შუმ: "ენგურ" / ქართ: "ენგური" - მტკნარი წყალი - აჰა კიდე ერთი
* * *
წინამდებარე სტატია ეძღვნება შუმერული და სვანური ენების ურთიერთმიმართების საკითხს. მეცნიერების და მკვლევარების ნაშრომების საფუძველზე გადმოცემულია იმ შესაძლო მჭიდრო ნათესაობის საკითხი ამ ორ ენათა შორის, რომელსაც ჯერ კიდევ გასული საუკუნის დასაწყისში (1904 წ) მიაქციეს ყურადღება და მას შემდეგ არ დაუკარგავს აქტუალობა.
სვანური უმწერლობო ენაა, იგი სვანთა სატომო საშინაო მეტყველებაა. ქართველ ტომთა საერთო სალაპარაკო სამწერლობო და სახელმწიფო ენა ყოველთვის იყო, არის და იქნება ქართული. სვანური ფუძეენისგან გამონაყოფი ქართველური ენაა. მიუხედავად ამისა მასში კარგად არის შემონახული ქართულ-ზანურთან საერთო ძირები და გრამატიკული სტრუქტურა. მეტად მნიშვნელოვანია მასში დაცული არქაიზმები. სვანურის ყოველმხრივი კვლევისადმი ესოდენ უაღრესი ინტერესი გამოწვეულია მისი განსაკუთრებული ღირებულებით ქართველურ ენათა ისტორიული შედარებითი შესწავლისა და ფუძეენის აგებულების რეკონსტრუქციისთვის. სვანურში დაცული არქაიზმები და მოგვიანებით მიღებული ინოვაციები, რთული ფონეტიკური პროცესები, სტრუქტურული სხვაობანი, დიალექტური თავისებურებანი, სხვა ენათა სუბსტრაცის არსებობა და დიალექტთა ნარეობა ხელშესახებ მასალას იძლევა კერძო და ზოგადენათმეცნიერული პრობლემების წამოსაყენებლად და გადასაჭრელად. ამ მხრივ ბევრი რამ გაკეთდა, მაგრამ ჯერ კიდევ ბევრი საკითხია შესასწავლი და გასაშუქებელი.
ლიტერატურული კულტურა მსოფლიო ისტორიაში სათავეს იღებს შუმერში. იქ ლურსმულ დამწერლობას იგივე დანიშნულება ჰქონდა რაც თანამედროვე დამწერლობებს დღევანდელ მსოფლიოში. ლურსმული დამწერლობით შექმნილი ტექსტების ნიმუშები შემონახულია ძვ. წ. 3100 წლით დათარიღებულ დოკუმენტებში, ხოლო ფირფიტებზე დაწერილი პოეტური ტექსტები ორ ათასწლეულს მოიცავს და განეკუთვნება ძვ. წ. 2500 წლიდან ძვ. წ. 500 წლამდე პერიოდს.
შუმერული და აქადური ტექსტები ითარგმნება ლურსმული ტექსტის ტრანსლიტერაციიდან. ლათინური შრიფტით ლურსმული ნიშნების გადმოტანა სიტყვებისა და ნარცვლების დეფისით გაშორებულ წყებას წარმოადგენს, რაც ქმნის სიტყვას ან გრამატიკულ კომპლექსს. ჰომოფონური ნიშნები გამოირჩევა მახვილით ან რიცხვითი ნუმერაციით, ხოლო დეტერმინატივები იწერება სიტყვის დასაწყისში ზემოთ პატარა შრიფტით. ასევე შესაბამისი სიმბოლოებით აღდგენილია პრონონსი (შ=š, ხ=ĥ, ნგ=ğ და ა.შ).
არაერთი მეცნიერული ჰიპოთეზა არსებობს იმის შესახებ, თუ რომელი თანამედროვე ხალხი შეიძლება ჩაითვალოს შუმერების მონათესავედ. ამის დადგენა კი უაღრესად მნიშვნელოვანი პრობლემაა. იყო მცდელობები შუმერებთან ქართველთა მონათესაობის დამტკიცების შესახებ, თუმცა მიუხედავად ბევრი მეცნიერული შრომისა და გამოკვლევებისა, დღემდე ეს პრობლემა ვერ მოგვარდა.
