კონდოგბიასთან კავშირშია კაკრაზ, ამას უნდა გააჯმევინონ:
ზამთარში დავწერე ეს სტატია და ახლაღა გამახსენდა გამოქვეყნება
გუარინის სატრანსფერო აფერის 50 ფაქტი
„ინტერის“ კოლუმბიელი ნახევარმცველი ფრედი გუარინი ამჟამად მთლიანად თამაშზე კონცენტრირებული, ხოლო როცა სატრანსფერო პერიოდი ახლოვდება ან ფანჯარა გახსნილია, ამ ფეხბურთელზე პრესაში ლამის რონალდუსა და მესიზე მეტი იწერება. ამ ორომტრიალში როგორც წესი გუარინის აგენტი მარსელო ფერეირა მონაწილეობს. ეს კაცი ცდილობს, რომ მისი კლიენტი პრესის მხრიდან მუდამ ყურადღების ცენტრში იყოს, შესაბამისად აგენტი სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებებს ხან „რეალის“ მხრიდან ინტერესზე ეუბნება, ხანაც „მანჩესტერის“. ფაქტი კი ფაქტად რჩება, გუარინი კვლავაც „ინტერშია“ და მისი შესაძლო ტრანსფერის შესახებ ცნობები საფეხბურთო საზოგადოებაში უკვე გაღიზიანებასაც იწვევს. ბოლო ორი წლის მანძილზე გუარინმა და მისმა აგენტმა ლამის მთელი საფეხბურთო პლანეტა შეიყვანეს შეცდომაში და იმდენი ტყუილი ამბავი გაავრცელეს, რომ აწი მართალიც აღარ დაეჯერებათ. გთავაზობთ გუარინის სატრანსფერო აფერის 50 ფაქტს.
1. 18/01/2013: ავტორიტეტულმა ბრიტანულმა გამოცემა „გარდიანმა“ იუწყა, რომ გუარინის გამო „მანჩესტერმა“ და „ტოტენჰემმა“ ნამდვილი ომი გამოაცხადეს. ისიც ითქვა, რომ კოლუმბიელი ნახევარმცველით პირადად ალექს ფერგიუსონი და ანდრე ვილაშ-ბოაში არიან დაინტერესებულნი.
2. 5/02/2013: ვრცელდება გუარინის აგენტის, მარსელო ფერეირას კომენტარი - „ფრედი დიდებული ფეხბურთელია. ასეთი მოთამაშეები მთელს მსოფლუიში თითებზე ჩამოსათვლელი რაოდენობის არიან. გუარინი „ინტერის“ ვარსკვლავია, მაგრამ კაცმა არ იცის, სად იქნება ის ხვალ“.
3. 17/03/2013: საქმეში ერთვება „ნაპოლი“. „კორიერე დელო სპორტის ცნობით“, იგეგმება გუარინი-ინლერის ბარტერი.
4. 14/04/2013: ფერეირა ამბობს, რომ გუარინს „ნაპოლის“ მხრიდან დაინტერესება კი ხიბლავს, მაგრამ „ინტერში“ თავს ბედნიერად გრძნობს.
5. 3/05/2013: „ნაპოლი“ არ ნებდება. ამჯერად ნეაპოლიტანელებმა მილანელებს ინლერი და 2 მილიონი ევრო შეთავაზეს.
6. 20/05/2013: „გაძეტა დელო სპორტის“ ცნობით, გუარინით „იუვენტუსი“ დაინტერესდა და თავად ფეხბურთელიც არაა წინააღმდეგი კარიერა ტურინულ კლუბში გააგრძელოს.
7. 6/06/2013: ავტორიტეტული იტალიელი ჟურნალისტი ტანკრედი პალმერი წერს, რომ „ინტერმა“ „იუვენტუსის“ წინადადება უარყო.
8. 12/06/2013: ამდენი სპეკულაციის შემდეგ, ოფიციალურ კომენტარს აკეთებს „ინტერის“ იმჟამინდელი პრეზიდენტი მასიმო მორატი: „დიახ, გუარინი ბევრი ევროპული გრანდისთვის სასურველი ფეხბურთელია, მაგრამ ის ჩვენთან დარჩება“.
