოლ ჩერნაიც იქ იყო. მოგვიანებით ჩემი მეუღლეც შემოგვიერთდა და კაფეში წავედით. მედიისთვის თვალის ასახვევად ულიმ მთელი მანევრი მოიფიქრა.``
- კარგი ანაზღაურება გქონდათ?
``კმაყოფილი ვიყავი. იმ დროისთვის ცუდი არ იყო. მაგრამ ამაზე მეტად ბაიერნის მაისურის ტარებით ვამაყობდი. ბედნიერი ვარ, რომ ბაიერნი დღეს კიდევ უფრო დიდია, ვიდრე მაშინ. თანაც მაშინ არ იყო ამდენი ტელევიზია, ინტერნეტი, მედია. ის რაც იყო, ძირითადად მხოლოდ გაზეთებში დარჩა.``
- და გავიხსენოთ თქვენი პირველი შეხვედრა და უხეში შეცდომა, რომელიც ასევე მოგონებად დარჩა.
``დიახ, ეს უიღბლობა იყო, კარიდან გამოვედი და ბურთის დაჭერა მინდოდა, მაგრამ აუგენტალერმა უცაბედად ხელი მკრა. ბალანსი დავკარგე და ბურთი კარის ბადეში აღმოჩნდა. სისულელე მომივიდა.``
- თუმცა ამას ზიანი არ მოუტანია.
``არა. მატჩის შემდეგ ული და ბრაიტნერი მოვიდნენ და გამამხნევეს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის. რამდენიმე დღის შემდეგ მეორე შეხვედრა მოვიგეთ, თანაც მშრალად. აი, მაქედან დაიწყო ჩემი კარიერა.``
- აღნიშნეთ, რომ დღეს ყველაფერი შეიცვალა. ახლა რომ ახალგაზრდა იყოთ, ითამაშებდით ბაიერნში?
``რასაკვირველია, დიდი სიამოვნებით! დღევანდელი ბაიერნი მართლა ძალიან მომწონს! ჩვენ ოლიმპიასტადიონზე ვთამაშობდით, დღეს ალიანც არენაა. ეს დიდებულია. მაგრამ ჩემი დრო წავიდა. მიუხედავად ამისა, ბაიერნს მუდამ თვალს ვადევნებ, ვაკვირდები მანუელ ნოიერს. ძალიან კარგი ბიჭია და მშვენივრად თამაშობს როგორც კლუბში, ასევე ნაკრებში. დარწმუნებული ვარ, შესანიშნავ მსოფლიო ჩემპიონატს ჩაატარებს.``
- ფინალში ბელგიასთან?
``შეიძლება. მაგრამ მაშინ ბელგიელები მოიგებენ.`` (იცინის)
- როგორ აღნიშნავთ დაბადების დღეს?
``ოჯახურ წრეში. დილით საუზმე, შემდეგ შვილიშვილები მოვლენ სკოლიდან. მშვენიერი საღამო იქნება.``
- მაშინ ყველაფერს საუკეთესოს გისურვებთ.
``დიდი მადლობა! დიდი მოკითხვა ული ჰიონესს. თუ ის თერთმეტმეტრიანის დარტყმას მოახერხებს, მაშინ მე კარში ჩავდგები. ეს შესანიშნავი იქნებოდა.``
-------------------
TZ
Katerina Bayern
https://www.facebook.com/photo.php?fbid=676...&type=1&theater