აღსანიშნავია ერთი გარემოება, რომელიც ყველაზე მეტად შეუწყობდა ხელს ზემოთხსენებული საკითხის გადაწყვეტას. შუმერული ლექსიკური ერთეულების ანლოგიებს ძირითადად ქართულ სალიტერატურო ენაში ეძებდნენ, ეს კი ნაკლებად წარმოაჩენდა ენათა შორის მსგავსებებს. ამის მიზეზი იყო სალიტერატურო ქართულის დროდადრო ცვალებადობა, რამაც საბოლოოდ გამოიწვია ძველ ქართულ სამეტყველო ენასთან მისი დაშორება. თანამედროვე ქართულში უხვადაა დალექილი უცხოური ნასესხები ტერმინები, რომლებმაც დროთა განმავლობაში შეცვალეს სიტყვები. ზოგიერთი უცხოური სიტყვა ქართულმა ისე შეისისხლხორცა, რომ მათი უცხოურობა ბევრისთვის შეუმჩნეველი რჩება. იმისთვის, რომ საერთო ქართული ფუძეენის რაობა წარმოვაჩინოთ, საჭიროა სვანური და ზანური ლექსიკური ერთეულების დეტალური შესწავლა.
როგორც ცნობილია, სვანური ენის გამოყოფას საერთო ქართული ფუძეენიდან ათარიღებენ დაახლოებით ძვ. წ. აღ. I ათასწლეულის დასაწყისით. ეს მიგვანიშნებს იმაზე, რომ სვანურში უფრო შეურყვნელად უნდა იყოს შემონახული საერთო ქართულის ფუძეენის ლექსიკური ერთეულები, ვიდრე ქართულ სალიტერატურო ენაში, რომელსაც საუკუნეების განმავლობაში განვითარების ფართო პერსპექტივები გააჩნდა.
თუ სვანური ლექსიკური ფონდის მდიდარ მასალას გადავხედავთ და ღრმად ჩავუკვირდებით თითოეული სიტყვის შინაარსს, დავრწმუნდებით, რომ მასში ჩანს არა მარტო ძველი ქართული ენის ძირები, არამედ მცირე აზიის ქართველთა მონათესავე ხალხების ენობრივი ელემენტები და თვით ამ ხალხების გარკვეული ნაწილის სატომო სახელები, რომლებიც დროის ხანგრძლივ მანძილზე ჩვეულებრივ სიტყვებად იქცნენ. ამ შესაბამისობების დასადგენად სვანური ენის ღრმა ცოდნასთან ერთად საჭიროა სვანური ყოფის, ზნე-ჩვეულებებისა და მთელი მისი სულიერი სამყაროს საფუძვლიანი ცოდნა. ქართველური ენებიდან შუმერული ენობრივი ელემენტი ძირითადად რომ სვანურში დადასტურდეს ეს არცაა გასაკვირი, რადგან სვანური იბერიულ-კავკასიურ ენებში ერთ-ერთი უძველესია, ხოლო იბერიულ-კავკასიური ენები ნარჩენია ენათა დიდი ოჯახისა, რომელიც მცირე აზიასა და ხმელთაშუა ზღვის აუზს მოიცავდა. იბერიულ-კავკასიური მოდგმის ხალხთა გენეტიკური კავშირის საკითხი ძველი ცივილიზაციის შემქმნელებთან სამეცნიერო ლიტერატურაში დადებითად წყდება, როგორც კულტურულ-ისტორიული, ისე ლინგვისტური თვალსაზრისით.
საჭიროა ქართველური ენების ლექსიკიდან შეირჩეს ისეთი მასალა, რომელიც ასახავს ამ ენების განვითარების რაც შეიძლება ადრეულ ეტაპს. მკვლევართა აზრით, ამ მხრივ ძალზე საინტერესოა სვანური ენის მასალა, რომელმაც, როგორც ცნობილია, უფრო მეტად შეინარჩუნა არქაული ფორმები, ვიდრე ზანურმა ან ქართულმა.[1]
მეტი სიცხადისთვის განვიხილოთ რამდენიმე შუმერულ-ქართული (სვანური) სიტყვა, რომლებიც თავისი სტრუქტურული აგებულებითა და შინაარსით ახლოს დგანან ერთმანეთთან.
