როგორც იტყვიან ყოველივე ახალი კარგად დავიწყებული ძველიაო
პალალელები თქვენ თვითონ გაავლეთ
http://www.nplg.gov.ge/dlibrary/collect/00...i-III-sruli.pdf2. დიდი ეკონომიური კრიზისი და მიწების ღირებულების უკიდურესი გაიაფების შედეგი.
ბედმა ბასილ უჯარმელს საქართველოს მწიგნობართუხუცესობა და ვაზირთა ყოველთა უპირველესობა მეტად მძიმე ხანასა და პირობებში არგუნა, ჩვენი ქვეყნის მაშინდელზე უფრო უწინარესი ხანის ეკონომიური მდგომარეობის ზოგადი დახასიათების დროს, უკვე აღნიშნული გვქონდა, რომ, მონღოლთა უაღრესად მკაცრი სისტემისა და დიდი მოხარკეობის გამო, მოსახლეობაცა და უძრავ -მოძრავი ქონებაც იმდენად იყო მრავალნაირი გადასახადებითა და ბეგარით დატვირთული, რომ არც მიწის დამმუშავებელისა არც მემამულისათვის უძრავი ქონების პატრონობა თითქმის უკვე ხელსაყრელი აღარ იყო: გადასახადებს ძლივს-ღა ისტუმრებდა იგი, ამის გამო მიწას ფასი დაეკარგა.
ბევრს ეჩვენებოდა, რომ უკეთესი იყო უძრავი ქონება როგორმე თავითგან მოეშორებინა, ოღონდ გადასახადების შეტანის ვაივაგლახისათვის დაეღწია თავი. მაგრამ მამაპაპეული უძრავი საკუთრების დაკარგვა საერთოდ მაშინდელი ქართველისათვის ადვილი არ იყო, ამიტომ, მდგომარეობის გამოსწორების იმედით, შემოსავლის დანაკლისის დროებით შესავსებად და გადასახადების დასაფარავად ჯერ ურტაღებთან მამულების დაგირავება დაიწყეს. ვალის გადახდის პაემანი რომ დგებოდა, აღებული ფულის დაბრუნებას იმავე ეკონომიური პირობების გამო ბევრი ვეღარ ახერხებდა და დაგირავებული უძრავი ქონება ან ეყიდებოდათ, ან და სხვა გზით ხელითგან ეცლებოდათ. ამან ბევრი მიწის მესაკუთრე და და მიწის დამმუშავებელი დასტოვა უმიწაწყლოდ და საშინელ გაჭირვებაში ჩააგდო. თანდათან ხალხს ცხოვრებისა და არსებობის მთავარი წყარო ესპობოდა, სახელმწიფოს კეთილდღეობასაც ამით, რა თქმა უნდა, ნიადაგი ეცლებოდა.
მწარე გამოცდილებამ ხალხი დაარწმუნა, რომ, მთლიანად უმიწაწყლოდ დარჩენას, მაინც ისევ უკიდურესი გაჭირვების ატანა სჯობდა, რათგან, თუ მიწა დაუმუშავებელი დარჩებოდა, ხალხს სიმშილობა გასწყვეტდა. უძრავი ქონების ამოძრავებამა და მოსახლეობისაგან მამაპაპეულის დიდი ნაწილის დაკარგვამ საქართველოს სახელმწიფო საჭურჭლე და სალაროც, შემოსავლის უაღრესად შემცირების გამო, დიდ განსაცდელში ჩააგდო. საქართველოში მყოფი ფულის უდიდესი ნაწილი მონღოლთა მონღოლთა საყაანოში მიდიოდა გადასახადებისათვის. ფულის მარაგის ძალზე შემცირებამ მისი ღირებულება ძალზე გაადიდა და ამ გარემოებამ მიწას ფასი უფრო მეტად დაუკარგა.