9. 13/06/2013: მორატის განცხადებიდან 24 საათის შემდეგ, BBC იუწყება, რომ „ტოტენჰემმა“ გუარინში „ინტერს“ 20 მილიონი ევრო შესთავაზა.
10. 14/06/2013: გუარინის გადაბირება მახაჩკალის „ანჟიმაც“ მოინდომა. დაღესტნელებმა სამუელ ეტო’ოს ტრანსფერის შემდეგ, გადაწყვიტეს რომ მილანელებს კოლუმბიელსაც ადვილად წაჰგვრიდნენ.
11. 14/06/2013: იმ დღესვე „ანჟი“ გავცრელებულ ინფორმაციას უარყოფს.
12. 21/06/2013: გუარინს თანამემამულე რადამელ ფალკაო უხმობს „მონაკოში“. ფრედის ამას უკომენტაროდ ტოვებს.
13. 25/06/2013: ასპარეზზე კვლავ მარსელო ფერეირა გამოდის და ამბობს: „გუარინი „ინტერის“ დატოვებას არ აპირებს, შესაბამისად „მანჩესტერის“, „ტოტენჰემის“ და „ანჟის“ ვარიანტები ჩვენს გეგმებში არ შედის“.
14. 30/06/2013: ახლა კი თავად გუარინი ამბობს საპირისპიროს: „არ ვიცი, დავრჩები თუ არა „ინტერში“, გადაწყვეტილი არაფერი მაქვს. მრავალი კლუბი მიხმობს და „მონაკოში“ ფალკაოც მეძახის“.
15. 10/07/2013: „ინტერში“ გუარინის ორჭოფობით დაიღალნენ და კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდის მეშვეობით კოლუმბიელს კლუბში დარჩენის შესახებ განცხადება გააკეთებინეს.
16. 20/08/2013: გუარინის „ინტერში“ დარჩენას აგენტიც ადასტურებს და იმედს გამოთქვამს, რომ ვალტერ მაცარის ხელში მისი კლიენტი მუდმივ სათამაშო პრააქტიკას მიიღებს.
17. 5/09/2013: გუარინი სურვილს გამოთქვამს კლუბთან 2016 წლამდე მოქმედი ხელშეკრულება გაახანგრძლივოს.
18. 2/10/2013: კოლუმბიელი ჟურნალისტს გა#####და, რომ „ინტერის“ გამო თავის დროზე „იუვენტუსში“ თამაშზე თქვა უარი. ეს მაშინ იყო, როცა გუარინი „პორტუში“ ირიცხებოდა.
19. 26/11/2013: „Football Italia“ წერს, რომ გუარინი „ინტერიდან“ წასვლას აპირებს, კლუბი კი მასში 15 მილიონს ითხოვს.
20. 7/12/2013: გუარინით თვით „ბარსელონა“ ინტერესდება. ამ ინფორმაცია ესპანური „მარკა“ სანდრო წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
21. 12/12/2013: ისევ გააქტიურდნენ „მანჩესტერი“ და „ტოტენჰემი“. იტალიური პრესის ცნობით, ბრანკამ და აუზილიომ ინგლისელებთან მოლაპარაკებებიც გამართეს.
22. 13/12/2013: ცნობილი ხდება, რომ გუარინის ხილვა „ჩელსიშიც“ სურთ.
23. 14/12/2013: „ინტერი“ „ჩელსის“ გუარინში უკვე 20 მილიონ ევროს სთხოვს.
24. 15/12/2013: „ჩელსი“ 20 მილიონის გადახდაზე უარსაა და მილანელებს 10 მილიონსა და დემბა ბას სთავაზობს.
25. 17/12/2013: მარსელო ფერეირა აცხადებს, რომ „ჩელსისთან“ შეთანხმება მიღწეულია და გუარინის გადაბირება თვით ჟოზე მაურინიოს გეგმებში შედიოდა. იტალიური პრესის ცნობით, ტრანსფერის ღირებულება 18 მილიონი ევრო იქნება.
