ცოტა სიგიჟეებში კი გადადიან ზოგ მომენტში, მაგრამ ბევრი რამე საფუძვლიანად წერია
5 მიზეზი, თუ რატომ მოიგებს ჩემპიონთა ლიგას ბაიერნი ჩემპიონთა ლიგის 2019-20 სეზონი საკმაოდ საინტერესოა, წინა წლებისგან განსხვავებით ტურნირს აშკარა გამოკვეთილი ფავორიტები არ ჰყავს. უფრო სწორად, ვინც ასეთებად მოიაზრებიან ხოლმე, ისინი საკმაოდ ცუდ ფორმაში არიან.
ეს ყველაფერი ტურნირს ძალიან საინტერესოს ხდის, მაგრამ ერთი მიძინებული გიგანტი ამ შანსის გამოყენებას აუცილებლად ეცდება. ბაიერნს 2013 წლის შემდეგ ჩემპიონთა ლიგა არ მოუგია და ამ ტურნირის მოსაგებად შესაძლოა აღარასდროს ჰქონდეთ ისეთი კარგი შანსი, როგორიც წელს.
გთავაზობთ 5 მიზეზს, თუ რატომ შეიძლება ჩემპიონთა ლიგის 2019/20 სეზონის გამარჯვებული სწორედ რეკორდმაისტერი გახდეს.
ნოიერი
5.მანუელ ნოიერს ბევრი აქვს დასამტკიცებელი
მანუელ ნოიერმა 2017 წელს მადრიდის რეალის წინააღმდეგ გამართულ მატჩში უმძიმესი ტრავმა მიიღო და ერთ წელიწადზე უფრო დიდი ხნის განმავლობაში მოედანზე აღარ გამოსულა, რის გამოც მის მსოფლიოს საუკეთესო მეკარის სტატუსს დიდი პრობლემები შეექმნა და გულშემატკივართა რაღაც ნაწილის აზრით, ნოიერი ნაკრების პირველობასაც არ იმსახურებს.
რა თქმა უნდა, ნოიერის შესაძლებლობების შესახებ ყველამ ვიცით, უბრალოდ ტრავმის მოშუშების შემდეგ გერმანელ კიპერს დიდი ტურნირის მოგება ძალიან სჭირდება. ნოიერი კარგ ფორმაშია და ბუნდესლიგაში გუნდს ძალიან ეხმარება, მაგრამ მანუმ კიდე ვერთხელ უნდა დაარწმუნოს ყველა იმაში, თუ რატომ არის საუკეთესო.
4.სხვა გრანდები ცუდ ფორმაში არიან
ლივერპულმა წელს ფსონი მთლიანად პრემიერ ლიგის მოგებაზე გააკეთა, რაც იმაშიც გამოჩნდა, რომ გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე კინაღამ ჯგუფში ჩარჩა, ახლა კი ატლეტიკოსთან წააგეს მადრიდში. ბარსელონას და რეალს ბევრად მეტი პრობლემა აქვთ, ვიდრე წინა წლებში. კარგ ფორმაში მყოფი გუნდების უმრავლესობა კი ძალიან გამოუცდელია.
მაგალითად, ახალგაზრდა დორტმუნდის ბორუსია და ჰალანდი – სანჩოს წყვილი, ნებისმიერი ფეხბურთის გულშემატკივრისთვის კარგი საყურებელია და ჩემპიონთა ლიგაზე მათი წარმატება ყველას გაუხარდება, მაგრამ ეს გუნდი გამოუცდელია. პეპ გვარდიოლას სიტიც ძალიან ლამაზ ფეხბურთს თამაშობს ხოლმე, მაგრამ ამ გუნდს ევროპაში წარმატებისთვის არასდროს მიუღწევია და, შესაძლოა, მათი დაცემის მიზეზიც სწორედ ეს გამოდგეს.
ბაიერნი ყველასგან განსხვავებით თან ძალიან გამოცდილია და თან ძალიან კარგ ფორმაშია.
3.გერმანული გუნდები შეუჩერებლები არიან
ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში საკუთარი მატჩი სამივე გერმანულმა გუნდმა მოიგო! ბაიერნმა და ლაიპციგმა გამარჯვებები ლონდონში, ჩელსისა და ტოტენჰემის წინააღმდეგ მოიპოვეს, დორტმუნდმა კი პარიზელებს უმასპინძლა და შინ ჰალანდის ბენეფისით გაუშვა. საკუთარი მატჩები გერმანულმა გუნდებმა ევროპის ლიგაზეც მოიგეს, სადაც ლევერკუზენმა და ვოლფსბურგმა მერვედფნალის საგზურები გაინაღდეს.