რა თქმა უნდა, არც მოსახლეობასა და არც ერთს გონიერსა და შორსგამჭვრეტელ მოღვაწეს არ შეეძლო ასეთი უკიდურესი განსაცდელისათვის გულხელდაკრეფილი ეცქირა და მდგომარეობის გამოსწორების შესაძლებლობის სხვადასხვა საშუალებაზე არ ეფიქრა და ემსჯელა. ამიტომ ხალხიცა და მთავრობაც მაშინდელ საქართველოში ცდილობდა, თავსდამტყდარი საშინელი გაჭირვების შესამსუბუქებლად რაიმე გამოეძებნა.
3. ეკონომიური კრიზისის შესანელებლად და გაღატაკებული მოსახლეობისათვის დასახმარებლად აღმ. საქართველოს მთავრობისაგან გამოყენებული ღონისძიება.
ასეთი საშუალების ძიების დროს უმამულოდ დარჩენილებისა და მთავრობის მესვეურის ყურადღება უნებლიეთ ეკლესიის შედარებით უკეთესს ეკონომიურ მდგომარეობას უნდა მიეპყრო, რათგან, მონღოლური წესის წყალობით, ყველა სარწმუნოებისა და საკულტო დაწესებულებებს, აღსარებისა და მსოფლმხედველობის განურჩევლად, შეუვალობა და ყოველგვარი შეღავათი ჰქონდათ მინიჭებული. ამასთანავე ეკლესია და მისი ყმები მონღოლთა ბატონობის ხანაში ყველაზე მძიმე მოვალეობის, ყალანის, მოხდისაგანაც იყვნენ განთავისუფლებულნი. ხოლო, თუ ამასთანავე გავიხსენებთ, რომ საქართველოს მთავრობისაგანაც საქართველოს ეკლესიის შეუვალობა და სხვა უპირატესობა ჰქონდა მიღებული, ცხადი გახდება, რომ ეკლესია მაშინ ყველაზე შეღავათიანს პირობებში იყო. რასაკვირველია, ქვეყანაზე თავდამტყდარს გაჭირვებასა და ფულის უაღრესს გაძვირებას შეუძლებელია საეკლესიო დაწესებულებებსა და მათ ქონებრივს მდგომარეობაზე არ მოეხდინა გავლენა, მაგრამ მათი ყოფაცხოვრების ვითარება მაინც დანარჩენ მოსახლეობას სანატრელად ეჩვენებოდა.
გაჭირვებული ხალხი შურით შეჰყურებდა ეკლესიის ამ შედარებითს კეთილდღეობას და ბუნებრივად ებადებოდა აზრი მდგომარეობის ასეთი უთანასწორობის შესახებ მით უმეტეს,
რომ ეკლესიის ასეთი კეთილდღეობის საფუძველს ნაწილობრივ მათივე წინაპრებისაგან შეწირული უძრავი ქონება შეადგენდა, რომელიც მაშინ შემწირველთათვის ზედმეტი იყო, ეხლა-კი მათ გაღატაკებულ შთამომავალთ არსებობის მთავარი სახსარი მოსპობილი ჰქონდათ და თითქმის ლუკმა პურიც-კი სანატრელი გაჰხდომოდათ.
ბუნებრივია, რომ გაჭირვებაში ჩავარდნილს მოსახლეობას უპირველესად მთავრობისა და მეფისათვის მიემართა დახმარება-შველისათვის და ის სწორედ ასეც მოიქცა: გაღატაკებულნი და უმამულოდ დარჩენილნი სთხოვდნენ მეფეს, მათთვის მიწა ეწყალობებინა. ცხადია, რომ ასეთ რთულ სახელმწიფო და ეკონომიური ამოცანისათვის შესაფერისი ღონისძიების გამონახვა თითონ დავით-ულუს არ შეეძლო და მისი გადაწყვეტისათვის ზრუნვა, რასაკვირველია, მწიგნორბართუხუცესს უნდა მოჰხდომოდა.
