რამდენიმე წლის წინ საქართველოში იეღოველები გამოჩნდნენ. ალბათ ყველა თქვენგანს ქუჩაში ერთხელ მაინც შეგხვედრიათ ქალბატონი და უკითხავს "გინდა გესაუბრო ჭეშმარიტ ღმერთზე". თავდაპირველად ხალხი იცინოდა, მათზე უამრავ ჭორ-მართალს ავრცელებდნენ, მაგრამ როცა იეჰოვას მოწმეებმა "მრევლი" შემოიკრიბეს და კრებების გამართვა დაიწყეს, უამრავ სკანდალში გაეხვივნენ.
ერთი წლის წინ თბილისის ქუჩებში ჯგუფებად მოსიარულე ახალგაზრდა, ზურგჩანთიანი ბიჭები შევნიშნე. ჯერ იეღოველები მეგონენ, შემდეგ შესვენებაზე გამოსული ბანკის თანამშრომლები, მაგრამ ერთ დღესაც ხელში ფერადი ლიტერატურა რომ დავუნახე, ეჭვი გამიჩნდა. მალე ისიც გავიგე, რომ თბილისის ერთ-ერთ უბანში მორმონებს დაედოთ ბინა. ეს ახალგაზრდები კი ხალხის "მოქცევას" ცდილობდნენ.
მორმონების სექტა ამერიკაში მე-19 საუკუნის პირველ ნახევარში ჩამოყალიბდა. მის დამაარსებლად მკითხაობითა და ჯადოქრობით განთქმული ჯოზეფ სიტი ითვლება. ამ პიროვნებას მისი მიმდევრები "წინასწარმეტყველად" მოიხსენიებენ. ინტერნეტით ძიებისას მათ შესახებ ბევრ არცთუ დადებით ინფორმაციას წავაწყდი. სექტაში დაშვებულია მრავალცოლიანობა, თავად სმიტს ოცდაშვიდი ცოლი ჰყავდა. ასაკით უფროსი მამაკაცები პატარა გოგონებზე ქორწინდებიან. თუ ერთხელ გაწევრიანდი, ძნელია თავი დააღწიო მათ.
როდესაც მორმონებზე მასალის მომზადება გადავწყვიტე, არ მიფიქრია, რომ კრებას დავესწრებოდი ან მათ "სამლოცველოში" შევაღწევდი. იმედი მქონდა, ინფორმაციის მოპოვებას ქუჩაში მოსიარულე მისიონერებისგან შევძლებდი. ორდღიანი უშედეგო ძებნის შემდეგ გადავწყვიტე იმ ბინას ვწვეოდი, სადაც, მეზობლების ინფორმაციით, მორმონები კრებებს ატარებდნენ.
არ დაგიმალავთ და ორსართულიანი დიდი სახლის წინ რომ აღმოვჩნდი, ძალიან შემეშინდა. ორწუთიანი ფიქრის შემდეგ ზარი დავრეკე. კარი უხუცესმა პეტრემ გამიღო და შინ მიმიწვია. უხუცესი ასაკით არ გეგონოთ, ეს ოცი წლის პეტრეს წოდება აღმოჩნდა. დიდ ოთახში რამდენიმე ახალგაზრდა გოგონა და ვაჟი დამხვდა, მუხლებზე ყველას რაღაც წიგნი ედო. მათ პირდაპირ კი ტრიბუნასთან მთავარი უხუცესი იდგა. პეტრემ სანდომიანად გამიღიმა და მითხრა, თუ დამწყები ხართ, აქეთ მობრძანდით, თუ უკვე მეცადინეობთ ინგლისურში, გაძლიერებული გაკვეთილები მეორე სართულზე ტარდებაო და ხელით დიდი კიბისკენ მიმითითა.
მართალი გითხრათ, დავიბენი და მორიდებით გავამხილე, რომ ჟურნალისტი ვიყავი და მათ საქმიანობაზე მასალის მომზადებას ვაპირებდი. რამდენიმე წყვილი თვალი უსიამოვნოდ მომაჩერდა. ერთ გოგონასა და ვაჟზე მაშინვე მივხვდი, რომ ქართველები იყვნენ და მათთან საუბარს შევეცადე. თუმცა უშედეგოდ, დამტვრეული ინგლისურით მომიშორეს თავიდან.
პეტრე სამზარეულოში შემიძღვა და მითხრა, უფროსის თანხმობის გარეშე ჩემთან ლაპარაკს ვერ შეძლებდა. თან მკითხა, ინგლისური თუ მესმოდა. მე, რა თქმა უნდა, ვიუარე. ამის შემდეგ ვიღაცას დაურეკა და ესაუბრა. სინამდვილეში ინგლისური მესმის და მშვენივრად გავიგე, როგორ უბრძანეს "კეთილ" მასპინძელს ჩემი სახლიდან გაბრძანება.
