„ინტერი“ ასე ნანატრი სკუდეტოსკენ დიდი ენთუზიაზმით მიიწევს. იტალიაში აღფრთოვანებულნი არიან ლუკაკუ - ლაუტაროს დუეტით, ჰანდანოვიჩის სეივებით და დაცვის ხაზის, შკრინიარი - დე ვრეი - ბასტონის საიმედო თამაშით, რომელთაც უკვე ადარებენ „იუვენტუსის“ ყოფილ ტრიოს ВВС. მიუხედავად ამისა, გუნდის წარმატებაში განსაკუთრებული წვლილი ნახევარდაცვას მიუძღვის და მათგან განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ნიკოლო ბარელა. ბარელა ანტონიო კონტესთან მუშაობის 2 წლის განმავლობაში იტალიის საუკეთესო ნახევარმცველად იქცა, „ინტერისთვის“ კი საერთოდ შეუცვლელი ფეხბურთელი გახდა, როგორც გადატანითი, ისე პირდაპირი მნიშვნელობით: ბარელამ ამ სეზონში გუნდის ყველა თამაშში მიიღო მონაწილეობა, როგორც სერია ა-ში, ისე იტალიის თასის და ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში.

რა თქმა უნდა, ბარელა „ინტერამდეც“ ძალიან თვალსაჩინო ფიგურა იყო იტალიურ ფეხბურთში. ახალგაზრდა ტალანტმა კალიარიდან სადებიუტო მატჩი იტალიის ნაკრებში 21 წლის ასაკში ითამაშა და მას შემდეგ მყარად დაიმკვიდრა ადგილი „სკუადრა აძურაში“. „ინტერს“ მის შესაძენად დიდი კონკურენციის გადალახვა მოუწია და მთლიანობაში მისი შეძენა 45 მილიონი ევრო დაუჯდა. 2019 წლის ზაფხულს ახალი მწვრთნელის ხელში გუნდი სერიოზულად გადახალისდა, სადაც ბარელას განსდაკუთრებული ფუნქციები დაეკისრა.
ახალ ადგილს ბარელა ორგანულად შეეწყო, პირველივე მატჩიდან ჩანს, რომ ძირითადში ერთი ადგილი მისია ყოველთვის. უფრო მეტიც, თამამად შეიძლება ითქვას, რომ სწორედ ნიკოლო ბარელა ზუსტად განასახიერებს კონტეს ფეხბურთის მთელ ფილოსოფიას. ან მეორე მხრიდან რომ შევხედოთ, ბარელამ ზუსტად მოახდინა კონტეს იდეების რეალიზაცია.
რა არის კონტეს ტაქტიკისთვის დამახასიათებელი? პირველ რიგში მისი ყბადაღებული სქემა 3-5-2. მეორე, მისი „ვერტიკალური“ ფეხბურთი, როცა „ინტერის მოთამაშეები ცდილობენ სწრაფად გადავიდნენ შეტევაზე და სივრცეები შექმნან მოწინააღმდეგის ნახევარზე. მესამე, ფიზიკური დაპირისპირება და მკაცრი პრესინგი მეტოქის ნახევარზე. ტაქტიკამ შეიძლება კორექტირება ხშირად განიცადოს, დღევანდელი „ინტერი“ უფრო შემტევ ფეხბურთს თამაშობს, ვიდრე ერთი წლის წინ, თუმცა არის პრინციპები, რომელიც არ იცვლება.