ბასილ უჯარმელ-ჭყონდიდელმაც გადასწყვიტა, რომ გაჭირვებულთათვის მიწების დასარიგებლად საქართველოს მთავრობას შეეძლო უპირველესად ის უძრავი ქონება გამოეყენებინა, რომელიც ეკლესიას საუკუნეთა განმავლობაში წინანდელ მეფეთაგან მრავლად ჰქონდა შეწირულების სახით მიღებული. ქართული სამართლის ძალით-კი შეწირული ქონების მფლობელს უნდა უეჭველად ეზრუნა, რომ შეწირულება შთამომავლობის ყოველ ახალ თაობისაგანაც ყოფილიყო დამტკიცებული, რათგან წინააღმდეგ შემთხვევაში შეწირულება გაცუდებულად ითვლებოდა და მემკვიდრეებს უფლება ჰქონდათ შენაწირევი უკან დაებრუნებინათ. ბასილ უჯარმელ-ჭყონდიდელს სწორედ სამართლის ამ დებულებით უსარგებლია და დავით მეფისათვის ურჩევია გაღარიბებულ მთხოვნელებისათვის სწორედ ასეთი მიწები დაერიგებინა. იმ დროისათვის ეს მეტად გაბედული და საშიშრად მისაჩნევი გეგმა და საშუალება იყო, რათგან, ეკლესიისათვის შეწირულების უკან წაღება, მორწმუნე ხალხის აზრით, დიდი ცოდვა იყო, მაგრამ დავით გიორგი ლაშას ძეს მწიგნობართუხუცესისა და ვაზირთა უპირველესის ეს რჩევა მოსწონებია და მის განზორციელებას შესდგომია კიდვაც.
4. ეკლესიის უკმაყოფილება და მედგარი ბრძოლა მთავრობის ღონისძიების წინააღმდეგ
რასაკვირველია, პირველსავე ასეთ შემთხვევას, - შეწირული მიწების ზემოაღნიშნული მიზნით ეკლესიისათვის მთავრობისაგან ჩამორთმევასა და გაღარიბებულთათვის წყალობას, ამით დაზარალებულ უწყების უაღრესი აღშფოთება უნდა გამოეწვია. ეკლესიის სათანადო დაწესებულების წარმომადგენლები ცდილობდნენ ჯერ საქმე დარბაზის კარზე გაერიგებინათ. რომ გაცემული ბრძანება გაუქმებული ყოფილიყო. მაგრამ მათი ცდა ამაო გამოდგა.
როდესაც ეკლესიის მესვეურნი დარწმუნდნენ, რომ ზემოაღნიშნული გზით არაფრის გაკეთება არ შეიძლებოდა, მაშინ მათ უკვე თავიანთ საკუთარ იარაღს, საეკლესიო სასჯელს, მიჰმართეს. ამ სასჯელთა შორის ყველაზე ძლიერი შეჩვენება იყო. ვისაც ეს სასჯელი თავს დაატყდებოდა, მას ზიარების, ქორწინების და გვირგვინთა კურთხევის უფლება არ ჰქონდა, ხოლო, თუ გადაიცვლებოდა, ქრისტიანული წესით არც ანდერძის აგება და არც მისი დასაფლავება არ შეიძლებოდა, მაგრამ ეს შეჩვენების მხოლოდ საეკლესიო სფეროთი შემოფარგლული გავლენა იყო. მაშინდელი წესით შეჩვენებულზე თავისი სასჯელი სახელმწიფო ხელისუფლებასაც უდა დაედო და დაკრულვილი უნდა აუცილებლად შერისხულიც ყოფილიყო. შერისხვა-კი იმას ნიშნავდა, რომ იმ პირს უნდა მამული ჩამოჰრთმეოდა და ”ლაშქართა შიგა” ყოფნის უფლება აღარ ჰქონოდა, ის უნდა
სამშობლოთგან განედევნათ. ასეთი სასჯელი, გაწბილებას გარდა, ადამიანის სამოქალაქო სიკვდილსაც უდრიდა და ცხადია, რომ ამაზე მძიმე სასჯელის გამოძებნა ეკლესიის მესვეურთ არ შეეძლოთ.