დავიწყოთ სიტვყით “შუმერ” – სვან. შუმ [მყუდრო, მოსვენება]. სვანურში -ერ სუფიქსი აწარმოებს მრავლობითს და წარმომავლობას. ამგვარად, შუმერ – მყუდრო ადგილი.
შუმ. მარ//მარუმ – აველუმის შვილი (სიტყვასიტყვით “ვაჟიშვილი”).
სვან. მარე – კაცი
შდრ. ქართ. ქ-მარ-ი
შდრ. ქართ. სა-მარე
შუმ. გურუშ – გლეხის, სოც. ფენის აღმნიშვნელი ტერმინია
სვან. გურუშ (ლუ-გურუშე) – მოსვრილი, დასვრილი
შუმ. ლუგალ – მმართველი, მეფე
სვან. ლუგავ – ღონიერი
სვან. ლუქალ – ქებული, დიდებული
შუმ. უთუ – მზის ღვთაება
სვან. ათუ – ცხელი
შუმ. გუზა – ტახტი
სვან. ლი-გუ – მოხვეჭა, მისაკუთრება, დაუფლება
შუმ. თი – ცხოვრება
სვან. ლი-თი – მკა
სვან. ლი-თუე – დაბადება, შობა
სვან. თე – თვალი
შუმ. ქალ-ან ქალ-ლა – ფასდაუდებელი
სვან. ლ-ქალ – ფასდაუდებელი
შუმ. შუბ//სუბ – წოლა,დაცემა
სვან. სუბ – ცეკვა
შუმ. იერე//ერე – მონა
სვან. იერე//ერე – ვიღაცა (დამამცირებელი ფორმით)
შუმ. დი – დიდი
სვან. დი – დედა
შდრ. ქართ. – დი-დედა ანუ ბებია
შუმ. ე-სიგ-გა – აგურის სახლი
სვან. მეზიგა – მოსახლე
შუმერული და სვანური სიტყვების ურთიერთმიმართება ჰ. ფენრიხის მიხედვით:
შუმ. us – ავსება
სვან. გვ-ეშ
შუმ. unu – ბინა, სადგომი
სვან. ვან
შუმ. dudu – თავის ქალა
სვან. დუდდულ
შუმ. tab – დასაწყისი
სვან. შდა
პირველი ქართველი ასირიოლოგი მიხაკო წერეთელი შუმერული ლექსიკის გაშიფვრისას აღადგენს ყველა ბგერას, რომელიც ფიქსირდება ქართველურ ენებში. წერეთლისეული მიდგომა შუმერული ტექსტებისადმი უცხოელ შუმეროლოგთათვის გადაულახავ სირთულედ რჩება. მიხაკო წერეთელი გახლავთ პირველი, რომელმაც წარმოგვიდგინა შუმერული და ქართველური ენების შედარებითი ანალიზი. იგი კვლავ რჩება ერთადერთ მკვლევრად, რომელიც ფლობდა ყველა ქართველურ ენას და ყველა ძველაღმოსავლურ ლურსმულ დამწერლობას. მიხაკო წერეთელი შუმერულ ლურსმულ ტექსტებში ბგერებს აღადგენს შემდეგნაირად: შ= š; თ=θ; ც= θ˙; ხ=q˙; ფ=p; ღ= ğ; ყ=K˙; ჭ=t˙; ჩ= θ˙; ძ=d˙; ც, წ= t˙. იგი შუმერული ტექსტების ტრანსლიტრაციაში ისეთ ბგერებს აღადგენს, როგორებიცაა: წ, ყ, ჭ და ხ ქართველურ ენებში. შესაბამისად წერეთელი გვთავაზობს ბგერათა შესატყვისობის მისეულ კანონს შუმერულსა და ქართველურ ენებს შორის[2].