ბარელა ცენტრალური ნახევამცველია. იტალიურ ფეხბურთში მის ამპლუას ეძახიან „მეცალას“. მისი როლის კარგად აღსაქმელად დავაზუსტო, რომ იტალიურად „ალა“ „ფრთას“ ნიშნავს. „მეცალა“, ანუ „ნახევარფრთა“ ეს არის ცენტრალური ნახევარმცველი, რომელიც სამ ნახევარმცველიან ტაქტიკაში უფრო ხშირად იხევს ფლანგისკენ. ნიკოლოსთვის ეს ტიპიური მოქმედებაა: ის რეგულარულად გადადის მარჯვენა ფლანგისკენ და სიტუაციის მიხედვით ითავსებს ფლანგის შემტევის ფუნქციას. ხშირად ენაცვლება აშრაფ ჰაკიმის, რომელიც ამ დროს ცენტრში შემოდის ხოლმე, ბარელა კი ამ დროს საჯარიმოში აწვდის, ან ამწვავებს შეტევას. საჯარიმოში ჩაწოდებების რაოდენობით ბარელა გუნდში მესამე ადგულზეა პერიშიჩის და ჰაკიმის შემდეგ, რაც სრულიად გასაგებია, რადგან ამ ორს ფუნქციურად ევალებათ საჯარიმოში პასების კეთება.
ბარელა ბურთს ზედმეტად არასოდეს იჩერებს. პირიქით, ის ძალიან სწრაფად იღებს გადაწყვეტილებებს ყველანაირი მნიშვნელობით. მას თავისუფლად შეუძლია მაღალ სიჩქარეზე გაიჭრას წინ და მეტოქეები ზურგსუკან ჩამოიტოვოს, აგრეთვე სწრაფად მიიღოს გადაწყვეტილება და სწორი გაგრძელება მოუნახოს შეტევას. გარკვეულწილად, მისი დამსახურებაა, რომ „ინტერს“ მომენტებში შეუძლია მაღალ სიჩქარეზე განახორციელოს შეტევები. ამასთან, მისი სწორი პოზიციური თამაში ბროზოვიჩს აძლევს საშუალებას უფრო თავისუფლად იმოქმედოს მოედნის ცენტრში - ის ან ფლანგზე იწევს, ან ღრმად ჩადის დაცვის სიღრმეში, ან სწრაფად გარბის შეტევაში, მისი არანორმალური გამძლეობა კი აძლევს მას საშუალებას, მოედნის ყველა მონაკვეთზე მიასწროს. თვალსაჩინო მაგალითია მისი „იუვენტუსთან“ ნათამაშები მატჩი, როცა „ინტერმა“ 2:0 გაიმარჯვა. იქ მუდმივი გადაადგილებებით, სწრაფი გარღვევებით და ჩაწოდებებით (სხვათაშორის, მის ჩაწოდებას მოჰყვა ვიდალის გოლი) და ბოლოს, სეზონის ერთ-ერთი საუკეთესო გოლი, ორ სვლაში დაშამათებული „იუვენტუსი“

თუ ვისაუბრებთ მაღალ პრესინგზე, ამისი თვალსაჩინო მაგალითია ევროპალიგის ნახევარფინალში ნათამაშები მატჩი „შახტარის“ წინააღმდეგ. მეშახტეთა განადგურება მას შემდეგ დაიწყო, რაც ნიკოლომ მეკარე პიატოვის უხეიროდ მოგერიებული ბურთი მოიპოვა, მარჯვნივ გადაინაცვლა და თავზე დაასვა ლაუტარო მარტინესს. იმ მომენტში „შახტარი“ არ აღმოჩნდა მზად ასეთი პრესინგის წინააღმდეგ, თუმცა უკვე გვიან შემოდგომაზე ენითაუწერლად პრაგმატული თამაში შემოგვთავაზეს, თუმცა ეს უკვე სხვა ისტორიაა.