26. 20/12/2013: „სკაი სპორტის“ ცნობით, „ინტერის“ ახალმა მფლობელმა ერიკ ტოჰირმა კოლუმბიელის გასხვისებაზე თანხმობა არ განაცხადა, მოლაპარაკებები კვლავაც მიმდინარეობს, თუმცა „ჩელსიმ“ უკვე დაიწყო სათადარიგო ვარიანტის ძიება და ნემანია მატიჩს მიადგა.
27. 23/12/2013: გუარინი აცხადებს: „ინტერში“ თამაში მინდა. „ჩელსი“? კვამლი უცეცხლოდ არ არსებობს...
28. 4/12/2013: ინტერი-ჩელსის ვაჭრობა უკვე ფუნტებში იმართება. ინგლისელები 13 მილიონს იხდიან, იტალიელები 15-ს ითხოვენ
29. 7/01/2014: „არ უარვყოფთ, რომ „ჩელსისთან“ მოლაპარაკებებს ვაწარმოებდით. ახლა კი ყველაფერი დასრულებულია და ფრედი „ინტერში“ რჩება“ - აცხადებს „ნერიაძურის“ სპორტული დირექტორი პიერო აუზილიო.
30. 8/01/2014: ფერეირა აღიარებს, რომ მეორე ლონდონურ კლუბთანაც ჩავარდა მოლაპარაკება, რადგანაც „ინტერი“ გუარინის ერიკ ლამელაში გაცვლას აპირებდა, თუმცა „ტოტენჰემმა“ არგენტინელის გაშვება არ მოინდომა.
31. 12/01/2014: ერიკ ტოჰირი ორაზროვან განცხადებას აკეთებს: „ვერ დავაძალებთ გუარინს “ინტერში“ დარჩენას და თამაშს თუ მისი გული „ნერიაძურის“ არ ეკუთვნის“.
32. 19/01/2014: გუარინით ისევ „იუვენტუსი“ ინტერესდება. წერენ, რომ კოლუმბიელი ვუჩინიჩში გაიცვლება. ეს უკანასკნელი კი თანაგუნდელებს უკვე დაემშვიდობა.
33. 20/01/2014: ტრანსფერი ბოლო მომენტში ჩაიშალა. „ინტერის“ ფანები კლუბის ხელმძღვანელებს აიძულებენ, გუარინი კონკურენტ გუნდში არ გაასხვისონ. „ნერიაძურის“ ბოსები ფანებს ემორჩილებიან და ერიკ ტოჰირი ტრანსფერს ვეტოს ადებს.
34. 22/01/2014: „იუვენტუსი“ პრესკონფერენციას იწვევს, სადაც ცხადდება, რომ „ინტერთან“ და ფეხბურთელთან ყველაფერი შეთანხმებული იყო, თუმცა ერიკ ტოჰირმა ბოლო მომენტში სიტყვა გატეხა.
35. 23/01/2014: „იუვეს“ ვარიანტი გამოირიცხა, მაგრამ გამოჩნდა კიდევ ორი: „მანჩესტერთან“ გუარინის ხავიერ ერნანდესში გაცვლა და რობერტო მანჩინის „გალათასარაიში“ გაყიდვა.
36. 28/01/2014: მარსელო ფერეირამ განგაში ზარი შემოჰკრა: „ერიკ ტოჰირი ჩემს კლიენტს საზიზღრად ექცევა. უკვე ერთი კვირაა, ფრედის კლუბში არავინ ელაპარაკება. იგი თავს კლუბის მძევლად გრძნობს. ასე გაგრძელება აღარ შეიძლება“.
37. 29/01/2014: აგენტის ვერსიას ადასტურებს გუარინიც: „ტრანსფერზე ისე დამაყენეს, რომ ჩემთვის არაფერი უკითხავთ. „ინტერიდან“ წასვლა არ მინდა, მაგრამ ვგრძნობ რომ ჩემზე არაფერია დამოკიდებული. კლუბში არაფრად არ მაგდებენ, სიტყვასაც კი არ მეუბნებიან“.