გერმანული გუნდების დომინირება და ბუნდესლიგაში დიდი კონკურენცია შესაძლოა ბაიერნისთვის დიდი პლიუსი გამოდგეს, გუნდი ევროთასებზე ყოველთვის მაშინ გამოდის უკეთესად, როცა გერმანიაში ჰყავს ხოლმე კონკურენტები. 2012-13 წლებში ბაიერნმა ზედიზედ ორი ლიგის ფინალი სწორედ მაშინ ითამაშა, როცა გერმანიაში იურგენ კლოპის დორტმუნდი მათ უდიდეს კონკურენციას უწევდა.
2.რობერტ ლევანდოვსკი საუკეთესო ფორმაშია
რობერტ ლევანდოვსკი საკუთარი კარიერის ყველაზე შედეგიან სეზონს ატარებს და ბუნდესლიგისა და ჩემპიონთა ლიგის ბომბარდირთა დავაშიც ლიდერობს.
პოლონელი თავდამსხმელის ანგარიშზე მიმდინარე სეზონში 32 მატჩში გატანილი 36 გოლი და 7 საგოლე გადაცემაა, ჩემპიონთა ლიგაზე კი ლევანდოვსკიმ 6 მატჩში 11 გოლი გაიტანა და 2 ასისტი გააკეთა, რაც უბრალოდ არანორმალური მაჩვენებელია.
ლევანდოვსკის გოლი ყველა ტურნირზე 74′ წუთში ერთხელ გააქვს, ჩემპიონთა ლიგაზე კი 48′ წუთში ერთხელ ახერხებს თავის გამოჩენას.
ჩელსისთან მატჩი ლევანდოვსკის მორიგი ბენეფისი იყო, ფორვარდმა მონაწილეობა სამივე გოლში მიიღო, 2 საგოლე გადაცემა შეასრულა, გოლი გაიტანა და მატჩის საუკეთესო ფეხბურთელადაც დასახელდა.
1.ბაიერნი მოწყურებულია
2013 წელს, იუპ ჰაინკესის ბაიერნიდან წასვლის შემდეგ, გუნდის მწვრთნელად პეპ გვარდიოლა დაინიშნა, რომელიც იმ დროისთვის უდავოდ მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელი იყო.
გერმანელი გულშემატკივრები გვარდიოლასგან პირველ რიგში ჩემპიონთა ლიგაზე წარმატებულ გამოსვლას ელოდნენ, მაგრამ ესპანელი სპეციალისტი ესპანური გუნდების წინააღმდეგ ვერაფერს გახდა – ბაიერნი 2014 წელს რეალთან, 2015-ში ბარსელონასთან, 2016 წელს კი ატლეტიკოსთან გამოეთიშა ტურნირს.
ამის შემდეგ ბაიერნს კარლო ანჩელოტი წვრთნიდა – ექსპერტი რომელსაც 3 ჩემპიონთა ლიგა აქვს მოგებული და ზიდანსა და პაისლისთან ერთად ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე წარმატებული მწვრთნელია როცა საქმე ჩემპიონთა ლიგას ეხება, მაგრამ ბაიერნში ვერც კარლომ გაამართლა.
ამის შემდეგ გუნდს იუპ ჰაინკესიც კი დაუბრუნდა, რომელმაც რეალთან ძალიან დასანანი და ბაიერნის გულშემატკივრების აზრით უსამართლო ნახევარფინალიც წააგო.
ბაიერნს ბოლო 7 სეზონში გვარდიოლა, ანჩელოტი და ჰაინკესი ჰყავდა, მაგრამ ჩემპიონთა ლიგის მოგება ვერ მოახერხეს. ალბათ წარმოგიდგენიათ, როგორი მოწყურებულია გერმანული გუნდი ევროპის ჩემპიონობას.
http://adjarablog.com/5-mizezi-chempionta-...rg6lXxIige3-KFY * * *
VIDEO This post has been edited by Choncxis mzera on 11 Mar 2020, 19:47