ნიკოლო ბარელა თანაგუნდელებთან შედარებით ყველაზე ხშირად აძლევს საშუალებას გუნდს, ბურთი დაიბრუნოს. თუ დავესესხებით სტატისტიკურ პორტალ Instat-ს, მთლიან ციფრებს ვიხილავთ: ბარელამ ამ სეზონში 223-ჯერ მოიპოვა დაკარგული ბურთი, შემდეგ მოდის შკრინიარი (178) და დე ვრეი (175). რაც შეეხება ართმევას, ამ ეს მაჩვენებელი 137-ს უდრის (მეორეზე ბროზოვიჩია 118). ორთაბრძოლებში ნიკოლო მეორეა ლუკაკუს მერე, მოწინააღმდეგის ფეხბურთელებს ყველაზე მეტჯერ სცდება ბურთიანად ლაუტაროს და ლუკაკუს მერე, სახიფათო გადაცემებშიც მესამეა ჰაკიმის და ლუკაკუს მერე. ჯარიმებსაც ყველაზე ხშირად მარტინესი და მერე ბარელა იღებენ, სამაგიეროდ ყველაზე ხშირად მოიწინააღმდეგეები სწორედ ბარელაზე ჯარიმდებიან. ამ სტატისტიკით ადვილად შეგვიძლია დავხატოთ მოთამაშის პორტრეტი - ის გუნდის ნამდვილი მოტორია. იქმნება შთაბეჭდილება, რომ ბარელასთან ერთად „ნერაძური“ სულ მეტობაშია.
მთავარი აღსანიშნავი ფაქტია, რომ მოთამაშე პროგრესირებს. თუ შევადარებთ გასულ ორ სეზონს კონტეს „ინტერში“, ნიკოლო ახლა უფრო ხშირად აკეთებს საკვანძო გადაცემებს (1.18 წელს, 0.78 შარშან) უფრო ხშირად აწვდის საჯარიმოში (2.2 წელს 1.36 შარშან) უფრო ხშირად ახერხებს მეტოქის ნახევარზე ბურთის მოპოვებას (1.4 წელს 1.14 შარშან)

კიდევ ერთი აღსანიშნავი ფაქტია, რომ გასულ წლებთან შედარებით ნიკოლომ მოუმატა გოლების რაოდენობასაც. ამ სეზონში მას 3 გოლი აქვს გატანილი. დასამახსეოვრებელი იყო გოლი მშობლიური კალიარის კარში, როცა ბარელამ კუთხურიდან ჩაწოდებული ბურთი ჰაერშივე, ულამაზესი დარტყმით გადაგზავნა სარდინიელთა კარში და ნავსი გატეხა, 0:1-დან ის თამაში „ინტერმა“ 3:1 მოიგო. ის ხშირად აღარ ურტყამს კარში, მაგრამ გააუმჯობესა დარტყმის ტექნიკა. ბევრად გააუმჯობესა ბურთის ფლობის ტექნიკაც. საინტერესოა კიდევ ერთი ფაქტის აღნიშვნა, გასულ სეზონში, სადაც მან ჩაატარა 27 მატჩი, მიღებული ჰქონდა 11 ყვთელი ბარათი, ამ სეზონში მას უკვე აქვს 27 შეხვედრაში მონაწილეობა მიღებული და სულ რაღაც 4 ყვითელი ბარათი მიიღო. ერთადერთი, რაც შეგვიძლია ბარელას დავუწუნოთ, მეორე სართულზე ბრძოლაშია სუსტი, მაგრამ რას ვიზამთ, გაბარიტები არ უწყობს ხელს.
დღევანდელი ბარელა უკვე ამოსული ვარსკვლავია. 24 წლის ასაკში მას უკვე ადარებენ ლეგენდარულ ლუიჯი რივას, რომელმაც „კალიარის“ ერთადერთხელ გაჩემპიონებაში ყველაზე დიდი წვლილი შეიტანა. აქ მხოლოდ მოთამაშეების ფუნქციონალური შედარება არაა მთავარი, მსგავსია მათი ბიოგრაფიებიც. რივა, რომელიც ლომბარდიაში დაიბადა, სარდინიაზე გახდა დიდი ფეხბურთელი. ბარელა სარდინიაზე დაიბადა და ახლა წარმატების მიღწევას ლომბარდიის დედაქალაქში ეცდება.
This post has been edited by Amadeo on 1 Apr 2021, 12:29