38. 31/01/2014: სატრანსფერო ფანჯრის უკანასკნელ დღეს, რამდენიმე იტალიური გაზეთის ცნობით, ერიკ ტოჰირი „იუვენტუსთან“ მოლაპარაკებებს ანახლებს, თუმცა ტრანსფერი მაინც არ შედგა.
39. 24/03/2014: გუარინი კლუბთან კონტრაქტს 2017 წლამდე აგრძელებს და ამბობს: „ინტერიდან“ წასვლა არც არასდროს მდომებია, ეს ჩემი სახლია“.
40. 3/04/2014: იტალიელ ჟურნალისტებს მიაჩნიათ, რომ კონტრაქტის გაგრძელებით, „ინტერმა“ გუარინის სატრანსფერო ფასი ასწია. ზაფხულში კი კოლუმბიელის შესაძენად „რომა“, „ნაპოლი“, „ვოლფსბურგი“, „ბაიერნი“ და „მანჩესტერ სიტი“ იბრძოლებენ.
41. 14/07/2014: „იუვენტუსს“ წყენამ გადაურა და გუარინში ამჯერად 5 მილიონ ევროსა და სებასტიან ჯოვინკოს ჩამოდის.
42. 23/08/2014: „ზენიტისა“ და „სპარტაკის“ სახით, გუარინს მთხოვნელები რუსეთშიც გამოუჩნდნენ. ამბობენ, რომ კოლუმბიელით ანდრე ვილაშ-ბოაშია დაინტერესებული, თუმცა მოგვაინებით პორტუგალიელმა ეს ინფორმაცია უარყო.
43. 27/08/2014: მარსელო ფერეირა ვილაშ-ბოაშს ცრუპენტელას უწოდებს და ამბობს, რომ „ზენიტი“ გუარინის 12 მილიონ ევროდ ყიდვას აპირებდა. ამავდროულად ფეხბურთელის აგენტი აცხადებს, რომ გუარინი უკეთესი წინადადებას „იუვენტუსისგან“ ელის.
44. 1/09/2014: რა „ზენიტი“ და რის „იუვენტუსი“, გუარინით მადრიდის „რეალი“ დაინტერესდა. ესპანური პრესა წერს, რომ ანჩელოტიმ კოლუმბიელის ერთწლიან იჯარაზე თანხმობა განაცხადა.
45. 4/09/2014: ვალტერ მაცარი ამბობს, რომ გუარინს „ინტერის“ დატოვება არასდროს სდომებია და კოლუმბიელი „სან სიროზე“ კიდევ დიდხანს იბურთავებს.
46. 20/12/2014: ზამთრის სატრანსფერი ფანკრის მოახლებასთან ერთად აქტიურდება ფერეირა: „ტოტენჰემში“ კვლავ ოცნებობენ გუარინის მისვლაზე. ლონდონელები მზად არიან ჩემი კლიენტის სანაცვლოდ, „ინტერს“ აარონ ლელონი დაუთმონ“.
47. 6/01/2015: ესპანური პრესის ცნობით, გუარინის შეძენა „ვალენსიას“, „ატლეტიკოს“ და „სევილიას“ სურთ.
48. 14/01/2014: ფერეირა კიდევ ერთ იგავს ყვება: „ზაფხულში გუარინის შეძენა „ბარსელონას“ სურდა, მაგრამ „ინტერმა“ უარი განუცხადა“.
49. 22/01/2014: ამჯერად გუარინი-ლავესის გაცვლაზეა საუბარი. პსჟ უარს აცხადებს თუმცა მილანელენს აიმედებს, რომ ზაფხულში ამ თემაზე მოლაპარაკებები შესაძლებელია.
50. 15/02/2014: ბოლოს ისევ ფერეირას დავუგდოთ ყური: „რეალს“ და „ჩელსის“ მართლაც სურდათ გუარინის გადაბირება, მაგრამ ფრედის „ინტერში“ დარჩენა სურს. „ნერიაძურიში“ გრანდიოზული პროექტი იწყება და ჩემს კლიენტს უნდა ამ დიდი ამბების მონაწილე იყოს.
This post has been edited by aimo on 22 Jun 2015, 21:57