საგანგებოდ ხაზგასასმელია ის გარემოება, რომ ასირიოლოგიის ამ ურთულეს დარგში ჯერ კიდევ ჩვენი საუკუნის 10-იან წლებში შექმნილი შესანიშნავი ნაშრომების წყალობით მიხაკო წერეთელი გახდა პირველი არა მარტო ქრონოლოგიური თვალსაზრისით, არამედ იგი ამ ნაშრომების ხასიათითა და აქტუალობითაც ინარჩუნებს პირველ ადგილს დღემდე.
როგორც ცნობილია, 1910 წელს მ. წერეთელი სამეცნიერო მოღვაწეობისთვის იწყებს მზადებას. იგი ირჩევს ისეთ სფეროს, რომელში მუშაობითაც, როგორც თვითონ აღნიშნავდა, უფრო მეტი სამსახურის გაწევას შეძლებდა თავისი ქვეყნისთვის. მხურვალე პატრიოტული გრძნობა გადაადგმევინებს მას იმ ნაბიჯს, რომელმაც მიხაკო წერეთელი მიიყვანა ასირიოლოგიის კარიბჭემდე. იგი დიდი ენთუზიაზმით და ოდნავი შიშითაც კი ცდილობს შეეჭიდოს ლურსმული დამწერლობის მქონე ძველი აღმოსავლეთის ხალხების ენებისა და ისტორიის შესწავლას, რათა ამით უკეთ გამოიკვლიოს ქართველი ხალხის უძველესი ისტორიული ფესვები და ყველასთვის ნათელი გახადოს „თუ რა ღრმა და ხანგრძლივი წარსული ჰქონია ჩვენს ერს“.[3]
ნათლად უნდა წარმოჩენილიყო ორი შესადარებელი ენის ლექსიკური ერთეულების ფუძეთა როგორც ფორმალური – ფონეტიკური, ასევე შინაარსობრივი – სემანტიკური მსგავსება.
“გილგამეშიანის” ფირფიტა, რომელიც გადმოგვცემს წარღვნის სცენას
ყოველივე ზემოაღნიშნულის თაობაზე საგანგებოდ აღნიშნავდა წერეთელი: „შედარების დროს ძირითადი ფაქტი უნდა იყოს გამორკვეული, სიტყვების მისია, ეთანხმება თუ არა ერთმანეთს ორ ენაში? გარეგნულ ფორმებსაც, რომ მიიღებს მკვლევარი მხედველობაში ძირებისას, მაშინ იდეის იგივეობასთან ერთად ეს ორი საბუთი აძლევს მას საფუძველს ერთსა და იგივედ აღიაროს ორი ძირი და ამაზე დაამყაროს შემდეგ ფონეტიკურ ცვალებადობათა კანონი“.[4]
ჰიპოთეზა, შუმერულის ქართველურ ენათა ოჯახისათვის მიკუთვნების შესახებ, საჭიროებს დაწვრილებით კვლევას. მიხაკო წერეთელს მიაჩნდა, რომ შეიძლებოდა დასმულიყო საკითხი შუმერულსა და ქართველურ ენებს შორის შესაძლო გენეტიკური კავშირების არსებობის შესახებ. მკვლევარი გრძნობდა, რომ ამ პრობლემის საბოლოოდ გადაჭრისთვის კიდევ დიდი მუშაობის ჩატარება იყო საჭირო, მაგრამ ის, რაც უკვე გაკეთებული იყო მის მიერ, აძლევდა საშუალებას ევარაუდა ამ ენათა შესაძლო ნათესაური სიახლოვე. მკვლევარი აღნიშნავდა: „აბსურდი იქნებოდა იმის თქმა, რომ სუმერნი ქართველთა წინაპრები იყვნენ. სუმერულისა და ქართულის ნათესაობა, და აგრეთვე საქართველოში ახლად აღმოჩენილი საგნები მეორე ათასწ. ქრ. წ. და სხვა მოსაზრებანიც, გვეუბნება