"ჩვენი საუბარი არ შედგება, რადგან ჟურნალისტები ცუდად წერენ ჩვენზე" გამართული ქართულით ამიხსნა პეტრემ. სკამიდან არ ავდექი და მისი დარწმუნება დავიწყე, რომ მხოლოდ კითხვას დავუსვამდი, მაგრამ ამაოდ. სანამ საგონებელში ჩავარდნილი ახალგაზრდები ჩემს ზრდილობიანად გასტუმრებაზე ერთმანეთში ინგლისურად საუბრობდნენ, მაგიდაზე დალაგებული ლიტერატურისა და რაღაც ფურცლების დათვალიერება დავიწყე. სულ სამიოდე გვერდი იყო. თითოეულზე თბილისის რაიონის სახელი ეწერა და ქვევით სახელებისა და გვარების დიდი სია მოჰყვებოდა. მარტივად რომ აგიხსნათ, ეს იყო სია, თუ რომელ რაიონში რამდენი კაცი გააწევრიანეს. გლდანი ცარიელი იყო. ალბათ ჯერ არ შეუღწევიათ ან ფურცელი შესავსები დარჩათ.
ამდენი წვალების შემდეგ ამ სახლის დატოვებას ინფორმაციის მოპოვების გარეშე არ ვაპირებდი. ალბათ ამას თავადაც მიხვდნენ და რამდენიმე კითხვაზე მიპასუხეს. უხუცესმა პეტრემ სახლი, სადაც ჩვენ ვიმყოფებოდით, ეკლესიად მოიხსენია.
ამერიკიდან ორი წლით ჩამოვიდა როგორც მისიონერი და "მოღვაწეობის" დასრულების შემდეგ თავის შტატში დაბრუნებას და დაოჯახებას აპირებდა. როგორც ამიხსნეს, ინგლისურის უფასო სწავლება მხოლოდ ჰუმანიტარული აქციაა, საკუთარ თავს ქრისტიანებად მიიჩნევენ, მაგრამ ვერაფრით ვერ ამიხსნეს, რატომ არ ანთებენ სანთელს ან ქრისტიანულ ეკლესიაში რატომ არ დადიან. სასტიკად უარყვეს ხალხის გადმობირების მცდელობა, შევეკამათე, კი მაგრამ, მორმონები ხომ სექტაა-მეთქი.
უხუცესს მშვიდი, მისიონერული სახე მოერღვა და მკაცრად ამიხსნა, რომ ეს მათთვის შერქმეული მეტსახელი იყო, სინამდვილეში კი "უკანასკნელი დღეების წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესია"-დ მოგვიხსენიეთო. ჩვენი საუბრის პარალელურად გვერდით ოთახში ქართველი წყვილი ინგლისურს "ნიჭიერად" ხვეწდა.
სიტუაცია თანდათან დაიძაბა, მორმონები ერთმანეთში ინგლისურად ლაპარაკობდნენ და აფრთხილებნენ, ზედმეტი არაფერი წამოსცდენოდათ ჩემთან. ბოლოს ავდექი და სახლის დატოვება გადავწყვიტე. გზად იმ ოთახში უნდა გამევლო, სადაც ინგლისურის გაკვეთილი ტარდებოდა. ვერ მოვითმინე და ქართველ ბიჭს ისევ გავესაუბრე.
- რატომ არ მელაპარაკები, ვიცი, რომ ქართველი ხარ.
- ჰო, ვარ, მერე რა?
- არაფერი. უბრალოდ, მაინტერესებს, აქ რას აკეთებ?
- ინგლისურს ვსწავლობ უფასოდ (იცინის).
- საიდან გაიგე, რომ აქ ინგლისურს უფასოდ ასწავლიდნენ?
- ქუჩაში შემხვდნენ და მომიწვიეს (არადა, პეტრემ ხალხი თავისით მოდისო).
- უკვე გაწევრიანდი?
- არა, რას ამბობ, არც გავწევრიანდები, ინგლისურს ვისწავლი და მორჩა.
"მალე გაწევრიანდება", - ჩემ გასაგონად ჩაილაპარაკა კართან მდგომმა პეტრემ და სიმართლე გითხრათ, თავი საშინელებათა ფილმში მეგონა. გასვლისას კართან გაკრული უამრავი ფოტო ვნახე. ამერიკელი მისიონერები ქართველებთან ხელიხელგადახვეული სხვადასხვა სიტუაციაში მიღიმოდნენ. ერთ-ერთი მეცნო. ხშირად მხვდებოდა ზურგჩანთით და ზრდილობიანად მესალმებოდა.
მორმონების სამლოცველო დავტოვე და გადავწყვიტე რამდენიმე მეზობელს გავსაუბრებოდი. აღმოჩნდა, რომ მათ პრეტენზიები არ აქვთ. მორმონები არ აწუხებენ და არც მათ გადაბირებას ცდილობენ. ისიც გავარკვიე, რომ ინგლისურის "სასწავლად" ახალგაზრდებთან ერთად 70 წლამდე ასაკის ქალბატონებიც დადიან. თან ყველა ერთსა და იმავეს ამბობს, ინგლისურს ვისწავლი და აქ აღარ მოვალო. თუმცა ვინ იცის...
http://www.ambebi.ge/sazogadoeba/24257-ra-...tas-shoris.html
მიმაგრებული სურათი