ამ სასჯელის გამოყენება ეკლესიას დასახული მიზნის მიღწევას უქადდა, რათგან, მღვდელმთავართა აზრით, რამდენსამე კაცზე დამტყდარი ასეთი უბედურება სხვებს ყოველგვარ ხალისს დაუკარგავდა ეკლესიისათვის შეწირული მამულები თავიანთთვის აეღოთ.
ამ სასჯელის იარაღად ხმარების დროს ეპისკოპოზები წინდახედულად და ფრთხილად იქცეოდნენ: მთავრობისათვის რომ საბუთი არ მიეცათ, ეფიქრა, ანდა ეთქვა, რომ ის პირები სწორედ ჩამორთმეული მიწებისათვის დაისაჯნენ, მათი დაკრულვის მიზეზად ყოველთვის ამ პირთაგან ვითომცდა ჩადენილი რომელიმე ცოდვა და დანაშაული ჰქონდათ ხოლმე გამოცხადებული.
მაგრამ ეკლესიისგან შეჩვენებულთ კარგად ესმოდათ, თუ ნამდვილად რისთვის დაატყდათ თავს ეკლესიის ასეთი მრისხანება და არც ერთი მათგანი ასეთ სასჯელს არ შეჰრიგებია. პირიქით, ისინი მიდიოდნენ სახელმწიფო დარბაზის კარზე და მთავრობის წინაშე ეკლესიის განაჩენის განსაჩივრებით ცდილობდნენ მოსალოდნელი განსაცდელი თავითგან აეცილებინათ. მირთმეულს საჩივარში მათ ეკლესიის მრისხანების ნამდვილი მიზეზი გამომჟღავნებული ჰქონდათ და ამის გამო მეფესა და მთავრობას სთხოვდნენ, უსამართლოდ დადებული სასჯელი, ვითარცა უკანონო, გაუქმებული ყოფილიყო. მთავრობამ საქმის ასეთი ვითარება თითონაც კარგად იცოდა, ამიტომ ყოველ ასეთს შემთხვევაში სათანადო განკარგულება გაუცია კიდეც.
ამრიგად, ეკლესიის მესვეურთა მოლოდინი, რომ მკაური საეკლესიო სასჯელის მარჯვე საბრძოლველ იარაღად გამოყენებით თავიანთ მიზანს მიაღწევდნენ, არ გამართლდა. პირიქით, ამან მთავრობასთანაცა და მრევლთან, მთელ მოსახლეობასთანაც დამოკიდებულება წინანდელზე უფრო მეტად გაუმწვავა: ხალხს ეკლესიის ასეთი წინააღმდეგობა მისი ანგარებისა და გულქვავობის ნიშნად მიაჩნდა. ის ირწმუნებოდა, რომ სამწყსოს გაჭირვებაზე მზრუნველობისა და კაცთმოყვარეობის მაგიერ, ეკლესიის მესვეურთ ერთადერთ მიზნადა და საზრუნავად მხოლოდ პირადი და თავიანთ დაწესებულებათა ქონებრივი კეთილდღეობა ჰქონდათ დასახული. ამის გამო ხალხი მათ დაუნდობლად ჰგმობდა და გესლით აღსავსე დაცინვითაც-კი ცდილობდა მათ გაწბილებას.
4. მკაცრი განხეთქილება ქართული ეკლესიის მესვეურთა და აღმ. საქართველოს მთავრობას შორის. საეკლესიო კრების მუქარა
ასეთ გამწვავებულს მდგომარეობას ეკლესიის მესვეურნი თითქოს უნდა გამოეფხიზლებინა და მათთვის თვალები აეხილა, მაგრამ ვნებათა ღელვით წონასწორობა-დაკარგულთა მოგონიერებისათვის იმ დროს გიორგი მთაწმინდელივით გამბედავი და პირში მამხილებელი მქადაგებელ-დამრიგებელიც-კი ვეღარაფერს გააწყობდა. ეკლესიის საჭეთმპყრობელმა 1263 წ. საქართველოს საეკლესიო კრება მოიწვია, რომელზედაც გადაწყვიტეს მეფისა და მთავრობისათვის მიემართათ და ეცნობებინათ, რომ, თუ ეკლესიისათვის შეწირული მამულების გაცემა არ შეჩერდებოდა და ჩამორთმეულიც ეკლესიას უკანვე არ დაუბრუნდებოდა, კრებას გადაწყვეტილი ჰქონდა უკიდურესი საშუალებისათვის მიემართა: ეკლესიები დაეკეტა და ყველა საეკლესიო წესების ასრულება შეეჩერებინა.