მხოლოდ, რომ ყოფილა ერთი უძველესი ჯგუფი ხალხთა კავკასიაში და მის სამხრეთით მდებარე ადგილებში მოსახლე, რომელთა ენები ურთიერთის მონათესავე იყო. ერთი ამ ხალხთაგანი, სუმერის ხალხი, სამხრეთიდან წამოსულა, სამხრეთ მესოპოტამიაში დასახლებულა და იქ შეუქმნია დიდებული კულტურა. სხვა ძველ ხალხთა ბედი ამ ჯგუფისა ჯერ არ ვიცით. ხოლო ქართველები ამავე ჯგუფის ხალხი, ჟამთა ვითარებაში მეზობელთა ყოველნაირი გავლენის განმცდელნი, დღესაც ვარსებობთ, მქონენი „ეროვნული“ ისტორიისა და შემქმნელნი „ეროვნული“ კულტურისა და ჩვენი ძირების ნახვა, ჩვენ „წინაპართა აღმოჩენა“ შესაძლებელია და მოსალოდნელი სუმერთა წარმოშობის საკიტხის საბოლოოდ გამორკვევასთან და გადაწყვეტასთან დაკავშირებითაც“.[5]
ეს გარკვეული ჰიპოთეზაა, მაგრამ ის, რაც მიხაკო წერეთელმა გააკეთა, იმ დროისთვის სრულიად საკმარისი იყო ამგვარი ჰიპოთეზის წამოსაყენებლად. დღეს თუ ამ ჰიპოთეზას არსებობის უფლება აქვს, ეს მიხაკო წერეთლის დიდი დამსახურებაა. პრობლემას დასაბუთება, ან უარყოფა სჭირდება. დასმულ კითხვას დადებითი პასუხი გაეცემა თუ უარყოფითი, მეცნიერებისთვის ორივეს ერთნაირად ღირებული მნიშვნელობა ექნება. მკვლევარმა დასვა კითხვა და მასზე დასაბუთებული პასუხის გაცემა შთამომავლობას უანდერძა.
შუმერულისა და ქართველური ენების ლექსიკური ერთეულების შეპირისპირება-შედარების დროს სიტყვათა ძირების ფონეტიკური და სემანტიკური იდენტურობის დადგენის შემდეგ, როგორც წერეთელი აღნიშნავდა, საჭირო იყო ფონეტიკურ ცვალებადობათა კანონის კვლევაც. იგი იძლევა შედარებული ლექსემების ბაზაზე გამოვლენილი შუმერულისა და ქართველური ენების ბგერათა შესატყვისობების ამსახველ სურათს. მაგალითად, შუმერულ b-ს შეესატყვისება ქართული ბ, ვ, ფ;
b – ბ, ვ, ფ
d – დ, თ, ტ, ძ
h – ხ
k – ქ
m – ნ
p – ფ
s – ჩ
t – თ, ტ
z – ზ
მიხაკო წერეთელი მიუთითებს ასევე მსგავს ფონეტიკურ მოვლენებზეც როგორც ქართველურ, ასევე შუმერულ ენებში, როგორებიცაა დენტალების შესატყვისობა სიბილანტებთან: შუმ. d>z> t>s; ქართ. დ>შ>ს; ასევე ველარები ორივე ენაში გვაძლევენ პალატალ-ნაზალებს: შუმ. g>ng, digir>dingir; ქართ. გ>ნგ>აგრე;
მიხაკო წერეთლის ნაშრომებში წარმოდგენილია 260 შუმერული ლექსემა, რომელიც შეუპირისპირა ქართველური ენების ამდენივე ლექსიკურ ერთეულს. ამ შეპირისპირებიდან უმეტესობა ეჭვს არ იწვევს და სავსებით მისაღებია დღესაც. გთავაზობთ ამ ლექსემების ნაწილს, რომლებიც შუმერული და სვანური ენების ურთიერთმიმართების საკითხის გამორკვევისას მოგვცა მიხაკო წერეთელმა.
შუმ. akkill – კივილი, შეკივლება
ქართ. კივილი
სვან. ლიკილი
შუმ. dàg – სუფთა, ნათელი
ქართ. დღ-ე
სვან. ლა-დეღ
შუმ. dug4 – ლაპარაკი, ფიქრი
ქართ. თ-ქ; თქ-მა; სი-ტყ-ვ-ა; ვ-ი-ტყ-ვ-ი
სვან. ლი-ჯკვ-რი=ფიქრი
შუმ. eme – ენა (ორგანოს მნიშვნელობითაც)
ქართ. ე-ნ-ა
ნი-ნ
შუმ. gar (ga-ar) – დასმა, დარტყმა, დაგდება
ქართ. ყარ, მ-ყარ-ი, და-მ-ყარ-ებ-ა
სვან. ლი-მ-ყრ-ე=დარტყმა, დასმა
შუმ. gid – დაჭერა, შეკვრა
ქართ. კიდ, ჭიდ, მო-კიდ-ებ-ა, მო-ჭიდ-ებ-ა, და-კიდ-ებ-ა, ჭიდ-აობა
სვან. ჯოდ-ი=გრძელი
შუმ. gin (gi-in) – მიწა, ადგილზე ცხოვრება
ქართ. ქვე-ყან-ა=შუმ. ki (მიწა) + gana (gan=ყანა)
სვან. გიმ=მიწა
შუმ. gir4 (gi-ir) – კერა, ღუმელი
ქართ. კერ-ა
სვან. კარ-ა
შუმ. gis – მამაკაცი, შექმნა, მამალი
ქართ. კაც-ი
სვან. ჭაშ=მამაკაცი, ქმარი
შუმ. gur – მოტრიალება, დავარდნა
ქართ. გორ, გორ-ვა, გა-გორ-ება
სვან. გურ
შუმ. ĥar – ხარი
ქართ. ხარ-ი
სვან. ხან-ი
შუმ. ĥul – ბოროტება, დაღუპვა, მოსპობა
ქართ. კლ-ვა
სვან. ხოლ-ა=ბოროტი, ცუდი
შუმ. ĥul (ĥu-ul) – სიხარული, ხალისი, მხიარულება
ქართ. ხალ-ისი, ლ-ხინ-ი
სვან. ხინ-ი=სიხარული
შუმ. idim – მძიმე
ქართ. მ-ძიმ-ე
სვან. გვამ-ი
შუმ. inim – სიტყვა
ქართ. ენა
სვან. ნინ
შუმ. iti, ití, itú – თვე
ქართ. თ-ვე, თ-თ-ვე, მ-თვა-რ-ე
სვან. დო-შდ-უ=თვე
ძირი tu არის შუმერულში სინათლის მნიშვნელობით
შუმ. kár-kár – ამოკაშკაშება
ქართ. კრ-ი-ალ-ი, სა-რკ-ე
სვან. ლი-ყრ-ე, ნა-ყრ-ი=ბრწყინვალება
შუმ. ki, kin (ki-i) – მიწა, სადგომი, სამოსახლო
ქართ. ქვე=დაბლა, მიწაზე; ქვე-ყანა
სვან. გიმ=მიწა; ლი-გემ=ადგილი
შუმ. kir – ღორი, გარეული ღორი
ქართ. ღორ-ი, კერ-ატ-ი=გარეული ღორი
სვან. ჯემ=ღორი
შუმ. kun – კუდი
ქართ. კუდ-ი
სვან. ჰა-კვედ=კუდი
შუმ. pes – ამოსუნთქვა
ქართ. ფშ-ვ-ინ-ვ-ა
სვან. ლი-ფშ-ულ-ი=სუნთქვა
შუმ. sal – ქალი
ქართ. ცოლ-ი
სვან. ლი-ცვილ-ე=ცოლობა
შუმ. utu – მზე, მზის ღმერთი
ქართ. თ, მ-თ-ვ-არ-ე, თ-თ-ვ-ე (გაორმაგებული ფუძე), თ-ვ-ალ-ი, ნა-თ-ელ-ი, თ-ენ-ებ-ა
სვან. თ-ე=თვალი
ფუძის tu თავდაპირველი მნიშვნელობა არის „სინათლე“. ამიტომ itu -მთვარე, და utu – მზე შეიცავენ ერთსა და იმავე ფუძეს
შუმ. zag – გვერდი, კიდე, ზღვარი
ქართ. ზღვა, ზღუდე, სა-ზღ-ვარ-ი
სვან. ზუღ-ვა
რით შეიძლება იყოს გამოწვეული ქართველურ ენებში ძველიშუამდინარული ენების ლექსიკური ერთეულების არსებობა თ. გამყრელიძე და ვ. ივანოვი ასეთ პასუხს იძლევიან: ერთ შემთხვევაში ფონეტიკურად და შინაარსობრივად მსგავსი სიტყვების წარმოშობა რამდენიმე სხვადასხვა ენაში შეიძლება შემთხვევევით ხასიათს ატერებდეს. თუ ეს შემთხვევითი ხასიათისაა, მაშინ ასეთი ნიშნების (სიტყვების) და მათი მატარებელი ენების რაოდენობა იზრდება.