კრების მონაწილეთა საერთო სახელით დაწერილი მიმართვა მეფე დავით გიორგი-ლაშას ძეს წარედგინა. ამ მოსახსენებელში საეკლესიო კრების წევრთ ყველაფერი აქვთ გამოყენებული: თხოვნა-ვედრებაც, პირადი ხასიათის ჩაგონება და დარიგებაც, იურიდიული და ეკონომიური საბუთიანობაც, დასასრულ მუქარაც-კი. მაგრამ ასე ოსტატურად დაწერილმა მოხსენება-გაფრთხილებამაც საქართველოს მაშინდელი მთავრობა მაინც ვერ შეაშინა და ეკლესიის ეს უკანასკნელი ცდაც სრულებით უნაყოფო გამოდგა: საქმე წაგებული იყო და ამან ეკლესიას, შველის მაგიერ, უფრო ზიანი მოუტანა, რათგან ეკლესიამ თავისი მუქარის განხორციელება ვერ გაბედა. ამით უკვე მისი სრული უძლურობაც გამომჟღავნდა და მუქარა ბაქიობად-ღა იქცა.
ეკლესიის ასე დამარცხებულ მესვეურთ და მსახურებს ვერც ამნაირმა დასასრულმა აგრძნობინა, რომ საერთო საქვეყნო გაჭირვებისა და განსაცდელის დროს მსხვერპლის გაწირვა მათაც უნდა ეკისრათ და ხალხის კეთილდღეობაზე ზრუნვის მოვალეობა არც მათთვის უნდა ყოფილიყო გაუგებარი. გულდანგულ წარმოებულ ბრძოლაში დამარცხებულთ, რასაკვირველია, საომარი ფარხმალი უნდა უნებლიეთ დაეყარათ, მაგრამ იმ პირთათვის, რომელიც ეკლესია თავის უბედურებასა და დამარცხების ბრალსა სდებდა, პატიება მაინც არ შეეძლოთ. უკვე მეფისადმი წარდგენილს მოხსენება-მუქარაში მთელი ამ გეგმის პასუხისმგებლობა მწიგნობართუხუცესსა და ვაზირთა უპირველესს ჰქონდა დაკისრებული. მეფისათვის ბრალის თავზე მოხვევას ვერც გაბედავდნენ და ისედაც ყველამ იცოდა, რომ სახელმწიფო საქმეებისათვის მისი მთავარი და განუსაზღვრელი ნდობით მოსილი მრჩველი სწორედ ბასილ უჯარმელ-ჭყონდიდელი იყო. ამიტომ ეკლესიის მსახურთათვის საქართველოში ყველაზე საძულველ პიროვნებად ეს, იმ დროს ყოვლად-შემძლე, მწიგნობართუხუცესი იქცა. უპირველესი იმავე დროს ხომ ჭყონდიდელ ეპისკოპოზად ითვლებოდა და, მათი აზრით, განა თუნდაც ამის გამო მას სწორედ ეკლესიისათვის არ უნდა დაეჭირა მხარი? ამის მაგიერ-კი ეკლესიის ქონებრივი ძლიერების შემრყეველი საშუალების პირველი გამომგონებელი და მრჩეველი სწორედ ეს ადამიანი აღმოჩნდა. ეკლესიის თვალსაზრისით მწიგნობართუხუცესი უჯარმელ-ჭყონდიდელი შინათგამცემელი მოღალატე გამოდიოდა განა ამას აპატიებდნენ?!
ქართული ეკლესიის შავბნელი წარსულიდან