რაც უფრო მეტია მსგავსი სიტყვები ორ სხვადასხვა ენაში იგი მით უფრო კარგავს შემთხვევითობის ხასიათს. მაგრამ ორ ან რამდენიმე ენაში ნიშანთა ფორმალური სემანტიკური მსგავსების ყველა სახე არ შეიძლება სესხების შედეგით იყოს გაჩენილი. ერთ შემთხვევაში იგი შეიძლება მომდინარეობდეს ადამიანთა მოღვაწეობის საწყისი ფორმიდან, რომელიც საერთოა რომელიმე ენობრივი სისტემისთვის. [6]
რ. გორდეზიანი, რომელიც ეხება შუმერულ-ქართველური ლექსიკური შეხვედრების საკითხს, დაასკვნის, რომ “ეს შეხვედრები უნდა აიხსნას იმ სავარაუდო სამხრეთ-აღმოსავლეთ-ანატოლიური ენების გავლენით, რომელთაც ნეოლითის განმავლობაში წამყვანი ადგილი უნდა სჭეროდათ მცირე აზიაში. სწორედ ენების მატარებელ ტომთა, ალბათ უკვე საკმაოდ დიფერენცირებულთა გადასახლებებს მოჰყვა შედეგად შუმერული, ქართველური და მრავალი სხვა ენისა თუ ენათა ჯგუფის ფორმირება, რომელტაც მეტად თუ ნაკლებად გამოვლენილი ე.წ. მედიტერანული ნიშნები ახასიათებთ. [7]
მიუხედავად დიდი მცდელობისა ჯერჯერობით ვერ ხერხდება შუმერულსა და სვანურ ენას შორის მყარი გენეტიკური კავშირების გამოვლენა. როგორც ცნობილია, და ამას ბევრი მეცნიერი იზიარებს, ენათა ნათესაობის დამადასტურებელი ძირითადი კრიტერიუმები არის მათ შორის კანონზომიერი და ლექსიკური დაკავშირებები მხოლოდ ჰიპოთეზად აქცევენ ენათა შესაძლო მიმართებებს. რამდენადაც შუმერულ-ქართველური ლექსიკური შეხვედრების კვლევა დასრულებულად არ შეიძლება ჩაითვალოს, ამდენად რაიმე დასკვნის გამოტანა ნაადრევია.
[1] ჯ. შარაშენიძე, კ. თოფურია, შუმერები და მათი კულტურა. ჟურნ. “ცისკარი”, 1973, #2, გვ. 125
[2] Samsonia N. Sumerian an Georgian Lexical Parallels, Bulletion of the AGIBAS, American-Georgian Institute of Biblical and Archeological Studies #2-3, Cornell University 2004-5, p. 44-49
[3] მიხაკო წერეთლის წერილები ივანე ჯავახიშვილისადმი წიგნში – მ. წერეთელი „ერი და კაცობრიობა“, გვ. 303
[4] მიხაკო წერეთლის წერილები ივანე ჯავახიშვილისადმი წიგნში – მ. წერეთელი „ერი და კაცობრიობ“, გვ. 304
[5] მ. წერეთელი მცირე შენიშვნა ქართველტა წინაპარტა საკითხისათვის, „ბედი ქართლისა“, პარიზი, 1959, #10, გვ. 301
[6] თ. გამყრელიძე, ვ. ივანოვ, ინდოევროპული ენა და ინდოევროპელები. ტ. I, თბ. 1984
[7] რ. გორდეზიანი, წინაბერძნული და ქართველური, თბ. 1985. გვ.51
https://kaxasvani.wordpress.com/2015/04/21/...83%94%E1%83%91/